სამართლებრივი სახელმწიფო სამართლიანი არჩევნების გარეშე?!
რეზონანსი
26.07.2022

დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე კონსტიტუციაში შეტანილი პირველივე ცვლილებით მოქალაქეებმა სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება გადავწყვიტეთ, ხოლო უზენაეს კანონშივე რამდენიმე წლის წინ შეტანილი ცვლილებით ევროინტეგრაციაც დავისახეთ მიზნად. შესაბამისად, ძნელია, არსებულ ვითარებას ნორმალური უწოდო, როდესაც „ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის ნათელი პერსექტივის" გაჩენისთანავე, ხელისუფლების წინააღმდეგ კიდევ უფრო „გაერთიანებული ოპოზიცია", ფაქტობრივად, მორიგი „ფერადი რევოლუციისთვის" იწყებს მზადებას... იმავდოულად, ევროპელი დამკვირვებლების მიერ აღიარებული „სამართლიანი არჩევნების" გზით მოსული ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსანი (თუნდაც, ყოფილი...) „სისტემური გაყალბების ფაქტებს" ასაჯაროებს...

არადა, საფრანგეთის რევოლუციაც სწორედ ხმის მიცემის უსამართლო პროცედურის გამო დაიწყო, თუმცა ისიც რეალობაა, რომ რესპუბლიკის გამოცხადებას, ფაქტობრივად, მონარქიის აღდგენა მოჰყვა... ამდენად, ვინაიდან სამართლებრივი სახელმწიფოს სამართლიანი არჩევნების გზით დამკვიდრებაზე ვართ შეთანხმებული, ხელისუფლების აჯანყება-რევოლუციების გზით მესამედ შეცვლაზე რომ არ წაგვიცდეს ხელი (შედეგად, ისევ „პლუტოკრატიული ტირანია" რომ არ შეგვრჩეს ხელში...), თავი ვალდებულად ჩათვალე, მიმდინარე პროცესებს გამოვხმაურებოდი. მით უმეტეს, საარჩევნო სამართლის მიმართულებით გარკვეული თეორიული ცოდნაც და პრაქტიკული გამოცდილებაც დამიგროვდა.

საარჩევნო კანონმდებლობის ადამიანის უფლებათა ევროკონვენციასთან შესაბამისობის თაობაზე კრიტიკული დასკვნა, ევროპის საბჭოს დაკვეთით მაქვს მომზადებული, ხოლო 2008 წელს საშუალება მომეცა, საარჩევნო პროცედურის „ნაციონალურ თავისებურებებს" უშუალოდ გავცნობოდი, რის შედეგადაც ამომრჩეველთა ტოტალური მოსყიდვისა და დოკუმენტების გაყალბების ფაქტები ყველა დონეზე ვასაჩივრე, თუმცა სრულიად აშკარა კანონდარღვევებიც კი (მათ შორის, შემაჯამებელი ოქმების დაუბალანსებლობა...) ვერც საოლქო კომისიაში შენიშნეს, ვერც თარხნიშვილის ცესკო-ში და ვერც საკონსტიტუციო სასამართლოში...

ამასთან საგულისხმოა, თუ ევროპის ქვეყნებში კონსტიტუციას მოქალაქეები რეფერენდუმით იღებენ და საარჩევნო სისტემასაც მმართველი „პოლიტიკური ელიტის" ინტერესებში არ ცვლიან...

სამართლებრივი ნიჰილიზმი და საარჩევნო მანიპულაციები

მიუხედავად ტოტალიტარული სისტემიდან 30 წლის წინ განთავისულებისა, ევროპელებისგან განსხვავებით, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას არა მარტო საარჩევნო კოდექსისა და პარლამენტის დანიშნულების, არამედ კონსტიტუციისა და სახელმწიფო სიმბოლიკის შინაარსის თაობაზეც კი არ აქვთ მკაფიო წარმოდგენა. ამასთან, „ელექტორატი" არც არჩევნებში მონაწილე სუბიექტების თაობაზეა საკმარისად ინფორმირებული...

როდესაც პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას, ბიულეტენებს ფარული მელნით მონიშნავ, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, არჩევნების პირველ ტურში რა მასშტაბის „სპეცოპერაციები" გაქვს ჩატარებული... ფაქტია, გარდა იმისა, რომ აშშ-ში საუკუნის წინ დანერგილი ამორჩეველზე ზემოქმედების მეთოდები და ე.წ. სომხური კარუსელების „იმპლემენტირება" მოვახდინეთ, საარჩევნო მანიპულაციების არაერთი „ნაციონალური ნოვაციაც" დავნერგეთ (მაგ. ე.წ. სპეციალური უბნები, დამატებითი სიები, ყალბი პირადობის მოწმობების და ე. წ. ძალოვან-ძალოსნების აქტიური გამოყენება...).

