სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    25.09.2013

    გურამ ყორანაშვილი

    ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ყოფილი პარლამენტარი

    გასული წლის "რეზონანსის" 26 დეკემბრის ნომერში მე მივმართავდი პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ივანე კიღურაძესა და განათლებისა და მეცნიერების აწ უკვე ექსმინისტრს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს თხოვნით, მოგვეწყო დისკუსია ქართული ისტორიოგრაფიის დღევანდელი სავალალო მდგომარეობის თაობაზე და აქედან გამომდინარე პრაქტიკულადაც რაიმე გვეღონა (და, ეს რომ ასეა, ამ გარემოებას ხაზგასმით აღნიშნავდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავის 2012 წლის საშობაო ეპისტოლეში. მეტიც, როგორც იქნა, ამასვე აცნობიერებს რამდენიმე ისტორიკოსიც.)

    ვიცოდი რა, რომ ოდენ გაზეთში დაბეჭდილი განცხადებით შესაბამისი სამინისტროს ბიუროკრატიას ვერაფერს შევასმენდი, მიმდინარე წლის 3 იანვარს ორივე აღნიშნულ პირს უშუალოდ მივმართე. კერძოდ, სამინისტროში განცხადების რეგისტრაციისას მითხრეს, რომ პასუხს აუცილებლად შემატყობინებდნენ. გაიარა სამმა თვემ, მაგრამ ამ უწყებიდან არავინ შემომხმიანებია. ამიტომ მე თვითონ ორჯერ შევახსენე თავი. პირადად დავუკავშირდი სამინისტროს მეცნიერების სამმართველოს უფროსს, ბ-ნ ნუგზარ ჩიტაიას. შევხვდი ორჯერ, სამინისტროს თითო თანამშრომლის თანდასწრებით. თითქმის ნახევარ-ნახევარი საათის განმავლობაში საუბრისას კვლავაც შევეცადე, ამეხსნა საქმის ვითარება.

    რაც მართალია - მართალია, ყურადღებით მომისმინეს, თითქოს გამიგეს კიდეც და მითხრეს, რომ მინისტრის მოადგილეს, დავით ზურაბიშვილს მოახსენებდნენ და მასთან დამაკავშირებდნენ. შევეცადე, ამ პირთან კონტაქტი დამემყარებინა მისი თანაპარტიელის მეშვეობითაც, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ამჯერად, როგორც ცნობილია, დავით ზურაბიშვილის მინისტრის მოადგილეობამ ჩაილურის წყალი დალია. რასაკვირველია, თავი აბსოლუტურად არ გამოუდვია განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრსაც, ახლა რომ საქართველოს პრეზიდენტობისათვის იბრძვის.

    შეგახსენებთ მეცნიერების შესაბამისი დარგის დავით ზურაბიშვილისეულ ხედვას. 1994 წელს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის ეგიდით გამოცემულ კრებულში შესულ თავის ოპუსში იგი წერდა: "ქართველ მეცნიერ-ისტორიკოსთა მთელი სახელოვანი (!) კოჰორტა ერთად აღებული, აშკარად ჩამოუვარდება ოსვალდ შპენგლერისა თუ არნოლდ ტოინბის ნამოღვაწარს" (იხ. წიგნი "ჭკუა ვაისაგან", თბილისი, გვ. 12).

    ცხადია, არ მაქვს იმედი იმისა, რომ შესაბამისი სამინისტროს პირობებში ჩემეულ წამოწყებას რაიმე პერსპექტივა ექნება. მიკვირს, ძალიან მიკვირს, თუ რატომ წაუყრუა ყური ჩემს თხოვნას ბატონმა ივანე კიღურაძემ, რომლის მეცნიერობისა (მათემატიკის დარგში) და გულისხმიერებისა კვლავაც მჯერა. ნუთუ ამ შემთხვევაში თავი იჩინა კორპორაციულმა თანადგომამ კოლეგა აკადემიკოს-ისტორიკოსებისადმი?

    და ბოლოს დავსძენ, განა ჩემი, ვფიქრობ, სავსებით საფუძვლიანი თხოვნისადმი ყურადღების მისაქცევად ხსენებული სამინისტროს შენობასთან მიტინგის ან უფრო მწვავე ღონისძიების ჩატარებაა საჭირო? ნუთუ ჩვენი ბიუროკრატიის (ამჯერად უპირველესად განათლებისა და მეცნიერების დარგებს ვგულისხმობ) ინერტულობას საზღვარი არ უნდა ჰქონდეს?!

    იქნებ ამ უმსგავსობას ხელი შეუშალოს ქართულმა საზოგადოებრიობამ (თუკი იგი რეალურად არსებობს)?!

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×