სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამაზ აქუბარდია
    28.06.2013

    ადამიანთა დამოკიდებულება საბანკო სფეროს მიმართ, სულ ცოტა არისტოტელედან მოყოლებული, არ შეცვლილა, - ეს არის ადამიანთა ნებაყოფლობითი დაკაბალების უნივერსალური ფორმა. თავისი არსით ეს დაკაბალება, გარეგნულად მაინც, ცივილიზებული ურთიერთობის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ის შედეგები, რასაც საბოლოოდ იწვევს, დამანგრეველია ადამიანთა საზოგადოებისათვის. შორს რომ არ წავიდეთ, ამისათვის უკანასკნელი მსოფლიო საფინანსო კრიზისიც კმარა, რომლის შედეგებისგან საბოლოოდ კიდევ ვერ განთავისუფლდა მსოფლიო. უფრო მეტიც, მისი გამეორების საფრთხე დღესაც არსებობს.

    თეორიულად, ბანკის, როგორც ფინანსური ინსტიტუტის განმარტება იმდენად ადამიანურია, რომ კაცს ოდნავი ეჭვიც კი არ შეეპარება მისი ფუნქციობის შესაძლო შედეგების არაადამიანურობაში, - ბანკები ფინანსური შუამავლებია დაზოგვის მსურველებსა და სესხის აღების მსურველებს შორის. ამ განმარტებიდან ადამიანს არ შეიძლება თავში რაიმე საშიშროების გრძნობა აღეძრას. რაც შეეხება პროცენტს, ეს ხომ თავისი არსით ადამიანის გონებამახვილობის, მისი დაუშრეტელი გამომგონებლობის უნარის კვინტენსენციაა.

    ისევ ეკონომიკური თეორიიდან, - ცნობილია, რომ ქაღალდის ფულს, როგორც ფულის ნიშანს, თავისთავად არავითარი ღირებულება არ გააჩნია, არადა ის პროცენტი რასაც კრედიტში ვიხდით, მაშ რაღა არის, თუ არა ფულის ღირებულება?

    ეს თეორიული ხასიათის წინააღმდეგობა გადაილახა ფულის ე.წ. "მიმდინარე ღირებულების კონცეფციით", რომლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ, ვთქვათ, ბანკში შეტანილი დღევანდელი 100 ლარის ღირებულება 10 წლის შემდეგ არ იქნება ისევ 100 ლარი, ან, რაც იგივეა, 10 წლის შემდეგ აღებული 100 ლარის დღევანდელი ღირებულება არ იქნება 100 ლარი. და, თუკი ამ კონცეფციაში არის სიმართლის რაციონალური მარცვალი, ამ მარცვლიდან ფინანსისტებმა ისეთი უზარმაზარი "ბეღელი" მიიღეს, რომ ადამიანთა მოდგმის დანარჩენი ნაწილი სახტად დარჩენილ იმ ბოგანოს ჰგავს, რომელსაც უკანასკნელი სარჩო-საბადებელი მოპარეს და ვერ გაურკვევია, როგორ?!

    ერთადერთი იმედი ამ ჩაკეტილი და გამოუვალი ჩიხიდან გამოსვლისა ისაა, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები იმ დონემდე განვითარდება, რომ ბანკების არსებობის საჭიროება დღის წესრიგიდან მოიხსნება. მანამდე კი შევეცადოთ, ბანკების არსებობის საჭიროება იქ მაინც გამოვრიცხოთ, სადაც კი ეს შესაძლებელია.

    ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება არ ვისარგებლოთ ბანკების მომსახურებით იქ სადაც ეს ნამდვილად არ არის საჭირო, განვიხილოთ ე.წ. "შიდა დაკრედიტების" გამოყენების შესაძლებლობა. ამ მეთოდის არსი ისევე ძველია, როგორც თავად სამყარო და დღეს, როდესაც ინფორმაციული ტექნოლოგიები განვითარების ისეთ დონეზე ავიდა, რომ კოსმოსიდან ლამის გაზეთის შრიფტის დანახვა შეიძლება, თავისუფლად შესაძლებელია ვაჭრობის სფეროში განვადებით საქონლის შეძენა საბანკო კრედიტის აღების გარეშე. გამყიდვლების შიში შესაძლო არგადახდების შესახებ უსაფუძვლოა სწორედ ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვის გამო. აქედან გამომდინარე ის, რომ ამ დროს არგადახდის რისკი არსებობს, იმაზე მეტი არ იქნება, რაც თავად საბანკო სფეროში არსებობს, ხოლო გაყიდვების მოცულობები რომ გაიზრდება, ეს ცხადზე უცხადესია, რადგანაც კრედიტებზე საპროცენტო დარიცხვა არ მოხდება.

