სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    11.07.2013

    ამბროსი გრიშიკაშვილი

    კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა ხალხი მრავალგვარი მიზეზით გამუდმებით იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. ეს ზოგჯერ ომების, ქვეყნების დაპყრობის გზით, ზოგჯერაც მშვიდობიანად ხდებოდა. ემიგრაცია მათთვისაც სასარგებლო იყო, ვინც სამშობლოს ტოვებდა და იმ ქვეყნისთვისაც, სადაც ისინი საცხოვრებლად და სამუშაოდ გადადიოდნენ. ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, აშშ, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია ემიგრანტების გარეშე ასე ვერ განვითარდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკელ ნობელიანტთა, განსაკუთრებით ეკონომიკის დარგში, დიდი ნაწილი სწორედ მათი რიგებიდანაა.

    ადრეული საუკუნეების ხალხთა გადასახლებებზე (როგორიც იყო ასურთა მიერ ებრაელთა აყრა-გადასახლება, არაბებისა და თურქების მიგრაცია და სხვა) რომ არაფერი ვთქვათ, ამ პროცესებმა განსაკუთრებით ფართო ხასიათი ყქ||-ყქ||| საუკუნებში მიიღო. სწორედ მაშინ გადასახლდნენ ევროპიდან ახალ სამყაროში კათოლიკეები, ყ|ყ საუკუნეში - ებრაელები, ყყ-ში - სომხები და ა.შ. განსაკუთრებით ბევრი ებრაელი გაექცა ფაშისტთა დევნას. ზემოთ აღნიშნული ქვეყნები დღესაც მრავალ ემიგრანტს იზიდავს.

    ქვეყნიდან გონიერი და ბეჯითი ადამიანების გასვლას "ტვინის გადინება" ეწოდება. ეს ტერმინი, თუ არ ვცდები, ყქ|-ე საუკუნეში წარმოიშვა, როდესაც კათოლიკეებისაგან დევნილი პროტესტანტები სხვა ქვეყნებში - აშშ, ინგლისი, სამხრეთ აფრიკასა და ნაწილობრივ გერმანიაში გაიქცნენ. ჰუგენოტები (როგორც პროტესტანტებს საფრანგეთში ეძახდნენ) საზოგადოების ელიტას შეადგენდნენ და, ცხადია, მათ მიერ ქვეყნის დატოვება დიდად საზარალო იყო საფრანგეთისთვის, ხოლო სასარგებლო ყველა იმ ქვეყნისათვის, სადაც ისინი გადასახლდნენ. მაგალითად, ჰუგენოტებმა, განსაკუთრებით ბერლინში მკვიდრთა 20% შეადგინეს და შემდგომ ბევრმა მათგანმა გამოიჩინა თავი. გვარების მიხედვით გაგერმანელებულ ფრანგთა გამოცნობა დღესაც შეიძლება.

    ასევე ძალიან ისახელეს თავი ჩინელებმა ინდონეზიაში. 1995 წლამდე ისინი მოსახლეობის ოდენ 3%-ს შეადგენდნენ, მაგრამ ისე ენერგიული და აქტიურები იყვნენ, რომ ჯაკარტას საფონდო ბირჟაზე კაპიტალის ბრუნვის 70%-ზე მეტი სწორედ ეთნიკურ ჩინელებზე მოდიოდა, 10-დან 9 კონგლომერატს სწორედ ისინი ფლობდნენ, 300 მსხვილი კომპანიიდან 68% მათი იყო. ცნობილი ინდონეზიელი დიქტატორის სუხარტოს დროს ჩინელები დაარბიეს და ქვეყანა დაატოვებინეს.

    როგორც ჩანს, საქართველოში კვლავ შეიქმნა მდგომარეობა, რომელმაც ქვეყანა მიმზიდველი გახადა უცხოელებისათვის. ესენი ნაწილობრივ არიან ახალგაზრდები, რომლებიც მისაღებ ფასად ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში განათლებას ეზიარებიან. ამ მიზნით ჩამოდის ახალგაზრდობა ჩინეთიდან, აფრიკიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან, ინდოეთიდან და ა.შ. საკამათო არაა, რომ ასეთი განათლებული ხალხის საქართველოში საცხოვრებლად და სამუშაოდ დარჩენა სასარგებლო იქნება ქვეყნისათვის.

    რა თქმა უნდა, ჩვენთვის მისაღები და მისასალმებელი იქნებოდა თუკი საქართველოში შემოვიდოდა კვალიფიციური ხალხი, ჩაებმებოდა ქვეყნის სამეურნეო ცხოვრებაში და ამით ასარგებლებდა თავსაც და ქვეყანასაც. თუმცა, ასეთ ხალხთან ერთად, ბოლო წლებში ქვეყანაში ინტენსიურად შემოდიან აქ სამუშაოს მძებნელი უბრალო, კვალიფიკაციის უქონელი ადამიანები, განსაკუთრებით, გლეხები, ვისაც მიწის შეძენა და დასახლება სურს. აქ მათ ხიბლავთ გამარტივებული სავიზო რეჟიმი, კორუფციის დაბალი დონე, მინიმალური ბიუროკრატია, ბიზნესის წამოწყების სიადვილე, სწრაფი და გამჭვირვალე მომსახურება და ა.შ. ჩამოსულებს საქართველოში იზიდავთ ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა, გულითადობა, შესანიშნავი კლიმატი და სხვა.

    სამწუხაროდ, ეს არის, ძირითადად, მოსახლეობის დაბალი კატეგორია, რომელთაც სამშობლოში 10 ათას დოლარამდე კაპიტალი დაუზოგავთ და ჯერჯერობით ქართლსა და კახეთში, მრავალჯერ უფრო იაფად (350 დოლარადაც კი 1 ჰექტარი), ვიდრე ეს მათ საკუთარ ქვეყნაში შეეძლოთ, იძენენ მიწებს, საცხოვრებელს და ოჯახებთან ერთად აქ სახლდებიან. მაგალითად, ა.წ. 28 აპრილს, სატელევიზიო გადაცემა "პოსტ-სკრიპტუმში" წნორში ინდოეთიდან ჩამოსული პენჯაბელი ფერმერი გულღიად ამბობს: "ინდოეთში ერთი ჰექტარი რომ გავყიდო, საქართველოში ამ ფულით 100 ჰექტარს შევიძენ"-ო.

    ერთი პერიოდი იყო საუბარი და პრაქტიკული მცდელობაც ბურების საქართველოში ჩამოსახლებაზე. კერძოდ, 2010 წელს მოხდა კიდეც მათი რამდენიმე ოჯახის საქართველოში ჩამოსახლება, მაგრამ აქ მხოლოდ მათი მცირე ნაწილი გაჩერდა.

    მათ ნაცვლად ჩვენს ქვეყანას ძალზე ეტანებიან ინდოელი გლეხები, ასევე ჩინელები, არაბები. არაბულ გაზაფხულს (სოციალურ რევოლუციებს) ხალხი გამოექცა ტუნისიდან, ლიბიიდან და იემენიდან, სამოქალაქო ომს სირიიდან (ერთ მილიონზე მეტი), მატერიალურ სიდუხჭირეს - ირანიდან, ბევრმა დატოვა ერაყი და ა.შ. მათგან მრავალი ადამიანი სწორედ საქართველოში შემოვიდა. მათი წარმომადგენლის განცხადებით, 10 ათასი დოლარი საკმარისია აქ ბიზნესის წამოსაწყებად (პატარა კაფე, რესტორანი, სასტუმრო, სასოთლო სამეურნეო სავარგულის შეძენა), რაც სხვაგან შეუძლებელია.

    აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებიდან ჩამოსულებს თავდაპირველად ისე მოეწონათ აქ ცხოვრება და მუშაობა, რომ რეკლამა გაუწიეს ყოველივე ამას, რის გამოც მათი ჩამოსვლა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.

    არის თუ არა სასარგებლო ქვეყნისათვის უცხოელებზე სასოთლო-სამეურნეო მიწების მიყიდვა? ჩვენ ხაზს ვუსვამთ, "სასოფლო-სამეურნეო", იმიტომ, რომ მათზე სხვა მიწების მიყიდვის ქვეყნისათვის სარგებლიანობა, ვფიქრობთ, ეჭვს არ უნდა იწვევდეს. ამ გზით შემოდის ინვესტორი, კაპიტალს დებს ამ მიწაზე სასტუმროს, რესტორნის, საწარმოს თუ სხვა სამეურნეო ობიექტის ასაშენებლად და ასამუშავებლად, რითიც სარგებლობს ორივე მხარე - ქვეყანაც და ინვესტორიც.

    ახლა რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო მიწებს, აქაც, ვფიქრობ, უნდა განვასხვავოთ ორი ასპექტი: პირველი, როცა დიდ ფართობებს აუქციონზე ყიდულობს უცხოელი ინვესტორი და მეორე, როდესაც მიწას ყიდულობენ უცხოელი გლეხები აზია-აფრიკიდან. ეს უკანასკნელნი აქ მრავლდებიან და დემოგრაფიულ სურათს ამძიმებენ. ასეთ ლიბერალიზაციას ერი წინ უნდა აღუდგეს ორგანიზებულად და არა ისე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ქართლსა და კახეთში, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა სტიქიურად გამოვიდა თავისი მიწების გაყიდვის წინააღმდეგ. ეს ქვეყნის იმიჯს ლახავს და ცხადია, მას მსოფლიო საზოგადოება ქსენოფობიაში დაადანაშაულებს.

    სხვათა შორის, მსგავსი პრობლემა ზოგიერთ სხვა ქვეყანასაც აქვს. მაგალითად, როგორც ამ ბოლოს დროს მოსახლეობასთან შეხვედრისას პოლონეთში თავისი გავლენითა და მნიშვნელობით მეორე პარტიის - "კანონი და სამართლიანობა" - ლიდერმა, ამ ქვეყნის პრეზიდენტის, ტრაგიკულად დაღუპული ლეხ კაჩინსკის ძმამ, იაროსლავმა განაცხადა, პარტიის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ ჩვენი ერთ-ერთი ღონისძიება მიწების უცხოელთათვის მიყიდვის აკრძალვა, ხოლო ცრუმაგიერ პირებზე გაყიდული მიწების უკან დაბრუნება იქნებაო (პფჭუეფ ცნიწკსჭფ, 2013 წლის 19 მაისი). მისივე განცხადებით, ამას ისინი გააკეთებენ ფრანგების მსგავსად, რომლებმაც უცხოელებზე მიწის გაყიდვა აკრძალეს.

    ამდენად, მისასალმებელია ბოლო ხანებში ასეთი ხალხისათვის ვიზების გაცემის პროცედურის გამკაცრდა. ჩამოსულები როგორც იქნა მიხვდნენ, რომ არც ისე ადვილია საქართველოში მიწის მაღალეფექტური დამუშავება-გამოყენება, ამიტომ იკლო უცხოელთა შემოყვანის ინტენსივობამ. როგორც უცხოელთა შემოყვანით დაკავებული ერთ-ერთი ფირმის (პკწგტ უქქშპკფეშწტ სწტთგდეფტსნ თუკმშსუთ) წარმომადგენელი აცხადებს, თუ ადრე მათ ერთი თვის განმავლობაში საქართველოში 400-700 გლეხი შემოჰყავდათ (ძირითადად) ინდოეთიდან, ახლა ეს მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა.

    ეს კი იმან გამოიწვია, რომ ამ საქმეში ჩაბმული ფირმები მიწის მყიდველთ ვარდისფრად უხატავდნენ საქართველოში მიწაზე მუშაობის პერსპექტივასა და აქედან მიღებულ სარგებელს. ამას მრავალი მათგანისათვის იმედის გაცრუება მოჰყვა. ინდოეთის ტელევიზიას ისიც კი გადაუცია თუ როგორ მოიკლა თავი ერთმა გაკოტრებულმა ინდოელმა გლეხმა. სხვა გლეხის გაცხადებით, ყოფილა შემთხვევა, როდესაც ინდოელი გლეხი, რომელსაც რის ვაი-ვაგლახით მოუგროვებია 5-7 ათასი დოლარი, საქართველოში მიწა შეუძენია, მაგრამ ვერ მიუღია სათანადო შემოსავალი და უკან ცარიელი ხელებით გაბრუნებულა.

    იმის გამოსარკვევად, თუ რას ფიქრობენ სპეციალისტები მიწების უცხოელთათვის მიყიდვაზე, მათ კითხვით მივმართეთ:

    პროფესორი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი დავით იაკობიძე აცხადებს, რომ აგრარული რეფორმის ჩატარებამდე თავი უნდა შევიკავოთ მიწის უცხოელებზე გაყიდვისაგან.

    ამავე აზრს იზიარებს პროფესორი პაატა კოღუაშვილი. მისი განცხადებით, უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც დაუშვებს უცხოელთა მიერ მიწის საკუთრებაში ქონას, მაგრამ მხოლოდ გონივრული შეზღუდვებით.

    პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ რამაზ აბესაძის აზრით, საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, მეტად გართულებული ტერიტორიული პრობლებებით. ამიტომ, ამ პირობების გათვალისწინებით, მიწის ყიდვა-გაყიდვის კანონმდებლობა უნდა დაიხვეწოს.

    საინვესტიციო კომპანიის "ვანო და კომპანის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ვანო ჩხაიძის აზრით, მიწა შეიძლება უცხოელზე გაიყიდოს, მას ვერავინ ვერსად წაიღებს, მთავარია, ფარულად და კომპაქტურად ხალხი არ ჩამოსახლდეს და მერე სეპარატიზმი არ გაღვივდეს.

    ექსპერტ დემურ გიორხელიძის შეხედულებით, ამ ეტაპზე შეიძლება მოიზომოს რაღაც ადგილი, მაგალითად, მიწის 1-2 პროცენტი და უცხოელებზე მხოლოდ ის გაიყიდოს.

    ასევე ფიქრობს, პროფესორი რევაზ ლორთქიფანიძე. ის განსხვავებას ვერ ხედავს, მიწა ქართველს მიეყიდება თუ უცხოელს, რადგან ეს უკანასკნელი სხვას ამოეფარება თუკი მიწის შესყიდვა დასჭირდება. რაც შეეხება უცხოელების კომპაქტურად ჩასახლებას, განსაკუთრებით კი ქვეყნის სასაზღვრო რეგიონებში, მიწის დანიშნულების შეცვლას და სხვა, ეს აკრძალული უნდა იყოს და საგადასახადო კოდექსიც არ უნდა იძლეოდეს ამის საშუალებას.

    პროფესორ გივი ბედიანაშვილის მოსაზრებით, ამ საქმეში დამაბალანსებელი და მარეგულირებელი როლი უნდა შეასრულოს, პირველ რიგში, მიგრაციის კანონმა, რისი შემუშავებაც ჭიანურდება. ამ კანონის საკანონმდებლო ორგანოებში მიღებამდე, სასურველია, მისი მიერ განხილვა და შემდგომ შენიშვნების ასახვა-გათვალისწინება.

