რეზონანსი
27.11.2022

ადრეც მითქვამს და დღესაც გავიმეორებ, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს „სპეცოპერაცია“, დარწმუნებული ვარ, რუსი და უკრაინელი ხალხი ორივე წაგებულo დარჩება. თუმცა, ამ უდიდესი ადამიანური და გეოპოლიტიკური ტრაგედიით ზოგიერთები ნამდვილად იხეირებენ (მათ შორის, ოკეანის გაღმაც...). გარდა იმისა, რომ კონფლიქტში პირდაპირ ან ირიბად მონაწილე ქვეყნების შეირაღება-გადაირაღებაზეც მილიარდები „მოტყდება“, რუსეთი კიდევ დიდი ხნით აღმოჩნდება იზოლირებული ევროკავშირისგან და ვერც მისი ბუნებრივი რესურსების ინტეგრირება მოხდება დასავლურ (მაგ., გერმანულ) ტექნოლოგიებთან. 

რამდენიმე დღის წინ ზელენკის მორიგი ტელემიმართვა „ვარდების რევოლუციის“ შედეგად გამარჯვებული ხალხის“ ტელევიზიამაც გაავრცელა, ეკრანზე გამოტანილი წარწერის „პუტინის ომი უკრაინაში“ თანხლებით. „სტრატეგიული პარტნიორების“ ხელშეწყობით გაპრეზიდენტებულმა ყოფილმა „შოუმენმა“ განთავისუფლებული ხერსონიდან შეწუხებული სახით ამცნო მსოფლიოს, რომ „ინფრასტრუქტურა სრულიად გაპარტახებულია, აღარც სინათლეა, აღარც წყალი, აღარც ტელევიზია და ინტერნეტი, რუს ოკუპანტებს აბსოლუტურად ყველაფერი გაუნადგურებიათ და დაუნაღმავთო“... მეორე დღეს ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმაც გააფრთხილა სახლებში დარჩენილები, რომ „ყველაფერი დანაღმულია და შეიძლება საკუთარ ეზოშიც კი აფეთქდეთო“, ხოლო პრეზიდენტის მეუღლემ განმარტა, „ომი მარათონული გარბენი არ არის, რომ ვიცოდეთ ფინიშამდე რამდენი დარჩაო“... 

ცხადია, როდესაც მსგავს საჯარო განცხადებებს მოისმენს, მით უმეტეს შემოდგომის მიწურულს, მაღალი ალბათობაა, რომ ოკუპანტებისგან, ფაქტობრივად, გაურკვეველი ვადით განთავისუფლებულ, თანაც „გაპარტახებულ და დანაღმულ“ ტერიტორიაზე დაბრუნების სურვილი არც უკრაინელს გაუჩნდეს და არც რუსს.

არადა უკრაინის არაოკუპირებულ ტერიტორიებზე არა მარტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ტელევიზია და რკინიგზა მუშაობს დაუბრკოლებლად (მაღალი რანგის სტუმრებსაც იღებენ და აცილებენ...), არამედ ნოტარიუსებიც უპრობლემოდ აფორმებენ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებებს... ამასთან, მსოფლიოში ყველაზე ნაყოფიერი 1 ჰექტარი შავმიწა ნიადაგიანი „უკრაინის ნაწილის“ ყიდვა კონფლიქტის ზონაში თურმე უკვე ათას აშშ დოლარადაც შეიძლება, როდესაც „სპეცოპერაციამდე“ 4-დან 10 ათას დოლარამდე ღირდა, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში ასეთი ხარისხის მიწა 40-70 ათასი ევროს ფარგლებშია. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მსოფლიოში სულ უფრო იზრდება მოთხოვნა უკრაინულ მარცვლეულზე, ევროპაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ბევრგან უკვე სრულიად გამოფიტულია, ხოლო უკრაინული მიწა საუკეთესო ხარისხისაა. ამასთან მისი გასხვისება მხოლოდ 2021 წელს დაკანონდა და საკმაოდ დიდი ფართობები 49 წლიანი იჯარითაც არის უკვე გაცემული, ძირითადად კი ამერიკულ კომპანიებზე...

