სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    16.09.2013

    გიორგი თავაძე

    ბოლო ოცი-ოცდახუთი წლის განმავლობაში იმდენი სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ ყოფითი პრობლემა დაგროვდა ჩვენი ერთი ციდა სამშობლოს წინაშე, რამდენიმე ქვეყანას ეყოფოდა წლების განმავლობაში თავის სამტვრევად.

    ყოველი ახალი ხელისუფლება თითქოს ძალისხმევას არ იშურებდა მათ გადასაწყვეტად, მაგრამ საქმეს არაფერი ეშველა. პრობლემები ყველა მიმართულებით იგივე რჩება. უფრო მეტიც, მრავალ უბედურებას ტერიტორიების დაკარგვაც დაემატა.

    მდგომარეობის გამოსწორებისა და კეთილი განზრახვების ნაკლებობას ვერც ახალ ხელისუფლებას დავაბრალებთ, მაგრამ ხელშესახები შედეგები ჯერჯერობით არ ჩანს და არც გამოჩნდება მანამ, სანამ არ აღმოიფხვრება ის ძირითადი მიზეზი, რამაც ეს პრობლემები შექმნა.

    ყოველგვარ უბედურებას და სიავეს, რაც ჩვენ კარგახანია გვჭირს, ერთი სათავე აქვს და მას ღირსების დაცემა ჰქვია!

    ღირსების დაცემა, გადაგვარება და უბედურება არაა ის, რომ ციხეებში (და მის გარეთაც) ათასობით შეურაცხყოფილი, პატივაყრილი და ცხოვრებაგამწარებული კაციდან ერთიც არ გამოდგა ისეთი, რომელიც საპყრობილეში მისი ადამიანური ღირსებების შემლახავს გათავისუფლების შემდეგ მაინც მოსთხოვდა პასუხს, სამაგიეროს გადაუხდიდა და სირცხვილს ჩამოირეცხავდა?

    "რამდენადაც ეს გრძნობა (ღირსება - გ.თ.) აღმატებულია, იმდენად ძლიერია როგორც ცალკე კაცი, ისე მთელი ერიც. საცა ეს გრძნობა ცოტად თუ ბევრად ფეხადგმულია, იქ კაცი არამც - თუ ვისმე ან რასმე გაექელვინება თვითონ, არამედ სხვის გაქელვის დანახვაზეც გამქელვებელს გულდაგულ შეეფეთება", - გვმოძღვრავდა ერის მამა ილია.

    შეეფეთნენ არა... რამდენიმე ათასი კაციდან ერთიც არ აღმოჩნდა ისეთი, რომელსაც არამც თუ სხვისთვის გამოედვა თავი, საკუთარი გათელილი ღირსების აღდგენა მაინც რომ ეცადა.

    არადა, ღირსება ქმნის ადამიანს კაცად და ხალხს ერად!

    უნდა ვაღიაროთ, რომ იმისკენ, რაც გვჭირს, დიდი ხანია მივდიოდით, როგორც ღირსებანაკლული ხალხი.

    ღირსეული ხალხი ასე იოლად არ შეეგუებოდა ტერიტორიების დაკარგვას და მშვიდობიან თანაარსებობას არ დაამყარებდა მტერთან.

    ღირსეულ ხალხს ქვეყნის დამაქცევარი სამხედრო ხუნტის წევრები და მათი მეთაური აქამდე ეყოლებოდა გასამართლებული.

    ღირსეული ხალხი ღვთისმშობლის წილხვედრ სამოთხეში სამოწყალოდ და სამათხოვროდ არ გაიხდიდა თავს.

    ღირსეული ხალხი გირგვლიანის მკვლელებს ცხრა წელი არ აბოგინებდა ხელისუფლებაში.

    ღირსეული ხალხის მთავარსარდალი და სამხედრო ხელმძღვანელები საკუთარ ჯარისკაცებს და ტანკებს პიპინია ერისთავივით არ გამოასწრებდნენ ბრძოლის ველიდან და დაუცველ მოსახლეობას მტერს არ შეატოვებდნენ და ა.შ. და ა.შ.

