სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    (24.12.2013)

    გასულ კვირას თბილისის კინოს სახლი პირველად გახდა მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის მასპინძელი. თუმცა, 2006 წლიდან ამ დარბაზში ყოველ წელს იმართებოდა ამ ფესტივალში გამარჯვებული ფილმების ჩვენება, პროექტით "ფესტივალიდან ფესტივალამდე", ვიდრე გამარჯვებული ფილმები საქართველოს ეპარქიებს წარედგინებოდა.

    უკვე მერვე წელია, საქართველოში ტრადიციადქცეული მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "წმინდა ანდრიას ჯვარი" ტარდება, რომელიც ჯერ კიდევ 2002 წელს სტუდია "მეოხმა" დააფუძნა.

    მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალი აპოლიტიკურია და დევიზად "დიდება მაღალსა შინა ღმერთს, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება " აირჩია, პოლიტიკური ვითარების გამო, მხოლოდ 2006 წელს მოხერხდა მისი ჩატარება ბათუმში. მას შემდეგ კი ფესტიალი ტრადიციად დამკვიდრდა და 22 ქვეყნის კინომატოგრაფისტებს, სტუდენტს და დამწყებ რეჟისორებს მოუყარა თავი.

    ბათუმში ფესტივალის ჩატარება იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ წმინდა ანდრია პირველწოდებულმა საქართველოში ქრისტიანობის ქადაგება სწორედ აჭარიდან დაიწყო. თუმცა, ფესტივალზე მოსული ზოგიერთი ჟურნალისტი, პირველ რიგში, სწორედ ფესტივალის ადგილის განსაზღვრის მიზეზით ინტერესდებოდა. ფაქტი იყო, რომ ამ ფესტივალის ჩატარებას შემეცნებითი დატვირთვაც ჰქონდა აჭარის მოსახლეობისათვის. პატრიარქმა ფესტივალის კურთხევისას, პატრონაჟი სწორედ მეუფე დიმიტრის დაავალა.

    ამდენად, სწორედ ბათუმი-სხალთის ეპისკოპოსის,მეუფე დიმეტრის განსაკუთრებული მხარდაჭერით, ბათუმის მერიის, აჭარის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამინისტროს, კინოცენტრის დახმარებით, ყოველ წელს ფესტივალი უკედ ორგანიზებული იყო, ვიდრე წელს. თუმცა, ფესტივალის საორგაიზაციო კომიტეტმა, ამჯერადაც მიზნად დაისახა, ენთუზიასტი თანამოაზრეების დახმარებით არ ჩაეგდო წელი. ამდენად, კინო ცენტრის დახმარებით, წელს ფესტივალი თბილისის კინოს სახლში ჩატარდა.

    თბილისის მერიის კულტურის სამსახურის დაფინანსებით გამოიცა კატალოგი. მწირი შესაძლებლობებით დამზადდა აფიშა და დაიბეჭდა პროგრამა. საკუთარი ძალებით მოხერხდა კიდევ ერთი ტრადიციის შენარჩუნება: ყოველ წელს, ჟიურის შემადგენლობაში ერთი წევრი აუცილებლად უცხოეთიდან იყო მოწვეული. ზოგიერთი მათგანი, ჟიურიში მოწვევამდე, ფესტივალის მთავარი პრიზებითაც იყვნენ დაჯილდოვებული (უნგრელი რეჟისორი პიტერ მესარუში და პოლონელი რეჟისორი ეჟი ლუბახი). სწორედ ეჟი ლუბახის მონაწილეობა წლევანდელ ფესტივალში ჟიურის წევრად, უფრო მეტად ამ ფესტივალისადმი მისი კეთილგანწყობით და მეგობრების ენთუზიაზმზე პასუხით იყო განპირობებული.

    ამჯერადაც, ჟიურს უცვლელი თავმჯდომარე, კინომცოდნე და კინოკრიტიკოსი მარინა კერესელიძე ხელმძღანელობდა. სტუდია "მეოხის" მესვეურებმა და ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა სამი ქვეყნიდან შემოსული ფილმების შეფასება, ასევე, მიანდეს არქიმანდრიტ, მამა ელისე წერეთელს, კინორეჟისორებს: თამარ დულარიძესა და ოთარ ლითანიშვილს, ტელერეჟისორს, ირაკლი ხუციშვილს.

    ფესტივალი რეზო თაბუკაშვილის მიერ შექმნილი არასაკონკურსო ფილმით "საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი" გაიხსნა, რომელიც იუნესკოს მიერ 2013 წლის ექვთიმე თაყაიშვილის წლად გამოცხადებას უკავშირდებოდა. მეორე დღე კი ნიკოლოზ შენგელაიას უკვდავი ფილმით "ელისო" დაიწყო. შემდგომ კი საკონკურსო ჩვენება გაიმართა.

    წინა წლებისაგან განსხვავებით, წელს ჟიურის საერთო პოზიციის მიღება არ გასჭირვებიათ. ამის მიზეზად ქალბატონმა თამარ დულარიძემ კონკურსში მონაწილე ნამუშევრების მაღალი ხარისხი დაასახელა: "მიუხედავად იმისა, რომ წინა ფესტივალებზე ზოგჯერ უფრო ნაკლები ფილმებიც იყო შერჩეული საკონკურსოდ, წელს მაინც არ დავღლილვართ, იმდენად მაღალხარისხოვანი ნამუშევრები ვიხილეთ".

    20 სხვადასხვა ქრონომეტრაჟისა და ჟანრის პროდუქციიდან ჟიურის მთავარი პრიზი "წმინდა ანდრიას ჯვარი" მიენიჭა 4 მათგანს: საუკეთესო მხატვრული ფილმისათვის დაჯილდოვდა უკრაინელი რეჟისორის, ალექსანდრე პარხომენკოს მხატვრული ფილმი "ლუკა", რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწე ექიმისა და არქიეპისკოპოსის ცხოვრებას მიეძღვნა. ამ ფილმს ასევე გადაეცა "ქრისტიანული კინოს ასოციაციის" დიპლომი.

    ფესტივალის დახურვაზე უკრაინიდან სპეციალურად ჩამოვიდა ამ ფილმის შემქმნელი ჯგუფის წარმომადგენელი. საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა ბელორუსის ნაწარმოებმა "საერთო სანთელი", რომლის რეჟისორია ირინა ვოლოხი.

    საუკეთესო ტელეგადაცემისათვის ჟიურის მთავარი პრიზი გადაეცა რეჟისორ ნინო ხოფერიას, სატელევიზიო ნარკვევისათვის "გზა ყველგან და არსაით", რომელიც უკრაინაში დედისგან მიტოვებული ბიჭის ისტორიას მოგვითხრობს. იგი ჭიათურელმა ცოლ-ქმარმა იშვილა.

    დღეს კი თბილისის ქუჩებში, მიწისქვეშა გადასასვლელებში და სადგურის მეტროში სიმღერით ირჩენს თავს და ერთი კითხვა არ ასვენებს: რატომ მიატოვა დედამ?.. ამ გადაცემის გმირი, სამირ, იგივე ზაზა სავჩუკი კი სტუდია "მეოხის" სიგელ-გუჯარით (დიპლომით) დაჯილდოვდა. საუკეთესო ვიდეო-არტ-ისათვის ჟიურის მთავარი პრიზი "წმინდა ანდრიას ჯვარი" დაიმსახურა ახალგაზრდა შემოქმედმა, მარიამ სულაქველიძემ. აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მესამე ჯილდოა სულაქველიძეების ოჯახისათვის ამ ფესტივალზე.

    სხადასხვა დროს დაჯილდოვდნენ მარიამის მამა, ანიმატორი ვლადიმერ სალუქვაძე და მისი ძმა, ოპერატორი ტატო სალუქვაძე. მედლებით "წმინდა ანდრიას ჯვარი" დაჯილდოვდნენ: რეჟისორი ზაქარია ჯორჯაძე, მხატვრული ფილმისათვის "პროფირიონი"; ტელეკომპანია "ერთსულოვნების" გადამღები ჯგუფი, გადაცემისათვის "აქ ცა და მიწა ერთდება", რომელიც წმინდა მიწაზე საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის მოგზაურობას ასახავს; ჟურნალისტი და ისტორიკოსი გიორგიკალანდია, თამარ ბაგრატიონის -გურჯი ხათუნის ცხოვრების შესახებ გადაღებული გადაცემისათვის, "აღმოსავლეთის მზე"; რეჟისორი დავით ქამხაძე-დოკუმენტური ფილმისათვის "ბევრეთი", რომელიც დედათა მონასტრის ცხოვრებას ეძღვნება; სტუდენტური დოკუმენტური ფილმისათვის "მიმინო მყავდა, მიყვარდა" მედალი გადაეცა სტუდენტ დარეჯან ღლონტს.

    სტუდია "მეოხის" კიდევ ერთი "სიგელ-გუჯარი"-თ აღინიშნა ცნობილი ალპინისტის, გია თორთლაძის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი "ევერესტი-ორმაგი გასროლა".

    ამდენად, მერვე საერთაშორისო ფესტივალი "წმინდა ანდრიას ჯვარი" დასრულდა. მაგრამ იგი ტრადიციისამებრ აპირებს სიცოცხლის გაგრძელებას პროექტით "ფესტივალიდან ფესტივალამდე", რომელსაც ასევე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩაეყარა საფუძველი. უწმინდესისა და უნეტარესის სურვილია, რომ ფესტივალი არ შემოიფარგლოს მხოლოდ წელიწადში ერთხელ ხუთდღიანი საკონკურსო ჩვენებით და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ნახოს ფესტივალზე გამარჯვებული ფილმები.

    ამ მიზნით, 2006-12 წლებში საფესტივალო ჩვენება გაიმართა: თბილისში, რუსთავში, კახეთში, ქუთაისში, სენაკში,ზუგდიდში, მესტიაში, თამარაშენში,სხალთის ეპარქიაში, სარფში, ტრაპზონში, კონსტანტინოპოლში.

    სამწუხაროდ, ამ 8 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა საფესტივალო ჩვენება დასავლეთ-ევროპის, აშშ-კანადის ეპარქიებში. საფესტივალო ჩვენების გამართვის სურვილი გამოითქვა ისრაელიდანაც. მაგრამ ამ დიდებული საქმის განსახორციელებლად, ისევე როგორც თავად ფესტივალის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის, აუცილებელია სახელმწიფოსა და შეძლებული ადამიანების, ან კომპანიების ფინანსური მხარდაჭერა.

    იმედია, ამჯერად მაინც გამოჩნდებიან ამ საქმის დანიშნულებაში კარგად გარკვეული პიროვნებები და სახელმწიფო დონეზეც მოგვარდება ჩვენი თანამემამულეებისათვის ამ დღესასწაულის მოწყობა რელიგიური დღესასწაულების კალენდრით. ასევე იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალ წელს საერთაშორისო ფესტივალი "წმინდა ანდრიას ჯვარი" ისევ თბილისში ჩატარდება და მეტ ყურადღებას იგრძნობს, როგორც მედიის, ისე ხელისუფლების მხრიდან.

    ნინო ცხოიძე, სტუდია "მეოხის"-ა და ფესტივალის "წმინდა ანდრიას ჯვარი" საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    giorgi   (12.01.2014)
    ramdeni tkuilia am ert masalashi. shercxves avtors


    Copyright © 2006-2014 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter