სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    15.07.2013

    თამაზ აქუბარდია

    პირველი და ყველაზე უფრო თვალნათლივი, რაც საბაზრო სისტემამ თბილისელებს, და არა მარტო თბილისელებს, მოგვიტანა, ისაა, რომ არა მარტო ყველა ეზოში თუ კორპუსთან, არამედ პრაქტიკულად ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელი იყო, ერთი სავაჭრო ობიექტი, ანუ, როგორც მას რატომღაც დღეს "მარკეტს" ეძახიან, მაინც დაიდგა.

    რადგან არსთაგამგებელმა ისე ინება, რომ პრაქტიკულად ჩემი ტვინი ჩემი ოჯახის გარდა არავის არ სჭირდება და, ამდენად, თავისუფალი დრო ბევრი მაქვს, განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში, ხშირად ვებაასები "მარკეტის" პერსონალს მათი ბიზნეს საქმიანობის შესახებ.

    იმ დღესაც, როდესაც ერთ-ერთ მარკეტთან ვიდექი და მის მეპატრონეს მცირე ბიზნესის პრობლემებზე ვემასლაათებოდი, მეზობელი მაღაზიის მეპატრონემ ჩამოიარა მანქანით, ერთი წამით შეჩერდა, მოიკითხა მარკეტის მეპატრონე, როგორ ხარო, ბიზნესი როგორ მიდისო, - იკითხა და წასვლის წინ ერთი წინადადება დააგდო, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად, თავისი მნიშვნელობით მთელი სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ წლის განმავლობაში ათეულობით თანამშრომლის მიერ გამოთვლილ-გაანგარიშებული მაჩვენებლების (როგორც მიკრო, ასევე მაკრო) დასკვნებზე უფრო მრავლისმეტყელი იყო. ეს ერთგვარი განზოგადებული მაჩვენებელიც კია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესაფასებლად. აი, ეს წინადადებაც: "თუკი არჩევნებამდე ნისიად გაცემული საქონელი თვეში 1000 ლარს არ აღემატებოდა, ახლა 2500 ლარამდე მიწევს ნისიად საქონლის გაცემა"-ო.

    მოგეხსენებათ, ქვეყნის მოსახლეობის 10%-ის გარდა, მომსახურების ამ ფორმით (ვგულისხმობ ნისიად საქონლის აღებას) ყველა სარგებლობს. ეს თავისთავად რაზე მეტყველებს, ძალზე ადვილი გასაგებია, მაგრამ სრულიად გაუგებარია, მიშასდროინდელი საგადასახადო სამსახური ამით ძალიან კარგად რატომ სარგებლობდა და იყო 500-ლარიანი ჯარიმების გამოწერის "სისხლიანი დრამები." ამ მიზნით სპეციალურად ე.წ. საგადასახადო აგენტებიც კი ჰყავდათ აყვანილი, რომლებიც ამ ცოდვიან საქმეზე სპეციალურად დაძრწოდნენ, საიდანაც ყოველ ასეთ გაუბედურებულზე გადახდილი ჯარიმის 20% მათი იყო. და ასეთ საქმიანობაზე ბევრი სიამოვნებით მიდიოდა, განსაკუთრებით ახალგაზრდები.

    საგადასახადო სამსახურის მიშასდროინდელი ცოდვები ალბათ თავის დროზე შესწავლას დაექვემდებარება, მაგრამ ახლა ეს საკითხი არ წარმოადგენს ჩვენი განხილვის საგანს. ჩვენი მიზანია, ავხსნათ ამ მოვლენის - ანუ, რატომ გაიზარდა 1000 ლარი 2500 ლარამდე - გამომწვევი მიზეზები, თუკი ამ ინფორმაციას დადასტურებულად მივიჩნევთ.

    პრესაში გამოქვეყნდა იმ ფირმების ჩამონათვალი, რომლებიც მიშას ხელისუფლებას ყოველწლიურად ქეშით უხდიდნენ. ამ სიის არასრულობის მიუხედავად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს თანხა სულ ცოტა 1500-1600 მილიონ ლარს შეადგენდა. ამ თანხას მეწარმეები საკუთარ საქონელზე ფასნამატით ინაზღაურებდნენ. ცხადია, აზრადაც ვერ გაივლებს ვინმე, რომ მეწარმე ამ თანხებს მოგებიდან გასცემდა. მას ეს თანხები წარმოების ხარჯებში შეჰქონდა და თითოეული ჩვენგანის ჯიბეში ხელის უსინდისო ფათურით კომპენსირდებოდა.

    სწორედ ამიტომ გაიზარდა ფასები ენერგომატარებლებზე, კვების პროდუქტებზე, მინერალურ წყლებზე, ალკოჰოლურ სასმელებზე, თამბაქოს ნაწარმზე, ფარმაცევტულ საქონელზე, სამედიცინო მომსახურებაზე და საერთოდ, ყველა სახის საქონელზე.

    ამ ყოვლად უსინდისოდ ამოღებული თანხების ერთი ნაწილი მიშას ხუშტურებზე იხარჯებოდა, მეორე ნაწილი ხელისუფლების შენარჩუნებისათვის საჭირო პიარკამპანიებზე, დასავლეთის ქვეყნებში დემოკრატიულობის ფასადის შენარჩუნებისათვის საჭირო ლობისტური საქმიანობის ჩათვლით, ხოლო დანარჩენი საკუთარი გარანტირებული კეთილდღეობის უზრუნველყოფას ხმარდებოდა. და ყველაფერ ამას 9 წელიწადი ვითმენდით და ვითმენთ დღესაც, რადგანაც ის უტიფარი გამოხდომები, რასაც დღეს ყოფილი ხელისუფლების ნარჩენები სჩადიან, გაცხარებაზე უფრო გაკვირვებას იწვევს. ყველაზე უცნაური ის არის, რომ დღევანდელი ხელისუფლება მუდმივად თავის მართლების პოზაშია.

    მოთმინების ასეთი რა უნარი გვქონია ქართველებს! ეს ისტორიულად დამახასიათებელი თვისება გვაქვს თუ პერმანენტულმა გაჭირვებამ დაგვაჩმორა ასე? შესაძლოა, ეს ყველაფერი ერთად არის აზელილ-ათქვეფილი და მაინც, ის რაც ქართველებმა მოვითმინეთ, ჩვენს უგუნურობაზეც ისევე მეტყველებს, როგორც გონიერებაზე.

    უგუნურობაზე იმიტომ, რომ ვერ შევძელით, წინ აღვდგომოდით იმას, რომ ის ხელისუფლებაში არ მოსულიყო, ხოლო გონიერებაზე იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პოლპოტის მიერ საკუთარი ერის გაჟლეტა მონაგონი იქნებოდა. სანამ საკუთარი უფლებების დაცვის ინსტიტუციონალური სისტემა არ შეიქმნება, ალბათ არცერთი ქვეყანა ასეთი საფრთხისგან დაცული ვერ იქნება და ყოველთვის გამოჩნდებიან მიშასნაირები.

    მიშამ რომ ჯალათური სისტემა შექმნა, ამას თავის დროზე სასამართლო იტყვის, მაგრამ ერთი კი უდავოა, შესაძლოა, მის ავადმყოფურ გონებაში ეს ყველაფერი პოტენციურად არსებობდა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ვიღაცის მიერ წვრილმანებამდე გაწერილი პროგრამით მოქმედებდა და ეს პროგრამა სულაც არ იყო დაწერილი ჯორჯ ორუელის უსაშინლესი რომანის "1984"-ის მიხედვით.

    ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ადამიანებისთვის ისეთი ინსტიტუტების შექმნის უზრუნველყოფა, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს ადამიანის ყველა უზენაეს უფლებას და მათგან, უპირველეს ყოვლისა, სიცოცხლის და საკუთრების უფლებებს. ის, რომ ამ მხრივ ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი, ერთი შეხედვით არატიპურ, მაგრამ თავისი არსით ძალიან დამაფიქრებელ მაგალითს მოვიყვანთ.

    ვარკეთილის მეტროდან ამომსვლელთა ის უზარმაზარი ნაკადი, რომელიც მარცხენა ამოსასვლელით სარგებლობს, დამეთანხმება, რომ ბოლო კიბესთან (ამ კიბეებზე სიარული უნდა მიუსაჯოს კაცმა ყოველდღე მის გამკეთებელს, ამ რაიონის გამგებელს, ქალაქის მერს და მიშას) არის მაღაზია, სადაც ყოველ ხუთ წამში ერთხელ ისმის სიტყვები - "ჯეოსელის და ბილაინის ნომრები უფასოდ". ნამდვილად არ ვაჭარბებ, - ყოველ ხუთ წამში ერთხელ და მთელი დღის განმავლობაში. ის, რომ მგზავრების ნერვებზე მოქმედებს ეს მონოტონური, ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედების საუკუნეების განმავლობაში აპრობირებული მეთოდი, გასაგებია, მაგრამ ყველაზე გასაოცარი, ყველაზე გამაოგნებელი, გნებავთ, ყველაზე აუხსნელი, ალბათ მაინც ის უნდა იყოს, თუ როგორ უძლებენ ამ მაღაზიის გარშემო მყოფი და, კიდევ უარესი, თავად ამ მაღაზიაში მომუშავე ადამიანები, ამ ჭკუიდან გადამყვან, მონოტონურ და ერთფეროვან რეკლამას (ცხადია, უფრო ანტირეკლამას, ვიდრე რეკლამას) დღეში 24 საათი, კვირაში 7 დღე, თვეში 30 დღე და წელიწადში 365 დღე. და ასე გაუთავებლად. რატომ არ გამოჩნდა ერთი ადამიანი მაინც, რომელიც ამ ჯოჯოხეთს წინ აღუდგება? არადა, თითქოს ძნელი არ უნდა იყოს ამ ჯოჯოხეთიდან გამოსვლის გზის პოვნა.

    მაგრამ არა, ყველა იმის მოიმედეა, რომ როცა იქნება, ეს დამთავრდება! ერთადერთი, რაც გარშემომყოფებმა მითხრეს, ამ მაღაზიას "ფაშისტების მაღაზიას" ვეძახითო. აი, ეს არის სულ, - პროტესტის გამოხატვის უწყინარი ფორმა. აქ არ არის მოსატანი და მითუმეტეს მოსაყოლი, თუ მე რა ნაბიჯები გადავდგი, აქ მთავარია, რომ არ არსებობს არც სამართლებრივი კულტურა, მითუმეტეს ისეთი ინსტიტუციონალური სისტემა, რომელიც ამას და საზოგადოდ, ადამიანის უფლებების შემლახავ მასობრივ თუ ცალკეულ შემთხვევებს აღმოფხვრის.

    ახლა კი კიდევ ერთხელ დავსვათ სათაურში გამოტანილი რიტორიკული შეკითხვა, - რატომ არ იკლებს ფასები? თუ მართალია ის, რაც ზემოთ ითქვა, რომ ფასების ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ბიზნესზე მიშას ხელისუფლების მიერ შეწერილი თანხებია, რაშიც ეჭვის შეტანა დღეს პრაქტიკულად უკვე აღარ შეიძლება, მაშინ იგივე ფასების პირობებში სად მიდის ის ფასთა სხვაობა?

    ამასთან ერთად იმ არაადამიანების შესახებაც გვინდა ვიკითხოთ. თუკი საბანკო სფეროსაც ჰქონდა შეწერილი ეს თანხები, მაშინ ერთ-ერთი ბანკის მმართველი, რომლის ხელფასმა, ბონუსებთან ერთად, 2011 წელს 4,8 მლნ ლარი შეადგინა, ფიგურალურად რომ ვთქვათ, ძელზე გასასმელი არ არის? ყველა ამ ვაიბიზნესმენმა საჯაროდ არ უნდა მოუხადოს ბოდიში საზოგადოებას ამ არაადამიანური საქციელის გამო?

    და კიდევ, იმ ხალხის, რომელიც ვარკეთილის მეტროში ამ ტვინისგამბურღავ 24 - საათიან რეკლამას 24 საათი უდრტვინველად ითმენს, ეს გონიერებით მოსდის თუ უგუნურობით, დღემდე ვერ გამირკვევია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×