სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    27.09.2013

    მას შემდეგ, რაც 2012 წლის 1-ოქტომბერს კოალიცია "ქართული ოცნება" ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობის მხარდაჭერით საპარლამენტო არჩევნებში (ამ საკითხს ქვემოთ ცალკე შევეხებით) გამარჯვებული გამოვიდა და დაამარცხა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", გაჩნდა იმედი ქართველი ერის წინაშე მდგარი დილემის გადასაჭრელად.

    დილემა ასეთი იყო: ან უნდა შევრიგებოდით ქვეყანაში მიმდინარე დამანგრეველ პროცესებს და ჩვენი ყოფის ძირითად პრინციპად გვეღიარებინა - სიყალბე, სიცრუე, ბოროტება, უსამართლობა, უზნეობა, დისჰარმონია, ან უნდა მოგვეხდინა ამ არასასურველი პროცესების შეჩერება (რომელიც სათავეს 90-იანი წლებიდან იღებდა), მათი ჰარმონიზება, ეროვნული და ზნეობრივი ღირებულებების აღიარება, მათი სინამდვილეში გატარება, დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის სწორი და მყარი ნაბიჯების გადადგმა.

    ასეთი დილემის წინაშე დააყენა ფაქტობრივად ქართული საზოგადოება "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", საქართველოს პრეზიდენტის მ.სააკაშვილის ხელმძღვანელობით. მისი მმართველობის ცხრაწლიანი პერიოდი ამის დასტურია. ეს იყო დანაშაულებრივი პოლიტიკური სისტემა, რომელიც მოქმედებდა ზემოდან ქვემოთ და მოიცავდა სახელმწიფო მმართველობის ყველა რგოლსა და ყველა მიმართულებას.

    სამართლიანი არჩევნები რომ საუკეთესო გზა და საშუალებაა სახელმწიფოში პოლიტიკური გარემოს შესაცვლელად უკეთესი მომავლისაკენ, ეს არავისათვის სადავო არ არის. მაგრამ იყო თუ არა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები სამართლიანი. მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალებმა" კარგად იცოდნენ ქვეყანაში არსებული ვითარება და მათი დაბალი რეიტინგი, ისინი მაინც ისწრაფვოდნენ გამარჯვების გაფორმებისაკენ.

    მათი გამარჯვებულად გამოცხადების გზა სამოქალაქო დაპირისპირებასა და სისხლისღვრაზე გადიოდა და ისინი ამისათვისაც მზად იყვნენ, ამას კი დასავლეთი, ძირითადად აშშ-ს სახელმწიფო, როგორც საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და ამ რეგიონით დაინტერესებული ქვეყანა, არ დაუშვებდა, რადგან დესტაბილიზაცია და უმართავი პროცესები მათ გეგმებში არ შედიოდა (ჰილარი კლინტონის ვიზიტი).

    150-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში შექმნილი თანაფარდობა 85-65-ზე, სინამდვილის არაადეკვატური იყო და ჩატარებული არჩევნები თავისი შედეგებით იყო და არის სრული დაცინვა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის, რაც დღესაც გრძელდება პარლამენტში წარმოდგენილი "ნაციონალური მოძრაობის" იმ 65 კაციანი დეპუტაციით (მართალია, შემდეგ მათ 12 დეპუტატი გამოეყო და ცალკე ძალად გაფორმდა), რომელიც იქიდან დემაგოგიას ეწევა.

    ეს იყო გაყალბება და გარიგება, რაც ორივე მხარისათვის, როგორც "ქართული ოცნებისთვის", ისე "ნაციონალური მოძრაობისთვის" მისაღები აღმოჩნდა. მ.სააკაშვილმა მიიღო იმაზე გაცილებით მეტი, რასაც იმსახურებდა, ხოლო ბ.ივანიშვილმა, მართალია, პარლამენტში მანდატების უმრავლესობა, მაგრამ მაინც მისაღებზე ნაკლები, თუმცა მისთვის საკმარისი და აუცილებელი უმრავლესობა.

    ასეთი თანაფარდობა სიკეთესა და ბოროტებას შორის არ ასახავდა რეალურ სურათს, მაგრამ მასთან მიახლოებული იყო. სამწუხაროდ, ეს შედეგები მისაღები აღმოჩნდა ქართული საზოგადოებისთვისაც. შემუშავებულმა სქემამ წარმატებით იმუშავა (ცესკო ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ დამკვეთის შემსრულებელი ორგანო იყო და ასეა დღემდე).

