სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    18.09.2013

    17 და 19 სექტემბერს ხაიშსა და თბილისში დანიშნულია ხუდონჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ, იხ. გარემოს დაცვის სამინისტროს ვებგვერდი) საჯარო განხილვა. საქართველოს ენერგოპოლიტიკის შესახებ ჩვენ ადრეც ვწერდით "რეზონანსში" (იხ. მ.წ. 25 აპრილის, "ენერგეტიკული პოლიტიკა-საფრთხე ეკოლოგიურ-სოციალური გარემოსათვის. თეზისები მდგრადი ელექტროენერგეტიკისათვის").

    წინამდებარე სტატიაში ხუდონჰესის განსახილველი პროექტი და მისი გზშ (შესრულებულია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (სუტტ) მიერ) ჩვენ მიერ ფასდება ძირითადად სტრატეგიული, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალურ-ეკოლოგიური კუთხით და მეთოდოლოგიურად ეყრდნობა მდგრადი ენერგეტიკის პრინციპებს. ჩვენი მიზანი არ ყოფილა გზშ-ს სხვა ანალიზი, გარდა აღნიშნული ასპექტებისა.

    გზშ-ის პროექტის მიზანშეწონილობის დასაბუთებისას გამოტანილია ცალსახა დასკვნა, რომ მის "დაუყოვნებლივ განხორციელებას" ალტერნატივა არ აქვს ("ნულოვანი ალტერნატივა"). ჩვენი აზრით, პროექტის საჭიროების დასაბუთება ზედაპირულია და დასკვნაც, შესაბამისად - არასწორი.

    პირველ რიგში განვიხილოთ ელექტროენერგიაზე მოთხოვნის შეფასება. გზშ-ში მოყვანილია 2005-2011 წლების ელექტროენერგიის მოხმარების გრაფიკი. დაფიქსირებულია, რომ 2010-2011 წლებში ზრდა 10%-ს შეადგენდა და გამოტანილია დასკვნა, რომ "საქართველოში ბოლო წლებში იზრდება ელექტროენერგიაზე მოთხოვნა."

    ჩვენი გათვლებით, 2005-2012 წლებში ელექტროენერგიაზე მოხმარების ზრდის საშუალო წლიურმა ტემპმა შეადგინა 2,8% (2012 წელს წინა წელთან შედარებით მოვიხმარეთ მხოლოდ 1,3%-ით მეტი ელექტროენერგია).

    რაც შეეხება პროგნოზს - სუტტ გზშ რეალისტურად მიიჩნევს მოხმარების 5-6%-იან ზრდის ტემპს წელიწადში (2005-2020) და 2020 წლისთვის 22-23 მილიარდ კილოვატის მოხმარებას პროგნოზირებს რაც, ჩვენი აზრით, სრულიად უსაფუძვლოა რიგი მიზეზების გამო:

    1. გაუგებარია, საქართველოს ეკონომიკის როგორ განვითარებას ეყრდნობა ეს პროგნოზი; როგორი იქნება ქვეყნის მშპ ზრდის ტემპი? შესაბამისად, როგორი უნდა იყოს ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ელასტიურობის კოეფიციენტი?

    2. არ არის გათვალისწინებული საქართველოს ძალიან მაღალი ენერგოინტენსივობა და ენერგოეფექტიანობის გაზრდის პოტენციალი.

    3. არ არის გათვალისწინებული ელექტროგადაცემებსა და დისტრიბუციაში დანაკარგების მაღალი დონე და მისი შემცირების ეკონომიკური ეფექტი.

    4. არ არის გათვალისწინებული მოხმარების დარგობრივი სტრუქტურის სტრატეგია.

    ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას შემდეგი:

    გზშ არაფერს ამბობს საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზზე, თუმცა ხშირად მიუთითებს მსოფლიო ბანკის მიერ შეკვეთილ "საქართველოს ენერგოსისტემის სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებაზე" (2006 წ.), რომლის მიხედვითაც 2005-2020 წლებში საქართველოს მშპ-ს ზრდის ტემპმა უნდა შეადგინოს 7% (?!), ხოლო ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდის ტემპმა 3%, (ელექტროენერგიაზე ელასტიურობის მოთხოვნის კოეფიციენტი 0,45%).

