სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    28.01.2017

    გიორგი თავაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი

    ხდება ხოლმე ასე: ვინმე სახელიანი ადამიანი იტყვის რაღაც სისულელეს - "გემოვნებაზე არ დავობენ", ან, "ერთდაიმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ" (ჰერაკლიტე ეფესელი), ან, გადააკეთებს ცნობილი პიროვნების, მაგალითად, ჩერჩილის ნათქვამს და უაპელაციოდ დაახეთქებს "პოლიტიკა ბინძური საქმეა"-ო და მერე მთელი მსოფლიო გაუცნობიერებლად იმეორებს იმავეს.

    ამ კონტექსტში უნდა გიამბოთ ჩვენში საყოველთაოდ გავრცელებულ ერთ, თითქოსდა უწყინარ ტყუილზე, რომელსაც, სამწუხაროდ, ასიათასობით ადამიანის პირადი დრამა და ტრაგედია მოჰყვა.

    საქმე ეხება ბიბლიური მოსესა და ებრაელების უდაბნოში ორმოცწლიანი მოგზაურობის მიზნის შელამაზებულ ფორმულირებას.

    ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე, ერთ-ერთ ხალხმრავალ მიტინგზე, ეროვნული მოძრაობის ლიდერმა ასეთი რამ თქვა: მოსემ ებრაელები იმიტომ ატარა უდაბნოში 40 წელი, რომ მონობაში დაბადებულები თავისუფლების ფასს ვერ გაიგებდნენო და პათეტიკურად დაამატა - "სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი!" (ეს ის წლებია, როცა ძველი აღთქმის წიგნები ეკლესიებში თუ იპოვებოდა, ამიტომ იშვიათად ვინმემ თუ იცოდა ებრაელების აღთქმული მიწისკენ მოგზაურობის ბიბლიური ისტორია).

    ლიდერის ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო, რომ მის მიერ უდაბნოში ებრაელების ორმოცწლიანი ხეტიალის მოსესეული ჩანაფიქრის გამჟღავნებული მიზანი ფრთიან ფრაზად იქცა და ყოველთა ქართველთა გონებაში უტყუარ ჭეშმარიტებად ჩაიბეჭდა.

    მას შემდეგ მეოთხედ საუკუნეზე მეტი გავიდა. ლიდერის მიერ გაკეთებულ დასკვნას კი მოსეს ვერაგობისა თუ დიადი მიზნის შესახებ დღესაც, როცა "ბიბლია" ლამის ყველა ქართულ ოჯახში სამაგიდო წიგნადაა ქცეული, მაინც უცვლელად იმეორებენ:

    "მწერალი დათო ტურაშვილი ლიტერატურულ სარდაფში მკითხველებს შეხვდა და ლიტერატურის შესახებ ესაუბრა. ტურაშვილის აზრით, საქართველოს მომავალს თავისუფლებაში დაბადებული თაობა შექმნის. მან მოსეს მაგალითი მოიყვანა და თქვა, რომ მოსემ 40 წელი უდაბნოში ატარა ებრაელები, რათა აღთქმულ მიწაზე ახალი თაობა მისულიყოო".

    ლტოლვილი ებრაელების მიმართ მოსეს არც თუ ჰუმანურ მოპყრობას გამოეხმაურა ნაციონალური საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში მამუკა კუდავაც: "მოსემ 40 წელი ატარა ებრაელები უდაბნოში და საბოლოოდ ჩამოაყალიბა თავისუფალი ერი".

    თავი რომ არ შეგაწყინოთ სხვადასხვა ფორუმებსა და ფეისბუქის გვერდებზე გამონათქვამების ციტირებით, რომლებიც ერთსა და იმავეს იმეორებენ - "მოსემ 40 წელი ატარა ებრაელები უდაბნოში და ამ "ვოიაჟის" მიზანი სწორედ თაობის ცვლა იყო"-ო, თქვენც ხომ, მკითხველო, დღემდე ასე იცოდით მოსეს დიადი ჩანაფიქრის შესახებ?

