სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    17.07.2013

    გიორგი თავაძე

    ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

    დიოგენესთან კამათს არ ვაპირებ, ამიტომ პირდაპირ ვიტყვი, რომ ქონების მფლობელობა ერთ-ერთი უსერიოზულესი საკითხია, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას.

    ადამიანებს ქონების მოპოვებისკენ სწრაფვა დასაბამიდან მოსდგამთ და, შეიძლება ითქვას, გენეტიკაში გადაუვიდათ. ცხოვრების მკაცრი კანონები, შთამომავლობაზე ზრუნვა და გარდაუვალი სიბერე აიძულებს მათ, იფიქრონ მომავალზე, ქონების დაგროვებაზე.

    ქონება ორი სახისაა: ქონება, როგორც მატერიალური სიკეთე, ადამიანის მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალება და ქონება, როგორც საარსებო წყარო, შემოსავლის მომტანი ძირითადი საშუალებები - მიწა, ფაბრიკა-ქარხნები, ბანკები და ა.შ. ამ უკანასკნელთა ფლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ვინც წარმოების საშუალებებს ფლობს, მასვე ეკუთვნის წარმოებული პროდუქციაც და მთელი შემოსავალიც.

    ქონების შექმნისა და განაწილების წესები სხვადასხვანაირია სხვადასხვა სისტემაში. იმის მიხედვით, თუ რა შესაძლებლობებს იძლევა ამა თუ იმ სახელმწიფოში არსებული ეკონომიკური სისტემა შემოსავლების მიღებასა და ქონების შეძენა-დაგროვებაში, ადამიანები მსჯელობენ სისტემის ავკარგიანობაზე.

    ყოველ ცალკე აღებულ სახელმწიფოში ეკონომიკური სისტემა პოლიტიკურ სისტემასთან ერთად ქმნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ სისტემას, საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ფორმაციას, ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ სხეულს. ის სისტემა, რომელიც ქმნის უკეთეს პირობებს ადამიანების საქმიანობისათვის და უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და ცხოვრების უფრო მაღალ დონეს, არის უკეთესი და არჩევანიც მის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს.

    მიუხედავად კომუნისტური ჩინეთისა და კოლექტიური კაპიტალიზმის ქვეყნების (იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, სინგაპური) შთამბეჭდავი ეკონომიკური წარმატებებისა, მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში არჩევანს უმთავრესად ამერიკულ საწარმოო კაპიტალიზმსა და დასავლეთევროპულ სოციალური კაპიტალიზმის სისტემებს შორის აკეთებენ, რომელთაც ბევრ მსგავსებასთან ერთად მნიშვნელოვანი განსხვავებაც გააჩნიათ. ყველაზე არსებითი განსხვავება მაინც საზოგადოების სხვადასხვა ფენების მიერ წარმოების საშუალებების ფლობის ხარისხსა და მათი განკარგვის მეთოდებს შორის მიდგომებშია.

    ამერიკაში წარმოების საშუალებების ფლობა, შეიძლება ითქვას, უფრო ინდივიდუალური, უფრო დინასტიური, უფრო ოლიგარქიულია, ხოლო დასავლეთ ევროპაში უფრო კორპორატიული, უფრო პარტნიორული.

    ამერიკაში წარმოების საშუალებებს ძირითადად ფლობენ ოლიგარქიული ოჯახები, საგვარეულო დინასტიები, მილიარდერების დაქვემდებარებაში მყოფი სხვადასხვა კერძო საინვესტიციო, სადაზღვევო თუ საპენსიო ფონდები, საფინანსო ინსტიტუტები, ბანკები და ა.შ., ხოლო ევროპაში წარმოების საშუალებები უფრო მრავალრიცხოვან აქციონერთა, მათ შორის, სახელმწიფო აქციონერის ხელშია. უილიამ ჰატონი შენიშნავს: ამერიკა უფრო "მეწილეთა" კაპიტალიზმია, ევროპა კი "აქციონერთა კაპიტალიზმი". მართალია, ამერიკაშიც საკმაოდ ბევრი - 65 მილიონამდე - აქციონერია, მაგრამ მათი საერთო პროცენტული წილი წარმოების საშუალებების ფლობაში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე წვრილი აქციონერებისა ევროპაში.

    საგაზეთო ფორმატში რთულია მრავლაწახნაგოვანი საკუთრებითი ურთიერთობების სრულად წარმოჩენა, ამიტომ, უტრირებულად, ტიპური მაგალითის სახით შეიძლება განვიხილოთ უდიდესი საავტომობილო კონცერნების: ამერიკული "ფორდ მოტორზისა" და გერმანული "ფოლკსვაგენის" მფლობელობა. პირველში ფორდების ოჯახს ეკუთვნის აქციების 40% (საკონტროლო პაკეტი) და მთლიანად აკონტროლებენ და მართავენ კომპანიას, რაც ნიშნავს, რომ წლიური მოგების - 2,7 მილიარდი დოლარის 40%, ერთ მილიარდ დოლარზე მეტი, ყოველწლიურად რჩება ფორდების ოჯახის საკუთრებაში. აქციების დანარჩენი 60% ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე თავისუფალ კოტირებაშია. "ფოლკსვაგენში" აქციების 60% კი წვრილ აქციონერებს ეკუთვნით. "ფოლკსვაგენს", "ფორდისგან" განსხვავებით, საკონტროლო პაკეტის მფლობელი ერთი კერძო აქციონერი არ ჰყავს, ხოლო 40% ფედერალური ხელისუფლებისა და საქსონიის მხარის მთავრობის ხელშია.

    მსგავსი სურათია ამერიკისა და ევროპის სხვა უმსხვილესი კომპანიების შედარებისას.

    "მეწილეთა კაპიტალიზმის" არსი იმაში მდგომარეობს, რომ კაპიტალს, წარმოების საშუალებებს: ქარხნებს, ფაბრიკებს, პორტებს, ბანკებს და ა.შ. წილობრივად რამდენიმე კაპიტალისტი ფლობს. აქედან გამომდინარე, საერთო შემოსავლის მფლობელიც რამდენიმე მეწილეა და მთელ მოგებასაც რამდენიმე ადამიანი ინაწილებს, მაშინ როცა სააქციო კაპიტალიზმის დროს ამგვარ წარმოების საშუალებებს რამდენიმე ასეული ან ათასობით აქციონერი ფლობს და მთელი შემოსავალიც მათ შორის ნაწილდება, რამდენადაც აქციების ფლობა ნიშნავს, რომ ისინი აქციების შესაბამისი ღირებულების ქონების, შემოსავლის მომტანი საკუთრების გარკვეული ნაწილის მფლობელები არიან. რადგან წარმოების საშუალებებს აქციების მეშვეობით ევროპაში მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი ფლობს, ვიდრე შეერთებულ შტატებში, ევროპაში გაცილებით მეტია შემოსავლის მომტანი ქონების მფლობელი (აქციონერი) და, შესაბამისად, საშუალო კლასის წარმომადგენელი. ამის გამოც საზოგადოებაში შედარებით მეტი სოციალური თანხმობა, სიმშვიდე და სტაბილურობაა.

    სამწუხაროდ, საქართველოც "მეწილეთა" ქვეყნად ჩამოყალიბდა. 80-იანი წლების ინგლის-საფრანგეთში განხორციელებული პრივატიზაციისაგან განსხვავებით, როცა სახელმწიფოებმა ხელი შეუწყვეს ამ ქვეყნების მილიონობით მოქალაქეს, აქციონერი გამხდარიყო, საქართველოში შევარდნაძისდროინდელი და სააკაშვილის პერიოდის პრივატიზაციაც გამოყენებული იქნა მხოლოდ გარკვეული პირების გამდიდრებისა და არა ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის.

    თუკი ზემონახსენებ ქვეყნებში პრივატიზაციაში ძირითადად რიგითი ადამიანები მონაწილეობდნენ, საქართველოში ყოფილ სახელმწიფო (სახალხო) ქონებას უცხოელებთან ერთად უმთავრესად სამეურნეო-პარტიული ნომენკლატურა, ადგილობრივი ხელისუფლება და კრიმინალური ელიტები დაეპატრონნენ, რომლებიც კორუმპირებული ხელისუფლების მიერ ინვესტორებად მოინათლნენ.

    საერთოდ, უნდა ითქვას, რომ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების დიდი ნაწილი სპეკულაციური ინვესტიციებია, როცა ხდება აქტივების ყიდვა და ერთი წლის შიგნით მისი გადაყიდვა, როგორც ეს საქართველოს საზღვაო სანაოსნოს, მადნეულის, ჭიათურმანგანუმის, მეტალურგიული ქარხნის, ბათუმის პორტისა და სხვა შემთხვევებში მოხდა ან ძვირადღირებული აქტივების იაფად შეძენა მთავრობასთან კორუფციული გარიგებების გზით, როგორც ეს "თელასისა" და "გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის", თბილსრესისა და "ვარციხეჰესების" კასკადის შემთხვევაში განხორციელდა.

    ასე რომ, ქვეყანა ორ ბანაკადაა გაყოფილი. ერთ მხარესაა სახალხო ქონების, წარმოების საშუალებების მიტაცებით გამდიდრებული რამდენიმე ათეული ჯგუფი, ხოლო მეორე მხარეს მოტყუებული და გაღატაკებული მილიონები და სანამ ეს სიტუაცია მეტ-ნაკლებად არ გამოსწორდება, ყოველთვის იქნება საშიშროება, რომ გაღატაკებული მილიონები ძალის გამოყენების გზით ეცდებიან დარღვეული სამართლიანობის აღდგენას.

    თუ ჩვენს ქვეყანაში ბოლო ოცი წლის განმავლობაში მომხდარ შიდაპოლიტიკურ კატაკლიზმებს ღრმად გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ მათ საფუძვლად ქონების უსამართლო განაწილებით გამოწვეული ეკონომიკური სიდუხჭირე და უკმაყოფილება ედო. მიუხედავად გაცხადებული მაღალი იდეალებისა, გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა, სამოქალაქო ომი, შევარდნაძის ჩამოყვანა, მხედრიონის შექმნა, ვარდების რევოლუცია - ეს იყო ბრძოლა ქონების გადანაწილებისათვის და სანამ ქონება მეტ-ნაკლებად სამართლიანად არ გადანაწილდება, ეს ამბები არ დამთავრდება.

    მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის თითქმის მთელი ქონება არასამართლიანი გზებით ჩაიგდეს ხელში, სახელმწიფოს უმაღლესი ინტერესებიდან გამომდინარე, მაინც არ იქნება მართებული უკვე განკერძოებული ქონების ნაციონალიზაცია. ეს დააზარალებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, დააფრთხობს სერიოზულ ინვესტორებს და უარეს დღეში ჩააგდებს ეკონომიკას. უმჯობესი იქნება, სახელმწიფომ მოლაპარაკებების გზით დაარწმუნოს საწარმოთა მფლობელები, რომ თუ მათ სურთ, შეინარჩუნონ კანონდარღვევით ხელში ჩაგდებული ქონება, ნებაყოფლობით უნდა დათანხმდნენ მიტაცებული ქონების ნაწილის დაბრუნებაზე, რომელიც შემდგომ, აქციონირების გზით გადანაწილდება საზოგადოების სხვა წევრებზე.

    მაგალითად: თუკი რომელიმე ეგრეთ წოდებულმა "ინვესტორმა" 10 მილიონად, კანონდარღვევით, ხელში ჩაიგდო 100 მილიონად შეფასებული ობიექტი, "ინვესტორთან" მოლაპარაკებისა და შეთანხმების შედეგად მთავრობამ მასთან ერთად უნდა მოახდინოს ამ ობიექტის რეალური შეფასება, სააქციო კომპანიად გარდაქმნა, ათი, თუნდაც ოცი მილიონის ღირებულების აქციები დაუტოვოს "ინვესტორს", ხოლო დანარჩენი 80 მილიონის აქციები გაასხვისოს მოსახლეობაზე.

    ამ გზით სამმაგი ეფექტი მიიღწევა: 1. ობიექტის მფლობელი პრაქტიკულად არ დაზარალდება. პირიქით, კომპანიას დამატებითი თანხები გაუჩნდება წარმოების განახლების, გაფართოებისა და ახალი ინვესტირებისათვის, რაც გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს. 2. ათასობით ადამიანი გახდება საწარმოების თანამფლობელი, რომელთაც გაუჩნდებათ სტაბილური შემოსავალი და ამით ხელი შეეწყობა საშუალო კლასის ფორმირებას და 3. აქციების გაყიდვისას დღგ-ს სახით ბიუჯეტში შევა დამატებითი თანხები, რომელიც ასევე წაადგება ქვეყნის განვითარებას.

    ეს არის გზა "მეწილეთა" კაპიტალიზმიდან აქციონერთა კაპიტალიზმისაკენ, ჩვენი აზრით, უფრო სამართლიან სოციალურ საბაზრო ურთიერთობებამდე, შედარებით სამართლიან სახელმწიფომდე, სადაც, მართალია, ღარიბებიც იქნებიან და მდიდრებიც, მაგრამ ქონებრივი განსხვავება მათ შორის აღარ იქნება ისეთი კატასტროფული, როგორიც დღესაა, ხოლო ათიათასობით ადამიანს მიეცემა სიღარიბისგან თავის დაღწევის და ნორმალური ცხოვრების შანსი.

    ამ გეგმის განხორციელება ადვილი არ იქნება. ამისთვის საჭიროა მტკიცე პოლიტიკური ნება, გნებავთ, პოლიტიკური სიმამაცე, რადგან ასეთ გადაწყვეტილებას აუცილებლად მოჰყვება გამდიდრებულთა და მათ იდეოლოგთა, ლიბერტარიანელთა გააფთრებული პროტესტი ლოზუნგებით, რომ კერძო საკუთრება წმიდათაწმიდა და ხელშეუხებელია, რომ იზღუდება თავისუფალი მეწარმეობა, რომ სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში დააქცევს ქვეყანას და ა.შ.

    კერძო საკუთრება, რა თქმა უნდა, ხელშეუხებელი უნდა იყოს, მაგრამ ისმის კითხვა: ის, რაც კანონდარღვევით, კორუფციით, ძალადობითაა მიტაცებული, ისიც ხელშეუხებელი უნდა იყოს? ან როცა საქვეყნო ინტერესებზე ვლაპარაკობთ და ნახევარ მსოფლიოს ინვესტიციების ჩასადებად ვეპატიჟებით, რომელ დარგებში უნდა განხორციელდეს ეს ინვესტიციები, როცა ქვეყნის თითქმის ყველა მსხვილი საწარმო მეათედ ფასადაა მიტაცებულ-დასაკუთრებული? რამდენად სამართლიანია, რომ ბათუმისა და ფოთის მილიარდიანი კაპიტალიზაციის პორტები, რომლებიც ბათუმის და ფოთის ათიათასობით ოჯახის კეთილდღეობის საფუძველი და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის ძლიერების წყარო იყო, მეათედ ფასში გაიყიდა ყოველგვარი წესისა და კანონის დარღვევით და რამდენიმე შინაური და გარეული "ინვესტორის" გამდიდრების წყაროდ იქცა იმ დროს, როცა ამ ქალაქების მოსახლეობის დიდი ნაწილი ელემენტარულად შიმშილობს?

    სახელმწიფოს ჩაურევლობა ეკონომიკაში კარგია თავისუფალი, პატიოსანი კონკურენციის დროს, როცა საწყისი სასტარტო პირობები ყველასთვის თანაბარია, მაგრამ როცა ერთ მხარეს დგას კორუფციული და დანაშაულებრივი გზით გამდიდრებულთა მცირე ჯგუფი, რომლებმაც გაპარტახებამდე მიიყვანეს ქვეყანა, ხოლო მეორე მხარეს უმუშევართა და გაჭირვებულთა უზარმაზარი არმია, სახელმწიფოს ჩაურევლობა, უბრალოდ, დანაშაულია. მილტონ ფრიდმანი კი ამბობს, სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში რეგულირების მიზნით ყოველთვის კორუფციასთანააო დაკავშირებული და ეს ალბათ ასეცაა, მაგრამ, ჩვენი აზრით, უმჯობესია, ჭაობში ჩარჩენილი ეკონომიკის მანქანა, თუნდაც ჭუჭყიანი, მაინც დროზე ამოვათრიოთ ზევით, ვიდრე ველოდოთ, რომ ოდესმე ის თავისით შეძლებს ჭაობიდან თავის დაღწევას. არაკორუმპირებული მთავრობის ხელში ეკონომიკის რეგულირება კონკურენციის მახინჯი გამოვლინებების პრაქტიკული ნეიტრალიზაციაა მხოლოდ და სხვა არაფერი.

    ქვეყანაში, სადაც ათასი წლის წინ ანდერძად იბარებდნენ "მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები", იმ სიბრძნით სიარული, რომ "ადამიანი ადამიანისათვის მგელია", ვფიქრობ, არ გამოგვადგება. ამიტომ, ორი ვარიანტიდან: თავისუფალ, მძაფრ, დაუნდობელ კონკურენციაზე დაფუძნებული "მეწილეთა" კაპიტალიზმი თუ ცოტათი ნაკლებეფექტური პარტნიორული, კორპორატიული, აქციონირებაზე დაფუძნებული სოციალური საბაზრო მეურნეობა, მე არჩევანს მეორის სასარგებლოდ გავაკეთებდი.

    თქვენ?

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    mamuka   (13.01.2014)
    მეც მაგრამ


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×