    ჩვენ არ შევეხებით ეკონომიკის ზრდის ამ სცენარის ოპტიმიზმს (ოფიციალური მონაცემებით, რეალური ზრდა 2012 წელს იყო 6,1% ხოლო 2013 წელს 1 კვარტალში 2,4% შეადგენდა), მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ საქართველო განეკუთვნება მსოფლიოში ყველაზე მაღალი ენერგოინტენსიური ქვეყნების (ყოფილ საბჭოთა, სშთ) ჯგუფს, სადაც ასევე მაღალია ენერგოინტესივობის შემცირების ტემპი: - 3% წელიწადში (ევროპაში ენერგოეფექტურობა 3-ჯერ მაღალია სშთ-ზე).

    საინტერესოა, რომ აშშ-ს ენერგიის საინფორმაციო სააგენტოს პროგნოზით, მომდევნო 25 წლის განმავლობაში აშშ-ს მშპ ზრდა იქნება 2-3-ჯერ მეტი, ვიდრე ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა (შესაბამისად 2,4% და 0,9% ).

    რაც შეეხება ელექრტოენერგიის გადაცემასა და დისტრიბუციაზე დანაკარგებს, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში ის 11%-მდეა შემცირებული (2011 წ.) 13%-დან (2006წ), მაშინ როცა წუსვ ქვეყნებში ასეთი დანაკარგები 5%-ს არ აღემატება, ბევრ ქვეყანაში კი 2-3%-ია.

    ნავარაუდევია, რომ საქართველოში ეს მაჩვენებელი 2014 წლამდე 8%-მდე შემცირდება, ხოლო 2015-2021 წლებში 6%-მდე. გაანგარიშებულია, რომ 1 კვტ/სთ ელექტროენერგიის დაზოგვა საქართველოში ეკვივალენტურია 1,19 კვტ/სთ გენერირებისა (სწორედ დანაკარგების გამო გადაცემებისა და დისტრიბუციისას). თუ წარმოვიდგენთ, რომ დანაკარგების შემცირება 5%-მდეა შესაძლებელი, მაშინ ეს შეცვლიდა დაახლოებით 700 მლნ კილოვატ/საათი ელექტროენერგიის გენერირებას ანუ ხუდონჰესის საპროექტო გამომუშავების (1500 მლნ კვსთ) თითქმის ნახევარს.

    მოხმარების სტრუქტურაზე უნდა ითქვას, რომ დღეისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის დაახლოებით 60% მოსახლეობაზე მოდის, მრეწველობაზე- 13%, სოფლის მეურნეობაზე- 6%. ეკონომიკის განვითარების დღევანდელი სტრატეგიის მიხედვით კი აქცენტი კეთდება ისეთ არაენერგოტევად დარგებზე, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და გადამუშავება, აგრეთვე სერვისები, რაც არ მოითხოვს ელექტროენერგიის დიდ დანახარჯს, მოსახლეობის მოთხოვნის წლიური ზრდა კი მოსალოდნელია 0,5%-ით.

    ჩვენი გათვლებით, ზემოთ თქმულის გათვალიწინებით, თუ 2012-22 წ ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა საშუალოდ 3% იქნება (2005-2012 წწ იყო 2,8%), 2022 წლისთვის მოთხოვნილება მიაღწევს 12,7 მგვტ-ს (დღევანდელთან შედარებით გაიზრდება 30%-ით), რაც თითქმის 2-ჯერ ნაკლებია სუტტ-ის პროგნოზზე და არსებითად ცვლის საქართველოს ელექტროენერგიის საჭიროების სურათს.

    როგორც გზშ-ის ანალიზით ირკვევა, ასეთ განსხვავებას მოთხოვნის პროგნოზში განაპირობებს საქართველოს ენერგოსისტემის ორიენტაციის მიზანშეწონილობა რეგიონის ექსპორტზე.

    გზშ-ში საკმაოდ დაწვრილებით არის განხილული ენერგოსისტემების მდგომარეობა თურქეთში, რუსეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. დაფიქსირებულია, რომ თურქეთში "დაბალი მოხმარების სცენარის შემთხვევაში 15 მლრდ კილოვატ/საათის დეფიციტი ქვეყანაში 2017 წლისთვის შეიქმნება"; თურქეთში ტარიფი 1კვტსთ-ზე არის 0,09$, ხოლო საქართველოში ახლადაშენებული ჰესის ტარიფია 0,06%. გზშ ამტკიცებს, რომ საქართველო "თავის თავზე აიღებს უახლოესი წლების თურქეთის იმპორტის დიდ ნაწილს;"

    ასევე განხილულია რუსეთის სამხრეთის გაერთიანებული ელექტროსისტემა. ნათქვამია, რომ 2011 წელს იყო 7 მლრდ კილოვატსაათის დეფიციტი და ნავარაუდევია, რომ საქართველოდან შესაძლებელია ელექტროენერგიის იაფი (0,02$ კვტსთ) ექსპორტის განხორციელება (უკრაინიდან ხდება ელექტროენერგიის 0,05$ კვტსთ შესყიდვა).