ფაქტია, გარდა იმისა, რომ რუსები ადმინისტრაციულ შენობებთან ერთად, საცხოვრებელ სახლებსაც იშვიათად ესვრიან რაკეტებს (არადა სირიაში ათეულათასობით მხოლოდ ბავშვი დაიღუპა...), არც ევროპიდან შემომავალ მთავარ სატრანსპორტო არტერიებს ერჩიან, რომლებითაც ნატოს წევრი ქვეყნებიდან უკრაინაში იარაღი მასობრივად შემოედინება. ძირითადად, საარსებოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურული ობიექტები იბომბება, რაც მილიონობით ადამიანს საცხოვრებელი ადგილის მიტოვებას აიძულებს. ლოგიკურია, უმრავლესობა განვითარებულ ქვეყნებში ცდილობს თავის შეფარებას...

მიმამჩია, რომ ერთმოწმუნე სლავების ერთმანეთთან სისხლიან დაპირისპირებაში ჩაბმის ერთ-ერთი მიზანი მათი კუთვნილი მიწით „ვიღაც მესამის“ დაინტერესებაა... მით უმეტეს, რომ უკრაინის სამხრეთში ახალი სახელმწიფოს შექმნა ერთი საუკუნის წინაც „დაუგეგმავთ“ და 200 000-მდე ებრაელი ჩასახლებულა კიდეც....

ადგილობრივ სლავებს რას უპირებენ? ცნობილია, რომ მაგ., გერმანიაც და საფრანგეთიც (ბალტიისპირეთის ყოფილი რესპუბლიკებიც, საიდანაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ევროკავშირში გაწევრიანებისთანავე სხვა ქვეყნებში შედარებით მაღალი შრომის ანაზღაურების გამო გადასახლდა) სიხარულით იღებენ ამჯერად უკვე ევროპული იერის მქონე ლტოლვილებს, რომლებიც აფრიკელებისა და აზიელებისთვის განკუთვნილ დაბალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე საქმდებიან. შესაბამისად, შემცირდება ევროპის მუსლიმიზაციის ტემპიც და, გამორიცხული არ არის, სლავების (ბელარუსების, რუსების და უკრაინელების) მოზღვავების საბაბით, ევროკავშირმა (ან ზოგიერთმა წევრმა), უახლოეს მომავალში, საერთოდ თუ არ აკრძალა, კვოტები დააწესოს აფრიკელი და აზიელი მიგრანტებისთვის. გამოდის, „სპეცოპერაციას“ უკრაინის ზოგიერთი „ევროპელი მეგობრისთვისაც“ მოაქვს სარგებელი, თუმცა, ლოგიკურია, პუტინი მხოლოდ სხვის ინტერესებში ომს არ დაიწყებდა (დარწმუნებული ვარ, არც ზელენსკის გაპრეზიდენტებას დაუშვებდა...). 

