რეზონანსი
11.01.2023

კოვიდ-19 პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკვე სამი წელი გავიდა. ახალი ტიპის კორონავირუსი ძლიერ გადამდები აღმოჩნდა და მუტაციას სწრაფად განიცდიდა. თუმცა, საერთაშორისო საზოგადოებამ მის წინააღმდეგ ძალები გააერთიანა, „საერთო ჯანდაცვის მქონე საზოგადოების" შესაქმნელად უკვდავი ნაწარმოები დაიწერა. გასული სამი წლის განმავლობაში ჩინეთის მთავრობა პრიორიტეტს მუდამ ხალხსა და სიცოცხლეს ანიჭებდა.

მთავრობის მიერ განხორციელდა მეცნიერულად ზუსტი პოლიტიკა, რითაც უზრუნველყოფილ იქნა ჩინელი ხალხის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ეკონომიკისა და საზოგადოების სტაბილურად და თანმიმდევრულად განვითარება.ბოლო დროს ჩინეთის მთავრობის მიერ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე პრევენციული ზომების გადასინჯვამ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიქცია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, რათა ქართულ საზოგადოებას გავაცნო მდგომარეობა.

ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩინეთის დიდი წარმატება დღესავით ნათელია.

დღეს ჩინეთს ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ჰყავს მსოფლიოში. ამასთან, იგი ყველაზე დიდი განვითარებადი ქვეყანაა. მისი რეგიონები არათანაბრადაა განვითარებული. ერთ სულ მოსახლეზე ხელმისაწვდომი სამედიცინო რესურსებით ჩინეთი აშკარად ჩამორჩება განვითარებულ ქვეყნებს. ეპიდემიის დაწყების მომენტიდან, მთავრობამ პირველ ადგილზე ხალხი და სიცოცხლე დააყენა. იმ დროს, როდესაც ვირუსი განსაკუთრებით საშიში იყო, ჩინელი ხალხის სიცოცხლის, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დასაცავად, ყველა რესურსის მობილიზება მოხდა.

გასული სამი წლის განმავლობაში ჩინეთმა წარმატებით აიცილა შედარებით ძლიერი პათოგენური შტამების გავრცელება, მათ შორის, თავდაპირველი და დელტა შტამების.შეზღუდული სამედიცინო რესურსებით, 1.4 მილიარდიან ჩინეთში ინფიცირების და სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 77.3-იდან 78.2 წლამდე გაიზარდა.მიუხედავად იმისა, რომ გლობალურად ადამიანის განვითარების ინდექსი ზედიზედ ორი წლის განმავლობაში შემცირდა, ჩინეთი ამ რეიტინგში 6 ადგილით დაწინაურდა, ხოლო სამი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის ტემპმა საშუალოდ 5% შეადგინა, რითაც ჩინეთმა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკის სტატუსი შეინარჩუნა.

ქვეყნის შიგნით პრევენციის პარალელურად, ჩინეთმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეპიდემიის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში. ჩინეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსისგან დაზარალდა.

ჩვენ დაუყოვნებლივ გავუზიარეთ სხვა ქვეყნებს გენეტიკური კოდი და სხვა ძირითადი ინფორმაცია ვირუსის შესახებ; ასევე გავუზიარეთ გამოცდილება შემოწმების, კარანტინის, პრევენციის, კონტროლის, კლინიკური მკურნალობის და სხვა საკითხების შესახებ.სამი წლის განმავლობაში ჩინეთსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შორის 60-ზე მეტი ტექნიკური გაცვლა განხორციელდა. GISAID მონაცემთა ბაზის მეშვეობით ჩინეთი უწყვეტად აზიარებდა კოვიდ-19-ის გენეტიკურ მონაცემებს.

ჩინეთი ვაქცინების, როგორც საერთაშორისო საჯარო პროდუქტის ინიციატივით გამოვიდა. მან სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ვაქცინების 2 მილიარდამდე დოზა მიაწოდა.ეპიდემიასთან ბრძოლის საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში, ჩინეთმა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა განვითარებადი ქვეყნების, მათ შორის საქართველოსმიმართ. ვაქცინების გარდა, იგი განვითარებად ქვეყნებს აქტიურად აწვდიდა ეპიდსაწინააღმდეგო აღჭურვილობას, მაგალითად, სუნთქვის აპარატებს, დამცავ ტანსაცმელს და საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარებოდა მათ კრიზისული პერიოდების გადალახვაში.

