სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    24.04.2017

    თამაზ აქუბარდია
    (დასასრული. დასაწყისი "მთელი კვირის" წინა ნომრებში)
    დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ სასამართლო ხელისუფლება არც ერთ ქვეყანაში ბოლომდე თავისუფალი არასოდეს არ არის, არც იყო და ვერც იქნება, რადგან სახელისუფლებო შტოები ერთმანეთთან ხილული თუ უხილავი ძაფებით არიან დაკავშირებული.
    მაგრამ ყველაფერი ხომ შედარებითია. დღეს სასამართლო ხელისუფლება გაცილებით ადამიანურია, ვიდრე იყო, მაგრამ შეხსენება ყოველთვის აუცილებელია, რომ იმ განუკითხაობის ჭაობში ხელახლა არ ჩავეფლოთ, როგორშიაც ვიყავით.
    ეს წერილიც ამის არცთუ მთლად მოკრძალებული ცდაა.
    ციცერონის მესამე სიტყვა
    თავის მესამე სიტყვაში - ე.წ. "პურის შესახებ" (ვუ ზკგქუტეწ) ციცერონი ააშკარავებს ვერესის დანაშაულებრივ მოქმედებას მოსავლის მეათედის შეგროვებისა და ნაყიდი პურის შეფასების საქმეში. ამ მხრივ ვერესს ისე გაუძარცვავს პროვინცია, რომ მიწათმოქმედებს მიწების დამუშავებაზე ხელი აუღიათ.
    "როცა მე, - ამბობს ციცერონი, - ჩემი კვესტორობიდან ოთხი წლის შემდეგ სიცილიაში მივედი, მისი მიწები ისე მეჩვენა, თითქოს სასტიკი და ხანგრძლივი ომი გადაუტანიათ. ის ყანები და ბორცვები, რომელიც წინათ მწვანით მოსილი ვნახეთ, ახლა აოხრებული და მიტოვებული იყო ისე, რომ გეგონებოდათ, თვითონ ყანა დარდობს პატრონზეო."
    მიწათმოქმედების აყვავების ნაცვლად, ვერესმა ისეთი პირობები შექმნა, რომ "იმ უმცირესი ნაწილის გამოკლებით, რომელიც მისი ბოროტმოქმედების თანამონაწილე იყო, ყველა ბედნიერად თვლიდა თავს, თუ ერთის ნაცვლად სამ მეათედს იხდიდა."
    სამეათედო პურის გადახდა სიცილიელებისათვის დიდი უბედურება იყო. მეათედის მოიჯარეებს, რომლებიც, ციცერონის სიტყვით, ვერესის მსახურები და მონა-მორჩილები იყვნენ, სამი წლის განმავლობაში ისე დაურბევიათ პროვინცია, რომ მისი აღდგენისათვის მრავალი წელი იქნება საჭირო.
    ამ მოიჯარეთა შორის თავისი ბოროტი საქმიანობით განსაკუთრებით "გამორჩეული" ყოფილა ვინმე კვინტუს აპრონიუსი, რომელიც როგორც ცხოვრებით, ისე სხეულის ფორმით თავისებურ კლოაკას, ყოველგვარი სისაძაგლისა და ბიწიერების სანარეცხე ორმოს განასახიერებდა; მას ეკუთვნოდა მთავარი თანაზიარის როლი ვერესის ყველა სასიყვარულო თავგადასავალში, ტაძრების ძარცვაში, უგვანო ღრეობებში და ა.შ.
    ასეთი მოიჯარეების თვითნებობისა და უსამართლობის გამო ბევრ სიცილიელს თავიც კი მოუკლავს. ციცერონს ამის თაობაზე კონკრეტული მაგალითიც კი მოჰყავს. კერძოდ, ვინმე დიოკლემ იმ დღეს, როცა გაუგია, რომ სამეათედო პური იჯარით აპრონიუსს შეუსყიდია, თავი ჩამოიხრჩო.
