სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ანუ დასაღუპად განწირული მეცნიერება და გაუფასურებული მწვანე ოქრო
    მოსაზრება
    26.09.2013

    გოჩა ჭანიშვილი

    დღეს ხელისუფლებაში ბევრს ლაპარაკობენ ქვეყნის გადარჩენისა და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გზების ძიებაზე. სამწუხაროდ, მხოლოდ ლაპარაკობენ!

    ბევრი გაუაზრებელი და წინდაუხედავი ნაბიჯი გადაიდგა, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა ქვეყნის განვითარების პროცესი და სერიოზული საფრთხე შეუქმნა მართლაც სტრატეგიულ დარგს - მეჩაიეობას, რომლითაც წარსულში ცნობილი იყო საქართველო.

    გადაშენების პირას მდგარ დარგობრივ მეცნიერებას დიდი ხანია საფუძველი მორყეული აქვს და თუ მის გადასარჩენად სასწრაფოდ არ იქნა ზომები მიღებული, შედეგი მრავალმხრივ სავალალო შეიძლება გვქონდეს.

    თითქმის რვა ათეული წელია ოზურგეთში, ანასეულში, არსებობს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელიც მსოფლიოში "ჩაის მრეწველობისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის" სახელითაა ცნობილი. ამ დიდი სამეცნიერო ცენტრის არსებობა იმით იყო გამართლებული, რომ აგრარულ ქვეყანაში დარგობრივი მეცნიერებების განვითარებას უყრიდა და უმყარებდა საფუძველს. გარდა დიდი მეცნიერული მოღვაწეობისა, ინტიტუტს ჰქონდა საკუთარი გამომცემლობა, რომელსაც დიდი ხნის ისტორია აქვს. მეცნიერული მიღწევების წარმოებაში დანერგვის შესაბამისად იბეჭდებოდა სამეცნიერო შრომები. პერიოდული გამოცემა "სუბტროპიკული კულტურები" იბეჭდებოდა 2000 ტირაჟით და 150-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავდა საზღვარგარეთ (შესაბამისი სამეცნიერო დაწესებულებები. ყველაზე მეტი კალიფორნიის შტატში, აშშ). იბეჭდებოდა სხვადასხვა სახის ლიტერატურა. წიგნების სახით გამოიცემოდა სამეცნიერო ნაშრომები, ბიულეტენები.

    ქვეყანაში სისტემის შეცვლის შემდეგ მთლიანად მოიშალა მართვისა და დაცვის მექანიზმი. წლების მანძილზე იძარცვებოდა და ნადგურდებოდა მსოფლიოში ცნობილი მეცნიერული კულტურის კერა.

    მეცნიერთა ძალისხმევით ბევრი რამ გადაურჩა განადგურებას. ხელისუფლებას კი ჯერაც ვერ გაურკვევია, თუ ვის ეკუთვნის ძლივს გადარჩენილი ქონება - მეცნიერების თუ ეკონომიკის სამინისტროს.

    წლების მანძილზე ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობისა და გაურკვევლობის შესახებ გულისტკივილით საუბრობენ მეცნიერები.

    არსენ კეჭაყმაძე, ჩაის მრეწველობისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, ასოცირებული პროფესორი: "ანასეულში ჩაის მრეწველობისა და სუბტროპიკული კულტურების ს/კ ინსტიტუტი 1931 წელს შეიქმნა და საკავშირო სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შედიოდა. ეს იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთადერთი ამ დარგში მომუშავე მსხვილი სამეცნიერო ცენტრი, რომელსაც სოლიდური ფილიალები გააჩნდა სოხუმში, ფოთში, ზუგდიდში, ჩაქვში, წყალტუბოსა და ადიღეის ავტონომიურ ოლქში.

    "ინსტიტუტს შექმნის დღიდან ურთიერთობა ჰქონდა ინგლისში 200 წლის წინ დაარსებულ როტამსტედის საცდელ სადგურთან, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობისაა. გარდა ამისა, ანასეულში პრაქტიკასა და სტაჟირებას გადიოდნენ მსოფლიოში აღიარებადი მეცნიერები იაპონიიდან, ჩინეთიდან, კორეადან, ვიეტნამიდან, კალიფორნიის შტატიდან (აშშ).

    "ცნობილია, რომ ინდოეთისა და ჩინეთის შემდეგ ჩაის ყველაზე დიდი მწარმოებელი არის ცეილონი. კუნძულ ცეილონზე სამეცნიერო მივლინებით ყოფნისას ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტის მოწმე გავხდი. სახელმწიფო დეპარტამენტის შენობაში ვნახე დიდი მსოფლიო რუკა, რომელზედაც აღნიშნული იყო დიდი ასოებით: "საქართველო, ანასეული". სწორედ ანასეულით იცნობდნენ საქართველოს ჩაის მწარმოებელი სახელმწიფოები. რატომ ანასეულით? იმიტომ, რომ ანასეულის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მარტო ჩაის წარმოება კი არა, ნიადაგის შესწავლა და სხვა უამრავი საჭირო და მნიშვნელოვანი რამ ხდებოდა. თუნდაც ჩვენი მაგალითი ავიღოთ - მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ გურიას, რომელიც მჟავე ნიადაგით არის ცნობილი, ჩაისა და ციტრუსის გარდა სხვა ალტერნატივა არა აქვს.

    "დღეს, სამწუხაროდ, ჩაის კულტურა გადაშენების პირასაა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სტრუქტურა მთლიანად შეიცვალა და ჩაის წარმოებას ყურადღება აღარ ექცევა. ეს პირველ რიგში უვიცობის ბრალია. თუ ხელისუფლებამ დროულად არ მიქცია ყურადღება ამ საკითხს, ეს მრავალწლიანი, უხვმოსავლიანი და შემოსავლიანი კულტურა მთლად გადაშენდება და გურიაში მარტო გვიმრა იხარებს.

    "თუ დარგობრივ მეცნიერებას განვითარების შესაძლებლობა არ მიეცა, ქვეყნის მომავალს სერიოზული საფრთხე ემუქრება. მეცნიერება პროგრესის საფუძველია და თუ დღეს დილეტანტებს მისი მნიშვნელობა არ ესმით, მომავალს საფუძველს ნუღარ გამოაცლიან."

    თემურ რევიშვილი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი: "იყო დრო, როცა ჩვენთან ყოველწლიურად 300 ათასი ტონა ქართული ჩაი მზადდებოდა. მაშინ ჩაის პლანტაცია 45-50 ათას ჰა-ზე იყო გაშენებული. კულტურა, რომელიც 1848 წელს შემოვიდა საქართველოში და თანდათან ვითარდებოდა, ისე გაიზარდა, რომ გასული საუკუნის 30-იან წლებში მისი მეცნიერული შესწავლისათვის ინსტიტუტი შეიქმნა. შემდეგ იგი მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო ცენტრი გახდა და ათწლეულების მანძილზე აწარმოებდა სამეცნიერო-კვლევითსა და აგროტექნოლოგიურ სამუშაოებს. ინსტიტუტს მძლავრი საყრდენი პუნქტები და ფილიალები ჰქონდა, რომელნიც თავიანთი ფუნქციური დატვირთვით მუშაობდნენ. მათი ნაწილი დღემდე არის შენარჩუნებული.

    "ანასეულის ინსტიტუტთან მჭიდრო კავშირი ჰქონდათ იმ სახელმწიფოებს, რომლებშიც ჩაის მრეწველობა არის განვითარებული. ტარდებოდა მინდვრის ცდები, გაცვლითი სამუშაოები. თურქეთში გაშენებული ჩაის ფართობები მთლიანად ქართული სელექციური ჯიშებით არის დაფარული.

    "სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისთვის ინსტიტუტი ფლობდა 3000 ჰა ფართობს. დღეს მიწის არცერთი გოჯი არ გაგვაჩნია. ხელოვნურად შექმნილი უამრავი პრობლემის მიუხედავად, ჩაისა და სუბტროპიკული ნაყოფების გადამუშავების ტექნოლოგიური სამუშაოები არ შეწყვეტილა. თუმცა, მასშტაბები შეიკვეცა, რასაც თავისი მიზეზები აქვს.

    "ქვეყანაში სისტემის შეცვლის შემდეგ, 1992 წლიდან ინსტიტუტი სამეცნიერო კუთხით სოფლის მეურნეობის აკადემიას დაექვემდებარა, ხოლო ტექნიკურად სოფლის მეურნეობის სამინისტროს. 1996 წელს გაჩნდა კანონი მეცნიერების შესახებ, რის შემდეგ ახალი სახელით - "სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება" - შევიდა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ახალი იურიდიული სტატუსით. 1999 წლიდან (პრეზიდენტის ბრძანებულებით) კანონში დამატებები და ცვლილებები შევიდა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საცდელი ფართობები გადაეცა უსასყიდლო უზურფრუქტის უფლებით.

    "2005 წლის ბოლოს საქართველოს კანონში "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" ცვლილებებისა და დამატებების შემდეგ რეფორმა დაიწყო. 2006 წლის მარტის დადგენილებით ინსტიტუტი გარდაიქმნა და საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახდა. ფილიალები შევიდა ისევ ინსტიტუტის დაქვემდებარებაში. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ არ არის გადმოცემული ქონება. ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, თუ რა ეკუთვნის, ან რისი მფლობელია ინსტიტუტი. ხდება ყოფილი ბაზის მიტაცება, გაყიდვა, საცდელი ნაკვეთების უკონტროლოდ და გაუთვალისწინებლად გასხვისება. ამ საკითხში ინსტიტუტის ხელმძღვანელობას არავინ უთანხმდება.

    "ინსტიტუტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკუთვნის. მის ქონებას კი ეკონომიკის სამინისტრო განკარგავს. მრავალჯერ მიმართვის მიუხედავად, სამინისტროებს არ აქვთ გარკვეული, თუ რისი მფლობელია ინსტიტუტი. საცდელი ნაკვეთის არქონის გამო, კივის ბაღი ეზოში გვაქვს გაშენებული, ჯერ კიდევ არ არის დაბრუნებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რის გამოც ფერხდება სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები. მწირია საბაზო დაფინანსება. მწირია ხელფასები, რის გამოც ბევრმა მეცნიერმა დატოვა ინსტიტუტი.

    "სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა მსოფლიოში ჩაის მოხმარება იზრდება. ძირითადად სპეციალიზირებულ, მაღალხარისხიან პროდუქციაზე არის მოთხოვნა. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც გააჩნია საექსპორტო ჩაი. სხვა მწარმოებელი ქვეყნები ჩაის შიდა მოხმარების ბაზარზე მოიხმარენ. ჩვენს ქვეყანას შეუძლია აწარმოოს ხარისხიანი ჩაი. ინსტიტუტი ახლაც მუშაობს ამ საკითხებზე. სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ამ დარგის გადასარჩენად.

    "დანაშაულია, როცა ესოდენ მნიშვნელოვანი დარგობრივი მეცნიერება უყურადღებოდ არის მიტოვებული."

    ვალერიან ცანავა, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი: "ჩვენი ინსტიტუტი არის საერთაშორისო და ევროპის ორგანიზაციების წევრი. მიუხედავად საერთაშორისო მხარდაჭერისა, მაინც დიდი პრობლემები დაგვიდგა. როდესაც დაირღვა ერთიანი სისტემა და გეოგრაფიული ქსელი დაიშალა, შეწყდა სასუქებით უზრუნველყოფა, რამაც მთელი რიგი პრობლემები შექმნა. გაუხეშდა და გავერანდა პლანტაციები. ამას დაემატა ზოგადი პრობლემა - დაბალი ანაზღაურება. კვალიფიცირებული მუშახელი ტოვებს ქვეყანას და ქართველი ქალები თურქეთში მიდიან ჩაის საკრეფად.