    პირდაპირ ვიტყვი: ებრაელების მთელი თაობის გაწყვეტით მოსეს არავითარი "თავისუფალი ერის ჩამოყალიბება" არ ჰქონია მიზნად. აზრადაც კი არ გაუვლია მსგავსი რამ. ყველაფერი სხვანაირად და გაცილებით პროზაულად იყო. კერძოდ,

    მას შემდეგ, რაც უფლის კარნახით და უფლის დახმარებით მოსემ ებრაელები გამოიყვანა ეგვიპტიდან და სინას უდაბნოს გავლით აღთქმული ქვეყნისკენ (ქანაანისკენ, "სადაც რძე და თაფლი დიოდა") წაიყვანა, გზაში ებრაელებს არაერთგზის შეეპარათ ეჭვი უფლის კეთილგანზრახვაში, აუმხედრდნენ მოსეს და ყვედრიდნენ მას ეგვიპტიდან გამოყვანას. ამის გამო განრისხებულმა უფალმა რამდენჯერმე დააპირა "ამ ურწმუნო, თვითრჯული" ხალხის დასჯა, მაგრამ მოსეს ხვეწნა-მუდარის შემდეგ გარკვეულ დრომდე გადაიფიქრა.

    წლის და რვა თვის თავზე ეგვიპტიდან ლტოლვილები მიადგნენ ქანაანის ქვეყანას, ქალაქ ხებრონს. ქმოსემ, ისევ უფლის კარნახით, ებრაელთა ერთი ჯგუფი აღთქმული მიწის დასაზვერად გაგზავნა. "სწორედ ის დრო იყო, ყურძენი და ყველანაირი სხვა ხილი რომ მწიფდა".

    ორმოცი დღის შემდეგ მზვერავების ჯგუფი უკან დაბრუნდა. ვნახოთ როგორაა ეს ამბავი მოთხრობილი ბიბლიაში, ამიტომ მივყვეთ ძველი აღთქმის კანონიკურ ტექსტს:

    "უამბეს და უთხრეს მოსეს: მივედით იმ ქვეყანაში, სადაც გაგვაგზავნე - მართლაც რძე და თაფლი დის იქ; აჰა მისი ნაყოფებიც.

    - ოღონდ ძლიერი ხალხი ცხოვრობს იმ ქვეყანაში, ქალაქებიც გამაგრებულია და ძალზე დიდი.

    - ყამალეკი ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობს; ხეთელები, იებუსეველები და ამორეველები მთებში ცხოვრობენ; ქანაანელები კი - ზღვისპირეთში და იორდანეზე.

    - ცუდი ხმები გაავრცელეს მზვერავებმა მათ მიერ დაზვერილ ქვეყანაზე. ერთმანეთს ჭამენო იმ ქვეყანაში, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად; მთელი ხალხი, რომელიც იქ ვნახეთ, ბუმბერაზიაო და დაასკვნეს:

    - ვერ შევძლებთ იმ ხალხის წინააღმდეგ გალაშქრებას, რადგან ჩვენზე ძლიერია.

    აუდრტვინდა მოსეს და აარონს მთელი ისრაელობა და უთხრა მთელმა საზოგადოებამ: ნეტავ ეგვიპტის ქვეყანაში დავხოცილიყავით ან იმ უდაბნოში გავმწყდარიყავით!

    - რისთვის მოგვიყვანა უფალმა ამ ქვეყანაში, სადაც მახვილი მოგვიღებს ბოლოს? და ჩვენი დედა-წული ტყვედ ჩავარდება? განა უმჯობესი არ იქნება, თუ ეგვიპტეში დავბრუნდებით?

    - უთხრეს ერთმანეთს: დავიყენოთ მეთაურები და გავბრუნდეთ ეგვიპტეში".

