სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    კომენტარი "რეზონანსის" პუბლიკაციაზე
    მოსაზრება
    15.07.2013

    როინ მეტრეველი

    მე გაზეთ "რეზონანსის" მკითხველი გახლავართ. ვაფასებ მის პროფესიულ დონეს, ინფორმაციულობას; ამიტომ გულგრილი ვერ ვიქნები მასში დაბეჭდილი მასალების მიმართ. მინდა მოგახსენოთ ჩემი დამოკიდებულების შესახებ 2013 წლის 3 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულ მ. ოთარაშვილის პუბლიკაციაზე.

    საქმე ეხება 90-იანი წლების უნივერსიტეტსა და მის რექტორს, ე.ი. - მე. "რეზონანსის" ინფორმაციით, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად შეიძლება დავსახელებულიყავი (ეს ინფორმაცია არასწორი გამოდგა), რასაც თურმე აკადემიკოსების ნაწილის ნეგატიური რეაქცია მოჰყვა, რადგან "სამართლიანად თუ უსამართლოდ" (ასეა პუბლიკაციაში) უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის სახელი ასოცირდებოდა კორუფციასთან.

    ვიდრე პუბლიკაციაში დასმულ სხვა საკითხებს შევეხებოდე, აღვნიშნავ, რომ ეს დებულება კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის. მე კარგად ვიცი უნივერსიტეტისა და პირადად ჩემს მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება და ამაზე არ გავაგრძელებ მსჯელობას. ასევე ვიტყვი, რომ არსებობენ ერთეული პიროვნებები, რომლებიც ამგვარი აბსურდის გავრცელებას ცდილობენ. ეს ის ჯგუფია, რომელმაც 2000 წლიდან დაუწყო ბრძოლა უნივერსიტეტს, თანაც ამ "ბრძოლას" ნიღბავდნენ კორუფციასთან ბრძოლის დროშით. სამწუხაროდ, დღეს უკვე ამისი თქმა შეიძლება, თავად არიან ჩაფლული კორუფციის ჭაობში. ეს ის ხალხია, რომელთაც დაანგრიეს უნივერსიტეტი: 22 ფაკულტეტიდან შექმნეს 6, ყოველგვარი წესის დაუცველად, უნივერსიტეტს ჩამოაცილეს 1500 პროფესორ-მასწავლებელი, რასაც სამწუხარო შედეგები მოჰყა, რამდენიმე ღირსეული მეცნიერი მსხვერპლად შეეწირა (გარდაიცვალა) ამ "გარდაქმნას"; გაუქმდა ყველა კაბინეტი (სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები), მათ შორის შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას, ივანე ჯავახიშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, კორნელი კეკელიძისა და სხვ. მოხდა მსოფლიოს საუნივერსიტეტო ცხოვრების ისტორიაში უპრეცენდენტო რამ - პოლიცია შევიდა უნივერსიტეტში და "დაატყვევეს" აუდიტორიაში მყოფი ასამდე პროფესორი, არ აწვდიდენ წყალსა და არ უშვებდნენ ტუალეტში. ნგრევის მაგალითები სხვაც ბევრია, ჩვენ აქ შევჩერდებით. ვიტყვით ერთს - უნივერსიტეტის სახელს გაფრთხილება უნდა.

    უნდა აღვნიშნო, რომ 2000 წლიდან მოკიდებული ადგილი აქვს ჩემი სახელის შელახვის მცდელობას. ცალკეული მედიასაშუალებები და ტელევიზიის ზოგიერთი არხი ინტენსიურად "ზრუნავდნენ" ამაზე. სხვათაშორის ზოგიერთი ასეთი, უნივერსიტეტისა და მისი რექტორის წინააღმდეგ შეგნებული გამოხდომების შემდეგ, უნივერსიტეტის დიდი საბჭო თავის განცხადებებს აკეთებდა და უარყოფდა მათ ცილისწამებას. ეს დიდი საბჭოს სხდომათა სტენოგრამებში, შესაბამისად ოქმებში, დაფიქსირებულია. მე შეგნებულად ვდუმდი. არ მინდოდა ავყოლოდი უნივერსიტეტის დასანგრევად მათ მიზანმიმართულ გამოხდომებს. არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთმა ადამიანმა ეს ცილისწამება რეალობად მიიჩნია. ეს კი ასე არ არის. არც ზოგადად საზოგადოების, არც კოლეგების, არც ნაცნობ-მეგობრებისაგან მე ეს არ მიგრძვნია. ისეთივე ცხოვრებას განვაგრძობ, როგორც ვცხოვრობდი. უკანასკნელი წლების მანძილზე მნიშვნელოვან სასიკეთო მოვლენებსაც ჰქონდა ადგილი ჩემს ცხოვრებაში.

    გაზეთ "რეზონანსის" პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ აკადემიის წევრები კულუარულად გამოსთქვამენ სხვადასხვა მოსაზრებას, ხმამაღლა აზრის გამოთქმას კი ერიდებიან. აკადემიის წევრებს არაფერზე აქვთ აზრი გამოსათქმელი, თუნდაც იმიტომ, რომ ეს საკითხი (რ.მეტრეველის ვიცე-პრეზიდენტად არჩევა) აკადემიის პრეზიდენტს (მისია პრეროგატივა) საერთოდ არ დაუყენებია, არ ყოფილა კრების დღის წესრიგში შეტანილი. რაც შეეხება ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ სხვადასხვა მოსაზრებების არსებობას, ამაში დასაგმობი არაფერია. სწორედ სხვადასხვა აზრის შეჯერების შედეგად იბადება მისაღები გადაწყვეტილება.

    სხვადასხვა მოსაზრების დასამტკიცებლად პუბლიკაცია მკითხველს სთავაზობს ოთხი რესპონდენტის: აკადემიის ნამდვილი წევრის ლადო პაპავას, პროფესორ მარინა მუსხელიშვილის, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორის დავით ქარქაშაძის და აკადემიკოს (ასეა მოხსენიებული) ზურაბ ვახანიას გამონათქვამებს.ლადო პაპავამ სავსებით მართებულად გასცა რეალური ვითარების ამსახველი პასუხი, სადაც მითითებულია, რომ ჩემივიცე-პრეზიდენტად არჩევის საკითხი აკადემიის პრეზიდენტსარ დაუყენებია. პროფესორმა მარინა მუსხელიშვილმა "აკადემიაში მიმდინარე პროცესების თაობაზე ინფორმაციის უქონლობის გამო" კომენტარი არ გააკეთა. ეს ჩემთვის გასაგებია. ქალბატონი მარინა მაღალ მოქალაქეობრივი ღირსების მატარებელი პიროვნებაა და ზერელე დასკვნას არ გააკეთებდა.

    დავით ქარქაშაძე აღნიშნავს: "მე პირადად როინ მეტრეველთან ცუდი დამოკიდებულება ნამდვილად არა მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკოსებისადმი და საერთოდ საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებისადმი ლოიალურად იყო განწყობილი". იგი თვლის, რომ არსებული "ხმების" გამო ჩემი რეპუტაცია არ წაადგება აკადემიას.

    მართლაც მე, გამორჩეულად პატივს ვცემდი ფიზიკოსებს და ბევრს ვეხმარებოდი მათ. ეს, ჩემი აზრით, თამამად შეიძლება დაამოწმონ ფაკულტეტის ყოფილმა დეკანმა და კათედრათა გამგეებმა. რაც შეეხება რესპონდენტის მოსაზრებას, "ხმების" გამო გარკვეული დასკვნის გამოტანის შესახებ, ეს მისი საქმეა და მე არ შევედავები. მთავარია თავად იყოს მართალი საკუთარი თავის მიმართ. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ პატრიარქთან მეცნიერთა ჯგუფის შეხვედრას მეც ვესწრებოდი, განპირობებული იყო პირადად უწმიდესის მიერ ჩემი მიწვევით და თუ რომელიმე გაზეთმა ჩემი გვარი აუგად მოიხსენია, ეს განპირობებული იყო მეცნიერთა ჯგუფისადმი ჩემი მხარდაჭერის გამო (იმ ჯგუფისა, რომლის შემადგენლობაში ბატონი დ. ქარქაშაძე იყო).

    რაც შეეხება ბატონ ზურაბ ვახანიას, უპირველესად ის უნდა აღვნიშნო, რომ იგი არ არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი ანუ აკადემიკოსი (როგორც ამას "რეზონანსი" წარმოადგენს). საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონის მიხედვით "დაუშვებელია საქართველოში სხვა რომელიმე აკადემიის წევრი იწოდებოდეს აკადემიკოსად... გარდა საქართველოსმეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრისა".რესპონდენტი ალბათ რომელიმესხვა აკადემიის წევრია და ამაშიარაფერია საკვირველი,მაგრამ მეიმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ მკითხველმა იგი არ მიაკუთვნოსსაქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას. მას უნდა მიეთითებინა ის დარგობრივი აკადემია, ალბათ რომლის წევრიც არის. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ ბატონი ზურაბ ვახანია ლაპარაკობს უდანაშაულობის პრეზუმციაზე, მართებულად აღნიშნავს, რომ შესაძლოა ერთს ლაპარაკობდნენ, მაგრამ რეალურად სხვა იყოსო. რესპოდენტი ყურადღებას ამახვილებს ნაცნობობით თანამდებობაზე დანიშვნის მიუღებლობაზე. სავსებით ვეთანხმებით. ეს ზოგადად ჭეშმარიტებაა, თუმცა ეს უნივერსიტეტში გამორიცხულია (ყოველი შემთხვევისათვის ჩემი რექტორობის დროს). უნივერსიტეტის დიდი საბჭო, რომელიც 203 კაცს ითვლიდა (საკმაოდ რთული და კრიტიკული საბჭო იყო) ამტკიცებდა ყველა პროფესორს, დოცენტს, დეკანს, პრორექტორს, რექტორს. დამტკიცება (არჩევა) ხდებოდა ფარული კენჭიყრით. ასე რომ, სასწავლო-სამეცნიერო თანამდებობის ყველა პირი საკმაოდ დიდ ფილტრში გადიოდა.

