„სააკაშვილის პარტიას“ სრულ რებრენდინგს და „ერთიან სამოქალაქო მოძრაობად“ რეორგანიზაციას ურჩევენ
რეზონანსი
22.01.2023

არ ვიცი, ედუარდ „ამბროსიევიჩს“ ვინ ურჩია, სთხოვა თუ დაავალა სააკაშვილის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში „ჩანერგვა“. ფაქტია, გამოჩენისთანავე „მოქკავშირელთა“ ახალგაზრდა ლიდერის პირადი ცხოვრებაც ყურადღების ცენტრში მოექცა. მედია იმასაც კი აშუქებდა, რომელ კაფეში დადიოდა და რამდენ ჭიქა წვენს სვამდა... სულ მალე, „რევოლუციური რეფორმების“ ავტორი „რეიტინგულმა“ არასამთავრობო ორგანიზაციებმა „წლის ადამიანად“ აღიარეს, რის შემდეგაც „ოპოზიციაში მივლინებულმა“ შევარდნაძის ჩაიც დალია და მისი კაბინეტიც დაიკავა... 

მიუხედავად იმისა, რომ აღარც პრეზიდენტია და აღარც მოქალაქე, ამ შობა-საახალწლოდაც საინფორმაციო გადაცემები მიშას და მისი პარტიის თემით იწყებოდა... როგორც ჩანს, ქართული „პოლარიზებული“ საზოგადოების ორივე მხარეს, ფაქტობრივად, ერთნაირად აინტერესებს, თუ რომელ ოჯახს მიანიჭებს უპირატესობას გოგონების მამა და ვის აირჩევენ მისი თანაპარტიელები ლიდერად? პირველ კითხვაზე საკმაოდ რთულია პასუხის გაცემა, ვინაიდან გამორიცხული არ არის ყველაზე ენერგიული „მომაკვდავი“ ავადმყოფის (ფაქტია, ნივთების სროლასაც და სტატიების წერასაც ახერხებს...) პირად ცხოვრებაში მორიგი „ვიღაც მესამეც“ გამოჩნდეს (მაგ., ვიზიტორებიდან ან სამედიცინო პერსონალიდან...), ხოლო მეორეზე - საკმაოდ იოლი...

თუ გავითვალისწინებთ, რომ კონსტიტუციით ევროინტეგრაცია და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება გვაქვს დეკლარირებული, რაც კანონის უზენაესობის უპირობო აღიარებასაც ნიშნავს, ხოლო „რევოლუცია’’, ლენინის განმარტებით „კანონით შეუზღუდავი ძალაუფლებაა“, გასაგები უნდა იყოს გონიერი მოქალაქე მისი პარტიის მესვეურად ვის აირჩევს. მით უმეტეს, თუ ერთ კანდიდატს მაგისტრის აკადემიურ ხარისხი ოქსფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთოების ფაკულტეტმა მიანიჭა, ხოლო დანარჩენებს (მათ „ლობისტებსაც“...), ფაქტობრივად, მხოლოდ „გპი“ და ერთ-ერთ „არასამთავრობო ორგანიზაციასთან არსებული უნივერსიტეტი“ აქვთ დამთავრებული.. 

ვინაიდან „მიხეილ აღმაშენებელი“ (ახლახან მისმა მხარდამჭერებმა ასეთი პლაკატიც გამოფინეს...) განსასჯელის სკამზე სწორედ იმ ხუთჯვრიანი დროშის წინ აღმოჩნდა, რომელსაც თავისივე „შემოტანილად“ თვლის... (ერთ-ერთი სხდომის დაწყებისას განაცხადა კიდეც „ესეც ჩემი გაკეთებულიაო...“), საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ „ნაცმოძრაობას“ ჯერ კიდევ ორი წლის წინ შევთავაზე სახელისა და სიმბოლიკის შეცვლა. მანამდე ე. წ. რებრენდინგი თავად უცდიათ... ერთ–ერთ ყრილობაზე სააკაშვილი გამოსულა პარტიულ დროშაზე მცირე ჯვრების ნაცვლად გულების გამოსახვის ინიციტივით, ხოლო 2019 წელს ახალი ლოგოს შექმნის მიზნით კონკურსი გამოუცხადებიათ.

მას შემდეგ, რაც ნიკა მელია „სტრატეგიული პარტნიორების“ მოწოდებას გამოეხმაურა „ქართველი ხალხის ერთად დგომის“ აუცილებლობის თაობაზე და განაცხადა, რომ „დიდი განახლების შედეგად ენმ საზოგადოების წინაშე ბევრად უფრო სოლიდურად და მასშტაბურად წარდგებოდა“, ჩავთვალე, რომ დრო დადგა პარტიის სრული რებრენდინგი, როგორც ყოფილი ლიდერი იტყოდა: „რევოლუციური რეფორმა“ განხორციელებულიყო... 

დღესაც დარწმუნებული ვარ, „ნაცმოძრაობას“ მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება შანსი ისეთ სოლიდურ და ავტორიტეტულ პოლიტიკურ ძალად იქცეს, რომელშიც ყველა ეროვნებისა და თაობის მოქალაქე გააერთიანება, თუ თავმჯდომარის დემოკრატიული პროცედურის („სამართლიანი კონკურენციის) დაცვით არჩევის შემდეგ, პირველ რიგში, დასახელებასა და სიმბოლოს შეიცვლის...

ფაქტია, რომ ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, „ნაცია“ ერს ნიშნავს („ნაციონალური“ იგივე, რაც „ეროვნული“), ხოლო თავად სიტყვა რუსულიდან („нация“) დამკვიდრებულა. ძირითადად კი სტალინი იყენებდა (ქართულად გამოცემულ მის ნაშრომში „მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი“ ერთი თავი „ნაციონალური მოძრაობაა“...). ამასთან, „ ნაციონალიზმი“ განიმარტება, როგორც „რეაქციული ბურჟუაზიული იდეოლოგია და პოლიტიკა, რომელიც „ნაციონალური ერთიანობის“ ლოზუნგს ამოფარებული, იცავს ეროვნული ბურჟუაზიის ინტერესებს, აღვივებს ერთა შორის მტრობას და ამართლებს ერთი ერის მიერ მეორის ჩაგვრას“.

ისიც ცნობილია, რომ ფრანგულად „nationalite” , ეროვნება და ეროვნულობასთან ერთად, „მოქალაქეობასაც“ ნიშნავს, ხოლო ფრანგულ პასპორტშიც, ერთმნიშვნელოვნად, სახელმწიფოსთან კავშირს აღნიშნავს. შესაბამისად, საფრანგეთში, შესაძლებელია „ერთიან ნაციონალურ (ანუ სამოქალაქო) მოძრაობაში“ ფრანგებთან ერთად, იტალიელები, ესპანელები და მაროკოელებიც კი გაერთიანდნენ, მაგრამ, ძნელი დასაჯერებელია, „ერთიან ნაციონალურ (ანუ ეროვნულ) მოძრაობაში“ საქართველოში მცხოვრები, მაგ., აზერბაიჯანელები, სომხები, აფსუები ან/და ოსები საკუთარი ნებით გაწევრიანდნენ, თუ მათ სწორად განუმარტეს ამ პოლიტიკური გაერთიანების დასახელების არსი... 

ამდენად, ლიდერის არჩევასთან ერთად, ლოგიკური იქნება ენმ პოლიტიკური გაერთიანების მიზნების თაობაზეც მკაფიოდ ჩამოყალიბდეს და თუ მხოლოდ ქართველების ინტერესების დაცვას აპირებს, ლოგიკურია, დასახელებაში უცხოური წარმომავლობის სიტყვა „ეროვნულით“ ჩაანაცვლოს, ხოლო, საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების მოქალაქის ერთიან პოლიტიკურ პლატფორმაზე (თანაც, ასაკის მიუხედავად) გასაერთიანებლად, უმჯობესი იქნება, „ერთიანი სამოქალაქო მოძრაობა“ („ესმ“) დაირქვას. 

შესაძლებელია, მესვეურებმა „რევოლუციურ“ პარტიას სხვა დასახელებაც შეურჩიონ, მაგრამ ვურჩევ მასში სიტყვა „ნაციონალური“ აღარ გამოიყენონ, მით უმეტეს, „ნაცი“ შოთა რუსთაველსაც მეტად უარყოფით კონტექსტში აქვს გამოყენებული, ხოლო სულხან–საბას ლექსიკონში მოცემული განმარტების „გასაჯაროებისგან“, თავს შევიკავებ...

ხუთჯვრიანი პარტიული სიმბოლო კი, თუნდაც იმიტომ უნდა შეიცვალოს, რომ, ფაქტობრივად, იმ „სახელმწიფო (ეროვნულ) დროშას“ იმეორებს, რომლის არც წარმომავლობა (პარტიულია, რელიგიური თუ ისტორიული...) და არც შინაარსი (სემანტიკა) არ იცის მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ (თუმცა, ნებისმიერ შეუძლია ინტერნეტში „TEMPLAR FLAG” ნახოს...) და არც იმის თაობაზე აქვს წარმოდგენა, რომ კანონმდებლობის (ორგანული კანონის ნაცვლად, იმავე სააკაშვილის ბრძანებულების...) თანახმად, სახელმწიფო დროშაზე ცენტრალური ჯვრის ტოტის სიგანე დროშის სიგანის 1/5–ს უნდა შეადგენდეს, ხოლო „ნაცმოძრაობის“ დროშაზე ეს ჯვარი გაცილებით ვიწრო ზოლებიანია...

ფაქტია, რომ ხუთჯვრიანი კომპოზიციის ენმ–ის სიმბოლოდ აღქმის გამო, რეალურად ოპოზიციურად განწყობილი პარტიებს „სახელმწიფო (ფაქტობრივად, მიშას...) დროშა“ საპროტესტო აქციებზეც კი არ გამოაქვთ, ხოლო ხუთჯვრიანი კომპოზიციის თაობაზე მეცნიერებითვის დანამდვილებით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ „თეთრ ფონზე გამოსახული ხუთი ჯვარი კათოლიკური სამყაროს ინტეგრაციული სიმბოლოა და ის ჯვაროსნულ ეპოქაში შეიქმნა” (თედო დუნდუა, „ძელი ცხოვრებისა და მისი ვარიანტები“, თბილისი, 2000), ხოლო შუასაუკუნისდროინდელ საზღვაო რუკებზე 10-მდე ქეყანაში კათოლიკური მისიების ადგილსამყოფელია მითითებული... 

შესაბამისად, ვინაიდან დასახელება, ფაქტობრივად, „ბოლშევიკურ- სტალინური“ აქვთ აღებული, ხოლო დროშა „ჟიდო-მასონური“, „ნაციონალური მოძრაობის“ მესვეურებს ვურჩევდი პარტიული სიმბოლოს შესარჩევად მორიგი კონკურსი გამოაცხადონ. სახელისა და ლოგოს შეცვლით, განახლებული ენმ, გარკვეულწილად, მის ყოფილ ლიდერთან ასოცირებული დესტრუქციული ქმედებისგანაც დისტანცირდება, რაც მის რიგებში გაცილებით მეტ მოქალაქეს მიიზიდავს. ფაქტია, რომ საპარლამენტოს არჩევნებში მონაწილეთა უმრავლესობამ (მილიონზე მეტმა მოქალაქემ მაინც ) იცის, რომ სააკაშვილის თაოსნობით დაიწყო მიწის გაყიდვა, ნაუცბათევად იქნა მიღებული კოდექსები (განსაკუთრებით სისხლის სამართლის საპროცესო, რომელიც პოლიცია–პროკურატურის ინტერესებს მოერგო), გატარდა გაუზრებელი სამართლებრივი რეფორმა და განხორციელდა მოსამართლეების „ჩოქბჯენში გადაყვანა“ (მინდია უგრეხელიძის სიტყვებია), ხოლო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, განხორციელდა კონსტიტუციისა და სახელმწიფო სიმბოლოკის თვითნებური შეცვლა, კანონმდებლობის პარტიულ ინტერესებზე მორგება, პირველი ქართული უნივერსიტეტისა და მეცნიერებათა აკადემიის დაშლა, განათლების სისტემის მოშლა, პროფესურის „ჩარეცხვა“, ძალადობა ლექტორებსა და სტუდენტებზე, მეწარმეების „დატერორება“ (ქონების გადანაწილება), ელიტური კორუფციის აყვავება, ელექტრონულ მედიაზე ცენზურის დამყარება, ფარული მოსმენების დანერგვა, პოლიტიკური ოპონენტებისა და ახალგაზრდების ქუჩაში დახვრეტა, პატიმრების წამება, ტერიტორიების დაკარგვა...

მეც ვთვლი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში საქართველოში, ფაქტობრივად, კარიკატურული ტიპის პლუტოკრატიული ტირანია (ტყუილებზე, ძალადობაზე და თვითნებობაზე დაფუძნებული რეჟიმი) დამკვიდრდა, რამაც „ქართული ოცნების“ მესვეურებსაც მისცა საფუძველი, განეცხადებინათ, რომ „ტყუილებზე და ძალადობაზე დაფუძნებული რეჟიმი დაამარცხეს...“

კარგი იქნება, თუ ენმ–ის წევრები სრული რებრენდინგის თაობაზე გამოკითხვასაც ელექტრონული წესით ჩაატარებენ, ხოლო თუ მონაწილეთა უმრავლესობა პარტიის დასახელებისა და სიმბოლოს შეცვლის წინააღმდეგი წავა, გონივრული იქნება, როგორც არ უნდა დასრულდეს თავმჯდომარის არჩევნები ნიკა მელიამ მხარდამჭერებთან ერთად, თვითონ შექმნას ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი სამოქალაქო მოძრაობა“, რომელშიც „ნაცმოძრაობის“ პროგრესული (ინტელექტუალური) ნაწილი გაწევრიანდება, ხოლო მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე, დარწმუნებული ვარ, „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირებული ე. წ. პროევროპულად განწყობილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები შეერწყმებიან (მაგ. „ლელო“, „ევროპული საქართველო“, „ევროპული დემოკრატები“ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“ და სხვა... ).

წინააღმდეგ შემთხვევაში, ლოგიკურად მიმაჩნია, რომ „ერთიანმა სამოქალაქო მოძრაობამ“ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ერთიან საარჩევნო ბლოკად (კოალიციად) გაერთიანებაც მოახერხოს (როგორც 2020 წლის არჩევნებისას), რომელსაც კოლეგიური ორგანო უხელმძღვანელებს, ხოლო ლიდერი შიდა არჩევნებით გამოიკვეთება, რაც საშუალებას მისცემთ, ფინანსური რესურსებიც უფრო ეფექტურად გამოიყენონ და პარლამენტში მანდატების მაქსიმალური რაოდენობა მოიპოვონ. 

შეიძლება, გაერთიანებას „ერთობა“ ან „ერთად“ დაარქვან. ერთის მხრივ, ნაგულისხმები იქნება პარტიების (ფაქტობრივად, მოქალაქეების) გაერთიანება კონსტიტუციის პრეამბულაში „ურყევ ნებად“ დეკლარირებული მიზნების განსახორციელებლად (სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა), ხოლო, მეორეს მხრივ, ვინაიდან უზენაესი კანონით „ევროპულ კავშირში სრული ინტეგრაციაც“ პრიორიტეტად დავისახეთ, „ერთობაში“ ნაგულიხმები იქნება ევროპისკენ მეზობელ სახელმწიფოებთან ერთად სვლაც. 

შესაბამისად, დღევანდელი „ნაცმოძრაობა“ ხაბეიშვილის ან მუმლაძის ხელმძღვანელობით დაასრულებს „მოღვაწეობას“, ისევე როგორც ის პარტია („მოქალაქეთა კავშირი“) გაქრა, რომლის წიაღშიც იშვა... (თუ 2024 წლამდე არა, 2030-მე პოლიტიკური სივრციდან, ლოგიკურია, „ქართული ოცნებაც“ გაქრება, ვინაიდან, ფაქტობრივად, თავისი მისია უკვე შეასრულა... მით უმეტეს, რომ არც მისი დასახელებაა გონივრულად შერჩეული, რაც ცალკე მსჯელობის თემაა...).

ვფიქრობ, ნიკა მელიას ცხოვრებაში დადგა ის ეტაპი, როდესაც ასაკიდან, კვალიფიკაციიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, სხვისი ჩრდილის ქვეშიდან უნდა გამოვიდეს და საკუთარი პოლიტიკური კარიერა შეიქმნას (მით უმეტეს, რომ ამ გზას მრავალი მისი თანაპარტიელი დაადგა...).

თუ გავითვალისწინებთ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ფაქტობრივად, ყოველი ათწლეული საქართველოში ხელისუფლების „გადაბარებით“ იწყება („მოქკავშირელები“, „ნაციონალები“, „მეოცნებეები“...), თუმცა, „პოლიტიკური ელიტა“ (მათ შორის, ოპოზიციური...), ფაქტობრივად, იგივე რჩება (ძირითადად, ყოფილი „მოქკავშირელები“ ან მათი „მემკვიდრეები“ არიან წარმოდგენილები...), როგორც ჩანს, მომავალ პარლამენტშიც ე. წ. ძველი სახეები ახალი პოლიტიკური სუბიექტების პარტიული სიებით მოხვდებიან... მაღალი ალბათობით, ერთ მხარეს „გახარიას ბლოკი“ იქნება (რომელიც დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერებსაც გააერთიანებს...), მეორე მხარეს ე. წ. პროევროპული „ერთობა“ (როგორც აშშ-ის სენატში, დეპუტატები, ძირითადად, „დემოკრატებად“ და „რესპუბლიკელებად“ დაიყოფიან...). ამასთან, ვინ იქნება საკანონმდებლო ორგანოში დომინანტი ან რა მასშტაბით იქნება წარმოდგენილი „მელიას გუნდი“, სწორედ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად გაითვალისწინებს, მისდამი კეთილგანწყობილი მოქალაქის მიერ ღიად გამოთქმულ რჩევებს და საქმიანობის პრიორიტეტებსაც, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით რამდენად განსაზღვრავს.

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×