სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    14.09.2013

    ლევან გვაზავა პროფესორი

    ბიბლიიდან ცნობილია, რომ ღმერთმა ტყე სამყაროს შექმნის მესამე დღეს მოავლინა და ყველა უნაყოფო ხესთან ცული მიაყუდაო. ამით მან ადამიანს წინასწარ მოუმზადა სიცოცხლისა და არსებობისთვის აუცილებელი კოსმიურ-ეკოლოგიურ-ეკონომიკური გარემო.

    თუმცა მოსახლეობის ზრდამ და მერქანზე და საწვავ შეშაზე მოთხოვნილების დაკმაყოფილების ქმედებამ განაპირობა მდგრადი მართვის პრინციპებისა და სატყეო პოლიტიკის უხეში დარღვევები. მართვის პრინციპების დარღვევამ, პირველ რიგში, ტყიდან მერქნით სარგებლობის "უწყვეტ" პრინციპზე ჰპოვა ასახვა.

    ასე, მაგალითად: 1960 წელს დამზადდა 2,6 მლნ კბ/მ მერქანი, 1970 წელს - 1,2 მლნ კბ/მ, 1980 წელს - 835 ათ. კბ/მ, 1990 წელს - 435 ათ. კბ/მ, ხოლო 1995 წელს - 200 ათ. კბ/მ მერქანი. ეს მონაცემები ნათლად მეტყველებს, რომ საქმე გვქვს არა ინტენსიურ, არამედ ექსტენსიურ მეურნეობასთან, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ სისტემატურად და უხეშად ირღვევა საერთაშორისოდ აღიარებული ტყეების მდგრადი მართვისა და უწყვეტი სარგებლობის პრინციპი.

    ამასთან, სრული განუკითხაობაა გამეფებული საწვავი შეშის რესურსების გამოყენების სფეროშიც. ვფიქრობთ, აღნიშნული პრობლემა იმდენად რთულია, რომ მოითხოვს სპეციალური სამთავრობო კომისიის შექმნას.

    რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, მართალია, ტყეების აღრიცხვა 15-20 წელია არ ჩატარებულა, მაგრამ მდგომარეობა ნამდვილად არ გამოსწორებულა, რაზედაც ჯერ კიდევ 70-იან წლების მაჩვენებლებიც მეტყველებს - ტყეების ნახევარზე მეტი გამეჩხერებული და დაბალპროდუქტიულია, დაკარგული აქვთ მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების უნარი.

    ამავე პერიოდში აკად. ვ. გულისაშვილი აღნიშნავდა, რომ დღეს ისეთი ტყეები (0,6 სიხშირის), სადაც შეიძლება მთავარი სარგებლობის ჭრის ჩატარება, ტყით დაფარული ფართობის მხოლოდ 10%-ს შეადგენს, ანუ დაახლოებით 300 ათ ჰა-ზე. ამ მონაცემებით, დაახლოებით, 600 ათ. კბ/მ დამზადებაა დასაშვები, რაც მოთხოვნილების ნახევარსაც არ აკმაყოფილებს.

    სწორედ რესურსებისა და მოთხოვნილების შეუსაბამობა არის სატყეო პოლიტიკის მოთხოვნათა დარღვევის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი. ამ მხრივ სრული განუკითხაობაა ლიცენზიანტებთან დაკავშირებით, რომელთაც ტყის ჭრა "ხის ჭრამდე" დაიყვანეს და არავითარ სატყეო პოლიტიკას არ ატარებენ, რაც ტყისადმი კომერციული მიდგომით, არაპროფესიონალიზმითა და სახელმწიფო კონტროლის არარსებობით უნდა აიხსნას (ეს მაშინ, როდესაც სავაჭრო ქსელში ერთი ჯიხურიც კი არ არის დატოვებული უკონტროლოდ).

    ჯერ კიდევ 70-იან წლებში ჟურნალ "საქართველოს ბუნებაში" ვწერდით, რომ თუ ასე გაგრძელდება განუკითხაობა, საქართველოს ეკოლოგიური კატასტროფა არ ასცდება, თუმცა იქვე აღვნიშნავდით - ღმერთმა ნუ ქნას, ჩვენი პროგნოზი გამართლდეს. დღეს როგორც ვხედავთ, სამწუხაროდ, ეს პროგნოზი მართლდება და თუ დროზე არ მივიღეთ გადამჭრელი ზომები, პროცესი შეიძლება შეუქცევადი გახდეს.