    ღირსეული ხალხი, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერ ამას არ დაივიწყებდა და განსაცვიფრებელი გულარხეინობით არ გააგრძელებდა ცხოვრებას.

    რაც გვჭირს, უღირსებობით გვჭირს და სანამ ამას არ ვაღიარებთ, არც არაფერი გვეშველება.

    უღირსებობამ დაგვაკარგვინა აფხაზეთი და სამაჩაბლო. ერთი რომ მამულის დასაცავად მიიჩქაროდა ომში, ორი საშოვარზე მიისწრაფვოდა და ერი ამას მშვიდად ადევნებდა თვალს.

    უღირსებობის გამო გავეძარცვინეთ მილიონობით ქართველ თავხედ მედროვეებს.

    უღირსებობის გამო ჩავუგდეთ ხელში ჩვენი ეროვნული სიმდიდრეები უცხოტომელებს.

    უღირსებობის გამო ვიტანთ უნიჭობისა და უტიფრობის თარეშს ქვეყანაში.

    უღირსებობის გამო გავხდით ძალად პაციფისტები და მშვიდობისმყოფელები. საკუთარი უძლურება კეთილგონიერებით გვინდა გავამართლოთ და ბრძოლის ველზე სამარცხვინოდ წაგებული ქვეყანა ჟენევის სასტუმროში ლაყბობით დავიბრუნოთ.

    არ გამოვა!

    არ გამოვა, იმიტომ, რომ დღეს რომ ვართ, ასეთებს ბრძოლაში წაგებულ ტერიტორიებს კი არა, ხელიდან წართმეულ მობილურს არ უბრუნებენ ნახალოვკაში.

    პოლიტიკაში, ისე როგორც ცხოვრებაში, პატივს ძლიერებსა და ღირსეულებს სცემენ და მხოლოდ მათ ინტერესებს ითვალისწინებენ. სუსტებსა და გაჭირვებულებს კი გულმოწყალედ უღიმიან, ჰპირდებიან, ჰპირდებიან და... ჰპირდებიან.

    ჩვენი საქმე საბოლოოდ მაშინ წახდა, როცა ვითომ ლიბერალებმა ერი დააჯერეს, რომ ქართველობა ისეთივე იდენტობაა და სხვა არაფერი, როგორც სომხობა, რუსობა, თურქობა და ა.შ., არადა, ქართველობა ღირებულება უფრო იყო ყოველთვის, ვიდრე ოდენ იდენტობა. ქართველობა ქრისტიანულ მორალზე დაფუძნებული უმაღლესი კეთილშობილების, ვაჟკაცობისა და რაინდობის გამოვლინების სინონიმი - ღირებულება იყო მსოფლიოსთვის და ამის გამო გვცემდნენ პატივს შინ და გარეთ. პატივსაცემი ვიყავით იმიტომ, რომ ღირსების მატარებლები ვიყავით და გამორჩეულად ღირსეული ხალხი გვყავდა მუდამ.

    კაცი გვყავდა, ასეულ მილიონობით ღირებულების განძი ებარა უცხოეთში ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე. ოცდახუთი წელი შიმშილობდა ცოლთან ერთად, მაგრამ მიბარებული უთვალავი სიმდიდრიდან ერთ ბეჭედსაც არ ახლო ხელი, თავი რომ გადაერჩინა.

    ალმოდებულ და ოკეანეში ნახევრად ჩაძირულ თვითმფრინავში, სადაც სხვადასხვა ეროვნების ხუთასამდე კაცი გამწარებული ცდილობდა გადარჩენას, ქართველი აღმოჩნდა ის ერთადერთი რაინდი, რომელმაც თავისი მაშველი ჟილეტი უჟილეტოდ დარჩენილ უცნობ გოგონას დაუთმო. ქართველი ექიმი ჟორდანია დაიღუპა. ყველა დანარჩენი გადარჩა.