ჩინეთის მთავრობა მეცნიერული მიდგომით, დროისა და სიტუაციის მიხედვით ახდენდა პრევენციული ზომების ოპტიმიზაციას და კორექტირებას.

გარკვეული დროის განმავლობაში, მსოფლიოში მუტაციური შტამი - ომიკრონი გავრცელდა, რომლით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის ზომები თანმიმდევრულად შეიცვალა.ვირუსის მახასიათებლებისა და ეპიდსიტუაციის მეცნიერული შეფასების საფუძველზე და სხვა ქვეყნების პრევენციის პრაქტიკაზე დაყრდნობით, ბოლო დროს ჩინეთის მთავრობამაც ეტაპობრივად დახვეწა ეპიდემიის პრევენციული პოლიტიკა და ძირითადი სამუშაოები ჯანდაცვისა და მძიმე დაავადების პრევენციაზე წარიმართა.

ამჟამად ჩინეთში ეპიდემიის პრევენციული ზომები იცვლება, რამაც საერთაშორისო საზოგადოების ფართო ყურადღება მიიპყრო. ქვეყნების უმეტესობა ჩინური მხარის ღონისძიებებს დაეთანხმა. სხვადასხვა ქვეყანაში ეპიდემიის პრევენციული პოლიტიკის ცვლილების გათვალისწინებით, ადაპტაციის პროცესი გარდაუვალია.

ჩინეთში ამ დროისთვის უკეთესი პირობები და საფუძველია პოლიტიკის შესაცვლელად. პირველი, ვირუსის მუტაციის გამო, საინკუბაციო პერიოდი და ვირულენტობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მეორე, ეპიდსიტუაციიდან ჩანს, რომ ინფიცირებულთა დიდი რაოდენობის მიუხედავად, მათი უმეტესობა უსიმპტომო ან მსუბუქი შემთხვევებია, მძიმე დაავადებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი უკიდურესად დაბალია.მესამე, ეპიდემიის პრევენციის თვალსაზრისით, ჩინეთის 1,4 მილიარდიანი მოსახლეობა უკვე 3.4 მილიარდი დოზა ვაქცინით აიცრა. ვაქცინაციის პროცესმა მოიცვა მთლიანი მოსახლეობის 92%-ზე მეტი, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 90%-ზე მეტი. შესაბამისად, ჩამოყალიბდა ეფექტური დაცვის ქსელი.

ეპიდემიის პრევენციული პოლიტიკის ოპტიმიზაცია და კორექტირება არის დროული და აუცილებელი მეცნიერული ღონისძიება. ამასთან, ეს არის ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის, ეკონომიკურ-სოციალური განვითარების და ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ფუნდამენტური ინტერესების დაცვის კოორდინაციის ეფექტური სტრატეგია.

პოლიტიკის ცვლილების საწყის პერიოდში იყო გარკვეული მედიკამენტების დეფიციტი.გატარდა მრავალი ღონისძიება მედიკამენტების წარმოების გასაზრდელად. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სიცხის დამწევი და გრიპის საწინააღმდეგო საშუალებების ბაზარზე მიწოდება. კომპეტენტურმა ორგანოებმა საბაზრო პრინციპების შესაბამისად ხელი შეუწყვეს საერთაშორისო სამედიცინო თანამშრომლობას, დაშვებულ იქნა საერთაშორისო მწარმოებლების, მათ შორის პფაიზერის მიერ წარმოებული კოვიდ-19 სამკურნალო პრეპარატების იმპორტი.

ზოგი ქვეყანა უგულებელყოფს ფაქტებს, ეწინააღმდეგება მეცნიერებას, ჩინეთის პრევენციული პოლიტიკის შესახებ იგონებს ჭორებს, ჩინელი ტურისტების მიმართ იღებს დისკრიმინაციულ, შემზღუდველ ზომებს. ეს არ შეესაბამება თავად ვირუსის მახასიათებლებს და საერთაშორისო პრაქტიკას, არ არის ხელსაყრელი სოლიდარობისა და ეპიდემიის წინააღმდეგ სამეცნიერო ბრძოლისათვის, ხალხთა შორის ნორმალური მიმოსვლისა და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის.

პრევენციული პოლიტიკის კორექტირება ცხადყოფს საგარეო გახსნილობის თაობაზეჩინური მხარის მტკიცე გადაწყვეტილებას, რაც ხელს შეუწყობს ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის მდგრად და ჯანსაღ განვითარებას.

მას შემდეგ, რაც გასული წლის მაისში ელჩის პოსტი დავიკავე, ქართველები ხშირად მეკითხებიან: „რა მდგომარეობაა ჩინეთში? როდის შევძლებ ჩინეთში წასვლას?"გასული წლის ოქტომბერში ჩინეთის კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა და ქვეყნის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა კიდევ ერთხელ განაცხადა: „ჩინეთი გააგრძელებს გახსნილობის სახელმწიფო პოლიტიკას, ურთიერთსარგებლიანი გახნსილობის სტრატეგიის გატარებას". ჩინეთიმსოფლიოს ქვეყნებს და მათ შორის, საქართველოს კიდევ უფრო ფართოდ გაუღებს კარს.

ეპიდემიის პრევენციული პოლიტიკის შეცვლით, ჩინელები და უცხოელები ბევრად უფრო მარტივად შეძლებენ მიმოსვლას.ჩინურმა მხარემ უკვე გააუქმა საზღვარზე შესვლისას PCR ტესტირება და ცენტრალიზებული კარანტინი, საერთაშორისო სამგზავრო ფრენების რაოდენობაზე კონტროლი და ჩინეთში გამგზავრებამდე 48 საათით ადრე PCR ტესტირება.ეტაპობრივად აღდგება უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩინეთში სამუშაოდ, ბიზნესისა და სწავლისთვის შესვლა, საზღვაო და სახმელეთო სასაზღვრო პუნქტებში გადაადგილება და ჩინეთის მოქალაქეების ტურისტული მიმოსვლა. მჯერა, რომ ზემოაღნიშნული ღონისძიებების შედეგად, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში მსოფლიო ეკონომიკის სწრაფად აღდგენას შეუწყობს ხელს.

მინდა კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი გავუზიარო ჩვენს ქართველ მეგობრებს. უახლოეს მომავალში ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით თითქმის სამი წლის განმავლობაში შეჩერებული პირდაპირი ფრენები განახლდება. ჩინეთსა და საქართველოს შორის მიმოსვლის დრო და ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება.

გასულ წელს, ჩვენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი შესრულდა. ჩინეთმა შეინარჩუნა საქართველოს წამყვანი საექსპორტო ბაზრისა და რიგით მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის პოზიცია. პანდემიამდე, 2019 წელს, დაახლოებით 155 მილიონმა ჩინეთის მოქალაქემ იმოგზაურა საზღვარგარეთ. საზღვარგარეთ წამსვლელი ტურისტების რაოდენობით ჩინეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა იყო. მათ შორის, საქართველოს დაახლოებით 50 000 ტურისტი ეწვია.

დარწმუნებული ვარ, ეპიდემიის პრევენციული პოლიტიკის შეცვლით, ჩინეთ-საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში კონტაქტები კიდევ უფრო გაიზრდება და ურთიერთსარგებლიანი თანამშრომლობა ახალ საფეხურზე გადავა.რაც უფრო მეტი ქართველი იმოგზაურებს ჩინეთში კომერციის, ტურიზმის თუ სწავლის მიზნით, მით უფრო მისასალმებელია.

ამასთან, ჩვენი საელჩო ხელს შეუწყობს, რომ უფრო მეტი ჩინელი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში, რათა ნახონ ამ „ღვთის ბაღნარის" ულამაზესი პეიზაჟები, დააგემოვნონ მსოფლიოში სახელგანთქმული ქართული ღვინო და თავად გამოცადონ ქართული სტუმართმოყვარეობა და კულტურა.

საქართველოში შობა-ახალი წლის დღესასწაული ახლახან დასრულდა. მინდა საქართველოში ჩინეთის საელჩოს სახელით ყველა ქართველს მივულოცო ახალი წელი და ვისურვო, რომ ახალ წელიწადში ჩინეთმა და საქართველომ უკეთესი მომავლისთვის ერთად იმუშაონ.

 

ჩინეთის ელჩი საქართველოში - ჭოუ ციენი

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×