    ექსპერტ ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სოფლის მეურნეობისათვის კარგია, თუკი უცხოელი ინვესტორები ქართულ მიწაზე ოჯახებსაც შექმნიან... მათ შემოაქვთ კაპიტალი, ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ძალზე სასარგებლოა ქართული სოფლისათვის. სხვა საკითხია, მიწა გავყიდოთ თუ გადავცეთ გრძელვადიანი სარგებლობისათვის. უფრო ხშირად ინვესტორები კერძო მესაკუთრეებისაგან ყიდულობენ მიწას და არა სახელმწიფოსაგან. ეს არ უნდა იყოს აკრძალული არც ქართველი და არც უცხოელი ფერმერებისათვის. უფრო მეტიც: თუ არ გვინდა ამ სექტორის პოტენციალის დაკარგვა, უნდა დაიბეგროს მიწის ის მფლობელები, რომლებიც მიწას არ ამუშავებენ. ახლა ჩვენი მიწების ნახევარიც არ მუშავდება, მიწის ყიდვა-გაყიდვაზე აკრძალვები კიდევ უფრო გააუარესებს მდგომარეობას.

    კატეგორიულად ვერ დავეთანხმებით ამ აზრის ავტორს, განსაკუთრებით, ქართულ მიწაზე უცხოელების დასახლებისა და აქ ოჯახების მოწყობის თაობაზე. ეს ხომ ქვეყანაში შექმნილ მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა!

    ბოლო ხანებში ქვეყნის პარლამენტი ინტენსიურად მუშაობს მიწის კანონმდებლობის დასახვეწად. უკვე შეიძლება ახალი ხელისუფლების მიდგომებზეც ვისაუბროთ. როგორც უმრავლესების დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე აცხადებს, ახალი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, უცხოელზე შეიძლება გასხვისდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის მხოლოდ 5 პროცენტი.

    საკანონმდებლო წინადადება უცხოელზე მიწის გასხვისების კრიტერიუმსაც ადგენს. კერძოდ, მიწის გასხვისება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ ის 10 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობს. ასევე 2,5 ჰექტრის ოდენობითაა განსაზღვრული უცხოელზე გასასხვისებელი მიწის მაქსიმუმი.

    მიგვაჩნია, რომ მომავალი კანონმდებლობა გარკვეულად დაარეგულირებს ამ მეტად რთულ, ქვეყნისათვის არსებით საკითხს.

    დასასრულ უნდა აღვნიშნოთ შემდეგი: ბოლო წლებში ქართულ სოფელზე ზოგი ისე მსჯელობს, როგორც ფირმაზე, რომელიც ეფექტიანად უნდა ფუნქციობდეს. ეს ნამდვილად არა სწორი. სინგაპურად გადაქცეული საქართველო, საქართველო აღარ იქნება. ამიტომ, ვიდრე გვიან არაა, ყველანაირად უნდა ვეცადოთ იქ მცხოვრებ ხალხს ხელი შევუწყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი, რომელიც სოფელს რამდენიმე წლით მოწყდება და ქალაქში ცხოვრებას გაუგებს გემო, უკან აღარ დაბრუნდება. შედეგად სოფლები გაუკაცრიელდება. მას კი არა მხოლოდ დემოგრაფიული პრობლემები მოჰყვება (გამრავლების ტემპი, თუმცა კი ქალაქი სოფელზე მდიდარია, სოფლად უფრო მაღალია), არამედ ქართული ტრადიციების დაკარგვაც. მოკლედ, საქართველო ის ქვეყანა აღარ იქნება, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ და გვიყვარს.

    მსგავსი პრობლემების სიმძაფრე გაცნობიერებული აქვთ ევროპაში, სადაც თვალისჩინივით უფრთხილდებიან სოფელს და არა მარტო კომერციული ინტერესების გამო - იქ უფრო ტრადიციების შენარჩუნება სურთ. ამ ასპექტში მეტად დროული (იქნებ ცოტა დაგვიანებულიც) მეჩვენება "ქართული ოცნების" მიერ სოფლის აღორძინებისაკენ გადადგმული ნაბიჯები.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×