თუ გავითვალისწინებთ, რომ გარედან, მით უმეტეს უკრაინის მიერ, რუსეთის დამარცხება, პრაქტიკულად, შეუძლებელია (მისი ბირთვული არსენალის გათვალისწინებით, მეტად სარისკოცაა...), ამასთან უკრაინაში შეჭრის მომენტში პუტინს არც მობილიზაცია ჰქონდა გამოცხადებული და დღემდე არც თანამედროვე შეიარაღებას იყენებს, როგორც ჩანს, სპეცოპერაციის გაჭიანურება და პოზიციების დათმობა, დიდად არ აწუხებს. გარდა იმისა, რომ რამდენიმე რუსულენოვანი რეგიონი უკვე მიიერთა, ოფიციალურად, მხოლოდ ნაწილობრივი (შეზღუდული) მობილიზაციის გამოცხადებით, თუმცა, ფაქტობრივად, ყველა ასაკის მამაკაცისთვის უწყების გაგზავნით და საზღვრების, ერთი შეხედვით, თითქოს ულოგიკოდ არჩაკეტვით, რეალურად, პუტინმა ქვეყნიდან მოიცილა მისი რეჟიმის მილიონამდე პოლიტიკური მოწინააღმდეგე („გლობალისტიც“...), რომელთა გაერთიანებას „ფერადი რევოლუცია“ და, ფაქტობრივად, მონარქიის დამხობა შეიძლებოდა მოჰყოლოდა... ამასთან, ყირიმისა და დონბასის ნაწილის ანექსიით პუტინმა „ველიკოდერჟავული“ მენტალიტეტის მქონე რუსები შეაკავშირა და, შესაძლებელია, 2024 წელს ბელარუს-რუსეთის ახალი სამოკავშირეო სახელმწიფოს პრეზიდენტადაც მოგვევლინოს, რომელსაც უკრაინის ნაწილიც („ნოვოროსიაც“) ექნება მიერთებული...

ექსპერტებმა თავიდანვე აღნიშნეს, რომ იმ რაოდენობის ჯარით, რაც რუსეთმა „სპეცოპერაციის“ დაწყებამდე უკრაინის საზღვართან განალაგა, არა მარტო ომის მოგება, არამედ მხოლოდ კიევის აღებაც იყო შეუძლებელი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ასეულობით ჭურვი ფეთქდება და ადამიანები იღუპებიან, უკვე არავინ იცის ეს კოშმარი როდის დასრულდება, ვინაიდან ზელენსკი, როგორც ჩანს, არაფრის დათმობას არ აპირებს... 

თუ გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ აშშ ყოველწლიურად ტრილიონ დოლარზე მეტს ხარჯავს შეირაღებაზე, ამასთან „მეგობარი ქვეყნები“ უკრაინას მოძველებულ ტექნიკას, მათ შორის საბჭოთა წარმოებისასაც უგზავნიან, რომ თვითონ ახლით ჩაანაცვლონ (მხოლოდ გერმანიამ უკვე 100 მილიარდი ევრო გამოჰყო შეირაღების განახლებისთვის...), ხოლო რუსები ადრეწარმოებული იარაღით გადავსებულ საწყობებს ეტაპობრივად ათავისუფლებენ (ნაწილი ავღანეთსა და სირიაში „ჩამოწერეს“...), როგორც ჩანს, „სპეცოპერაციიდან“ იარაღის მწარმოებლებიც (მოვაჭრეებიც, შუამავლებიც) დიდ მოგებას ელოდებიან. 

ვინაიდან, ოკეანისგაღმაც და ევროპაშიც გარკვეული ძალები, დიდი ხანია, მართლმადიდებლების ერთმანეთთან დაპირისპირებაზეც ოცნებობდნენ, გამორიცხული არ არის, ზელენსკიც და პუტინიც ერთი და იმავე გავლენიანი ოლიგარქიული ჯგუფის (საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის დაშლის, აგრეთვე „ფერადი რევოლუციების“ ორგანიზატორების) ინტერესებში მოქმედებდნენ. ფაქტია, ნაცვლად იმისა, რომ მოძმე ერების შესარიგებლად და „სამეზობლო დავის“ მორიგებით დასასრულებლად გარკვეულ დათმობებზე წავიდნენ, რუსების ლიდერი „სპეცოპერაციას“ იწყებს, ხოლო უკრაინელების მესვეური უკან დახევას არ აპირებს და მხოლოდ იარაღით დახმარებას ითხოვს, თუმცა საზღვრებს სამხედროვალდებულებისთვის კი არც თვითონ კეტავს... შედეგად, წაგებული (დაზარალებული) მხოლოდ ის ათასობით სლავია, ვინც სხვის ინტერესებს „საზარბაზნე ხორცად“ შეეწირა და კიდევ რამდენიმე მილიონი, რომლებსაც საკუთარი მიწის დატოვება მოუწიათ... 

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×