    ციცერონი ვრცლად აღწერს მთელ იმ საშინელებას, რასაც ვერესი სჩადიოდა პურის ყიდვასთან დაკავშირებით.
    ვერესს პური უნდა ეყიდა სიცილიაში სენატის დადგენილებისა და "პურის შესახებ კანონის" საფუძველზე. ამისათვის სამი წლის განმავლობაში წლიურად დაახლოებით თორმეტი მილიონი სესტრეცი ეძლეოდა. მაგრამ ვერესი მთელ ამ თანხას თვითონვე ითვისებდა და სიცილიელ მიწათმოქმედებს თითქმის არაფერს აძლევდა.
    ამას გარდა, ვინაიდან მთელი პური ისედაც ფაქტობრივად მის ხელში იყო, იმ ვითომდა უვარგისი პურის სანაცვლოდ, რომელსაც იგი თვითნებურად ასეთად სცნობდა, ქალაქებისგან ფულს კრეფდა და რომში გასაგზავნი პურის მთელ რაოდენობას თავისი საწყობებიდან აგზავნიდა.
    დასასრული
    ამგვარად, ერთი მხრივ, ვერესი ყოველწლიურად, პრაქტიკულად, მთლიანად ითვისებდა რომიდან გამოგზავნილ თორმეტ მილიონ სესტრეცს, რამაც სამი წლის განმავლობაში ოცდათექვსმეტი მილიონი შეადგინა, ხოლო, მეორე მხრივ, ე.წ. "სამეათედო პურის" აკრეფის პროცესში, ე.წ. "მეათედის მოიჯარეების" მიერ ჩადენილი გაუგონარი უკანონობის წყალობით, ვერესს, პურის ულევი მარაგი ჰქონდა სიცილიელი მიწათმოქმედებისგან, პრაქტიკულად, უფასოდ ამოღებული.
    მისი უსინდისობა, უნამუსობა თუ ყველანაირი მანკიერება, რაც კი შეიძლება ქვეყანაზე არსებობდეს, იქამდე მიდიოდა, რომ იგი, იმავე "მოიჯარეების" დახმარებით, სიცილიელების ძარცვის შედეგად ამოღებულ პურს აგზავნიდა რომში და ამაში ფულს ისევ სიცილიელებისგან იღებდა, რადგან სიცილიელების მიერ გადასახადის სახით მოტანილ პურს უვარგისად თვლიდა და აიძულებდა მათ, უვარგისი პურის სანაცვლოდ ფული გადაეხადათ.
    ასეთი გაუგონარი, არაადამიანური საქციელის შემდეგ როგორ შეიძლება, არ აღგმოხდეს სასოწარკვეთილს სიტყვები, - "ო, უფალო! ჭეშმარიტად უსაზღვროა მოთმენის უნარი შენი!"
    მიუხედავად იმისა, რომ ვერესს, სენატის დადგენილების ძალით, ამალის შესანახად პური პროვინციელებისაგან უნდა ეყიდა, იგი ამისათვის საჭირო პურის რაოდენობას თვითნებურად ადიდებდა. ხოლო თუ ადგილობრივი მიწათმოქმედები პურის ნატურალურად მიტანას დაწესებული ფასით ფულის გადახდას ამჯობინებდნენ, ვერესი ამ ფასს თვითნებურად ცვლიდა. კერძოდ, მაშინ როდესაც სიცილიაში ხორბლის მოდიუსი (დაახლოებით 8,75 ლიტრი) ორი, მაქსიმუმ სამი სესტრეცი ღირდა, ვერესს თითო იუმოდსზე სამი დენარი, ანუ 12 სესტრეცი ჰქონდა დაწესებული.
