სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნოდარ ნათაძე
    08.07.2013

    ამ ორი დღის წინ ეკრანზე ვიხილეთ უაღრესად ინფორმატიული საუბარი ქალბატონ თამარ ჩიქოვანსა და ბატონ მამუკა არეშიძეს შორის. იდეალური ურთიერთჰარმონიის ფონზე დიალოგის მონაწილეებმა გააანალიზეს პუტინის ახალი "შეთამაშებითი" ინიციატივა ჩვენი ქვეყნის მიმართ და მივიდნენ პარადოქსალურ დასკვნამდე ასევე პარადოქსალური არგუმენტებით: რომ დღეს ისტორია უნიკალურ შანსს გვაძლევს, რათა პუტინთან საერთო ენა გამოვნახოთ არამხოლოდ რუსული ფირმების მიერ საქართველოში დამზადებული ღვინის რუსულ ბაზარზე შეტანის სფეროში, არამედ თვით სტრატეგიულ სფეროშიც კი.

    საერთო ნიადაგი ჩვენი ზრახვებისა, თურმე ნუ იტყვით, ყოფილა ბრძოლა ისლამური აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს უფრო და უფრო დიდი მასშტაბით ემუქრება (რაც ფაქტია).

    ამ კონტექსტში გახსენებულ იქნა საქართველოს მიმართ თურქეთის დღევანდელი პოლიტიკის გარკვეული ელემენტები, რაც ძნელი შესათავსებელია შეტევითი განწყობის არმქონე ქცევასთან (ესეც, სამწუხაროდ, ფაქტია).

    შემოქმედებითი დიალოგის ავტორებს გამორჩათ ერთი რამ: დღესდღეობით თავის შეტევით პოზიციაში საქართველოს მიმართ რუსეთი და თურქეთი, ნატოს წევრი ქვეყანა, როგორც იტყვიან, გადაბმული მოკავშირეები არიან. ამ მოკავშირეობას გრძელი ისტორია აქვს.

    მისი პირველი ფუძემდებელი ხდომილებაა რუსეთის მე-11 არმიის და თურქეთის შეიარაღებული ძალების დარტყმა საქართველოზე 1921 წლის მარტის ერთსა და იმავე დღეს, რაზეც წერილობითი ტექსტი შემოგვრჩა, ფრიად ტრიუმფალური ტონალობისა, რომელიც ეკუთვნის მე-11 არმიის სარდალს.

    ამ მოკავშირეობას გრძელი ინტერვალი ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინა ხანებიდან სტალინის სიკვდილამდე და ცოტა მას შემდეგ, მაგრამ ამჟამად განახლებულია და, მიზეზთა და მიზეზთა გამო, დიდი პერსპექტივა აქვს.

    მთავარი მოტივი ნათელია: ამ ორ მეგობარში არცერთი არ არის აღტაცებული იმით, რომ დასავლური ცივილიზაცია, თავისი დემოკრატიითურთ და ყველა თავისი მიმზიდველი აქსესუარებითურთ, ცენტრალურ აზიაში გადის ისე (უახლოეს პერსპექტივაში), რომ არავითარ არამკითხე შუამავალს არ საჭიროებს.

    თუ პირწმინდად გეოსტრატეგიული თვალსაზრისით მივუდგებით, ზემოხსენებულ პოტენციურ ძმადნაფიცებს არაფრად სჭირდებათ ცოცხალი და ქმედუნარიანი საქართველოს არსებობა, როგორც თანამედროვე დონეზე მდგომი სატრანსპორტო მაგისტრალების პატრონისა და როგორც დასავლეთის ყველაზე ბუნებრივი მოკავშირისა ამ რეგიონში.

    თურქეთის ხსენება ამ კონტექსტში (რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის კონტექსტში) საქართველოს მოსახლეობის ნაკლებ მოაზროვნე ნაწილის თვალში რუსული სიმპათიების სტიმულირებისათვის არ ახალია, ძველია.

    ამ ხერხის ერთ-ერთი პიონერი თავისუფალ საქართველოში ოციოდე წლის წინ გამოჩნდა ბატონ ალექსანდრე ჭაჭიას სახით, მაგრამ ამ უკანასკნელის არგუმენტაცია, თავისი სიმწირისა და ცალმხრივობის გამო, დღეს (და, ალბათ, სამუდამოდ) დაფუშულ მდგომარეობაში იმყოფება.

    თურქეთთან ნაყოფიერი და ჩვენთვის უსაფრთხო ურთიერთობის გზათა ძიება ჩვენ შეგვიძლია მრავალი მიმართულებით და მრავალი ვარიანტით. ამ მხრივ იმედიც დიდია და პერსპექტივაც. რუსეთზე ეს, სამწუხაროდ, ვერ ითქმის. მასთან ჩვენი "დარეგულირების" გზა გადის მხოლოდ მისი ტლუ იმპერიალისტური პოლიტიკის დამარცხებაზე ჩვენს რეგიონში. ეს ხდომილება, ყველა ობიექტური მონაცემის მიხედვით, გარდუვალია.

    შემოქმედებით დიალოგში, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, მკაფიოდ ჩანს ე.წ. "გამჭოლი მიზანი", სუპერმიზანი, რომელიც პუტინის პოლიტიკას ამოძრავებს: კონფედერაცია, კიდევ კონფედერაცია, ისევ და ისევ კონფედერაცია! ანუ: საქართველოს სიკვდილი, როგორც სახელმწიფოსი, და პუტინის გადარჩენა რუსის თვალში, როგორც წარმატებული აგრესორისა, ხოლო რუსეთის გადარჩენა მსოფლიოს წინაშე, როგორც თავისი უკვე განწირული იმპერიული პოლიტიკის მოკლე ხნით კიდევ გაწელვის უნარით აღჭურვილი "სუპერძალისა".

    02.07.2013

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×