    ზოგადად მინდა ვთქვა, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლები უმძიმესი იყო ქვეყნისათვის და ეს სიძნელეები განსაკუთრებით გამოიკვეთა უმაღლეს განათლებაზე, კერძოდ უნივერსიტეტში. მე რექტორად 1991 წლის 14 ოქტომბერს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დამნიშნა. 1992 წლის თებერვლის დეკრეტით უნივერსიტეტი ავტონომიური გახდა. ჩემი თაოსნობით ამავე წლის 22 აპრილს ჩატარდა რექტორის არჩევნები პირველად ივანე ჯავახიშვილის რექტორობის შემდეგ; რექტორად მე ამირჩიეს (ამის შემდეგ კიდევ ორჯერ - 1996 წ., 2002 წ. - ამირჩიეს რექტორის თანამდებობაზე). მიუხედავად დიდი ეკონომიკური სიძნელეებისა (არ იყო გათბობა, დროდადრო ელექტროობა ითიშებოდა, ხელფასები დაბალი იყო და სხვ.) უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ღირსებით ასრულებდნენ თავის მოვალეობას. ამ რთულ პერიოდში უნივერსიტეტში ლექცია არ გაცდენილა. ჩვენ 1993 წლის სექტემბერში ბოლონიის უნივერსიტეტში ხელი მოვაწერეთ ე.წ. "მაგნა კარტას" (უნივერსიტეტების დიდი ქარტია) და ევროპულ უნივერსიტეტებთან გავაფრთოვეთ ურთიერთობა. 1994 წელს შემუშავებულ იქნა საუნივერსიტეტო განათლების კონცეფცია, შემოღებულ იქნა ორსაფეხურიანი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) სწავლება, დავაარსეთ სამედიცინო ფაკულტეტი. გავხდით უნივერსიტეტთა ევროპული ასოციაციის წევრი. თანდათან ცხოვრებაც მდორედ, მაგრამ მაინც უმჯობესდებოდა. 1997 წლის 1 იანვრიდან განსაკუთრებული სტატუსი მოგვენიჭა (აქ, სხვა პრივილეგიებთან ერთად მნიშვნელოვანი იყო ხელფასების გაორმაგება). ამაღლდა სტუდენტური თვითმმართველობის ხარისხი, მაღალ დონეზე ავიდა სტუდენტური თვითმოქმედება. სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებმა წარმატებებს მიაღწიეს მსოფლიო მასშტაბის კონკურსებში (ინფორმატიკა, მჭევრმეტყველება). ყყ| საუკუნის დასაწყისისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მოწინავე უმაღლეს სასწავლებელთა რიგში ჩადგა. მრავალი უნივერსიტეტდამთავრებული წარმატებით საქმიანობს, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა მაღალი სულიერების მაჩვენებელია უნივერსიტეტის ეზოში დავით აღმაშენებლის სახელზე ეკლესიის აგება.

    რაც შეეხება პირადად მე, 25 წელია აკადემიის წევრი ვარ. აქედან ოცი წელი აკადემიკოსი. ათეული წლებია ვხელმძღვანელობ აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებას. დაადასტურებს აკადემიის ყველა წევრი, რომ ჩვენი განყოფილება მოწინავეა. განყოფილების წევრთა მეცნიერული პროდუქციის შესახებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია ყოველწლიური ანგარიშებიდან (ვრცელდება ბეჭდურად). ასე რომ, აკადემიის იმიჯის ამაღლებისათვის ჩვენი განყოფილების ყველა წევრს მნიშვნელოვანი ამაგი შეაქვს.

    რაც შეეხება უკანასკნელ მოვლენებს აკადემიაში: საპრეზიდენტო არჩევნების წინ საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებამ ერთხმად წამომაყენა აკადემიის პრეზიდენტად. მე, მიუხედავად დაჟინებული მოთხოვნისა, უარი ვთქვი ამ თანამდებობაზე კენჭისყრაზე და ჩემი თხოვნით მხარი დავუჭირეთ უკვე წამოყენებულ პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს. პრეზიდენტის არჩევის შემდეგ შემომთავაზეს (ცხადია ახალმა პრეზიდენტმა) ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენა, თუმცა საერთო კრებაზე, რომელიც "რეზონანსის" პუბლიკაციამდე 10 დღით ადრე გაიმართა, ეს საკითხი პრეზიდენტს არ დაუსვამს. ესაა სიმართლე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×