ვინაიდან „ოცნებაში" საკმაოდ ბევრი წინა ხელისუფლების აქტივისტი გაწევრიანდა, საარჩენო მანიპულაციებს არც ბოლოს ჩატარებულ არჩევნებში გამოვრიცხავ, მაგრამ ფაქტია, რომ, 2012 წლის შემდეგ, ახალგაზრდა სუს-ელები და „კაი ბიჭები" უშუალოდ საარჩევნო უბნების წინ აღარ ჩანან, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ დღემდე არც საარჩევნო სიები დაგვიზუსტებია, კომისიები საეჭვო რეპუტაციისა და გაყალბებაში დახელოვნებული ძველი (ერთი პარტიიდან მეორეში „პორტირებული"...) კადრებით არის დაკომპლექტებული, ბიულეტენებს ისევ ხელით ვითვლით, რა დროსაც არანაკლებ 5 პროცენტს მმართველი პარტიის ინტერესებში ვაბათილებთ და შედეგებს უშეცდომოდ ვერ ვაჯამებთ, უბნებში შედგენილ ოქმებს კი დაუყოვნებლივ არ ვასაჯაროებთ (არადა, უკვე ყაზახეთშიც, ფაქტობრივად, მყისიერად აჯამებენ შედეგებს...), ხოლო საარჩევნო დავებს სწორედ იმ სააპელაციო ინსტანციიაში ვასრულებთ, რომელსაც ჩინჩალაძე-მურუსიძე მესვეურობს, რაც არჩევნების შედეგების მიმართ საფუძვლიან ეჭვს აჩენს...

ამომრჩევლის „ქართულ-ჯიგრულად" მოსყიდვა

ცხადია, ათასზე მეტი პარტიული აქტივისტის („კოორდინატორის") „თბილისის განვითარების ფონდსა" და დასუფთავების სამსახურში ფიქტიური დასაქმება აშკარად „აქოური ნოვაციაა" (ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის გაფლანგვისთვის ყოფილმა მერმა სასჯელი მოიხადა), თუმცა ერთი „ნაციონალური" მეთოდი მოგვიანებით გამოვლინდა, რომლის საშუალებით ამომრჩელის მოსყიდვა საბიუჯეტო სახსრებით ან ე. წ. შავი ფულით შეძენილი პროდუქტით კი არ ხდებოდა, არამედ - კომუნისტების დროინდელი ან კიდევ უფრო ძველი უძრავი ქონებით...

ერთ-ერთმა „ნაციონალურმა ნოვაციამ" მეც საკმაოდ დამაზარალა, ვინაიდან სამართლიანობის აღდგენაზე დიდი დრო და ენერგია დავხარჯე. რადგან საარჩევნო მაქინაციების ავტორებზე პატენტები არ გაიცემა (თუმცა „ჰონორარებსა" და „დივიდენდებს" პარლამენტის უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში იღებენ...), ამ ახალგამოვლენილ მეთოდს სახელი გახარიას ცნობილი გამონათქვამის დახმარებით შევურჩიე: „ამომრჩევლის „ქართულ-ჯიგრული" (ანუ სხვისი ქონების, „კოორდინატორებისა" და იუსტიციის სახლის გამოყენებით) მოსყიდვა".

სისტემური დანაშაულის იდეა ვის ეკუთვნოდა, არ ვიცი, მაგრამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის (ბმა) წევრთა არასაცხოვრებელი ფართების, ფაქტობრივად, თაღლითური გზით მასობრივად მითვისება „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ე.წ. კოორდინატორების ინსტიტუტის შემოღებისთანავე დაიწყო, რომლებიც, ხშირად, ასევე გაყალბებებული ოქმებით რეგისტრირდებოდნენ გამგეობების მიერ (შრომასაც უნაზღაურებდნენ).

პოტენციურ მხარდამჭერებზე უძრავი ქონების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად აუცილებელი ბმა-ის კრებები, როგორც წესი, არ ტარდებოდა, ოქმების გაყალბება კი, ძირითადად, ამხანაგობის წევრთა რიცხვის ან გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი კანონით გათვალისწინებული კვორუმის შემცირებით, ფიქტიური ამხანაგობების დაფუძნებითა და ოქმებზე არაუფლებამოსილი პირების ხელმოწერით ხდებოდა. ამასთან, სხვა ბინათმესაკუთრეებზე ადრე დარეგისტრირებული ან/და საერთო სარგებლობის ფართების „ნაცმოძრობის" მხარდამჭერებზე გადასაფორმებლად იცვლებოდა აზომილი ფართების ოდენობაც (ბუნებრივია, ადრე არსებული სახლმმართველობების ან სერვისცენტრების მიერ ფიქსირებული ფართები არ დაემთხვეოდა თანამედროვე ტექნიკის დახმარებით მეასედების სიზუსტით ნაჩვენებ მონაცემებს), რის შემდეგაც საჯარო რეესტრი ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, ნოტარიუსის მიერ ოქმზე მხოლოდ ერთი პირის ხელმოწერის დადასტურების საფუძველზე (ამისთვის კანონმდებლობაც საგანგებოდ შეიცვალა...), ფაქტობრივად, იმავე ფართებს ურეგისტრირებდა ახალ მესაკუთრეებს. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლიციაც, პროკურატურაც და სასამართლოც, კომუნისტებისდროინდელივით, მხოლოდ მმართველი პარტიის კადრებით იყო დაკომპლექტებული, გასაგები ხდება, რომ რომელიმე ბმა-ის ან კრების თავმჯდომარის წინააღმდეგ საჩივრის შეტანის შემთხვევაში, გამოძიება საერთოდ არ დაიწყებოდა ან, თუ დაიწყებოდა, შესაძლებელი ხდებოდა გამოძიების ან სასამართლოში საქმის განხილვის მაქსიმალურად გაჭიანურება, ხოლო თაღლითობაში ბრალდებულების _ მორიგი არჩევნების წინ „ამნისტირება"...

