სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    11.09.2013

    ამ საკითხით დავინტერესდი მას შემდეგ, რაც ივანიშვილის 2012 წლის საარჩევნო კამპანიის ტაქტიკაში ე.წ. ღია სისტემებში მოქმედი პრინციპების გამოყენება შევნიშნე. ეს პრინციპები ჩამოაყალიბა და მერე ევოლუციის კანონის სახით მეცნიერებაში დაამკვიდრა ბელგიელმა ფიზიკოსმა ილია პრიგოჟინმა (1977 წლის ნობელიანტი). პირველად, კანონი ფიზიკურ სფეროს ეხებოდა, მერე კი მისი ჭეშმარიტება მსგავსი სულიერი და უსულო სისტემებისთვის დამტკიცდა. წარმოიშვა "იზომორფიზმის" ცნება: ცდომილების ფარგლებში პროცესები ყველა მსგავს ღია სისტემაში ერთნაირად ვითარდება. ამგვარი მიდგომა სისტემური ანალიზისთვის დიდად მნიშვნელოვანია.

    "ღია წერილში" ბატონი პრემიერი სინანულით აღნიშნავს საზოგადოებაში მოქმედი ფაქტორების ანალიზის არარსებობას. ვეთანხმები ამ მოსაზრებას და ჩემ მიერ შერჩეული რაკურსით ასეთ ანალიზს წარმოგიდგენთ. ვფიქრობ, რომ რეალური პოლიტიკოსის სტრატეგიას ასეთი ინფორმაცია მხოლოდ გაამახვილებს. მასალის უკეთესი აღქმისათვის სისტემური თეორიის ზოგიერთ საკითხს განვმარტავ.

    ღია სისტემები და მათში მოქმედი პროცესები

    ევოლუციის თეორია, "მართვადი ქაოსის" სახელწოდებით, კარგა ხანია გამოიყენება შიდა და საგარეო პოლიტიკაში. 1984 წელს ამერიკაში ამ საკითხის შესასწავლად შეიქმნა კვლევითი ცენტრი სახელწოდებით "სირთულის ინსტიტუტი", რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა თანამედროვე თეორიული ფიზიკის კორიფე ნობელიანტი მიურეი გელმანი. შემკვეთები ძირითადათ იყვნენ პენტაგონი და საგარეო საქმეთა სამინისტრო.

    "მართვადი ქაოსი" დასავლეთმა გამოიყენა "არაბული გაზაფხულის" შესაქმნელად. საკითხი რუსეთშიც საკმაოდ კარგადაა შესწავლილი, ამიტომ მას არ გაუჭირდა "მართვადი ქაოსის" ჩანერგვით საქართველოს ომში გამოწვევა.

    "მართვადი ქაოსის" ცნებამ საქართველოს მედიამდეც მიაღწია, ოღონდ, ძალიან მახინჯი ფორმით. მეცნიერებაში "ქაოსს" სულ სხვა დატვირთვა აქვს, ვიდრე მას საზოგადოებაში ანიჭებენ. "ქაოსი" დაულაგებელს არ ნიშნავს, ეს სისტემის გარკვეული მდგომარეობაა, რომელიც განსაზღვრავს მისი ტრანსფორმირების შესაძლებლობას. "მართვადი" კი იმიტომაა, რომ გარკვეული ალბათობით შეიძლება პროცესების პროგნოზირება და მართვა.

    სისტემა ითვლება ღიად, თუ მას აქვს აქტიური ურთიერთობა (ენერგიის და ნივთიერების მიმოქცევა) გარე სამყაროსთან. მიწოდებული ენერგია ზრდის სისტემის პოტენციალს, მისი მდგომარეობა უფრო და უფრო სცილდება წონასწორობის ცენტრებს. იწყება ქაოტური (შემთხვევითი) პროცესები, რა დროსაც თავს იჩენს სისტემის ე.წ. თვითორგანიზება: სპონტანურად იქმნება უფრო დალაგებული და რთული სტრუქტურები. ღია სისტემების თვითორგანიზების მიზეზად შეიძლება ჩავთვალოთ მათი ელემენტების და ქვესისტემების შეთანხმებული ურთიერთობა. რაღაც მომენტში ქაოტური მოქმედებები სისტემას მიიყვანენ კრიტიკულ წერტილამდე (ბიფურკაციის წერტილი). შემდგომი მოვლენები შეიძლება სამი მიმართულებით განვითარდეს: სისტემა გადავა განვითარების უფრო მაღალ დონეზე, დიდი რყევების მერე მიუბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას ან შეინარჩუნებს არასტაბილურობას ბიფურკაციის შემდგომ წერტილამდე.

    მაგალითად, წარმოვიდგინოთ მყიფე წონასწორობაში მყოფი ამოტრიალებული ქანქარა. ძალის ზემოქმედებით ქანქარა ან დაიწყებს წრეზე ტრიალს (მძლავრი ზემოქმედება), ან იქანავებს კლებადი ამპლიტუდით (სუსტი ზემოქმედება), ან დარჩება ამოტრიალებულ მდგომარეობაში (ზემოქმედება მწირია და სისტემის წინააღმდეგობა მას აბათილებს). არსებობს მეოთხე გზაც: ძალიან დიდი ძალა მოწყვეტს ქანქარას ღერძიდან - დგება სისტემის კოლაფსი. მეორე მაგალითი - სფეროს ზედა წერტილში განთავსებული ბურთულა. უმნიშვნელო ზემოქმედება გამოიყვანს ბურთულას წონასწორობიდან და ჩამოგორდება. მაგრამ თუ ჩამოგორების მიმართულება შემთხვევითია, მისი ტრაექტორია მყარად განსაზღვრულია. ამ ტრაექტორიას "ატრაქტორს" ეძახიან. ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს (შეიქმნას) ატრაქტორის ისეთი ნაირსახეობა, რომ შემთხვევითი მამართულებით ჩამოგორებული ბურთულა მოხვდეს საჭირო ატრაქტორის ძაბრში.

    სისტემის სიმყარე ახალ რეჟიმში დამოკიდებულია გარედან მიწოდებული ენერგიის რაოდენობაზე, ხარისხზე და შექმნილი სტრუქტურული აღნაგობის სიმყარეზე. თუ ურთიერთობა გარე სამყაროსთან წინ უსწრებს სისტემის სტრუქტურულ ჩამოყალიბებას, სისტემა იწყებს რეაგირებას სხვა ატრაქტორებზე, მასში ქაოსის მაჩვენებელი იზრდება და ის გადადის ბიფურკაციის (გარდაქმნის) ახალ წერტილში.

    "მართვადი ქაოსი" და პოლიტიკური პროცესები

    2011 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ერთ წელიწადში არჩევნების გზით შეცვლის მმართველ გუნდს. რა წინაპირობა არსებობდა ამისთვის:

    - პოლიტტექნოლოგიური - საკმარისი ფინანსები, მაღალი პიროვნული რეიტინგი, "ნაციონალების" შიდა სამზარეულოს ცოდნა;

    - სისტემური - ეკონომიკური სისტემების მართვის უნარი;

    - ინფრასტრუქტურული - თავისუფალი მედია, პოლიტიკური პარტიები როგორც ენერგიის აკუმულირების ცენტრები-აქტორები, საზოგადოება როგორც სისტემის ძირითადი კომპონენტი.

    ტაქტიკა ითვალისწინებდა ენერგიის აკუმულირებას და არა მის გაფანტვას. ამიტომ იყო უარყოფილი ქუჩის აქციები, სადაც ხდება ენერგიის ფუჭად გახარჯვა ("ორთქლის გამოშვება"). საზოგადოებრივი სისტემა სრულად უნდა გახსნილიყო. მანამდე ინფორმაციულ და ფინანსურ ნაკადს აკონტროლებდა მმართველი გუნდი, ამიტომ გარე სამყაროსთან "ენერგიის და ნივთიერების" ორმხრივი თავისუფალი მიმოქცევა არ არსებობდა, რაც ნახევრად დახურულ სისტემებს ახასიათებს. ასეთ სისტემებში შიდა ორგანიზაციული სტრუქტურა ზღუდავს სამყაროს ზემოქმედებას. ქვედა დონეზე შენარჩუნებულია რყევები, მაგრამ არა "ქაოსის" გამომწვევი სიმძლავრის.

    ივანიშვილმა გახსნა სისტემა: დაქირავებული ლობისტების მეშვეობით ინფორმაცია მიაწოდა დასავლეთს, შემოზიდა ფინანსები, კავშირები დაამყარა უცხოეთის პოლიტიკოს-პოლიტოლოგებთან, დააფინანსა ქვეყნის პოლიტიკური ცენტრები. რაც უფრო მძლავრი იქნებოდა ამ აქტორთა გაერთიანებული მოქმედება, მით უფრო მაღალ ტრანსფორმირებას განიცდიდა სისტემა. მნიშვნელობა არ ჰქონდა ცალკეული ცენტრების პოლიტიკური მისწრაფების ვექტორების მიმართულებას, რადგანაც "ქაოსი" მიკრო დონეზე სისტემის თვითორგანიზების შემთხვევაში ქმნის დალაგებულ სტრუქტურებს მაკრო დონეზე. საკითხი წყდებოდა ძალიან პრაგმატულად: განიხილავდნენ არა იმას, რატომ ხდება თვითორგანიზება, არამედ იმას - რა ხდება ამ დროს და რისი მოლოდინი არსებობს.

    რაც მთავარია, სტაბილური შეხვედრებით და დაპირებებით პორციულად და თანმიმდევრულად დაიწყო საზოგადოებაში დადებითი ენერგია-ემოციების შეტყორცნა. ამავდროულად მატულობდა "ქაოსის" გამომწვევი ინფორმაცია: გადამცემების და ანტენების დაყადაღება, დაპატიმრებები, საბაჟო საბოტაჟი და სხვა. საზოგადოებრივი სისტემა გააქტიურდა, გაქრა შიში, გაჩნდა ტრანსფორმირების ჯერ განცდა, მერე მოთხოვნა. იმატა "ქაოტურმა" პროცესებმა, რომლის დაბალანსება ძველმა სტრუქტურულმა წყობამ ვერ შეძლო (ასე ირევა წყალი, როცა მატულობს მისი დინების სიჩქარე). პროცესი ვითარდებოდა ბუნებრივად და სპონტანურად. დაიწყო სტრუქტურული გარდაქმნა - პარტიების, არასამთავრობოების გაერთიანება, სისტემური კონტროლიორების შექმნა და სხვ. სისტემა გადავიდა ბიფურკაციის (მოლოდინის) წერტილში.

    ზემოთ აღვნიშნეთ, შემდგომ რა შეიძლება მომხდარიყო: ან გადასვლა ზედა დონეზე, ან უკან მობრუნება, ან ფსევდოსტაბილური მდგომარეობა, ან კოლაფსი. ციხის კადრებმა ბიძგის როლი შეასრულა, სტუდენტების გამოსვლებმა კი იმ დადებითი ატრაქტორის (ტრაექტორიის) როლი, რომელმაც სისტემა მშვიდობიანად შეცვალა. მთელი პროცესი ბუნებრივად განვითარებული ევოლიციური გარდაქმნაა, რომლის რაიმე ხელოვნური ხერხებით შეწყვეტა შეუძლებელია. ეს იყო "ნაციონალების" მარცხის ძირითადი მიზეზი.

    დასავლეთმა ძალიან კარგად გაუგო მოვლენებს. ამდაგვარი სიტუაციის შექმნას ის ცდილობდა შევარდნაძის ეპოქის დასრულებისას, მაგრამ მაშინ საზოგადოება არ იყო მზად ევოლუციური გარდაქმნისთვის. ხელოვნურად დანერგილმა "ქაოსმა" ვერ გამოიწვია მარტივი ცენტრების რთულ კონგლომერატებად გადაქცევა. იცვლებოდა სისტემის მხოლოდ მიკროსტრუქტურა, რომელთა შორის კომუნიკაცია არ არსებობდა. ამიტომ გარედან შემოტყორცნილმა ენერგიამ მხოლოდ რევოლიციური (დანერგილი) ცვლილებები გამოიწვია. რევოლუციის დროს სისტემის ძალისმიერი სტრუქტურული ცვლილებები ყოველთვის უშედეგოდ მთავრდება, რადგანაც ზემოქმედური ძალის მოხსნა იწვევს სისტემის სტრუქტურულ მოშლას.

    პოსტტრანსფორმაციული პროცესები

    სისტემის მაღალ დონეზე გადასვლა ნიშნავს მის უფრო დალაგებულ ორგანიზაციას. ბუნებაში, მაგალითად, კრისტალოგრაფიაში, ახალი სტრუქტურის ჩონჩხს წარმოადგენს მყარი კრისტალური მესერი. საზოგადოებრივ სისტემაში ასეთი მესერის როლს შეასრულებდა რამდენიმე ორგანიზაციულ-სტრუქტურული კანონის სწრაფი მიღება. შეიქმნებოდა სისტემის ბაზისი, რომელიც ნებისმიერი შემდგომი მოქმედების და ურთიერთობის ათვლით წერტილად ჩაითვლებოდა. იყო საჭირო არაორდინარული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და არა მძიმეწონიანი და ნელი იურიდიული გარდაქმნები.

