პეტრე მამრაძე
14.08.2022

„2008 წელს რაც მოხდა და როგორც მოქმედებდა მაშინდელი მთავრობა სააკაშვილის მეთაურობით, ეს იყო სწორედ ღალატი ქვეყნისა და სამშობლოსი. მას შეეძლო ეს ომი თავიდან აეცილებინა ქვეყნისთვის, მას შეეძლო არ აეხდინა რუსეთის მრავალსაუკუნოვანი ოცნება…თუ არა მაშინდელი ხელისუფლების წინდაუხედავი, ყველაზე რბილია, თუ გინდათ ღალატობრივი ქმედებებიც კი, რუსეთი ვერ მოახერხებდა და ვერ აიხდენდა მრავალსაუკუნოვან ოცნებას და ვერ დაიპყრობდა საქართველოს ტერიტორიებს“.

„ჩვენ სამწუხაროდ, ჩვენივე გამოუცდელობით მოვახერხეთ ყველაზე მეტი, რომ პრაქტიკულად დავანგრიეთ ეკონომიკა სამოქალაქო ომის დროს. იმის შემდეგ 2008 წლის ომიც ვერ აიცილა თავიდან ჩვენმა გაუაზრებელმა ხელისუფლებამ, უამრავი დევნილი მივიღეთ და მივიღეთ ძალიან დანგრეული ეკონომიკა. შესაბამისად, საგარეოზე და გარე მტერზე ამის დაბრალება არასწორი იქნება. შეგვიძლია გადაწყვეტით გითხრათ, რომ დღეს არანაკლებია მცდელობები გარედან, მაგრამ თუ შიგნით ხელისუფლება ახერხებს საზოგადოებასთან შეთანხმებას ძირითად ფასეულობებზე, თუ ემოციებს სჭარბობს რაციონალიზმი და ამის მაგალითია ის, რომ ჩვენ მეშვიდე წელიწადია სტაბილურად ვახერხებთ ყველა მიმართულებით განვითარებას. გარე მტერი ვერაფერს ვერ დაგაკლებს. ყველაზე დიდი პრობლემა ყოველთვის იყო შიდა ღალატი და შიდა შეუთანხმებლობა“.

ბიძინა ივანიშვილი სრულ სიმართლეს ამბობს (ზევით მოვიყვანე ციტატები მისი 2018-19 წლების გამოსვლებიდან). ახლა კი „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას მოვუსმინოთ: 

„ბიძინა ივანიშვილი თავისი ძალაუფლების და ქონების შენარჩუნებისთვის, ჩვენ ყველა სიხშირეზე გვტოვებს ყველაზე საშიშ და ბოროტ მტერთან - პუტინის რუსეთთან. იმ ქვეყანასთან, რომელიც საფრთხეა ჩვენი ქვეყნის არსებობისთვის, რომელმაც ჩაგვიტარა გენოციდი და რომელიც სისასტიკის მაგალითია თავისუფალ სამყაროში. თუ ამას არ ჰქვია ქვეყნის ღალატი, როდესაც შენი პირადი ინტერესებისთვის შენი ქვეყნის ბედით ვაჭრობ, სხვა რას შეიძლება ღალატი ერქვას?“, - განაცხადა ბოკერიამ რამდენიმე დღის წინათ.

2011 წელს ივანიშვილმა ღია წერილით მიმართა სადისტური სისტემის ხერხემალ მერაბიშვილს: 

„გახსოვს, ვანო, სააკაშვილმა დიდი ხვეწნის შემდეგ რომ დამიყოლია, ბოკერიასთან მივსულიყავი და მისთვის გადამეფიქრებინა ქვეყნისთვის ერთი ძალიან სარისკო და საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება. ეს ხდებოდა 2008 წლის აგვისტომდე წელიწადნახევრით ადრე. მაშინაც იგივე სცენარი განიხილებოდა, რაც თქვენ 2008 წლის აგვისტოში განახორციელეთ. 

„ბოკერია დაჟინებით ითხოვდა ქართული ჯარების შეყვანას სამაჩაბლოში და იმედი ჰქონდა, რომ რუსი სამხედროები გაიწეოდნენ და ქართულ ჯარს ცხინვალში უომრად შეუშვებდნენ. მე მაშინ შევძელი ბოკერია დამერწმუნებინა, რომ არ შეიძლებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა. 

„სააკაშვილთან ერთად შენც ესწრებოდი ამ შეხვედრას და მე მახსოვს შენი აღფრთოვანება, რომელსაც შენ გამოხატავდი ჩემი მისამართით. ორმოც წუთში ბოკერიას დავუმტკიცე, რომ ის, რის გაკეთებასაც ის გეგმავდა, წმინდა წყლის პროვოკაცია და ავანტიურა იყო. ბოკერიამ უკან დაიხია და დასახულ გეგმაზე უარი თქვა, მაგრამ უცებ სააკაშვილმა თქვა: „ხომ შეიძლება თვითონ რუსებმა შემოგვთავაზონ ამის გაკეთება, მაშინ რა ვქნათო?“ სანამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებს, რომც გაჩუქოთ ეს ტერიტორია, ხელი არ ახლოთ არაფერს, მეთქი, გავაფრთხილე. 