    დაცემულ სოხუმში დატყვევებულ და შუბლზე ავტომატმიბრჯენილ გენერალ ალასანიას მტრის ბრძანებაზე-დაჩოქილიყო, შეეძლო, ერთი დაჩოქების ფასად სიცოცხლე შეენარჩუნებინა, მაგრამ ღირსების კაცი იყო გენერალი და ნაძრახ სიცოცხლეს, ბევრისგან განსხვავებით, ღირსეული სიკვდილი ამჯობინა.

    ღირსეული ხალხია კაცობრიობის მარილი და ღირსეული ხალხი ალამაზებს ქვეყანას.

    თუკი ამქვეყნად რაიმე ღირებული შექმნილა, ღირსეულ ხალხს შეუქმნია მხოლოდ. ამიტომ,

    ყოველი ხელისუფლების უპირველესი მიზანი უნდა იყოს ერში ღირსების გრძნობის გაღვივება და წახალისება. ღირსეულად ცხოვრებას ისევე სჭირდება სწავლა, და უფრო მეტადაც, როგორც მათემატიკას, ფიზიკას, ქიმიას და სხვა მეცნიერებებს.

    წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის, ეროვნული საგანძურის მცველის ცხოვრება რომ ესწავლებინათ სკოლებში, შესაძლოა, ამდენი ქართველი არ გადაჰყოლოდა საშოვარის შოვნას.

    ერთხელ რომ მაინც სმენოდათ, რა პასუხი გასცა გენერალმა ალასანიამ მტერს, დაჩოქილიყო, იქნებ ბევრი ქართველი ასე არ გაფრთხილებოდა თავის უბადრუკ სიცოცხლეს.

    უცხო ქვეყნის უცნობი ადამიანისთვის ექიმ ჟორდანიას თავგანწირვის ამბავი რომ სცოდნოდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობას, შეიძლება ასეთი დაუნდობლები არ ყოფილიყვნენ თანამემამულეთა მიმართ.

    ამდენად, ყველა ახალი ხელისუფლებისთვის საყვარელი განათლების რეფორმა სკოლებში გამოცდებისა და სწავლების წლების დამატება-გამოკლებით კი არ უნდა იწყებოდეს, არამედ სასწავლებლებში ღირსეული პიროვნებების აღზრდის კონცეფციისა და პროგრამების შემუშავებით. ან, მარტივად, ახალი საგნის - "ღირსეულად ცხოვრების ხელოვნების" შემოღებით. მხოლოდ ღირსეულად აღზრდილი და ღირსების გრძნობით სავსე თაობები შეძლებენ იმ პრობლემების გადაჭრას, რომლებიც ასე მრავლად დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე და რომლებსაც ცხოვრება კიდევ უფრო გაამრავლებს ოცდამეერთე საუკუნეში.

    ეს რაც შეეხებოდა პრობლემების გადაწყვეტის ზოგად საფუძველს. კონკრეტული აქტუალური პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური საკითხების მიმართ კი ჩემი დამოკიდებულება ასეთია:

    ქვეყნის პოლიტიკური მოწყობის ფორმა სარეფერენდუმო საკითხია და არა პარლამენტში გადასაწყვეტი. იგი ქვეყნის წინაშე მდგარი პოლიტიკური მიზნებისა და ამოცანების გადაწყვეტას უნდა ემსახურებოდეს და არა ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის ლიდერის ამბიციების დაკმაყოფილებას და ერის ეთნოფსიქიკაზე უნდა იყოს მორგებული. ჩვენი წარსულის (ბაგრატოვანთა ათასწლოვანი მეფობის ისტორია) და დღევანდელ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის (დასაბრუნებელი ტერიტორიები, პრობლემური რეგიონები, ქვეყნის ერთიანობის პრობლემა, არცთუ კეთილგანწყობილი სამეზობლო, მძაფრად დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფები, პიროვნების უფლებების უხეში დარღვევები და ა.შ.) ყველაზე მისაღები პოლიტიკური მმართველობის ფორმა კონსტიტუციური მონარქიაა, რომლის შემოღებით გარდა იმისა, რომ ბევრს შევახსენებთ ქართველ მეფეთა ტიტულს მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში - "მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა", იგი სხვა მოდელებთან შედარებით უკეთ უზრუნველყოფს პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მაგრამ რადგანაც პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა მოსახლეობის დაბალ ფენებში იაფფასიანი სპეკულაციებით მოახდინეს ამ მოდელის დანაშაულებრივი პროფანაცია (იმედი მაქვს, დროებით), მანამდე, ვფიქრობ, უმჯობესია საპრეზიდენტო მმართველობის შემოღება. ნაპოლეონი წერდა: როცა ხალხი თავაშვებულია, მას დიქტატორი სჭირდებაო. დიქტატორობის სიკეთისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ისეთ გაჭირვებაში ჩავარდნილ, გაყოფილ-გათიშულ, არაკანონმორჩილ ერს, როგორიც, სამწუხაროდ, ჩვენ ვართ, მტკიცე საპრეზიდენტო მმართველობა (არასააკაშვილისეული!) უფრო წაადგებოდა. მით უმეტეს, რომ რუსეთის ანტიქართული პოლიტიკის გამო საპარლამენტო მმართველობისას ქვეყნის დეზინტეგრაციის საფრთხე იზრდება.

    ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით - ამერიკა თუ რუსეთი, ევროპული კავშირი თუ ევრაზიული - ქვეცნობიერი მკარნახობს, რომ თანამედროვე მსოფლიოს გახსნილობისა და თანამედროვე სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო კავშირების პირობებში ორიენტაციის საკითხს არც ისეთი ფატალური მნიშვნელობა აქვს. თანაც, შიგადაშიგ ორიენტაციების შეცვლა მოსულა, თუ ეს ქვეყნის უმაღლესი ინტერესებითაა ნაკარნახევი. სამწუხარო ისაა, რომ პოლიტიკური ორიენტაციის საკითხზე პოლემიკაში გამოსჭვივის არა იმდენად ორიენტაციასთან დაკავშირებული დემოკრატიული ღირებულებებისა და მაღალი იდეალებისადმი ერთგულების საკითხი, რამდენადაც მერკანტილური "ვინ უფრო მეტს მოგვცემს", "ვისგან უფრო მეტი სარგებელი იქნება" და ა.შ., რაც შეუფერებელია ღირსეული ერისთვის.

    "სხვაზედ მინდობა - ქვიშაზე აშენებული შენობა ყოფილა და იქნება კიდეც ამ ქვეყნიერებაში... ეს კანონი - ისტორიული კანონია. საცა კაცი თითონ არ არის, სხვისით არა გაკეთებულა რა. რაც მალე დავიჯერებთ ამ ჭეშმარიტებას, რაც მალე შევითვისებთ, მით მალე გამოვიხსნით თავს იმ გაჭირვებიდან, რომელშიც ასე სასოწარკვეთილებით დღეს ვიმყოფებით".

    უკეთესად "რა გითხრათ, რით გაგახაროთ!" ყოველი ერი, როგორც ცალკე აღებული ადამიანი, თვითონ უნდა სჭედდეს თავის ბედნიერებას ბრძოლითა და თავდადებული შრომით და ამ საქმეში სხვის იმედად ყოფნა ვერაფერი გონიერების და ღირსების მაჩვენებელია.

    ამასთან, ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ თუ "კარგად მოვიქცევით" და რომელიმეს მხარეს დავიჭერთ, სულ ნაზუქებს გვაჭმევენ და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გასაღებს ან თეთრ სახლში მოგვართმევენ, ან კრემლის ფანჯრებიდან გადმოგვიგდებენ. კარგად გაიგოს ყველამ: აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების გასაღები არც მოსკოვშია, არც ვაშინგტონში და არც ბრიუსელში. იგი ერის ღირსებაშია! დავიბრუნებთ ღირსებას - ვიპოვით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების გასაღებსაც.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×