    ებრაელების ურწმუნოებითა და უმადურობით განრისხებულმა უფალმა უთხრა მოსეს:

    "როდემდის უნდა მგმობდეს ეს ხალხი, როდემდის არ უნდა სჯეროდეს ჩემი და იმ სასწაულებისა, რომლებიც მათ შორის მოვახდინე?

    - გავუჩენ ჭირს და გადავაშენებ, შენგან კი დიდ ხალხს შევქმნი, მასზე ძლიერს.

    სთხოვა მოსემ უფალს:

    - შეუნდე დანაშაული ამ ხალხს შენი დიდი მადლისამებრ, როგორც პატიობდი ცოდვას ამ ხალხს ეგვიპტიდან მოყოლებული აქამდე.

    - თქვა უფალმა: შემინდვია შენი სიტყვისამებრ.

    - მაგრამ ვერცერთი იმათგანი, ვინც იხილა ჩემი დიდება და სასწაულები, ეგვიპტეში და უდაბნოში რომ მოვიმოქმედე, ათგზის რომ გამომცადა მე და მაინც არ დაიჯერა ჩემი სიტყვა, ვერ იხილავს იმ ქვეყანას, რომლის მოცემასაც შევპირდი მათ მამა-პაპას, ვერცერთი ჩემი მგმობელი ვერ იხილავს მას.

    ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს:

    - უთხარი მათ (ისრაელიანებს): უდაბნოში ეყრება თქვენი გვამები, ყველასი, ვინც აღრიცხული ხართ, ოცი წლიდან მოყოლებული, ვინც მებუზღუნებოდით.

    - ვერავინ შეხვალთ ქვეყანაში, სადაც თქვენი დასადგურება დავიფიცე, ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძის გარდა.

    - თქვენს ბავშვებს, რომლებზეც ამბობდით ტყვედ ჩავარდებიანო, შევიყვან იქ, რათა გაიცნონ თქვენგან შეძულებული ქვეყანა. თქვენი გვამები კი ამ უდაბნოში ეყრება.

    - თქვენი შვილები იხეტიალებენ უდაბნოში ორმოც წელს, დასჯილნი თქვენი გარყვნილების გამო, ვიდრე არ გაქრება თქვენი გვამები უდაბნოში.

    - იმ ორმოცი დღის მიხედვით, რამდენ ხანსაც ზვერავდით ქვეყანას (თითო დღე თითო წელიწადზე), ორმოცი წელი იქნებით დასჯილნი თქვენი დანაშაულის გამო, რათა გამოსცადოთ ჩემი რისხვა.

    - მე, უფალი, გეუბნებით: ნახავთ, თუ ამგვარად არ მოვექეცი მთელს ამ ბოროტ საზოგადოებას, რომელიც შეთქმულია ჩემ წინააღმდეგ. ამ უდაბნოში გათავდებიან და აქ დაიხოცებიან".

    მოყვანილი ტექსტიდან კარგად ჩანს, რომ არც უფალს და არც მოსეს ფიქრადაც არ გაუვლიათ ეგვიპტეში მონობაში მყოფი თაობა იმიტომ გაეწყვიტათ უდაბნოში, რომ მონობაში დაბადებულები თავისუფლების ფასს ვერ გაიგებდნენ. უფალმა, უბრალოდ, დასაჯა ურწმუნო, "თვითრჯული" ხალხი, რომლებმაც, მიუხედავად უფლის მიერ მოხდენილი უამრავი სასწაულისა და დახმარებისა, ბოლომდე არ ირწმუნეს მისი. უფრო მეტიც, მიაყენა რა ებრაელები აღთქმულ ქვეყანას, მათ უარი თქვეს იქ შესვლაზე. საბოლოოდ განრისხებულმა უფალმა კი, რაც მრისხანების დროს შეჰპირდა მათ, ის შეუსრულა: "იმ ორმოცი დღის მიხედვით, რამდენ ხანსაც ზვერავდით ქვეყანას (თითო დღე თითო წელიწადზე), ორმოცი წელი იქნებით დასჯილი თქვენი დანაშაულის გამო, რათა გამოისყიდოთ ჩემი რისხვა". ვფიქრობ, ყველაფერი ნათელი და გასაგებია და მოსეს უნდა "ჩამოეწეროს" ბრალდება უდაბნოში ებრაელების ორმოცწლიანი ტანჯვა-წვალების გამო.

    დღეს შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რა მიზანი ამოძრავებდა აწ უკვე სულგანათლებულ ლიდერს (რომელსაც წაკითხული უნდა ჰქონოდა ძველი აღთქმა), როცა მოსესა და ებრაელების მოგზაურობის ისტორია შეალამაზა. ალბათ, უფრო ტრივიალური: თავისუფლების მოსაპოვებლად ხანგრძლივი ბრძოლისთვის რომ განეწყო ხალხი, რომანტიკულ საბურველში გახვია ებრაელების ტანჯული მოგზაურობის მიზანი. როგორც უნდა ყოფილიყო, ის ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა როგორ გამოიყენებდნენ მის ნათქვამს წლების შემდეგ და რა უბედურებას დააწევდნენ თავისუფლებამოპოვებულ ხალხს.

    კონკრეტულად, ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა ლიდერმა (რომლის ქცევები იმედს არ ტოვებდა, რომ ან ძველი, ან ახალი აღთქმა ექნებოდა წაკითხული), რომელსაც თავი ხან დავითად (აღმაშენებლად), ხანაც მოსედ წარმოედგინა და რომელმაც "ახალი ქართველების" სადღაც ახალი მიმართულებით წაყვანა გადაწყვიტა, ადრინდელი ლიდერის ზემოაღნიშნული ფრაზიდან გამომდინარე დაასკვნა, რომ იმ ახალ, დასავლურ დემოკრატიაში "მონობაში" (საბჭოთა პერიოდში) დაბადებულ-გაზრდილი თაობა "თავისუფლების ფასს ვერ გაიგებდა", ამიტომ ისინი უნდა "ჩარეცხილიყვნენ" (დახოცილიყვნენ) და აღთქმულ მიწაზე (დასავლურად მოწყობილ ინგლისურენოვან საქართველოში) მხოლოდ მის მომხრე გოგო-ბიჭებს უნდა "ეგრიალათ".

    მათი მიზანი მკაფიოდ განმარტა "ნაციონალური" საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩინეთში მამუკა გამყრელიძემ: "საქართველო გაბრწყინდება მაშინ, როცა მონური ფსიქოლოგიის ხალხი უმცირესობაში აღმოჩნდება და არა ისე, როგორც დღესაა. ამას თაობების ცვლა, ახალი, განათლებული, მოტივირებული და თავისუფლებას მოწყურებული თაობა სჭირდება. ჩვენი თაობა, საბჭოეთის წიაღში გაზრდილი, მონურად მოაზროვნე მასა უნდა წავიდეს, გაქრეს, დავიწყებას მიეცეს. მხოლოდ მაშინ გახდება საქართველო თავისუფალიო"-ო და წავიდა ნადირობა "კუდიანებზე" (ასაკოვანებზე, საბჭოთა პერიოდში დაბადებულებზე).

    სამსახურებიდან გაათავისუფლეს (გაყარეს) საბჭოთა პერიოდში განათლებამოღებული ასიათასობით სპეციალისტი, პოლიციელი, მასწავლებელი, ექიმი, ინჟინერი.... უმუშევრად დატოვეს ათასობით მეცნიერი, პროფესორი, ჭაღარა დიპლომატი, სახელმწიფო მართვის კვალიფიცირებული ჩინოვნიკი, მშრომელი და გამოცდილი ხალხი და მთელი ხელისუფლება თავხედ გოგო-ბიჭებს გადააბარეს. იმგვარი ამბავი დატრიალდა, ჯონათან სვიფტის გენიამ რომ აღწერა სამასი წლის წინ "გულივერის მოგზაურობაში":

    "ოციოდე წლის წინათ დედაქალაქის რამდენიმე ცნობილი ახალგაზრდა ავიდა ლაპუტაზე (ჰაეროვან კუნძულზე). ხუთი თვე გაატარეს იქ და უკან ჩამობრუნდნენ. ამ ადამიანებმა კუნძულიდან ჩამოიტანეს მათემატიკის ზერელე ცოდნა და ქარაფშუტობის დიდი გამოცდილება, რითაც ესოდენ მდიდარია ჰაეროვანი სამეფო.

    ამ პიროვნებებმა ჩამოსვლისთანავე ზიზღის თვალით დაუწყეს ყურება ყველაფერს, რაც კი კონტინენტზე (მათ ქვეყანაში) ხდებოდა და დაიწყეს გეგმების შედგენა ხელოვნების, მეცნიერების, ენისა და წარმოების დარგების ახალ ყაიდაზე გადასაყვანად. მართალია, ვერცერთი პროექტი ბოლომდე ვერ მიიყვანეს, ყველაფერი დაანგრიეს და გააფუჭეს, მაგრამ ყველაფერს ძველ, გამოცდილ ხალხს აბრალებდნენ".

    ასე, სამასი წლით ადრე, იწინასწარმეტყველა გენიალურმა ინგლისელმა "ნაციონალების" ახალგაზრდული და ქარაფშუტული ხელისუფლების მოღვაწეობა საქართველოში, რომლის შედეგადაც ასიათასობით ადამიანი უმუშევრად და ულუკმაპუროდ დარჩა. ოჯახები რომ გადაერჩინათ და შიმშილით არ დახოცილიყვნენ, უმრავლესი მათგანი უცხო ქვეყნებში გადაიხვეწა.

    კაცებმა იძულებით მიატოვეს ცოლ-შვილი, ცოლებმა ქმარ-შვილი. დედებს შვილების მიტოვება მოუწიათ წლობით, შეყვარებულს - შეყვარებულის. დაინგრა ათასობით ოჯახი, ათასობით ბავშვი დედის ალერსისა და მამის მეთვალყურეობის გარეშე გაიზარდა. ათასობით ადამიანს დედის ცრემლი არ ჩაჰყოლია საფლავში და დედას შვილის. ვინც ადგილზე დარჩა, უმუშევრობასა და სიღატაკეში ჩაძირულებს, სვეგამწარებული ბიბლიური იობივით არაერთხელ დაუჩივლიათ - "დამცინიან ჩემზე უმრწემესნი, რომელთა მამებს ჩემი მწყემსების ფარაშიც კი არ გავრევდი!"-ო.

    აი, ასეთ უბედურებად ექცათ ასიათასებს კეთილი მიზნით ნათქვამი ერთი ლამაზი ტყუილი. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ტყუილს, კეთილი განზრახვით ნათქვამსაც კი, სიკეთე არავისთვის მოუტანია.

    ზყთ. ყველაფერთან ერთად უნდა ითქვას, რომ, მართალია, "ოცნების" ხელისუფლება შეუდარებლად ჰუმანურია, მაგრამ წინამორბედისგან მემკვიდრეობით მიღებული საკადრო პოლიტიკა დიდად არ შეცვლილა. გასაგებია, რომ საქართველოს მომავალი თავისუფლებაში დაბადებულმა თაობებმა უნდა ააშენონ, მაგრამ მათ, ვინც მათდაუნებურად საბჭოთა პერიოდში დაიბადნენ და ნანატრი თავისუფლება მოუტანეს ახალ თაობებს, აგური რატომ უნდა გააგდებინონ ხელიდან?!

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ავთანდილი   (07.07.2017)
    ამ აბლაბუდას კომენტარი არ სჭირდება.

    ავთანდილი   (07.07.2017)
    ამ აბლაბუდას კომენტარი არ სჭირდება.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter