სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    18.07.2013

    მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში ახალქალაქის და საერთოდ, თრიალეთის მაცხოვრებლებმა შესანიშნავი საჩუქარი მიიღეს მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზის "ზარზეიმით" გახსნით, მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. პირველმა თოვლმა წერტილი დაუსვა რკინიგზის მუშაობას. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მას მხოლოდ ზაფხულში უნდა ემოქმედა.

    შეიქმნა კომისია და, როგორც მეტყევე სპეციალისტებს, ჩვენც მოგვეცა მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მოძრაობის შეფერხების მიზეზების დასადგენად.

    შეფერხების ძირითადი მიზეზი აღმოჩნდა ის, რომ თრიალეთის ამ უხვთოვლიან მხარეში არ იყო გაკეთებული (გაშენებული) თოვლდამცავი ტყის დაცვითი ნარგაობა. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ მშენებლობის დროს დაშვებული იყო ელემენტარული შეცდომები, კერძოდ, გორაკებისა და ბორცვების მოსწორება-გადათხრის მაგიერ, რკინიგზის ვაკისი გაყვანილი იყო ამ წინაღობათა შუახაზის გასწვრივ ისე, რომ ზოგიერთი გაჭრილი კედლის სიმაღლე 2-3 მეტრსა და მეტრსაც შეადგენდა, რომელიც პირველმა თოვლმა და ნამქერმა ამოავსო და მატარებლისთვის გაუვალი აღმოჩნდა.

    ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის სამუშაოების დაწყებისთვის, ამ და რიგ ადრე გამოთქმულ ნაკლოვანებებზე გვინდოდა მშენებლებისათვის გვეთქვა ჩვენი აზრი, რათა გაეთვალისწინებინათ აღნიშნული და არ მომხდარიყო მსგავსი დარღვევები. რაც მთავარია, საჭიროდ მივიჩნიეთ, გაგვეზიარებინა აზრი თოვლსაცავი ტყის ზოლების შექმნის თაობაზე, თრიალეთის მკაცრი კლიმატური პირობების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მერქნიან სახეობათა შერჩევის დროს (ზღვის დონიდან სიმაღლეების მიხედვით). თვითონ ახალქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 1760 მეტრის სიმაღლეზე და ხასიათდება ხანგრძლივი, უხვთოვლიანი და მკაცრი ზამთრით.

    თოვლსაცავი ტყის ზოლის გაშენებისათვის საჭიროა აღნიშნული კლიმატური პირობების გათვალისწინება და შესაბამისი დასარგავი მერქნიანი სახეობების შერჩევა. მიგვაჩნია, რომ დაცვითი ზოლი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3-4 მწკრივისაგან, და რაც მთავარია, წიწვიან სახეობათა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 60-70%-ს, ხოლო ფოთლოვანების - 40-30%-ს.

    წიწვიანთა სახეობებიდან საჭიროდ ვთვლით გაშენდეს: კავკასიური ფიჭვი ზღვის დონიდან 1000 მეტრის ზევით, რადგან დაბლა - ავადდება ე.წ. "ევეტრიით", ხოლო შავი ფიჭვი - 1500 მეტრის სიმაღლემდე, კიპარისი ჰორიზონტალური - 1300 მეტრამდე სიმაღლეზე; მხოლოდ ერთი სახეობაა კედარი, რომელიც შეიძლება გაშენდეს ნებისმიერ სიმაღლეზე 3000 მეტრამდე. ფოთლოვანებიდან მიზანშეწონილია დაირგოს: მაღალი მთის მუხა, ნეკერჩხალი - მაღალი მთის, პანტა, არყი, მთრთილავი ვერხვი და იასამანი.

    გაშენებულ სახეობათა არასწორმა შერჩევამ შეიძლება გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგი. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ თოვლსაცავი ტყის ზოლები უნდა გაშენდეს მშენებლობის წინსწრებით, ან უკიდურეს შემთხვევაში მშენებლობის პარალელურად, რადგანაც ტყის ზოლის დაცვითი ფუნქციის შესრულებას ესაჭიროება არანაკლები 5-6 წელი, მანმადე კი თოვლსაშიშ ადგილებში რკინიგზის დაცვა უნდა მოხდეს ე.წ. დამცავი ფარებით.

    ამ ყველაფერსა და სხვა ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხის გაცემა გვნდოდა მშენებლობის ხელმძღვანელი პირისათვის, რომლის ვინაობა ჩვენი მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, ვერ დავადგინეთ, ისე კი შევძელით გაგვეგო, რომ მშენებლობას აწარმოებდა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელმაც შესანიშნავი გზები დააგო, მაგრამ რატომღაც გამწვანების გარეშე.

    ნათქვამია ძუნწს "ასჯერ მეტი ეხარჯებოდაო". ასე რომ, თოვლსაცავი ტყის ზოლების იგნორირება ძვირად დაგვიჯდება. ღმერთმა დაგვიფაროს უარესისაგან, თუმცა გამოცდილება და გული სხვას გვეუბნება.

    ტრისტან ჩერქეზიშვილი, საქართველოს დამსახურებული მეტყევე

    რევაზ ობოლაძე, მეტყევე ინჟინერი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×