    ეს პროცესი, მოდით, უფრო დაწვრილებით განვიხილოთ. ეს განხილვა დავიწყოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ისეთი მნიშვნელოვანი სეგმენტით, როგორიც მობილური ტელეფონებია. მობილური ტელეფონები, ბევრი სხვა საქონლისგან განსხვავებით, მორალურად უფრო სწრაფად ცვდება, ვიდრე ფიზიკურად, რაც საკმაოდ ბუნებრივია ამ ტიპის საქონლისათვის, ისევ და ისევ ტექნოლოგიური პროცესების გასაოცარი პროგრესის გამო. ამიტომ, გარდა იმისა, რომ მობილურების ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია, ახალი მოდელის გამოსვლიდან სულ რაღაც ნახევარი წლის შემდეგ იგი უკვე მორალურად მოძველებულია და მყიდველი მას ნაკლებად ეტანება.

    ჩვენი მიზანმიმართულად მოუქნელი საგადასსახადო სისტემის გამო გამყიდველს არა აქვს დიდი სურვილი საქონელს ფასი დაუკლოს, რადგანაც დღგ მაინც საქონლის თავდაპირველი ფასიდან აითვლება. საქონელი რომ განვადებით გაიყიდოს, ბანკები თავის პროცენტს მოითხოვენ, რაც მორალურად გაცვეთილი მობილურის ფასს ზრდის. მაშ როგორ იქცევა გამყიდველი? ძალიან მარტივად და ამასთან, მომხმარებლისთვის საკმაოდ უსინდისოდ, - ახალი მობილურის ფასი იმდენად დიდია, რომ დღეში ერთი ცალიც რომ გაყიდოს, ყველა ხარჯს ანაზღაურებს და მოგებაშიც რჩება. ჩვენ კი ყველანი ვირტუალურცოცხებგაყრილები ვართ.

    არადა გამოსავალი არის, მაგრამ საგადასახადო სამსახურს ეს არ აწყობს - ამით ხომ საგადასახადო შემოსავლები შემცირდება. არადა სააკაშვილის ცხრაწლიანი დიქტატურის განმავლობაში საგადასახადო სამსახურის ცოდვები ფინანსურ პოლიციასთან ერთად, არანაკლებია, ვიდრე პროკურატურის, შს სამინისტროსი თუ სხვა ძალოვანი უწყებებისა. თუმცა ამ უწყებათაგან რომელიმე ცოდვილის საგმირო საქმეების შესახებ ჯერ არ გაგვიგია.

    საკითხის გადაწყვეტა კი საკმაოდ მარტივია. როდესაც მიწოდება მეტია მოთხოვნაზე, უნდა მოიხსნას ყველა რეგულაციები, რომელიც ფასის შემცირებას ეწინააღმდეგება. გამყიდველს უნდა ჰქონდეს საშუალება ფასი შეამციროს ისე, რომ საგადასახადო სამსახურმა შარი არ მოსდოს. აქ, ცხადია, იგულისხმება შიდა კრედიტების გაცემის უფლებაც. ანუ ფირმას შეუძლია საქონელი განვადებით გაყიდოს ბანკების ჩართვის გარეშეც. შედეგად საქონელბრუნვა და, მაშასადამე, მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზრდება; გამყიდვლებს საქონელი არ ჩაუწვება და სასაწყობო ხარჯები შეუმცირდება; და, რაც ყველაზე არსებითია, მომხმარებელი საქონელს უფრო იაფად იყიდის, რაც მისი ცხოვრების დონის ზრდის უტყუარი მაჩვენებელია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×