სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    27.06.2013

    ლევან გვაზავა პროფესორი

    პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო ბიძინა გიორგობიანის დაბრუნებას ეროვნული სატყეო სააგენტოს თავმჯდომარედ. ეს ფაქტი შესაძლებელია მიჩნეული იქნას ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის კლასიკურ მაგალითად, რადგანაც ეს ის პიროვნებაა, ვინც ჯერ კიდევ 2004 წელს დარგში რეფორმები დაიწყო. იმდროინდელ მთავრობის წარმომადგენლებს ტყისადმი მხოლოდ მომხმარებლური დამოკიდებულება ჰქონდათ, "რაც შეიძლება მეტი მოეჭრათ და გაეყიდათ", თანაც სატყეო პოლიტიკისა და სტრატეგიის ყოველგვარი მოთხოვნილების გათვალისწინების გარეშე, რადგანაც ეს უკანასკნელი დაკავშირებული იყო დიდ დანახარჯებთან. ცხადია, ვინც მათ ხელს შეუშლიდა, ყველას ჩამოიშორებდნენ. სწორედ ამ დანაშაულებრივ პოლიტიკას შეეწირა არა მარტო ბიძინა გიორგობიანი, არამედ სატყეო მეურნეობები და იქ დასაქმებული პროფესიონალი მეტყევეები და მთელი სისტემა.

    ამ დანაშაულებრივ პოლიტიკის შედეგად დაიწყო სრული განუკითხაობა, ამოქმედდა მხოლოდ ერთი პრინციპი - "სადაც მინდა იქ ვჭრი", რაც მომეწონება, იმას ვჭრი. შედეგად სახეზე გვაქვს განადგურებული ტყეები თანამდევი კლიმატის ცვლილებებითა და გლობალური დათბობით, რასაც ადამიანთა სიცოცხლე ეწირება და ქვეყანაც ათეულობით მილიონობით ზარალს ნახულობს.

    აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტყეს 40%-ზე მეტი უკავია, თუმცა მისი არაეფექტურად მართვის გამო, ბიუჯეტში შემოსავალი ისე მცირეა, რომ დარგი თავის თავსაც ვერ ინახავს. ასე რომ, დარგის რენტაბელობა ეფექტური მართვითაა შესაძლებელი. ის, რომ დღეს საქართველოს სატყეო დარგი განადგურებულია, იმას არ ნიშნავს, რომ სატყეო პოლიტიკაც საერთოდ განადგურებულია, თუმცა მის აღდგენას და განხორციელებას უდიდესი ძალისხმევა სჭირდება, რადგანაც იგი ტყეების პროდუქტიულობის ამაღლებასა და ტყითსარგებლობის ეფექტური ღონისძიებების შემუშავებას მოიცავს, რისი უდიდესი რეზერვებიც არსებობს და რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეხება ტყეზე საკუთრების ნებისმიერ ფორმას.

    იმისათვის, რომ დარგი გამოვიდეს უმძიმესი მდგომარეობიდან, საჭიროა, მთელი რიგი ღონისძიებების გატარება. კერძოდ, ტყეების პროდუქტიულობის ამაღლება, რაც, პირველ რიგში, შემატების ზრდას გულისხმობს და იგი 2-3-ჯერ ჩამორჩება ევროპის ქვეყნებს. ტყეების პროდუქტიულობის ამაღლება შესაძლებელია მოვლითი ჭრების და დაბალპროდუქტიული ტყეების სარეკონსტრუქციო სამუშაოთა მასშტაბების ზრდითაც, რომლის შედეგად მიღებული მერქნული ნაწილი მიზანშეწონილია გამოყენებულ იქნას ტექნოლოგიური ნაფოტის დასამზადებლად, რომელიც საუკეთესო ნედლეულია ცელულოზის დასამზადებლად. მწვანე მასა კი შესაძლებელი იქნება გამოყენებული იქნეს ვიტამინოვანი ფქვილის დასამზადებლად, რომელიც ფრინველთა და ცხოველთა საკვებში შესარევი კაროტინის წყაროა. ორივე პროდუქცია დეფიციტია ქვეყნისათვის და არა მარტო ქვეყნისათვის.