    ციცერონის მეოთხე სიტყვა
    თავის მეოთხე სიტყვაში "ხელოვნების საგანთა შესახებ" (ვუ თშპტშთ) ციცერონი გვამცნობს ვერესის მიერ როგორც სიცილიელების, ასევე რომაელი მოქალაქეების კუთვნილი ხელოვნების ნაწარმოებებისა და ძვირფასეულობის ყოვლად უსინდისოდ მიტაცების ფაქტებს.
    "მთელ იტალიაში არ ყოფილა არც ერთი ვერცხლის, კორინთული თუ დელოსური ვაზა, არც ერთი გემა თუ მარგალიტი, არც ერთი ოქროს თუ სპილოს ძვლის ქმნილება, არც ერთი ბრინჯაოს თუ მარმარილოს ქანდაკება, არც ერთი დახატული თუ მოქარგული სურათი, ერთი სიტყვით, ხელოვნების არც ერთი ნაწარმოები, რომელიც მას არ მოენახოს, არ გაესინჯოს და თუ მოეწონებოდა, თავისთვის არ წაეღოს", - ამბობდა ციცერონი.
    საერთოდ, რომელიმე მოსახლესთან სტუმრობისას ვერესი მოურიდებლად ითვისებდა ძვირფას საგნებს, რომლებიც მოეწონებოდა. ასე, მაგალითად, ვინმე ევპოლეუსის ოჯახში სადილობის დროს მას ყურადღება მიუქცევია ორი პატარა თასის იშვიათი ემბლემებისათვის, მოუთხოვია მათი მოხსნა და წაუღია.
    ვერესი იტაცებდა არა მარტო კერძო პირების, არამედ მთელი თემებისა და ტაძრების კუთვნილ ძეგლებს. სხვა სისაძაგლესთან ერთად, მას ისე დაურბევია ცნობილი მინერვას ტაძარი, რომ კაცს ვიღაც ველური ყაჩაღების ნამოქმედარი ეგონებოდა, რამეთუ არც ერთი ნორმალური ადამიანი, თუნდაც იგი მოსისხლე მტერი ყოფილიყო, არ იკადრებდა წმინდა ადგილების ასეთ შებღალვას.
    როგორც ციცერონი აღნიშნავს, ტაძრის კედლები შიგნიდან შემკობილი ყოფილა სურათებით, რომლებიც მეფე აგათოკლეს ცხენოსანთა ბრძოლას გამოსახავდა. ეს სურათები სირაკუზში ჩამსვლელთათვის მთავარი ღირსშესანიშნაობა იყო. ვერესმა კი ყველა ეს სურათი წაიღო და ტაძარი შიშველი კედლების ამარა დატოვა.
    იმავე ტაძრიდან მან სიცილიის მეფეთა და ტირანების ოცდაშვიდი საუცხოო სურათები წაიღო, რომელთა უნიკალობა არა მარტო მათ მხატვრულ ღირებულებაში გამოიხატებოდა, არამედ იმაშიც, რომ ისინი ამ პიროვნებების გარეგნობის უტყუარობის დამადასტურებელი დოკუმენტებიც იყო.
    ციცერონის მეხუთე სიტყვა
    თუ თავის ოთხ სიტყვაში ციცერონმა ამოწურა ბრალდების ის მუხლები, რომლებიც უშუალოდ გამოძალვასთან იყო დაკავშირებული, მეხუთე სიტყვაში განიხილავს ვერესის, როგორც სარდლის, თვითნებურსა და უკანონო მოქმედებებს. ციცერონი დაუფარავი ირონიით აღწერს მის, როგორც სარდლის, ყოველდღიურ ცხოვრებას.
    "ზამთრის მოკლე დღეებს, - ამბობს ციცერონი, - ვერესი ნადიმობაში ატარებდა, ხოლო გრძელ ღამეებს - გარყვნილებაში. გაზაფხულზე ის სეირნობდა და რვა მონა მიეზიდებოდა მის საწოლს, ხოლო თავი ვარდებით გატენილ ბალიშზე ედო. ამ სახელოვან სარდალს სიცილიის ყველა ქალაქში ჰყოლია შეგულებული კარგი ოჯახიშვილი ქალები, რომელთა ნაწილს პირდაპირ ნადიმებზე იწვევდნენ, ხოლო მორცხვებს დანიშნული ვადებით იბარებდნენ. ვერესის მიერ გამართული ნადიმები, როგორც წესი, ცემა-ტყეპასა და ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზრდებოდა ხოლმე.