    "მეჩაიეობის ყველაზე დიდი პრობლემაა, ვიპოვოთ ის ნიშა, რომ მაღალტექნოლოგიური წარმოების შემდეგ ჩვენი ჩაის რეალიზაცია მოვახდინოთ. თუ გამოვიყენებთ, ახლა გვაქვს ყველაზე კარგი შესაძლებლობა, რომ ვაწარმოოთ და შევქმნათ ნორმალური და ეკოლოგიური პროდუქციის წრებრუნვა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. დასაქმების მხრივ ჩაის კონკურენტი არ ჰყავს და ამ დარგის განვითარებას რომ შეეწყოს ხელი, პრობლემა მთლიანად მოიხსნება იმ რეგიონებში, სადაც ჩაის კულტურა იყო განვითარებული.

    "საქართველოში ჩაის პლანტაციების 70% განლაგებული იყო ეროზიასაშიშ ზონაში. ეს მიწები მეცნიერული კვლევის შედეგად გადავარჩინეთ იმით, რომ ჩაის ფესვთა სისტემა ზღუდავს წყლისმიერი ეროზიის საშიშროების განვითარებას. როცა ჩაის მიმართ ყურადღება შენელდა, ხალხმა მისი ამოძირკვა დაიწყო, რამაც კატასტროფა გამოიწვია (გავიხსენოთ აჭარის მაგალითი). ჩაის ადგილზე კარტოფილი დაითესა, რამაც გაამრავლა მეწყერსაშიში ზონები. გარდა ამისა, ერთწლიანი კულტურების მოყვანა იმ ნიადაგზე, რომელზეც ჩაი იყო, ეროზიის საფრთხის გარდა, პირველ რიგში გამოუსწორებელ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და შემდეგ, ფიტავს და მოუსავლიანს ხდის ნიადაგს.

    "აგროქიმიის ცდები მცენარეთა კვების საკითხებზე 2002 წლიდან ჩართული არის მსოფლიო და ევროპულ პროგრამებში. მისი მიზანია შევინარჩუნოთ და გავაფართოვოთ მსოფლიო და ევროპული მრავალწლიანი ცდები. ასეთი ცდები ტარდება ანასეულში, ზუგდიდში, ჩაქვში. ცდების შედეგებს იბარებს ცენტრი, რომელიც ინგლისში მდებარეობს. დსთ-ს შექმნის შემდეგ პროგრამების განხორციელება დაევალა რუსეთს, რომელიც ანგარიშს ითხოვდა ჩვენგან, მაგრამ 2007 წლის დეკემბრიდან ანასეულმა მოიპოვა დამოუკიდებლობა, პირდაპირი კავშირი აქვს ინგლისთან და ცენტრს თავად აბარებს საველე ცდების ანგარიშს.

    "მრავალწლიანი საველე ცდების ჩასატარებლად საჭიროა დროზე დაუკანონდეს ინსტიტუტს ის საცდელი ნაკვეთები, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ჩვენს საკუთრებაში. ამის შესახებ არა ერთხელ მივმართეთ განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროებს, მაგრამ პასუხი იგვიანებს. ეს გამოუსწორებელი შეცდომაა.

    "რამდენიმე წლის წინ ინსტიტუტის დირექტორთან ერთად მიწვეული გახლდით ბაქოში, სადაც "ბიზნესისა და განვითარების კავკასიური ცენტრის" ეგიდით გაიმართა პირველი კონგრესი - "კავკასიის ჩაი - ბაქო 2008". კონგრესზე მეჩაიეობის რეაბილიტაციის საკითხებზე იყო მსჯელობა. პრობლემები ერთნაირია. განსხვავება არის ერთი. აზერბაიჯანისთვის ჩაი არის შიდა მოხმარების ძირითადი პროდუქტი. ისინი გეგმავენ ახალი ფაბრიკების აშენებას (ჩვენთან კი ინგრევა), ქსელის გაფართოვებასა და ანასეულელი მეცნიერების იმედი აქვთ. ჩვენთვის სულერთი არ არის აზერბაიჯანის ჩაის ბედი, რადგან მასში დევს ჩვენი დიდი შრომა. იქ მომუშავე სპეციალისტები ჩვენთან გადიოდნენ სტაჟირებას. ჩვენ სელექციური ჯიშების გარდა გვაქვს რამდენიმე პერსპექტიული ჯიში, რომელიც თავისი მოსავლიანობითა და ხარისხობრივი მაჩვენებლებით უფრო მაღლა დგას, ვიდრე ეტალონად წოდებული "კოლხიდა". აზერბაიჯანი დაინტერესებულია იმ ჯიშებით, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ თავი შევიკავეთ.

    "კონგრესის ძირითადი მიმართულება გახლდათ - გავაკეთოთ "კავკასიური ბრენდი" საერთო ძალისხმევით, რომ კავკასიურმა ჩაიმ მოიპოვოს ადგილი მსოფლიო ჩაის ბაზარზე.

    "ხელისუფლება რომ ზრუნავდეს და სათანადო ყურადღებას უთმობდეს მეცნიერების ამ დარგის განვითარებას, ჩვენ დამოუკიდებლად დავიმკვიდრებდით ადგილს მსოფლიო ბაზარზე."

    იზოლდა მამულაშვილი, ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი: "დავიწყებ იმით, როცა ჩვენი ინსტიტუტის სტუმარი იყო დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის მეცნიერი, დოქტორი მანი, ინგლისელი მეცნიერი აღფრთოვანდა და ასეთი ჩანაწერი დაგვიტოვა: "კალიფორნია და ფლორიდა გურული კაცის მარჯვენას აქ გადმოუტანია, გურიაშიო" (ეს იყო გასული საუკუნის 40-იან წლებში).

    "მეცნიერთა კვლევის, ძიებისა და მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად ბაღნარად იყო ქცეული საცდელი ნაკვეთები. სტრუქტურის შეცვლის შედეგად წარმოების მექანიზმი მთლიანად მოიშალა. პრივატიზებულია ჩაის პლანტაციების 99%. მოუვლელობის გამო გავერანებულია მისი უდიდესი ნაწილი. დაუშვებელია საცდელი ფართობის აგრონომიული კვლევის გარეშე გაცემა. დანაშაულია, როცა ეს მიზანმიმართულად ხდება. არ შეიძლება აგრონომიის გარეშე მეურნეობის განვითარება.

    "აგროქიმიის, ნიადაგმცოდნეობისა და მიკრობიოლოგიის ლაბორატორია შეიქმნა სამი დიდი განყოფილების არასწორი გაერთიანებით. გაუქმდა კვების რეჟიმის ოპტიმიზაციისა და ახალი კულტურების ლაბორატორია. ეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ჩატარებული რეფორმის შედეგად მოხდა. როგორც ჩანს, განათლების სამინისტროში ვერ ერკვევიან, ან არ იციან, რას ნიშნავს მეცნიერული კვლევა, თორემ როგორ შეიძლება სხვადასხვა მეცნიერული მიმართულებების გაერთიანება და კიდევ საცდელი მეურნეობის ჩამოშორება მეცნიერებისთვის.

    "მთავრობამ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, როცა გაურკვეველ მდგომარეობაში დატოვა მეცნიერება. სახელმწიფო ვერ იცავს მეცნიერის უფლებებს და ხელს უშლის დარგობრივი მეცნიერების განვითარებას. გაგვიუქმეს ასპირანტურის განყოფილება, რასაც მოჰყვა დოქტორანტურის გაუქმება. იგი გადაეცა ქუთაისისა და აჭარის უნივერსიტეტებს. სოფლის მეურნეობის მეცნიერებაში ექსპერიმენტისა და ცდის გარეშე სამეცნიერო ნაშრომი ვერ შეიქმნება. არ მოიპოვება სამეცნიერო ხარისხი.

    "ეს არის უცოდინარობა! ეს არის დანაშაული! ვინც ამას სჩადის, დილეტანტია!

    "ამ პარადოქსების შემდეგ, რომლებიც ჩვენმა ინსტიტუტმა გამოიარა, გაურკვეველია, რა ბედი ელის სამეცნიერო კვლევებს. ჩვენ რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ. აღრიცხული და შემონახული გვაქვს ცდების 15 ვარიანტი. მიუხედავად ყველაფრისა, გამოსავალი მაინც არსებობს. მთავრობამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადადოს და სწრაფად უნდა იზრუნოს, რათა, პირველ რიგში, ამოიძირკვოს ძველი, ამორტიზებული პლანტაციები და შეიცვალოს სხვა კულტურებით (აქტინიდია /კივი/, ფეიხოა, თხილი); ხოლო, მეორე მხრივ, უნდა აღდგეს მიგდებული, დასაღუპად განწირული ჩაის პლანტაციები და შემდგომი ექსპლუატაციის მეცნიერულად დასაბუთებული ხერხები და მეთოდები დაინერგოს წარმოებაში. თუ ეს პროცესები ორმხრივად არ წარიმართა და დარგობრივ მეცნიერებას მთავარი ფუნქცია არ მიენიჭა, წარმოება ვერ განვითარდება."