    ნაჩვენებია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთში პირიქით იგეგმება საექსპორტო პოტენციალის გაზრდა (რაც, ჩვენი აზრით, ჩვენთვისაც ხელსაყრელია). როგორც ვხდედავთ, გზშ-ში აქცენტირებულია რეგიონის მოთხოვნები ელექტროენერგიაზე და არ არის გაანალიზებული საქართველოდან ელექტროენერგიის მიწოდების რეალური ეკონომიკური ხარჯები (ფაქტობრივად საქართველო განიხილება როგორც თურქეთის იაფი ელექტროენერგიით მომმარაგებელი დანამატი). არ არის შეფასებული, რას გვაძლევს ჰიდროელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის ექსპორტი და რას ვხარჯავთ (ვაგებთ) ეკონომიკურად - ანუ არ არის სტრატეგიულად დანახული დანახარჯები და სარგებელი.

    ჩვენი შეხედულებით, ექსპორტზე ორიენტირებული და მონორესურსული (100% ჰესები - იხ. ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი) ელექტროენერგოსექტორი სრულიად მიუღებელია მცირემიწიანი საქართველოსთვის, როგორც ეკონომიკური ისე სოციალურ-ეკოლოგიური ზემოქმედების (მდგრადობის) თვალსაზრისით. ასეთი მიდგომა ასახავს წინანდელი და დღევანდელი ენერგეტიკის სამინისტროს პოლიტიკურ სტრატეგიას, რაც გულისხმობს - 40-ზე მეტი ჰესის მშენებლობას საქართველოს მთიანეთში - სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, მთიან აჭარაში, ხევსა და არაგვის ხეობაში.

    გზშ ზემოთ აღნიშნული მიდგომის ფონზე, ბუნებრივია, რომ ენერგიის ალტერნატიული წყაროების ანალიზის დროს გადაჭარბებული მნიშვნელობა ენიჭება ჰიდრორესურსებს, როგორც რაოდენობრივად ისე თვისობრივადაც და "განიხილება როგორც ამ ქვეყნის მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველი", რაც სრულიად გაუგებარია (განახლებადობა არ არის საკმარისი პირობა მდგრადობის უზრუნველსაყოფად). აღნიშნულია, რომ ათვისებულია ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის მხოლოდ 20% და რომ ასათვისებელია 90%, თუმცა არ არის განმარტებული რომელ პოტენციალზეა ლაპარაკი - ტექნიკურზე თუ ეკონომიკურზე; არ გაითვალისწინება, რა შედეგებს გამოიწვევს ასეთი გეგმის რეალიზება სხვადასხვა თვალსაზრისით - თუნდაც რა ფართობს და რა დემოგრაფიულ ცვლილებებს მოითხოვს და ა.შ.

    გზშ (ენერგეტიკის სამინისტროს ანალოგიურად) ფაქტობრივად გამორიცხავს ბუნებრივ აირსა და ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების პერსპექტივას, რაც არ არის დასაბუთებული. აირის მაღალი ფასი და ერთი მომწოდებლის (ვინ იგულისხმება?) არგუმენტი არასაკმარისი და არადამაჯერებელია. ჩვენი აზრით, სრულიად არ არის გამოსარიცხი ბუნებრივ აირსა და ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების შეზღუდული სიმძლავრეების პროექტირება, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით:

    1. საბაზისო ენერგიის უზრუნველყოფა

    2. ქვეყნის ტრანზიტული გამტარის უპირატესობა

    3. თანამედროვე გაზტურბინების ტექნოლოგიური ეფექტიანობა

    4. საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებნახშირორჟანგტევადი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ანუ გვაქვს ნახშირორჟანგის ემისიის "აუთვისებელი კვოტა"

    საინტერესოა შევნიშნოთ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (უიკვ) სწორედ ეკოლოგიურ-სოციალური მოსაზრებებით არ აფინანსებს გარკვეულ მოცულობაზე (10 მლნ კუბური მეტრი) მეტი სიდიდის კაშხლებისა და სიმძლავრეების (40 მეგავატი) მქონე ჰესებს. ხუდონის კაშხლის საპროექტო მოცულობაა 364,5 მლნ კუბური მეტრი, ხოლო სიმძლავრე - 702 მგვტ.