    სქემის ავტორებმა კარგად იცოდნენ და სათანადოდ ჰქონდათ შესწავლილი წინასაარჩევნო გარემო, ქართული საზოგადოების ხასიათი, რომ მისთვის, რომელიც მ.სააკაშვილისაგან რბილად რომ ვთქვათ შეწუხებული იყო, ეს შედეგები მისაღები და საკმარისი აღმოჩნდებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ხალხი არჩევნების შედეგებს, ოღონდაც გამარჯვება გაფორმებულიყო, აღარ გააპროტესტებდა და უფრო მეტს, რაც რეალური იყო, აღარც მოითხოვდა. სინამდვილეშიც ასე მოხდა. მასობრივი პროტესტი არსად გამოთქმულა და საზოგადოება ბედნიერი შეხვდა ამას და მშვიდობამ დაისადგურა ("ბედნიერი ერი", - ილია ჭავჭავაძე), თუ არ ჩავთვლით ი.ალასანიას მოჩვენებით აქტიურობას ზუგდიდში (ხალხს ეს არ ეხება. ისინი რეალურად აპროტესტებდნენ), რაც შედეგზე არ იყო ორიენტირებული.

    ყოველგვარ საპროტესტო პერსპექტივას (ეს მუხტი სინამდვილეში არც იყო) წერტილი დაუსვა საქართველოს პრეზიდენტის მ.სააკაშვილის დროულმა განცხადებამ 2 ოქტომბერს მათი არჩევნებში დამარცხების აღიარებისა და ოპოზიციაში გადასვლის შესახებ. ის მოცემულობის წინააღმდეგ ვეღარ წავიდა. მან რეალობა ზუსტად დააფიქსირა და შედეგებიდან გამომდინარე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მთავარ ოპოზიციურ ძალად გამოაცხადა. ეს იყო მისი ტაქტიკური სვლა. შედეგი აუცილებლობით დადგა, მაგრამ რეალურად გაყალბდა იმ დოზით, რომ თანაფარდობა "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის საქართველოს პარლამენტში უნდა ყოფილიყო დაბალანსებული, წონასწორობა შენარჩუნებული, რაც გამორიცხავდა ერთის მხარეზე ("ქართული ოცნებისათვის") დიდ უპირატესობას.ცხადია, ეს გაკეთდა იმისათვის, რომ "ნაციონალებს" პარლამენტში ტრიბუნა ჰქონოდათ და ოპონირება გაეწიათ უმრავლესობით მოსული კოალიცია "ქართული ოცნებისათვის", რაც მისაღები აღმოჩნდა მათთვის.

    სწორედ ამიტომ, კოალიცია "ქართულ ოცნებას" აწყობს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც, და ჰყავს კიდეც მისთვის სასურველი, საჭირო, კომპრომეტირებული ოპოზიცია პარლამენტში. მას სისტემატურად შეუძლია აკრიტიკოს ისინი დანაშაულებრივი წარსულის გამო. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნებისათვის" სასურველი ოპოზიცია რომ არის, ამას ადასტურებს მისი ლიდერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბ.ივანიშვილი. მან თავის სატელევიზიო გამოსვლებში მრავალჯერ განაცხადა, რომ მისი ინტერესია და სურს, "ნაციონალური მოძრაობა", როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა დარჩეს პოლიტიკაში და გააგრძელოს თავისი საქმიანობა პარლამენტში.

    რაც უნდა სხვადასხვა ინტერპრეტაციები მიეცეს პრემიერ-მინისტრის ბ.ივანიშვილის განცხადების შინაარსს ამ საკითხთან დაკავშირებით, მისი მთავარი აზრი მაინც ეს არის. ამ ერთწლიანი პერიოდის განმავლობაში კოალიცია "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ურთიერთობები ძალიან წააგავს ჩვენი ახლო წარსულიდან "მოქალაქეთა კავშირისა" და "აღორძინების კავშირის" პოლიტიკურ თამაშებს, რაც მაშინდელი საქართველოს პრეზდენტის ე.შევარდნაძისა და აჭარის ლიდერის ა.აბაშიძის პირად ურთიერთობებზე იყო აგებული.

