როგორც ჩანს, კომუნისტების დროინდელივით, მათგან დღესაც ითხოვენ „პოლიტიკური ხელმძღვანელობის“ რეკომენდაციების გათვალისწინებას...
რეზონანსი
09.02.2023

105 წლის  ცოდნის ტაძარს სისპეტაკე და  განსაკუთრებული აურა მასში მოღვაწე მამულიშვილებმა მოჰფინეს. მისი რექტორები (პეტრე მელიქიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, ნიკო ნიკოლაძე, ილია ვეკუა, ვიქტორ კუპრაძე, თამაზ გამყრელიძე)  ყოველთვის ღირსულად წარმოაჩენდნენ ერის ინტელექტუალურ პოტენციალს.   ამასთან, თსუ ყოველთვის იყო ეროვნული მუხტის აქტიური მატარებელი და  მართლმადიდებელ დედაეკლესიასთან ერთად ქართული ცნობიერებისა და სახელმწიფოებრიობის მყარ  საძირკველს  წარმოადგენდა. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს  გასაბჭოებისთანავე რეპრესიები დაიწყო  და „ბოლშევიკებმა“ დამფუძნებლები „წითელი პროფესორებით” ჩაანაცვლეს, ფაქტია, რომ უნივერსიტეტი ტოტალიტარიზმის წლებშიც კი გადარჩა და სახელმწიფოში ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუციად ჩამოყალიბდა (მერე მოდიოდა მეცნიერებათა აკადემია და ეკლესია...). თსუ-ში სერიოზული პრობლემები 1991 წლის „დემოკრატიული აჯანყება-რევოლუციის” შემდეგ დაიწყო, როდესაც „კუპონმა“ თუ „კუპონამ“ პროფესორები „მილიონერებად” აქცია, თუმცა, ფაქტობრივად,   ენთუზიაზმის ხარჯზე აგრძელებდნენ განმანათლებლობას...      

საქართველოს „განვითარებად ქვეყნად“ გადასაქცევად გამიზნულ „რეფორმებს“  უნივერსიტეტის მიზანმიმართული დისკრედიტაციაც მოჰყვა. თუ ცალკეული პილიტიკოსები მანამდეც ცდილობდნენ უნივერსიტეტის პროფესორების ავტორიტეტის შელახვას (ხან `რეტროგრადებს“ ეძახდნენ და ხან `კორუმპირებულებს“...), `ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაიწყო მისი მიზანმიმართული ნგრევა, რაც ქვეყნის ევოლუციური განვითარების მომხრე მეცნიერების თსუ-დან `ჩარეცხვით” დასრულდა... მათ ნაცვლად კი აკადემიურ თანამდებობებზე „ნაცმოძრაობის“ პარტიულ-ნომენკლატურული აქტივი დასაქმდა... 

 ცხადია, „რევოლუციურ“ ხელისუფლებას არ სჭირდებოდა დამოუკიდებელი მეცნიერები, რომლებიც სინდისთან კომპრომისზე არასოდეს წავიდოდნენ. 1917 წლის რევოლუციის შემდეგაც ბოლშევიკებმა ლექტორებად „წითელი პროფესორები“ გაამწესეს, რომლებიც ერთპარტიულ, ტოტალიტარულ სახელმწიფოს დემოკრატიულად ნათლავდნენ და „რევოლუციურ ტრიბუნალებს“ მართლმსაჯულების ყველაზე ჰუმანურ ფორმად წარმოაჩენდნენ, ხოლო ისტორიკოსებში ავტორიტეტად ის მიიჩნეოდა, ვინც ფაქტებს მმართველი  კლასის სასარგებლოდ ყველაზე მეტად გააყალბებდა.

ამასთან, ნაცვლად იმისა, რომ დეპოლიტიზირებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად გადაქცეულიყო, თსუ-ში, ფაქტობრივად, ხდებოდა კომუნისტების-დროინდელი პარტიული თუ კომკავშირული ორგანიზაციების მსგავსი ე.წ. თვითმმართველობის სტრუქტურების ფორმირება, რომლის აქტივისტები („ზონდერები“) განსხვავებულად მოაზროვნეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და არა მარტო სტუდენტებს... თუმცა, ეს არც უნდა გაგვკვირვებოდა, ვინაიდან წამყვან უნივერსიტეტს რეალური დამოუკიდებლობა მხოლოდ ჭეშმარიტად დემოკრატიულ ფასეულობებზეც ორიენტირებულ სახელმწიფოში შეიძლება გააჩნდეს და არა პლუტოკრატიულსა ან  ბუტაფორულში. 

უნივერსიტეტზე სრული კონტროლის დასამყარებლად  თსუ-ის რექტორად, ფაქტობრივად, მესამე პრეზიდენტის მიერ გამწესებულ რუსუდან ლორთქიფანიძეს  „რეფორმის  პირველი   ტალღა“ ჩაატარებინეს... საგანმანათლებლო სივრცეში წამყვანი პოზიციების დათმობის და ინტელექტუალური პოტენციალის გადინების მიზნით განხორციელდა არა მარტო  ფაკულტეტების გაერთიანება და  შტატების შემცირება, არამედ 200 აღიარებული მეცნიერისგან შემდგარი  აკადემიური  საბჭოს,   ფაქტობრივად, 12-კაციან „პოლიტბიუროდ“ გადაქცევა, ვინაიდან წევრების ნახევარი „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებით (მათ შორის, პარლამენტარებით და ჩინოსნებით)  დაკომპლექტდა.

 თუმცა, ქალბატონმა ყველაფერი არ იკადრა, რის გამოც რექტორის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი ხუბუა დინიშნა. შედეგად, „რეფორმის მეორე ტალღამ“  ხელისუფლებისთვის არასასურველი ყველა ის მეცნიერი „ჩარეცხა“, ვისაც შეეძლო საკუთარი პოზიცია ღიად გამოეთქვა, ხოლო „სამართლის მეთოდების“ მიმართულებით გამოცხადებულ 4 ადგილზე გამარჯვებულად მხოლოდ რექტორი ხუბუა („ვარდისფერი პროფესორი“...) გამოცხადდა, რომელმაც 2004 წელს  სამართლის თეორიაში „ნოვაცია“ („დაუმორჩილებლობის უფლება“...) შემოიტანა და ხელისუფლების  ძალისმიერი ცვლის (დანაშაულის)  გამართლებას შეეცადა...  

ხუბუას „სკანდალით“ გაშვების შემდეგ აკადემიური საბჭოს მიერ რექტორად ერთხმად არჩეულმა იურისტმა  (სურგულაძემ), ერთ თვეში რექტორობა საქართველოს  ჯანდაცვის მინისტრს  (კვიტაშვილს) „დაუმთმო“, რომელიც მმართველი პოლიტიკური ძალის ჩანაცვლებისთანავე უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად მოგვევლინა...  რექტორის თანამდებობა კი  ცნობილმა ეკონომისტმა, ვლადიმერ პაპავამ დაიკავა. 

 მორიგი „რევოლუციური სცენარით“  მოვლენები უნივერსიტეტში უკვე  2016 წლის მარტში განვითარდა, როდესაც იურიდიული ფაკულტეტის (ფაქტობრივად, დეკანის...) მიერ კანცლერის თანამდებობაზე წარდგენილი ეკონომისტის (გაფრინდაშვილის) კანდიდატურა „აუდიტორია 115“-მა გააპროტესტა (სტუდენტებზე ძალადობაში მისი მონაწილეობის გამო), რასაც რექტორმაც დაუჭირა მხარი...  როგორც ჩანს, ბატონი ლადოს პოზიცია ამჯერად  ახალი „პოლიტიკური გუნდისთვის“  აღმოჩნდა მიუღებელი... შედეგად, პოლიციის ხელშეწყობით, „თვითმმართველობის“ აქტივისტები რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ, ფოიეშიც დასხდნენ „საშიმშილოდ“ და   რექტორის გადადგომასაც მიაღწიეს...

მიუხედავად იმისა,  რომ  პაპავას  მიმართაც მქონდა პრეტენზიები (თუნდაც ის, რომ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მიერ დოკუმენტის გაყალბების თაობაზე    შეტანილ  განცხადებაზე რეაგირება არ მოახდინა...), გარედან ჩარევით რექტორის  გადადგომა გაუმართლებლად მიმაჩნდა... რამდენიმე თვე რექტორის მოვალეობას უნივერსიტეტელი  ფილოლოგი   (თვალთვაძე) ასრულებდა, ხოლო რექტორად ასევე ფილოლოგი გიორგი შარვაშიძე, ფაქტობრივად, „დაინიშნა“, ვინაიდან თსუ-ის  დამთავრების შემდეგ მასთან კავშირი არ ჰქონია, ხოლო სადოქტორო დისერტაცია     პედაგოგიურ ინსტიტუტში ჰქონდა დაცული... თსუ-სადმი საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლაზე კი ისიც  მეტყველებს, რომ, ფაქტობრივად, არავინ დაინტერესებულა, წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, რატომ დატოვა ბატონმა გიორგიმ ასე მოულოდნელად რექტორის თანამდებობა გასული წლის ბოლოს და  სომხეთში  ელჩობა ამჯობინა...

ფაქტია, არავის გამოუთქვამს პროტესტი, როდესაც მეხუთე პრეზიდენტმა მის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში   გამწესებული  ქალბატონი  თსუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ შერჩეულ „სამართლის დარგის აღიარებულ სპეციალისტად“  გააცნო საზოგადოებას, თუმცა, რეალურად, სხვა უნივერსიტეტის მიერ და ისიც კანოდარღვევით  იყო კონკურსზე წარდგენილი...   როგორც ჩანს, რექტორმა   მავანი „ზემდგომის“ თხოვნა  ან დავალება არ  გაითვალისწინა... ისიც გავიგე, რომ ბატონი გიორგი  იურიდიული ფაკულტეტის პროფესორს  (ყოფილ დეკანს, ირაკლი ბურდულს)    დაუპირისპირდა, რომელიც  დეკანის მოვალეობის შემსრულებლად  ხუბუამ 2008 წელს დანიშნა (არადა დეკანი ფაკულტეტის საბჭო უნდა აერჩია...)

 როგორც ჩანს,  თსუ-ის რექტორებისგან  კომუნისტების დროინდელივით დღესაც  ითხოვენ  „პოლიტიკური ხელმძღვანელობის“ რეკომენდაციების გათვალისწინებას...          

ცხადია, ახალ რექტორს, მით უმეტეს უნივერსიტეტელ  ბატონ  ჯაბა სამუშიასაც წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ, ვურჩევ როგორც ისტორიკოსმა, თუნდაც მხოლოდ „ვარდების რევოლუციის“ შემდგომი რექტორების ბიოგრაფიები გაანალიზოს, რომ  მიხვდეს, რა ხდება  პირველ  ქართულ უნივერსიტეტში... 

ბუნებრივია, ხელისუფლებასაც და მის ე.წ. ოპოზიციასაც რექტორის თანამდებობაზეც და აკადემიურ საბჭოშიც  საკუთარი პოლიტიკური კურსის მხარდამჭერები სჭირდებათ.  მე კი ცოდნის ტაძრის მესვეურებად მხოლოდ აღიარებულ მეცნიერებს,  პოლიტიკური ამბიციებისგან სრულიად თავისუფალ, დამოუკიდებლად მოაზროვნე და ქართული ტრადიციების დამცველ პიროვნებებს ვისურვებდი. აქედან გამომდინარე,  დღესაც გავიმეორებდი ახალი თაობის უნივერსიტეტელების მოწოდებას: „ავტონომია უნივერსიტეტს!“ ამასთან, რექტორსაც   და აკადემიურ პერსონალსც ვურჩევდი არ მოექცნენ პოლიტიკოსთა  გავლენის ქვეშ, ღირსება არავის შეალახინონ,  თავისუფლების ხიბლი სრულად შეიგრძნონ და, პროფესიულ ზრდასთან ერთად, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მომავალი თაობის აღზრდასაც, რაც ქართული სახელმწიფოებრიობის  გადარჩენის  ერთადერთ მყარ გარანტად მესახება. 

 

ავთანდილ კახნიაშვილი, 

სამართლის დოქტორი      

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×