    სუტტ-ის გზშ არ ეთანხმება მსოფლიო ბანკის ზემოაღნიშნულ კვლევაში მოცემულ ელექტროენერგიაზე მოთხოვნის პროგნოზებს და ენერგეტიკის განვითარების ალტერნატიული სცენარების საკმაოდ ღრმა ანალიზს (რომელთა გარკვეული ვარიანტები არ გულისხმობენ ხუდონის პროექტის განხორციელებას) და ასკვნის, რომ "ენერგოსისტემის ოპტიმალური განვითარება აუცილებლად უნდა გულისხმობდეს ხუდონჰესის მშენებლობის რაც შეიძლება სწრაფად დაწყებას." მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომა ტენდენციურია და მიკერძოებულად გამოხატავს (ლობირებს) პროექტის პროპონენტების პოზიციას.

    სოციალურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობა. გზშ-ში აღნიშნულია, რომ ინვესტიციების განხორციელება (200 მლნ წლიურად ექვსი წლის განმავლობაში) მშპ-ს გაზრდის 1,7%-ით, თუმცა გაუგებარია, როგორაა გამოთვლილი ეს სიდიდე, როცა უცნობია პროექტის დაწყებისა და დამთავრების დრო და მშპ-ის ზრდის ტემპი.

    ირკვევა, რომ ხუდონჰესის ყოველწლიური რეალიზაციიდან (240 მლნ ლარი), მხოლოდ 5,3% (7,8 მლნ დოლარი ! 12,8 ლარს) იქნება განკუთვნილი შიდა მოხმარებისათვის, ე.ი. ხუდონჰესი პრაქტიკულად ქვეყნის შიდა მოთხოვნებს არ მოემსახურება, მაშინ, როცა გაურკვეველია რეალურად ქვეყნისთვის რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ექსპორტისთვის გამიზნული ელექტროენერგიის გამომუშავება.

    გზშ-ის მიხედვით, სავარაუდოდ, ფინანსური სარგებელი უნდა იყოს ყოველწლიური შენატანები ბიუჯეტში - 56,78 მლნ ლარი (მოგების გადასახადის ჩათვლით ინვესტიციების ამოღების შემდეგ). ყოველწლიური ეკონომია იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლების გამო 5,570 მლნ დოლარს შეადგენს (რაც საკამათოა) და ყოველწლიური ეკონომია ენგურჰესის გამომუშავების გაზრდის გამო შეადგენს 26,7 მლნ დოლარს. ამას ემატება ირიბი ეკონომიკური ეფექტები (მაგალითად, ელექტროგადამცემი სისტემის დატვირთვისა და სხვა დაკავშირებული საქმიანობები).

    ამ რიცხვების უტყუარობას რომ არ შევეხოთ, გზშ არ იძელვა რაოდენობრივ შეფასებებს ისეთ ეკონომიკურ დანახარჯებზე და უარყოფით ექსტერნალიებზე, როგორებიცაა ქონების კომპენსაციის ხარჯები ოჯახებისთვის და ახალი სოციალური ინფრასტრუქტურის შექმნა; მიწის და ტყის სამუდამო ამოღება მოხმარებიდან (საპროექტო არეალის საერთო ფართობია 1538 ჰა, იტბორება 528 ჰა, ტყე 1109,9 ჰა) და ლანდშაფტის შეცვლა; წყლის და ჰაერის დაბინძურება და ეკოსისტემის სერვისების დაკარგვა; ჯანდაცვის გაზრდილი ხარჯები და სხვა.

    გზშ-ში არ არის გაანგარიშებული ეკონომიკური სარგებლისა და დანახარჯების დისკონტირებული (კაშხალი გათვლილია 50 წელზე) წმინდა ღირებულება (ტზმ). ზოგადად, არ არის ჩატარებული ხარჯებ-სარგებლის ანალიზი (სიფ), რაც დიდ მეთოდოლოგიურ ნაკლად უნდა ჩაითვალოს. ამავე აზრს ავითარებს ჰოლანდიის გზშ კომისიაც - "ეროვნულ დონეზე პროექტის ხარჯების, უარყოფითი ზეგავლენისა და სარგებლის ანალიზი ჯერ არ განხორციელებულა" და "იგნორირებულია საზოგადოების ეკონომიკური ინტერესები მ.შ. საკუთრებისა და შემოსავლის დაკარგვა, განსახლება, გარემოს დეგრადაცია, ფლორისა და ფაუნის განადგურება". გზშ პასუხები ამ შენიშვნებზე არადამაკმაყოფილებელია.

    მიუხედავად ამისა, გზშ ასკვნის რომ "მიზანშეწონილად ჩაითვალოს პროექტის განხორციელება და დასაშვებად იქნეს მიჩნეული სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე შესაძლო ზემოქმედება", უფრო მეტიც "დისკუსია ამ საკითხზე არ უნდა იყოს განხილული როგორც გზშ და მშენებლობისათვის ნებართვის გაცემის პროცესის ნაწილი" (გვ.37).