    ასეთი წარმოებები წარმატებით მუშაობდა სისტემაში 70-იან წლებში. დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი სწრაფმზრდი ჯიშებისა და მიზნობრივი პლანტაციების გაშენების მხრივაც. ასევე, საჭიროა, ტყეების მოვლა-პატრონობის ეფექტური წარმოებაც და სხვა მრავალი.

    რაც შეეხება ტყიდან მერქნით სარგებლობას, აქაც დიდი რეზერვია სარგებლობის წესებისა და მეთოდების მოწესრიგების მხრივ. საჭიროა შეიქმნას ხე-ტყის დამზადების მუდმივმოქმედი უბნები ინტენსიური საგზაო ქსელითა და თანამედროვე ტექნიკურ-ტექნოლოგიური ბაზით, ამასთან უარი უნდა ვთქვათ ტყეში არაპროფესიონალ მიმხმარებლის შეშვებაზე. ყველა რესურსის გაცემა, მათ შორის საწვავი შეშაც, ზედა ბაქანზე უნდა მოხდეს.

    შესასწავლია ასევე მთაში მცხოვრები მოსახლეობისათვის მიმდებარე სარეკონსტრუქციო ტყეების საკუთრებაში გადაცემის საკითხიც. ამასთან, მერქნული რესურსების ეფექტურად გამოყენების მიზნით, საჭიროა, ფართო მუშაობა გაიშალოს მცირე საავეჯო საამქროების შექმნის მნიზნით, რომლებიც მთაში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმების პრობლემასაც გადაწყვეტს.

    ტყის ფართობების ეფექტურად გამოყენებისთთვის კი საჭირო გახდება დამხმარე მეურნეობების წარმოების ამოქმედება და ტყეების რეკრეაციულ-ტურისტული თვალსაზრისით ეფექტურად გამოყენებაც. პირველ რიგში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, შედგეს სატყეო დარგის განვითარების გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამა, რომლის დამუშავებისათვის სააგენტოსთან უნდა შეიქმნას პროფესიონალ მეცნიერთა საკონსულტაციო საბჭო. სწორედ ეს პროგრამა გახდება რეგიონული ტიპური პროექტების შედგენის საფუძველი.

    ყოველივე ამასთან ერთად, პირველ რიგში, უნდა აღდგეს ის სტრუქტურული პროფესიული სამეურნეო რგოლები, რომლის გაუქმება დანაშაულის ელემენტებს შეიცავს. ესენია: სატყეო მეურნეობები, ტყეპროექტი, სატყეო ინსტიტუტი, მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი და სხვ. საგანმანათლებლო სასწავლებლებთან ერთად აღსადგენია სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა.

    მართალია, ყველა ამ საკითხის გადაწყვეტას უდიდესი ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ამის გარეშე, დღეს დარგში არსებული პრობლემების გადაწყვეტა, რაც არ უნდა კარგი კანონი მივიღოთ, შეუძლებელი იქნება. აღნიშნული პრობლემების გარშემო, ჩვენ შარშან 6 სტატია გამოვაქვეყნეთ მხოლოდ გაზეთ "რეზონანსში", თუმცა მას რამე გამოხმაურება არ მოჰყოლია. ვფიქრობთ, ყოველივე ამასთან ერთად, საჭიროა, სამართლებრივი შეფასება მიეცეს დარგში არსებულ ვითარებას, რაც გაუადვილებს მდგომარეობას ახალ ხელისუფლებას.

    რაც შეეხება უშუალოდ ინტერვიუს, მიმაჩნია, რომ სწორად არის გაშუქებული დღეს დარგში არსებული პრობლემები. ამასთან, მიზანშეწონილად ვთვლი გამოვხატო ჩემი მოსაზრება ზოგიერთ საკითხზე. ასე მაგალითად, ბიძინა გიორგობიანი აღნიშნავს, რომ დარგი არ არსებობს, განადგურებულიაო, რაშიც მეც ვეთანხმები. მაშ, რაშია საქმე? რატომ აქტიურდებიან ლიცენზიანტები, რა ინტერესი ამოძრავებთ მათ, სატყეო პოლიტიკის და სტრატეგიის სრულყოფა? რა თქმა უნდა, არა, მათი მიზანია, რაც შეიძლება მაღალხარისხიანი მერქანი დაამზადონ მინიმალური დანახარჯებით, რაც ტყისთვის ზიანის მიყენების გარეშე შეუძლებელია და ნაცვლად იმისა, რომ განავითარონ სატყეო მრეწველობა, ეწევიან მერქნის საზღვრებს გარეთ გატანას და გაყიდვას, რაც ქვეყნისათვის მიუღებელია.