„მაშინ კი შევძელი დროებით შემეჩერებინა ის საბედისწერო გადაწყვეტილება, მაგრამ მოგვიანებით მაინც იგივე სცენარით იმოქმედეთ და რა შედეგიც მივიღეთ 2008 წლის აგვისტოში, სახეზეა.“ 

აქაც სრული სიმართლეა ნათქვამი. პუტინის მორჩილმა და სასარგებლო იდიოტმა სააკაშვილმა თავის თანამზრახველებთან ერთად სწორედ კრემლის „შემოთავაზებით“ და ბოკერიას გეგმით განახორციელა სისხლიანი სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა 2008 წლის 7-8 აგვისტოს. ბოკერია მაშინ საზღვარგარეთ იყო, მაგრამ სასწრაფოდ ჩამოვიდა და სათავეში ჩაუდგა საქართველოსთვის კატასტროფით დასრულებული დიდი დანაშაულის და ნამდვილი ღალატის დაფარვას, მაგრამ დასავლეთში იცოდნენ რა ჩაიდინა სააკაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოდან დღემდე დასავლეთში გამოქვეყნდა მრავალი პუბლიკაცია იმაზე, თუ როგორ აღასრულეს პუტინის სასარგებლო იდიოტმა სააკაშვილმა და მისმა „კლოუნების თეატრმა“ (ეს ტერმინი ტელეკომპანია „სქაი ნიუსმა“ შემოიღო), პუტინისა და რუსეთის გენერალიტეტის ოცნება.

„ჩვენ გავაფრთხილეთ რუსები (რომ შევიდოდით ცხინვალის რეგიონში) და მივხედავდით იქ განლაგებულ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს. მათ მწვანე შუქი აგვინთეს. ჩვენ არ გვეგონა, რომ რუსები ასე შორს წავიდოდნენ“, - უთხრა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბათუ ქუთელიამ „ფიგაროს“ ჟურნალისტს 2008 წლის 15 აგვისტოს. 21 აგვისტოს ქუთელიამ „ფაინენშალ თაიმს“ განუცხადა, რომ საქართველოს ვერ წარმოედგინა, რომ რუსებს ასეთი რეაგირება ექნებოდათ. ამიტომ საქართველო სრულიად მოუმზადებელი იყო რუსეთის კონტრიერიშისათვის (!). 

სწორედ „რუსეთის კონტრიერიშად“ შეაფასა რუსეთის ჯარის მოქმედება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2008 წლის 2 ოქტომბრის ცნობილ რეზოლუციაში, რომელსაც სააკაშვილის კლოუნები ტაშით შეხვდნენ. 2011 ნოემბერში კი იგივე კლოუნებმა ივანიშვილი მოღალატედ გამოაცხადეს ამ რეზოლუციის ციტირებისათვის. 

ქუთელია ცინიკურად ამბობს - „საქართველოს ვერ წარმოედგინა“. რა უნდა წარმოედგინა საქართველოს? სამაგიეროდ 8 აგვისტოს დილით პარლამენტში საზეიმო განწყობა სუფევდა. ზოგი ლაპარაკობდა კრემლისაგან მიღებულ „მწვანე შუქზე“; ზოგიც სააკაშვილის ბიძას თემურ ალასანიას ასახელებდა კრემლთან და ვაშინგტონთან ამ ოპერაციის შეთანხმების ერთ-ერთ შემოქმედად; საზეიმო განწყობა დასრულდა მოგვიანებით, როცა რუსეთის ავიაცია საქართველოს დაბომბვას შეუდგა. 

ცნობილი მეცნიერები ჰანს მურიტცენი და ანდერს ვიველი წერენ, რომ პოლონეთის მაღალჩინოსნების აზრით „სააკაშვილი იყო მანიპულირებული რუსეთის აგენტების მიერ, რომლებიც შესაძლოა მის მრჩევლებად იყვნენ ჩანერგილები“ და ამ აგენტებმა მიაღებინეს სააკაშვილს „თვითმკვლელობის ტოლფასი გადაწყვეტილება“. სწორედ ეს მეცნიერები გააოგნა თემურ იაკობაშვილმა აბსურდული ტყუილით, რომ თურმე ხელისუფლება არაფერს ამბობდა 7 აგვისტოს რუსეთის ჯარების ცხინვალში ყოფნაზე, რათა „რუსებს შეძლებოდათ ჯარების გაყვანა სახის შენარჩუნებით“. 

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს სააკაშვილმა გამოსცა ბრძანებულება, რომელშიც წერია, რომ რუსეთის მხრიდან სამხედრო პირები და ტექნიკა შემოვიდა 8 აგვისტოს. მოგვიანებით კლოუნებმა დაიწყეს მტკიცება, რომ რუსეთის ჯარი უკვე 7 აგვისტოს იმყოფებოდა ცხინვალში. 

მათ შესანიშნავად იციან, რომ ამით ზრდიან სააკაშვილის ღალატის მასშტაბს, ვინაიდან, თუ სააკაშვილს ჰქონდა ასეთი ინფორმაცია, მას მაშინათვე უნდა მიემართა გაეროსათვის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის და ა.შ. მაგრამ კრემლის დავალება შესრულდა და საქართველოს დასავლელი პარტნიორები მძიმე დღეში აღმოჩნდნენ - გაეროს რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა მიმართა და მოითხოვა რეაგირება სააკაშვილის აგრესიაზე - ეუთოს მანდატით ცხინვალის რეგიონში მყოფ რუს სამშვიდობოებს გვიხოცავსო. ამ დროს სააკაშვილი და მისი კლოუნები 8 აგვისტოს ცხინვალში გამარჯვების აღლუმის ჩატარებისათვის ემზადებოდნენ.

დღეს ნამდვილი მოღალატეები მილიონერები არიან ხალხის ძარცვის ხარჯზე, თავგამოდებით იცავენ საქართველოს „პროდასავლურ“ ორიენტაციას, ინტენსიურად თანამშრომლობენ თავის დასავლელ პარტნიორებთან და საკუთრი ტელევიზიებით პრორუსებად და მოღალატეებად რაცხავენ ყველას, ვინც არ მოსწონთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×