    გარდა ჩვენ მიერ ზემოთ გამოთქმული ხედვებისა და მოსაზრებებისა, არსებითად მიგვაჩნია შემდეგი შენიშვნები:

    1. გზშ ეთანხმება პროექტს, რომ განსახლება მოხდეს მსოფლიო ბანკის არანებაყოფლობითი განსახლების პოლიტიკის წზ4.12-ს შესაბამისად. ამ პოლიტიკას სერიოზულად ეწინააღმდეგება კაშხალთა მსოფლიო კომისია (ცსვ). განსახლების გეგმა არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული და არ არის ცნობილი სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის დეტალები, შესაბამისად, არ არის გათვლილი ფინანსური ხარჯები.

    2. არ არის ცნობილი სოციალურ-ეკონომიკური გავლენების შემარბილებელი ღონისძიებების ფინანსური ხარჯები.

    3. ხაზგასასმელია, რომ მშენებლობაზე (3000 დასაქმებული) გათვალისწინებულია 900-1200 უცხოელი მოქალაქის ჩამოყვანა, რაც გარკვეულ სოციალურ (ჯანდაცვის) და კონფლიქტური სიტუაციების რისკს წარმოქმნის.

    4. არ არის ნაანგარიშები კაშხლის (მაღალი საფრთხის შემცველი პირველი კლასის ნაგებობა) წარუმატებლობის (კატასტროფის) შემთხვევაში ეკონომიკური ზარალი; გასათვალისწინებელია, რომ ხშირ შემთხვევებში საშუალო გადახარჯვა დიდ კაშხლებზე 56% შეადგენს; მოსალოდნელია საპროექტო ვადებში ჩაუტევლობა და ა.შ.

    5. აღსანიშნავია ისიც, რომ გარემოს დაცვით და სოციალურ მონიტორინგზე პასუხისმგებელი ძირითადად პროექტის განმახორციელებელი ან კონტრაქტორია. ზემოთ მოცემული და სხვა ანალიზი გვარწმუნებს, რომ საჭიროა, მთავრობამ შეიმუშაოს ახალი-მდგრადი ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია, რომელიც:

    - ორიენტირებული იქნება ენერგორესურსების მეტ დივერსიფიკაციაზე (მათ შორის თბოსადგურებსა და ალტერნატიულ წყაროებზე)

    - ელექტოენერგიის ექსპორტი უნდა იყოს პოლიტიკის დამატებითი და არა პრიორიტეტული ამოცანა

    - ენერგეტიკულ სტრატეგიაში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ენერგოეფექტურობის სწრაფ გაზრდას და, შესაბამისად, ენერგოინტენსივობის შემცირებას

    - ჰიდრორესურსები არ უნდა გახდეს გამოუსწორებელი ეკოლოგიურ-სოციალური და დემოგრაფიული ზემოქმედების უარყოფითი ფაქტორი

    - უნდა დაისახოს პოლიტიკის შესაბამისი ეკონომიკური ინსტრუმენტების (მაგ. ტარიფები) შექმნისა და ინსტიტუციური რეფორმირება-მშენებლობის ამოცანა. საქართველოს ენერგეტიკული მდგრადობის ინდექსით (შთუ) ჩამორჩენილობის უმთავრესი მიზეზი სწორედ საკანონმდებლო რეგულაციების, საბაზრო სტიმულებისა და შესაბამისი ინსტიტუტების განუვითარებლობაა

    - უნდა გაძლიერდეს სახელმწიფოს როლი (მ.შ. სტრატეგიული ინვესტირება) ენერგეტიკულ სექტორში

    - ხუდონჰესის პროექტის რეალიზება ამოღებული უნდა იქნეს ელექტროენერგეტიკის განვითარების უახლოესი ათი წლის გეგმიდან

    - გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჰიდროელექტროსადგურების სექტორული სახელმძღვანელოს (პროექტი) მიხედვით, ჰეს-ის პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობა უნდა განხორციელდეს სწორედ ეროვნულ (ახალ) სტრატეგიასთან მიმართებაში.

    მიგვაჩნია, რომ მეინსტრიმული (ნეოლიბერალური) ენერგეტიკული პოლიტიკის ჩარჩოების შეცვლა წარმოადგენს დღეს მთავრობის მთავარ გამოწვევას.

    დავით ადეიშვილი

    ეკონომიკის დოქტორი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×