რეზონანსი
20.12.2022

ერთგან უკვე დავწერე (სადაც შემეძლება, ყველგან მივაკაკუნებ), ჩემი სოფელი იმერულ ნახატს ჰგავს-მეთქი... და რა მერე, სოფელს გზა არ აქვს, წყალსა და გაზს ვინ დაეძებს. რომელ წლამდე აქვს ვადა სლოგანს, ეს სამივე ყველა სოფელსო... შარშან რომ ახალგაზრდა კაცი კინაღამ ხელში ჩაგვაკვდა, სასწრაფომ, ბოდიში, ვერ მოვალთო, ეს რომელი კვარტალის გეგმებში ჯდება ან იმის წინ სოფელში ხანძრის საშველად ტალახში ასრიალებული ეკიპაჟის მანქანა გადაჩეხვას გადაურჩა, ეგ როგორ "გავაპრავოთ"... მოხდება უბედურება, დაიყრება სოფლის გზაზე რამდენიმე მოტანა ხრეშის გორა, გაჩნდება სოფელში იმედი, გვეშველაო და ისე ეშველა თქვენს მტერს, ასე გრძელდება, წლებია... 

რას არ გაიგებ საუბრებში, 2 სოფლის იქით პატარა სოფელს გზა გაუკეთდა, ვიღაცის სიდედრი ცხოვრობსო. აქეთაც ვიღაცის მეზობლის მძახალს უცხოვრია, სულ ბეტონის სარკესავით გზა დაუგესო. ძალიანაც კარგი, ამას რა ჯობია... ჩვენთან კი არავინ ცხოვრობს არავისთან მონათესავე, უბრალო, მაგარი ადამიანები ცხოვრობენ, შრომობენ, სოფელს აცოცხლებენ და ქვეყანას ამაგრებენ.

იმერეთის გუბერნატორო ზვიად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერო ვასილ, ეს ამბები მანდ ხდება, თქვენს რეგიონში!

მე ვარ ამ ქვეყნის, საქართელოს მოქალაქე, მაქვს უფლება, მიყვარდეს ჩემი ქვეყანა, თქვენ კი გაქვთ ვალდებულება, სოფელს ასე პირისპირ არ ტოვებდეთ პრობლემებთან, ადამიანებო.

სოფელ პატარა სამებაში მოხუცები და ბავშვები ცხოვრობენ და უგზოობის გამო სასწრაფო ვერ მიდის მათთან, გეყურებათ?.. თქვენს ფეისბუკგვერდს ჩავყევი, მესიამოვნა ზესტაფონქალაქობა.

- მშვენიერია, ზესტაფონის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში სპორტსმენების დაჯილდოებაც, ვერაფერს იტყვი, 2 000 ძირი ხე, ვინ ოხერი... ჰოდა, ჩვენც აქეთ ვართ, ხარაგაულის გადასახვევთან, ერთი 9-სართულიანი კორპუსი რომ დგას, იმ ჩასახვევში, 4 კილომეტრი ტყეში, ზემოთ - ზესტაფონის რაიონი (მუნიციპალიტეტი) სოფელი პატარა სამება.

ლელა არაბული

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×