    კოალიციის მოუმზადებელი და პოპულისტური ქმედებები არ ჯდებოდა ივანიშვილის მიერ ადრე არჩეულ ტაქტიკაში. პირველ რიგში ეს ეხება "ამნისტიის კანონს", რომელმაც ფუჭად გაისროლა: ქმედებამ არ გაამართლა მოლოდინს.

    რატომ არ იმუშავა ჯეროვნად "ამნისტიის კანონმა"? იმიტომ, რომ მას უფრო რიცხობრივი დატვირთვა ჰქონდა, ვიდრე ხარისხობრივი. არავინ შეეცადა პრობლემის საფუძვლიანად შესწავლას, რადგან მავანთ საამისოდ არც დრო არ ჰყოფნიდათ, არც კომპეტენცია. თავი იჩინა ძველ სისტემაზე კარგად მორგებულმა სისხლის სამართლის კოდექსმა, რომლის მიხედვით "ფინანსურებს" მძიმე მუხლებით ასამართლებდნენ. ამ მუხლებს ამნისტია მხოლოდ ირიბად შეეხო. საქმის ფაქტობრივი (ანალიტიკური) არსი შემდეგშია. ახლად აღმოჩენილმა გარემოებებმა სასამართლოსა და აღსრულების სისტემებს შორის წონასწორობა დაარღვია: განაჩენი, რომელიც ერთ სისტემაში იურიდიულად მძიმე კატეგორიას მიეკუთვნებოდა, მეორეში ჩაითვალა უკანონოდ. მეცნიერებაში ასეთ შეუთავსებლობას კომუნიკაციის ხარვეზი ეწოდება. სანამ არ აღდგება სისტემების თავსებადობა, ანუ პენიტენციალური სისტემა არ იქნება გადაწყობილი ახალი სამართლებრივი მექანიზმის შესაბამისად, მასში არსებული პრობლემები იურიდიულად ვერ გადაწყდება, რადგანაც პრობლემა სისტემურია და არა იურიდიული.

    არ იყო შექმნილი სისტემის ახალი ინფრასტრუქტურა, რის გამო შემოტყორცნილი ენერგია არ აღწევდა მიზანს. მაგალითისთვის ეყოფა ფუჭად გახარჯული კახეთის "სტიქიით დაზარალებულთა" ტრანში. დაულაგებელი ვითარების პირობებში სისტემაში დაიწყო "თვითორგანიზების" სპონტანური პროცესები - ძალთა გადანაწილება, ენერგიის აკუმულირების ახალი ცენტრების შექმნა და სხვა.

    ამ დროს სისტემის გახსნა - "ვოიაჟები უცხოეთში", საგარეო ლობირება "ნაციონალების" ძლიერი პოზიციების პირობებში, "სამართლიანობის აღდგენა" და ა.შ. გამოიწვევდა "ქაოსის" დონის ზრდას. სისტემა ბიფურკაციის ახალ წერტილში გადავიდოდა, რის მერე განვითარდებოდა შემთხვევითი პროცესები, რომელთა პროგნოზირება ძალიან ძნელია.

    ივანიშვილმა დროზე შენიშნა სისტემის "ქაოტიზაცია". მან შეარბილა პოლიტიკური აქტიურობა, შეაჩერა "სამართლიანობის აღდგენა", გადადო გამოძიებული რეზონანსული პროცესების გამოქვეყნება და ქვეყანა გადაიყვანა ფსევდოსტაბილურ რეჟიმში. მთელი აქცენტი გადატანილია საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომლის მერე ის აპირებს პოლიტიკიდან წასვლას. რამდენად ადეკვატურია განცხადება, და რამდენად შეეფერება ის ივანიშვილის მიზნებს? ცალსახაა, რომ განვლილი ეპოპეის მთავარი გმირი არაორდინარული ადამიანია, რომლის "სპორტული და პროფესიული" ინტერესი არ მთავრდება პრემიერის სავარძლის დაკავებით. თამასა ძალიან მაღლაა აწეული. მისი ინტერესის სფეროა სტრუქტურული (სისტემური) ცვლილებები. თუ ივანიშვილი არ იცნობს სისტემების ზოგადი თეორიის კანონებს, ის ინტუიციურად მაინც საკმაოდ კარგად ამთხვევს მათ საკუთარ მოქმედებებს; ხვდება, რომ არსებული რესურსით მიღწეულია მაქსიმუმი. სისტემის ძირეული ტრანსფორმირება ზემოდან ვერ შედგება, მიკრო "ქაოსი" შეიძლება მხოლოდ მაკროში გადაიზარდოს. ამდაგვარი "ქაოსი" სისტემის თვითორგანიზების რეზულტატი არ არის. ეს უფრო შიდა სისტემური რყევებია, რომლებიც პოლიტიკური აქტორების სისუსტის გამო ვერასოდეს შეიცვლის თავის ამპლიტუდას. ამიტომ ის ინაცვლებს საზოგადო სტრუქტურებში. ეს ასპარეზი ჯერ გაუვლელია და ამიტომ იწვევს მის ინტერესს. წარმატება ამ დონეზე განსაზღვრულია ზედა დონის სტაბილურობით, ამიტომ მას სჭირდება: სტაბილური (არარეფორმატორული) ხელისუფლება, "ქაოსის" (დაძაბულობის) არარსებობა მაღალ პოლიტიკურ ეშელონებში ("ნაციონალების" მოთვინიერება და გამოყენება), არჩევნებამდე საზოგადოებაში "მართვადი ქაოსის" შენარჩუნება. ნათქვამი დასტურდება უკვე განხორციელებული და მოსალოდნელი ქმედებებით.

    ივანიშვილი სწრაფად არ მოქმედებს. მიღებულ გადაწყვეტილებასაც უცებ არ ამჟღავნებს. ელოდება საკითხის "მომწიფებას", მერე კი სხვებისთვის გასაოცარ, მაგრამ წინასწარ გათვლილ გადაწყვეტილებებს იღებს. ასე მაგალითად, მოსკოვიდან საქართველოში წამოსვლის წინ ერთ დღეში მან დახსნა საკუთარი ბანკის მთელი მშზ მენეჯმენტი. ასევე მოიქცა ის ქართუ-ჯგუფის ხელმძღვანელის მიმართ, რომელმაც გადაყენების ამბავი გაზეთებიდან შეიტყო. ორივე შემთხვევაში ივანიშვილს გადაწყვეტილება ადრე ჰქონდა მიღებული, მაგრამ მან ზუსტად შეარჩია მოქმედების ტაქტიკა და მომენტი. მაშასადამე, ნახევარი წლით ადრე გაპიარებული წასვლის გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკური სვლაა, უფრო ზუსტად კი - "ქაოსის" შენარჩუნების მცდელობა. "ქაოსის" ეს პორცია თანაგუნდელების ტრადიციულმა ქართულმა ქიშპობამ მალევე გაანეიტრალა და პრემიერი მიდის ახალ გამოწვევაზე: მან დახურა მე-9 არხი. ფიგურის ერთგვარი შეწირვა ტემპის შესანარჩუნებლად. მით უმეტეს, რომ დღევანდელი სტრატეგიისთვის ფიგურა არც ისე მნიშვნელოვანია. ფიგურასთან ბევრი თანამშრომელიც შეიწირა. რა გაეწყობა, გენერლების სტრატეგიას რიგითების ბედი ეწირება.

    ბიფურკაციის წერტილად "დანიშნულია" არჩევნები. ბურთულა უნდა ჩამოგორდეს მარგველაშვილის მიმართულებით. რა ატრაქტორით (ტრაექტორიით) აპირებს ამის გაკეთებას ივანიშვილი? ბოლო პრესკონფერენციაზე მინიშნებები გაჟღერდა. ცუდია, რომ პრემიერს არა აქვს გათვლილი ალტერნატიული გზები. მსოფლიოს ევოლუცია კი ყოველთვის არასწორხაზოვანია. ჩვენში დაჩაგრული ფრიდრიხ ენგელსის არ იყოს: ის, რაც ერთს უნდა, მეორისთვის მიუღებელია, საბოლოოდ კი ისეთი რამ წარმოიშვება, რაც არავის უნდოდა.

    სერგო ჯაყელი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×