    "ზაფხულობით ვერესი ბანაკს გამართავდა სირაკუზის ულამაზეს ადგილას, ადგმევინებდა იქ ტილოს კარავს, რომელშიც შესვლა მხოლოდ მის ახლობლებს და ხარჭებს შეეძლოთ."
    თავისი სიტყვის მეორე ნაწილში ციცერონი გვიხასიათებს ვერესის პროპრეტორობაში საზღვაო ადმინისტრაციის მოქმედებას. ის თურმე კუნძულის დაცვას კი არ ემსახურებოდა, არამედ ვერესის პირად გამდიდრებას. ვერესის მმართველობის პერიოდში სიცილიის ფლოტი უბრალო ხომალდების გროვა იყო, რომელსაც შეეძლო მხოლოდ ვერესის ნადავლის გადაზიდვა და არა მეკობრეების შეშინება.
    სიცილიის ყველა საზღვაო ქალაქს ევალებოდა, თავის ანგარიშზე აეგო ხომალდი და მეზღვაურების შენახვაც თავის თავზე აეღო. მაგრამ ვერესმა ამ მიზნებისათვის განკუთვნილი თანხები მიითვისა და იმის ნაცვლად, რომ ფლოტი სურსათ-სანოვაგით მოემარაგებინა, ნაწილი მეზღვაურებისა დაითხოვა.
    და აი, ერთხელ, როდესაც ასეთმა უბადრუკმა ფლოტმა მეკობრეების ერთი-ერთი ხომალდი იგდო ხელთ, რომელიც ვერცხლის ჭურჭლებით, ვერცხლის მონეტებით და ხალიჩებით იყო სავსე, ვერესმა ნაწილი თვითონ წაიღო, ნაწილი კი თავის მეგობრებს დაურიგა.
    ვერესი არც სიცილიაში მყოფ რომაელ მოქალაქეებს ზოგავდა. ციცერონი იხსენებს ერთ-ერთი რომაელის, ვინმე გავიუსის ბედს, რომელიც სირაკუზის ქვის სამტეხლოში ჰყავდათ დამწყვდეული, მაგრამ მესანაში გაქცეულა და სწორედ იმ მომენტში დაუკავებიათ, როცა ვერესს საშინელ მუქარას უთვლიდა და ხომალდით რომში გამგზავრებას აპირებდა. ვერესმა, როგორც ცნობილია, გავიუსი ჯერ გაამათრახებინა და მერე ჯვარს აცვა.
    მიმართავს რა სასამართლოს, ციცერონი თავის სიტყვას ასე ამთავრებს: "ყოველივე ამის შემდეგ ვისღა უნდა მიმართონ მოკავშირეებმა, თუ არა ისევ თქვენ; იმ ერთადერთ ადგილს, სადაც მათ შეუძლიათ ეძიონ თავშესაფარი. აი, ნავსადგური; აი, საკურთხეველი; აი, ციხე-სიმაგრე მოკავშირეებისა."
    ვერესი აღარ დაელოდა სასამართლო განაჩენს, ისარგებლა ნებაყოფლობითი განდევნის უფლებით, დატოვა რომი და მასილიაში გაემგზავრა. სასამართლომ კი დააკმაყოფილა სიცილიელების სარჩელი და ვერესის ქონების ის ნაწილი, რომლის წაღებაც ვერ მოასწრო და რაც მის მიერ დატაცებული ქონების, 40 მილიონი სესტრეცის, მხოლოდ ნაწილს შეადგენდა, ამ უკანასკნელთ დაუბრუნა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter