სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    05.05.2016

    რევაზ ჯორბენაძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი

    თენგიზ ვერულავა , მედიცინის აკადემიური დოქტორი, გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

    საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მოსახლეობის საერთო სიკვდილიანობის სტრუქტურაში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს უკავია წამყვანი ადგილი. 2014 წელს საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის მონაცემების მიხედვით, სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზებია: სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები - 42.0%, სიმსივნეები - 11.5%, ტრავმები - 3.9%, სიკვდილის არაიდენტიფიცირებული მიზეზები - 29.4%. კვლევები ადასტურებს, რომ სხვადასხვა დაავადებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის გამო სიცოცხლის დაკარგული წლების სხვაობის ყველაზე მაღალი წილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე მოდის.

    განვითარებული ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდა ხდება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შემცირების ფონზე. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდის გამო შეინიშნება მოსახლეობის დაბერება, სიკვდილიანობის მიზეზების სტრუქტურაში ბუნებრივად იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წილი. თუმცა, ამ ქვეყნებში, ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად შემცირდა გულის იშემიური დაავადებით სიკვდილიანობა, რაც მიღწეულ იქნა ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, დაავადებათა პრევენციის, რისკის ფაქტორებთან ბრძოლის (დიაბეტი, სიმსუქნე, ჰიპერტენზია, თამბაქოს მოხმარება), კლინიკურ პრაქტიკაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მაღალტექნოლოგიური მეთოდების დანერგვით.

    აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია საქართველოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკას უნდა ჰქონდეს კომპლექსური ხასიათი და უნდა მოიცავდეს შემდეგ ღონისძიებებს:

    - დაავადებათა პრევენცია;

    - დაავადებათა დიაგნოსტიკა (დაავადებათა ადრეულ ეტაპებზე გამოვლენა, სანამ იგი არ გამოიწვევს შეუქცევად პათოლოგიურ ცვლილებებს);

    - მკურნალობა (სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენება);

    - მეორეული პრევენცია და პაციენტების რეაბილიტაცია.

    გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია გულისხმობს საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის (რაციონალური კვება, ფიზიკური მომზადება) ფართოდ გავრცელებას, თამბაქოს მოხმარებასთან, ალკოჰოლიზმსა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებასთან, გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლას, ანუ ადამიანთა იმ არასასურველი კულტურული, ქცევითი სტერეოტიპების თანდათანობით დაძლევას, რომლებიც წარმოადგენენ ამ დაავადებების განვითარების რისკფაქტორებს.

    გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა ადრეულ ეტაპებზე დაავადების ნიშნების იდენტიფიცირება, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს მათი ეფექტური მკურნალობის შესაძლებლობებს. მაგალითად, გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტები, ადრეულ ეტაპზე მკურნალობის შემთხვევაში, როგორც წესი, სრულიად ჯანმრთელები და შრომისუნარიანები ხდებიან, ხოლო პაციენტი, რომელსაც უკვე ჩამოყალიბებული აქვს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, შესაძლოა, ინვალიდი დარჩეს ყველაზე ეფექტური მკურნალობის ჩატარების შედეგადაც. დიაგნოსტიკურმა პროგრამებმა უნდა უზრუნველყოს 40 წელს გადაცილებულ პირთა პერიოდული (ყოველწლიური) გამოკვლევა, ხოლო სხვადასხვა რისკფაქტორის ქვეშ მყოფ პირთა გამოკვლევა - 30-35 წლიდან. პროგრამა უნდა მოიცავდეს მინიმუმ ეკგ-ის შესწავლას. დაავადებათა პირველი ნიშნების გამოვლენისას საჭიროა პაციენტების უფრო სიღრმისეული დიაგნოსტიკა, რაც საშუალებას იძლევა, ზუსტად განისაზღვროს სისხლძარღვის შევიწროების ადგილმდებარეობა და ხარისხი და შეირჩეს მკურნალობის ოპტიმალური სტრატეგია.

    გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობის ეფექტურობა განისაზღვრება ადეკვატური მეთოდის შერჩევით. მაგალითად, გულის იშემიური დაავადების დროს გულის სისხლით მომარაგების მოშლის აღდგენა შესაძლოა მიღწეულ იქნას კონსერვატიული (მედიკამენტები) ან ქირურგიული (მათ შორის ენდოვასკულარული) მეთოდებით.

    თანამედროვე დროს შეინიშნება ენდოვასკულური პროცედურების ზრდის ტენდენცია, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში შეუძლიათ შეცვალოს მკურნალობის ქირურგიული და კონსერვატიული მეთოდები. ენდოვასკულურ პროცედურებს აქვს გარკვეული უპირატესობა. პირველ რიგში, ტრადიციული ქირურგიული მეთოდებისაგან განსხვავებით, მათ თან ახლავს მინიმალური ტრავმატული ეფექტები, რაც პაციენტის საავადმყოფოში დაყოვნებას 2-3 დღემდე ამცირებს, ხოლო რიგ შემთხვევებში საშუალებას იძლევა, ოპერაციები ჩატარდეს ამბულატორიულად.

    მეორე მხრივ, მედიკამენტოზური მეთოდებისგან განსხვავებით, რომლებსაც, როგორც წესი, შეუძლია კორონარული სისხლძარღვების ათეროსკლეროზის კლინიკური გამოვლინებების მხოლოდ შემსუბუქება, ენდოვასკულარული პროცედურები მიზნად ისახავს მიოკარდიუმის სისხლით მომარაგების გაუარესების ძირითადი მიზეზების აღმოფხვრას - დაზიანებული სისხლძარღვის იმ ნაწილის იძულებით გაფართოებას, სადაც მოშლილია სისხლის ნორმალური მიმოქცევა.

    ამ სიტუაციაში აუცილებელია გულის იშემიურ დაავადებებათა მკურნალობის არსებული სტერეოტიპების რადიკალურად შეცვლა, რომელიც ეფუძნება მცდარ იდეას, რომ ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა (მათ შორის, ენდოვასკულური) არის "უკანასკნელი ზომა" და გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც მედიკამენტოზური თერაპიის პოტენციალი პრაქტიკულად ამოწურულია, და პაციენტის სიცოცხლეს ექმნება რეალური საფრთხე. ამასთან, არაადეკვატურად ხანგრძლივი კონსერვატიული მკურნალობა, ჩვეულებრივ, განაპირობებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს როგორც მცირე ინვაზიური პროცედურების, ასევე ქირურგიული ოპერაციების ეფექტურობას და შემდგომი გამოყენების შესაძლებლობას.

    აქედან გამომდინარე, გულის იშემიური დაავადების ნათელი და დასაბუთებული მონაცემების არსებობის შემთხვევაში, პაციენტს დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეს კორონარული არტერიების გამოკვლევა კომპიუტერული ტომოგრაფიის ან შერჩევითი კორონარული ანგიოგრაფიის მეშვეობით. ერთი ან რამდენიმე კორონარული არტერიის მნიშვნელოვანი შევიწროების გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა მიოკარდიუმის რევასკულარიზაციის სხვადასხვა პროცედურის გამოყენების ეფექტიანობის შეფასება. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს ენდოვასკულური ან ქირურგიული ოპერაციების ჩვენება, ან როდესაც გულის სისხლძარღვების მდგომარეობა უკვე აღარ გვაძლევს ამ პროცედურების შესრულების საშუალებას, პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ კონსერვატიული მკურნალობა (მედიკამენტები). ეს წესი უნდა გახდეს გულის იშემიური დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის "ოქროს სტანდარტი".

    გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამედიცინო მომსახურების სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია მეორეული პრევენცია და რეაბილიტაცია. ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, იგი ჯერ კიდევ ადრეული ჩამოყალიბების სტადიაშია. პირველ რიგში, ეს ეხება იმ პაციენტების რეაბილიტაციას, რომლებიც საჭიროებენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ადაპტაციას და მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის გადატანისა და ქირურგიული ოპერაციების შემდეგ ქცევის ძველი სტერეოტიპების რადიკალურ ცვლილებას. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ პაციენტები გადიან მკურნალობისა და რეაბილიტაციის მოკლე კურსს, მაგრამ შემდეგ მათზე თითქმის არ ხორციელდება სამედიცინო მეთვალყურეობა.

    განვითარებულ ქვეყნებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული მძიმე გართულებებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების შემცირებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ყყ საუკუნის შუა პერიოდიდან განხორციელებული ტექნოლოგიური რევოლუციის შედეგად კლინიკურ პრაქტიკაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მაღალტექნოლოგიური მეთოდების დანერგვამ. შედეგად მნიშვნელოვნად გაფართოვდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან განკურნებაში მედიცინის შესაძლებლობები, რამაც, თავის მხრივ, გაზარდა იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც დაუბრუნდნენ სრულფასოვან სამუშაოს და აქტიურ ცხოვრებას. ასე, მაგალითად, დღესდღეობით არ არის სადავო, რომ მაღალტექნოლოგიური მეთოდების (სისხლძარღვების ტრანსლუმინური ბალონური ანგიოპლასტიკა, სტენტირება და მიოკარდის პირდაპირი რევასკულარიზაციის ოპერაცია) მეშვეობით შესაძლებელია გულის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის უარყოფითი ეფექტების საგრძნობლად აღმოფხვრა.

    საქართველოში მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიის სერვისების მოცულობის პოტენციალის შეფასებისას გასათვალისწინებელია განვითარებულ ქვეყნებთან შედარებითი ანალიზი. ბოლო წლებში საქართველოში მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიის განვითარების მიუხედავად, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით შეინიშნება მნიშვნელოვანი ჩამორჩენა. შესაბამისად, აუცილებელია მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიის განვითარების გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავება, როგორც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ელემენტი. მისი უმთავრესი მიზანია მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიის როლის გამოკვეთა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გავრცელების და მისგან სიკვდილიანობის შემცირებაში.

    საქართველოში მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიის განვითარების პრობლემები კომპლექსურ ხასიათს ატარებს და დაკავშირებულია მწირ დაფინანსებასთან, სამედიცინო დაწესებულებების არასაკმარის მატერიალურ ბაზასთან, სათანადო დონის ადამიანური რესურსების დეფიციტთან.

    ტექნოლოგიური მიღწევები მედიცინაში აფართოებს პაციენტების სამედიცინო მომსახურების შესაძლებლობებს, შედეგად, საზოგადოებაში ჩნდება სხვადასხვა დაავადებისაგან განკურნების ან მდგომარეობის შემსუბუქების იმედი. ამასთან, მაღალტექნოლოგიური სერვისების საბაზრო ფასი შეიძლება აღემატებოდეს როგორც მოსახლეობის, ასევე სახელმწიფოს გადახდისუნარიანობის დონეს, რაც უარყოფითად ზემოქმედებს მათ ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე.

    ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონის მნიშვნელოვანი ჩამორჩენის გამო, მაღალტექნოლოგიურ კარდიოლოგიაზე შეზღუდული ფინანსური ხელმისაწვდომობა ქმნის მისი დაფინანსების, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსების უზრუნველყოფის პრობლემებს, შესაბამისად, სერვისების მიწოდების მოცულობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება მასზე მოთხოვნას.

    საქართველოში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მაღალტექნოლოგიური მეთოდების განვითარებისათვის, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიის პროცედურებზე ობიექტური მოთხოვნები. ამით შესაძლებელია, განისაზღვროს სათანადო სამედიცინო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებასა და შესაბამისი ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფაზე მოთხოვნები.

    მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიის განვითარების პრობლემების აქტუალობა დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ იგი წარმოადგენს როგორც უარყოფითი დემოგრაფიული ტენდენციების დაძლევის, ასევე დაავადების გამო შრომისუუნარობის შემცირების და შედეგად, ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთ საშუალებას. ასეთ სერვისებზე ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემები მოითხოვს მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიის განვითარების სათანადო სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას.

    ვიმედოვნებთ, რომ სტატიაში დასმული საკითხი დააინტერესებს საზოგადოების ფართო წრეებს. მისი ერთ-ერთი ძირითადი მიზანიც ესაა - გახდეს შემდგომი დისკუსიის საგანი. დიდი მადლიერებით მივიღებთ ყველა შენიშვნას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×