    სწორედ სატყეო პოლიტიკის უგულებელყოფა და უკონტროლობა არის მიზეზი დღეს ქვეყანაში მიმდინარე ეკოლოგიური კატასტროფებისა, რაშიც წამყვანი როლი ტყეებს აკისრია. ამ მოსაზრების კიდევ უფრო დამაჯერებლობისათვის გაგაცნობთ ჩვენი ვერსიის სქემას:

    დადგენილია, რომ დედამიწაზე ყოველწლიურად 1 ჰა-ზე 10 მლდ კკალ მზის სხივების ენერგია მოდის და მას (98%) მცენარე - ფოტოსინთეზის წარმოებისათვის მოიხმარს. ცხადია, ტყეების განადგურების გამო, წყდება ფოტოსინთეზის პროცესიც, ხოლო გამოთავისუფლებული ენერგიის შედეგად, პირველ რიგში, იწყება ტემპერატურის მატება, რასაც თან სდევს კლიმატის ცვლილებები, რაც კოკისპირული წვიმების, წყალდიდობების, მეწყერების, ღვარცოფებისა და სხვა ანომალიების მიზეზი ხდება.

    ყოველივე ამის თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ტყეების აღდგენის სამუშაოთა გრანდიოზული მასშტაბებით გაზრდა, ე.წ. "სახალხო ლაშქრობების" გამოცხადება, რაც სახელმწიფო პროგრამის შემუშავებას მოითხოვს, რადგანაც დღეს ტყეები ისეთ მდგომარეობაშია, რომ მათი აღდგენა თვითმმართველობის ბიუჯეტის დონეზე შეუძლებელია.

    სწორედ დღეს ტყეში შექმნილი მდგომარეობა გვაძლევს საფუძველს აღვნიშნოთ, რომ სატყეო პოლიტიკა და მდგრადი მართვა შესაბამისი სტრატეგიით ერთმნიშვნელოვნად სავალდებულოა ტყეზე საკუთრების ნებისმიერი მეპატრონისათვის. მართალია, მისი განხორციელება უდიდეს ძალისხმევასა და დანახარჯებს მოითხოვს, მით უმეტეს მთიან პირობებში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბოლოო შედეგი საგრძნობლად აღემატება დანახარჯებს, იგულისხმება მდგრადი კოსმიურ-ეკოლოგიური გარემო. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ ტყე (ჩვენი შეხედულებით) არა მარტო ხეთა ერთობლიობაა, არამედ იგი "ხე-მცენარეთა და ცოცხალ არსებათა თანაარსებობის რთული ეკოსისტემაა, რომელიც კოსმიურ-ეკოლოგიურ-ეკონომიკურ ფუნქციას ასრულებს და ბიოსფეროს მარადიული სიცოცხლის გარანტია, წყალთან, ნიადაგთან და ჰაერთან ერთად", ცხადია, სახელმწიფოსაგან უდიდეს ყურადღებას მოითხოვს.

    თუ ჩვენს ვერსიას გავიზიარებთ, დავრწმუნდებით, რომ თვითოეული "მწვანე მცენარე" განუზომელ ენერგიას ფლობს, რაც მისადმი უდიდესი სიფრთხილით მოპყრობას მოითხოვს, რათა მისი განადგურებით არ დაირღვეს კოსმიურ-ეკოლოგიური გარემო. ხმამაღალი ნათქვამი არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ყველა უბედურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რაც ბუნებაში ხდება, ვფიქრობთ, მწვანე მცენარეთა განადგურებაში უნდა ვეძებოთ.

    აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გამომდინარე ტყეების აუწონავი კოსმიურ-ეკოლოგიური ფუნქციებიდან, სახელმწიფო ვალდებულია, ბიუჯეტიდან გადაიხადოს მისი საფასური.

    მდგრადი მართვა გულისხმობს ტყეების პროდუქტიულობისა და შემატების გამუდმებით გადიდებაზე ზრუნვას, მერქნული და ფინანსური რესურსების რეზერვების ძიებასთან ერთად, რისთვისაც საჭიროა ტყეების მასიური ინვენტარიზაცია და შესაბამისი ტიპური სამუშაო პროექტების შედგენა, რაც საფუძველი გახდება სატყეო პოლიტიკისა და სტრატეგიის გატარებისა. ამას კი წინ უნდა უსწრებდეს ნორმატიული მასალების დამუშავება, სათანადო შეფასებითა და ტყეკაფების ათვისების ტექნოლოგიური რუკებით, რაც ბიზნეს გეგმების შედგენის საფუძველს წარმოადგენს. სწორედ ამ პროცესების უგულებელყოფა იწვევს ყოველთვის დარღვევებს.

    ვფიქრობთ, მხოლოდ მდგრადი მართვით შეიძლება ტყეში არსებული განუკითხაობისა და ქაოსის თავიდან აცილება. ამდენად, დღეს ტყეების მდგრადი მართვის პირობებში, თამამად შეგვიძლია მიზნად დავისახოთ საექსპლოატაციო ფართობების (სიხშირეებისა და შემატების) მინიმუმ 50%-მდე გაზრდა, რაც 1,5 მლნ ჰა-ს ტოლი გახდება, სადაც 6 მლნ კბ/მ მერქნის მოჭრა იქნება შესაძლებელი.

    ყოველივე ამასთან ერთად, საჭიროა ტყიდან მერქნით სარგებლობის ტექნიკურ-ტექნოლოგიური ბაზის სრულყოფა, რაშიც "სერვის ცენტრების" მოწყობას ვგულისხმობთ.

    ვეხებით რა ტყეში მეურნეობის წარმოების მდგრადი მართვის პრინციპებს, ცხადია, გვერდს ვერ ავუვლით მთაში მცხოვრები მოსახლეობის მიერ საწვავი შეშის დამზადების არსებულ მანკიერ-დანაშაულებრივ პრაქტიკას, რაც მოსახლეობისათვის ზეზე მდგომი ხეების გაცემას ეხება, საკუთარი ძალებით დამზადების უფლებით, ყოველგვარი პროფესიული გამოცდილების გათვალისწინების გარეშე. ეს კი არც თუ იშვიათად ლეტალური შედეგებით მთავრდება, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ბიუჯეტშიც უმნიშვნელო თანხები შედის. არადა, მოსახლეობას 1 კბ/მ შეშის დამზადება 50-60 ლარზე მეტი უჯდება. თუ დარგი თავის თავზე აიღებს მოსახლეობის მომსახურებას და საწვავ შეშას ზედა ბაქანზე და ადგილზე მიაწვდის, ბიუჯეტში სულ მცირე 20-25 მლნ ლარი შევა და დარგიც სერიოზულ მოგებას მიიღებს.

    ამ გაანგარიშებას საფუძვლად უდევს მთაში მცხოვრები მოსახლეობის, 400 ათასი კომლის მიერ წლიურად დაახ. 10 კბ/მ-ის მოხმარება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საჭირო იქნება სოციალური პროგრამის შემუშავება იმ მომხმარებელთათვის, ვისაც არ ექნება შესაძლებლობა თანხის გადახდის, მათ ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. ამ პროგრამით ხალხიც და ტყეც ამოისუნთქავს.

    გამომდინარე ყოველივე ზემოთ თქმულიდან, დარწმუნებული ვართ, რომ მოტანილი მასალა უმნიშვნელო ნაწილია ტყის იმ მერქნული და ფულადი რესურსებისა, რომლის ამოქმედების შემთხვევაში დარგის რენტაბელობა გარანტირებული იქნება. ყოველივე ეს კი შესაძლებელია მხოლოდ დარგის მდგრადი მართვის და სატყეო პოლიტიკის "უწყვეტი" სარგებლობის პირობებში, რასაც საფუძვლად სახელმწიფო პროგრამების შემუშავება უნდა უძღოდეს.

    დღეს, როდესაც სატყეო დარგის აღორძინება იწყება, ვფიქრობთ, ჩვენი წინადადებები ხელს შეუწყობს მის მდგრად მართვას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×