    აქედან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ მემკვიდრეობითობის პრინციპი ამ კუთხით დღესაც შენარჩუნებულია. ყოველი ერი, ესა თუ ის საზოგადოება, ადამიანი, თავისი ცხოვრების მანძილზე მიისწრაფვის სრულყოფილი ყოფნისაკენ, ეს არის მისი აუცილებელი მისწრაფება. სწორედ ამაში გამოიხატება ადამიანის თავისუფლება, თავისუფალი საზოგადოების ღრმა არსება. თავისუფლებისაკენ სწრაფვა ქართული საზოგადოების ისტორიული და მარადიული ამასთანავე შინაგანი მოთხოვნილებაა.

    თავისუფლებისა და სამართლიანობისაკენ მისწრაფების გამომხატველი იყო ქართული საზოგადოების უმრავლესობის მიერ გაკეთებული არჩევანი 2012 წლის 1 ოქტომბერს. ისიც ფაქტია, რომ საზოგადოების დაკვეთა სამართლიანობის აღდგენის შესახებ და კოალიცია "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებები სრულ თანხვედრაში იყო. ცხადია, ეს ურთულესი პროცესია და სამართლიანობის აღდგენა სერიოზულ სიძნელეებთნ არის დაკავშირებული.

    დრომ აჩვენა, რომ ამ მხრივ დამაიმედებელი ნიშნები რეალურად ჯერ არ ჩანს. ეს მთლიანი, უწყვეტი პროცესია, მას სისტემური, კომპლექსური მიდგომა ესაჭიროება და ერთჯერადი აქტებითა და ღონისძიებებით არსებულ პრობლემებს ვერ გადაწყვეტ. ამისათვის საჭიროა ხელისუფლების პოლიტიკური ნება. დღეს ქართული საზოგადოება ამ მხრივ დიდ კრიზისს განიცდის. ის სივრცე, რომელშიც ის ცხოვრობს და მოღვაწეობს, არც სამართლიანია და არც თავისუფალი, რადგან სახელმწიფოებრივი მმართველობის ზედა საფეხურებიდან დაშვებული დოზირებული სამართლიანობა და თავისუფლება სინამდვილეში არც ერთია და არც მეორე. ეს მხოლოდ მათი დეკლარირებაა.

    ახალმა ხელისუფლებამ სამართლიანობა არა თუ ვერ ან არ აღადგინა, არამედ პირიქით, ის უსამართლობასთან შევიდა "კოჰაბიტაციის" რეჟიმში და პირდაპირ გაურიგდა "კოჰაბიტაციას" ამოფარებულ "ნაციონალურ მოძრაობას", რაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ნიჰილიზმის განცდას იწვევს და უტოპიაში გადაჰყავს ისინი. სწორედ ამიტომ, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის საყოველთაო მოთხოვნამ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის შესახებ სრული ფიასკო განიცადა. ეს რეალობაა და სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ.

    ამასთან დაკავშირებითაც თავისი მოსაზრებები აქვს პრემიერ-მინისტრ ბ.ივანიშვილს, თუმცა მისი წინასაარჩევნო რიტორიკა განსხვავებული იყო იმისაგან, რასაც ის დღეს გვეუბნება და რაც ნაკლებად დამაჯერებელი და მიუღებელია ქართული საზოგადოების იმ დიდი ნაწილისათვის, რომელმაც პირადად მას დაუჭირა მხარი არჩევნებში, თორემ საზოგადოებაში სრულიად სამართლიანად გამოკვეთილია უარყოფითი აზრი კოალიციაში შემავალი პოლიტიკური ძალების უმრავლესობის მიმართ. ხალხი მათ არ ენდობა.

    საზოგადოებას კარგი მეხსიერება აქვს. საქართველოს პარლამენტი თავისი შემადგენლობით უუნაროა და არაეფექტური, აღარაფერს ვამბობთ "ნაციონალურ მოძრაობაზე", ახალმა საკანონმდებლო ორგანომ ქართული საზოგადოების იმედები ვერ გაამართლა, რაც უახლოეს მომავალში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობას ითვალისწინებს.

    განვლილმა ერთმა წელიწადმა აჩვენა, რომ ახალ ხელისუფლებას არ ძალუძს ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრა, ქართული საზოგადოების ახალ სინამდვილეში გადაყვანა, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბ.ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის მიზანი სინამდვილეში ახალი, ძლიერი, დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობა რომ ყოფილიყო, მაშინ ის თავიდანვე შესაბამის ღონისძიებებს გაატარებდა ქვეყნის მასშტაბით. აღმასრულებელ ხელისუფლებას პროფესიონალი კადრებით დააკომპლექტებდა და არა მისი პირადი დამოკიდებულებისა და მეგობრობის ნიშნით, სამინისტროებს გამჭვირვალეს გახდიდა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ხელმისაწვდომობის მიზნით, სამართალდამცავ სტრუქტურებში რეალურ რეფორმებს განახორციელებდა, რაც სამართლიანობის აღდგენისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი იქნებოდა.

    სერიოზული ნაბიჯები ამ მიმართულებით საზოგადოებრივი ყოფიერების არცერთ სფეროში არ გადადგმულა, სახელმწიფოებრივი რეფორმები არ ჩატარებულა. ამ ხნის განმავლობაში მას არც საფრანგეთის მოქალაქეობაზე უთქვამს უარი, რაზეც წინსაარჩევნო პერიოდშო აპელირებდა და საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად კანონით გათვალისწინებული პროცედურები არ დაუწყია, რაც ასევე ეჭვქვეშ აყენებს მისი ხელისუფლებაში მოსვლის ჭეშმარიტ მიზანს.

    2012 წლის ოქტომბერში სამშობლოს განთავისუფლების იდეით შეფუთული ბ.ივანიშვილი 2013 წლის ოქტომბერში სრულიად გახსნილია და ნათელია მისი გეგმები, რასაც ადასტურებს მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ეს შესაძლებელია იმით იყოს გაპირობებული, რომ მას სხვა გზა აღარ აქვს, აღარ შეუძლია, აღარც სურს. მან ხელისუფლების შეცვლის, უფრო სწორად ჩანაცვლების ამოცანა უკვე შეასრულა. იგი თავის დროზე საუკეთესო და მისაღები კანდიდატურა აღმოჩნდა როგორც ამერიკის ადმინისტრაციისათვის, ასევე რუსეთის ფედერაციისათვისაც მ.სააკაშვილის ხელისუფლების ჩასანაცვლებლად. მან პოლიტიკაში თავისი როლი შეასრულა, ამჟამად მისი შესაძლებლობები ამოწურულია. თუ როდის წავა ბ.ივანიშვილი ხელისუფლებიდან, ოქტომბერში, ნოემბერსა თუ დეკემბერში, ესეც შეიძლება მისი სტრატეგიული გეგმის ნაწილი იყოს, ასევე თავისი ფინანსური კაპიტალის გაზრდის კუთხით. ამიტომ, იგი ადრე წავა პოლიტიკიდან თუ მოგვიანებით, წასვლით კი წავა, მაინც სერიოზულ პოლიტიკურ ნაბიჯებს ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში ვერ გადადგამს.

    საზოგადოებრივ სექტორში მისი გადასვლა იქიდან ხელისუფლების გაკონტროლების მიზნით, შესაძლებელია მომგებიანი იყოს მისთვის, მაგრამ არა ქართული სახელმწიფოსათვის და აი რატომ: იგი შეარჩევს, მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას, მისი დასახელებული და მისგანვე დანიშნული პრეზიდენტობის კანდიდატის გ.მარგველაშვილის გამარჯვების შემთხვევაში, ამ რგოლსაც ის გააკონტროლებს, პარლამენტი ხომ მისი დაკომპლექტებულია და თავმჯდომარის ჩათვლით მას ექვემდებარება, საპარლამენტო ოპოზიციაც "ნაციონალური მოძრაობის" სახით მისთვის სასურველია და მისაღები, მაშ რაღა რჩება? - საზოგადოებრივი სექტორი, ამაზეც იფიქრა ბატონმა ბიძინამ და იქაც თვითონ მოიაზრებს საკუთარ თავს მომავალში.

    აქედან გამოდის, რომ ყველა სახელისუფლო და არასახელისუფლო შტო მისი იქნება და მის კონტროლს დაექვემდებარება, ყოველ შემთხვევაში ბატონ ბ.ივანიშვილს ასე სურს დღეს, რა იქნება ხვალ, ამას მომავალი გვაჩვენებს. მისი ცნობიერება და ყოფიერება აქეთ არის მიმართული. მისი აზროვნების სტილს უნდა მოვერგოთ, ვაღიაროთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არის ჭეშმარიტების საზომი საქართველოში და მასზე უნდა გააკეთოს ქართულმა საზოგადოებამ სწორება (გასული წლის პირველ ოქტომბერს გააკეთა კიდეც).

    ეს გზა ხომ გავიარეთ, ე.შევარდნაძე, მ.სააკაშვილი. პოლიტიკური პროცესებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მომავალი განვითარების ასეთი მოდელი მიუღებელია ქვეყანაში დემოკრატიულობის ხარისხის თავლსაზრისით. თუ ყველაფერი ასე წარიმართა, სიურპრიზებსაც არ გამოვრიცხავთ, ეს კიდევ ერთხელ იმას ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოება მთლიანობაში ისევ ინერტულია და პასიურ მდგომარეობაში იმყოფება, მას რასაც შესთავაზებენ, იმას ღებულობს, ამას თავისი მიზეზები აქვს, მაგრამ არა გამართლება.

    აქვე დავძენთ, რომ როდესაც ბ.ივანიშვილი პრემიერის თანამდებობიდან წავა, ნაკლებ სავარაუდოა, მან პოლიტიკაზე რეალურად გავლენის მოხდენა შეძლოს, ვფიქრობთ, მისი მხრიდან ეს უფრო წასვლის გამართლებას ემსახურება და დანაპირების სფეროს წარმოადგენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბ.ივანიშვილი ქვეყანაში წლების მანძილზე განხორციელებული დიდი ქველმოქმედებისა და ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში გარკვეული კორექტივების შეტანის მიუხედავად (გადაჭარბების გარეშე), ეროვნული ცნობიერების მქონე ადამიანი არ არის.

    მან დიდი ფინანსური იმპერია შექმნა რუსეთის ფედერაციაში. ის ბოლომდე შეეცდება, რისკის ქვეშ არ დააყენოს და შეინარჩუნოს თავისი კაპიტალი. მისი ცნობიერება ამის იქით არ წავა, ის ოლიგარქია და დარჩება ამად. მას ეროვნული იდეა, მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობით და გაგებით, არ გააჩნია. ის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი არ არის.

    რასაკვირველია, მას აქვს თავისი შეხედულება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ არის მასშტაბური და ყოვლისმომცველი ხედვა, რაც დღეს ქვეყანას ესაჭიროება. მან ეს ყველაფერი თავადაც მშვენივრად იცის, ხოლო ქართული საზოგადოება ვალდებულია, სიღრმისეულად შეხედოს მოვლენებს და არა ზედაპირულად, როგორც ეს წინასაარჩევნო პერიოდში ხდება ხოლმე.

    დღეს, წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიის ფონზე ქართულმა საზოგადოებამ აუცილებელია დაინახოს, რომ მის წინაშეა ორი გზა: გზა-უკან, გზა-წინ. პირველი-გზა უკან. საზოგადოებამ უნდა გააკეთოს დასკვნა უახლოეს წარსულზე. მეორე-გზა წინ. საზოგადოებამ უნდა გაიხედოს წინ და განჭვრიტოს მისი მომავალი. ორივე გზა თავს იყრის აწმყოში. ეს შესაძლებელია აწმყოთი. "ნაციონალური მოძრაობა" არის გზა უკან. "ქართული ოცნება" არ არის გზა წინ, მალე ისიც წარსულში დაიკავებს თავის ადგილს.

    ახალი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე საჭიროა ეროვნული ცნობიერებისა და ქართული გონის მქონე, ქართული იდეის მატარებელი ადამიანების ფართო ასპარეზზე გამოსვლა. სწორედ ამიტომ, აწმყოში უნდა შეიქმნას ახალი ძალა, რადგან დილემა, რომელიც ჩვენ წერილის დასაწყისში მოვიყვანეთ, ისევ რეალურად დგას და ძალაშია, ის განადგურებით გვემუქრება, ან უნდა შევურიგდეთ ქვეყანაში მიმდინარე არასასურველ პროცესებს, ან უნდა შევაჩეროთ ისინი. ამას შეძლებს ქართული საზოგადოება, რომელიც მდიდარია ინტელექტუალური, მოუსყიდავი და პატრიოტი ადამიანებით. საჭიროა მეტი აქტიურობა და არა იმის მოლოდინში ყოფნა, რომ ვიღაცა ჩვენს პრობლემებს მოაგვარებს. ჩვენი საქმე ჩვენ უნდა ვაკეთოთ, სხვამ არავინ.

    ბესიკ ბარათელი, ფილოსოფიის დოქტორი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    maka   (22.10.2013)
    viziareb tqvens mosazrebebs da warmatebebs gisurvebt b-no beso..


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×