    ამდენად, თუ ლიცენზიანტებს მოვთხოვთ დაიცვან სატყეო პოლიტიკისა და სტარატეგიის მოთხოვნები, ისინი უარს იტყვიან ლიცენზიაზე, რადგანაც ეს დაკავშირებულია დიდ დანახარჯებთან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტყეზე საკუთრების უფლება არ ნიშნავს, სახელმწიფო სატყეო პოლიტიკაზე უარის თქმას.

    ინტერვიუში აღნიშნულია, რომ საქართველოში ტყეების აღდგენა არ ხდება, რადგანაც ეს ძვირიაო და იქვე არის შეთავაზება ბუნებრივი განახლების ხელშეწყობასთან და ტყეების 5 წლით დასვენებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, დღეს ტყე ისე არის განადგურებული, რომ ხელოვნურ განახლებაზე უარის თქმა სწორი არ იქნება, მით უმეტეს ამის დიდი გამოცდილება არის დაგროვილი - თბილისის შემოგარენი, ხაშურის მიმდებარე ტერიტორიის ფიჭვნარი და მრავალი სხვა, სულ ხელოვნურადაა გაშენებული, რაც მთავარია, ხელოვნურადაა გაშენებული ევროპის ტყეების 90%. ასე რომ, ტყეების ხელოვნური გაშენება ძვირი ჯდება, მაგრამ მასზე უარის თქმა, არასწორია, მითუმეტეს, როცა ამას ტყე მოითხოვს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ალექსანდრე   (27.06.2013)
    ბატონ ლევან გვაზვას ნათქვამს ერთ მნიშვნელოვან მოსაზრებას დავუმატებდი - მან თქვა, რომ საჭიროა შეიქმნას მუდმივ მოქმედი საკონსულტაციო მეცნიერთა საბჭო, მე ვიტყოდი - კარგია შეიქმნას ისეთი სამსახური, რომელიც ამ დიდ მეცნიერებს გაუფორმებდა ხელშეკრულებებს, რომ მათ მოამზადონ ყველა ზემოთ და სხვაც, რომელიც დღეს ტყეს და დარგს სჭირდება, წინადადებები ბიზნეს-გეგმის სახით, სადაც მარტო წინადადებები კია არ იქნება ჩამოწერილი - რა სჯობია და როგორ, არამედ უკვე განსახორციელებელ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა თანმიმდევრული ნუსხა, რომელიც უახლოეს 2-3 წელსი მოიტანს რეალურ შედეგს. და კიდევ- ტყეპროექტი მაშინ იყო კარგი, როცა მისი შესანახი თანხა რუსეთიდან შემოდიოდა, დღეს ამ სამსახურის შენახვას უფრო მეტი თანხა დასჭირდება, ვიდრე ახალი ტყეების გაშენებას, რადგან ტყეპროექტი 6 თვეს მუშაობს და 6 თვეს ხელფას "მიირთმევს" და არც საქართველოს ტყეებია იმდენი, რომ ამ სამსახურს სულ მუდმივი სამუშაო ჰქონდეს. ისე თუ ტყეპროექტი თავისი ხარჯით ჩამოყალიბდება, მაშინ ეროვნული სატყეო სააგენტო დიდი სიამოვნებით გაუფორმებს მათ ხელშეკრულებას ტყეთმოწყობითი სამუშაოების ჩასატარებლად.სხვათაშორის ევროპის განვითარებულ ქვეყნებსი უკვე არსებობს საკმაოდ ძვირად ღირებული ტექნოლოგიები ტყეთმოწყობის მსგავსი სამუშაოების საწარმოებლად და ვფიქრობ მისი მოსინჯვა უფრო მეტ შედეგს მისცემს სატყეო დარგის სწრაფ აღრიცხვა-შეფასების საქმეს ....


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×