    ...

    მეცნიერთა აზრით, ჩაი უფრო მეტია, ვიდრე შავი ან მწვანე ჩაი. ტექნოლოგიური პროცესის დახვეწის შედეგად კარგი ნედლეულიდან მიიღება ყვითელი, წითელი ჩაი და აღარ დაგვჭირდება იმ ქიმიური ნაერთების მიღება, რომელიც ჩაის სახელით შემოდის ჩვენს ქვეყანაში. აქ, ადგილზე, შესაძლებელია კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება. დამტიცებული და დადასტურებულია, რომ ჩაი თავისი ბუნებრივი შემადგენლობით უნიკალურია. შეიცავს ვიტამინების მთელ წყებას. კოფეინის შემცველობა მას მატებს ტონუსის აწევის უნარს. კატიხინური შემადგენლობა კი ჯამში მატებს "ვიტამინურ თვისებებს". ჩაის გამოყენება თავიდანვე ამ მიზნით დაიწყო, რადგან იგი ხასიათდება სამკურნალო თვისებებით. მას იყენებდნენ გულით დაავადებულები. ხანგრძლივი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულებს სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით ჩაით მკურნალობენ. ჩაის აქვს გამოყენების ფართო სპექტრი. თუნდაც ხიროსიმასა და ნაგასაკის ცნობილი მოვლენები გავიხსენოთ. იქ დაავადებულ მოსახლეობას, ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაის მიღების დოზა გაუზარდეს.

    ეს ყველაფერი კარგა ხანია ცნობილია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ამ მნიშვნელოვანსა და სტრატეგიულ დარგს მორყეული აქვს საძირკველი. ყველა ხელისუფლება კი გვიკიჟინებს, ქვეყანას ვაშენებთო, მაგრამ, რადგან მეცნიერებამდე ჯერ ვერ მივედით, ისევ დედა-ენიდან შევახსენებთ მარტივ მცნებას. "დედის დარიგება" გავიხსენოთ: "...თუ საძირკველი დანგრეულია, მაშინ კედლების აშენებისთვის ყოველი შრომა დაკარგულია!"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ავტორისაგან   (30.09.2013)
    წერილში, ანსაეულის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უახლოესი წარსულია ასახული,რაც რა თქმა უნდა დარჩება ამ დიდი სამეცნიერო კერის ისტირიაში. მიუხედავად განვლილი მძიმე წლებისა, ინსტიტუტის ხელმძღვანელობას და მეცნიერ-თანამშრომლებს არ შეუწყვეტია ახალი გზების ძიება ინსტიტუტის გადასარჩენად. დღეისათვის,ამ სქვეყნოდ ცნობილი მეცნიერების ცენტრის ბაზაზე შექმნილია "საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი," რომლის დირექტორი,ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი თემურ რევიშვილი გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აქ სულ მალე ჩამოყალიბდება სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი,რომელშიც იქნება სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო კომპონენტები. მზადდება მასალა დიდი ღონისძიებისათვის. შემოდგომაზე იგეგმება პრეზენტაცია,რომელიც შედგება ანასეულში და ღია იქნება ფართო საზოგადოებისათვის. ასევე,გამიზნულია პროფესიული განათლების ცენტრის შექმნა, გერმანიის მხარის მონაწილეობით.ამ ცენტრში ალტერნატიულ პროფესიებს დაეუფლებიან, ასაკის მიუხედავად. სასიხარულო სიახლეა,რომ ანასეულში განახლდება სამევნიერო და საგანმანათლებლო ცხოვრება. პატივისცემით,გოჩა ჭანიშვილი.


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×