ქონების „ნაციონალური" გადანაწილება მთაწმინდაზე და აღდგენილი სამართლიანობა

თვალსაჩინოებისთვის კონკრეტულ მაგალითს მოვიშველიებ: მთაწმინდის რაიონში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის „კოორდინატორმა" (იმავდროულად, საუბნო საარჩევნო კომისიის „სტაჟიანმა" წევრმა), რომელიც რაიონის გამგეობამ გაყალბებული ოქმით დაარეგისტრირა ბმა-ის თავმჯდომარედ, თანაპარტიელ მეზობლებს „ოპოზიციონერი" ბინათმესაკუთრეების კუთვნილი და ამხანაგობის საერთო ფართები მალულად, ფიქტიური ამხანაგობის ოქმების საფუძველზე „გადაუნაწილა". ამასთან, საჯარო რეესტრში იმასაც კი არ მიაქციეს ყურადღება, რომ ოქმები ბმა-ის თავმჯდომარის მიერ არ იყო ხელმოწერილი, ბმა-ის დასახელებად არაარსებული მისამართი იყო მითითებული, ხოლო არც აზომილი ფართებისა და არც ბმა-ის წევრთა რიცხვი არ შეესაბამებოდა არქივში დაცულ მონაცემებს.

ამავე სახლში, თბილისის მაშინდელი მერის (უგულავას) მოდგილე, თავის ნათესავს ჯერ ბინის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთის „წითელ ზოლებში" მოქცევაში დაეხმარა, შემდეგ კი „დაწესებულების გრაფაში" აღრიცხული ოთახიც და საერთო შესასვლელიც, ბმა-ის დანარჩენ წევრთა თანხმობის გარეშე, დაარეგისტრირებინა. ამისთვის მან უგულავას ძმის მიერ დაფუძნებული ფირმის მიერ მომზადებული გაყალბებული აზომვითი ნახაზი გამოიყენა.

მართალია, თითქმის 10 წლის დაგვიანებით, მაგრამ, მისასალმებელია, რომ უკანონო რეგისტრაციები სასამართლომ ბათილად ცნო, ხოლო საჯარო რეესტრში დღეს დასაქმებულები, წინამორბედებისგან განსხვავებით, პროფესიონალიზმთან ერთად, აშკარად გამოირჩვიან პრინციპულობითაც და სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებსაც მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. მაგ., მოქალაქეს, რომელსაც ჯერ ადვოკატთა ეთიკის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მიერ დაფუძნებული იურიდიული ფირმა, შემდეგ კი ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი პირადად წარადგენდა, გასულ წელს სამჯერ (?!) უთხრეს უარი ერთი და იმავე ქონების დარეგისტირების მოთხოვნაზე (დოკუმენტები დაუწუნეს. მათ შორის, „კოორდინატორის" მიერ გაყალბებული ბმა-ის ოქმი...). ისიც ფაქტია, რომ საარჩევნო მაქინაციებისთვის თანამდებობის პირის სასამართლოს მიერ დასჯის პირველი პრეცედენტი სწორედ „ქართული ოცნების" მმართველობის წლებში შეიქმნა. ამდენად, არჩევნების გაყალბებისა და ოპოზიციის დევნა-შევიწროების მასშტაბებს თუ შევადარებთ, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია, როდესაც „პროფესიონალები", შეიძლება ითქვას, აშკარად „მოყვარულებს" ამუნათებენ...

დაბოლოს, მერჩივნა, ევროკომისიას მხოლოდ ელექტორატის სამართლებრივი განათლებისა და არჩევნების ჩატარებისას ყოველგვარი მანიპულაციებისგან თავის შეკავების რეკომენდაცია მოეცა, რაც 12-ვე რეკომენდაციის ავტომატურად შესრულებასაც უზრუნველყოფდა. არადა, მოქალაქეებმა თვითონაც თუ არ გავაცნობიერეთ, რომ სამართლებრივი სახელმწიფო სამართლიანი არჩევნებისა და კონკურსების ჩატარების გარეშე ვერ აშენდება, ევროპულ კავშირში არავინ მიგვიღებს. შესაძლებელია, ქართულ სახელმწიფოებრიობასაც შეექმნას საფრთხე...

 

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლის დოქტორი

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×