სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    27.06.2013

    გურამ ყორანაშვილი

    (ისტორიკოსი)

    როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ხელახლა იქნას გამოძიებული და გააზრებული (შეფასებული) აგვისტოს ომის რაობა. მიიჩნევენ, რომ ამისთვის სპეციალური კომისია უნდა შეიქმნას. მეორე ნაწილი უაზრობად, სამარცხვინოდ მიიჩნევს ამგვარ ქმედებას და მას რუსეთისადმი პოლიტიკურ რევერანსად წარმოადგენს.

    თუ ამგვარ ლოგიკას გავყვებით, იქნებ ყ|ყ საუკუნის საქართველოს (მისი შემადგენელი ცალკეული მხარეების) მეფის რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებათა მიზეზები უმთავრესად ქართველობაში უნდა ვეძიოთ? ანდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და ბოლშევიკურ-კომუნისტური რუსეთის საომარი დაპირისპირება 1921 წლის თებარვალ-მარტში იქიდან წარმოიშვა, რომ "საქართველო საშინლად გათავხედდა" (ვლადიმერ ლენინის სიტვებია) და ამიტომ იქნა "დასჯილი".

    ისეთი განცხადებაც მოვისმინეთ, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში რუსეთის უმაღლესი ხელისუფალნი არაფერ შუაში იყვნენ. მაშ იგი ჩვენმა ხელისუფლებამ წამოიწყო?

    რაც შეეხება საკითხის კვლევა-ძიების თაობაზე სპეციალური კომისიის შექმნას, ესეც უპერსპექტივო საქმე გახლავთ. ჩვენ ხომ მოწმენი ვართ ამა თუ იმ პრობლემის თაობაზე კომისიების შექმნისა, რაც ჩვეულებრივ უშედეგოდ მთავრდებოდა ხოლმე.

    რასაკვირველია, თავდაპირველად მავანნი, შესაბამისი კომისიის წევრობის მოსურნენი, თავს იკლავენ მის წევრად გახდომით, მაგრამ სერიოზულ მუშაობას თავს არიდებენ. საკითხავია ისიც თუ რამდენად აქვთ პროფესიონალიზმი მინდობილი საქმის აღსასრულებლად.

    შეგახსენებთ, რომ უახლოეს პერიოდში პირველი ასეთი კომისია შეიქმნა 1987 წელს ილიას მკვლელობის შესახებ. იგი (ეს კომისია) ოცდაათ წელზე მეტ ხანს "მუშაობდა", თუმცა საკითხის შესწავლას დიდი არაფერი დატყობია. უკანასკნელი მაგალითი გახლავთ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის თაობაზე შექმნილი კომისიის მუშაობის უნაყოფობა.

    ერთი სიტყვით, "ვხმაურობთ, ვხმაურობთ", მაგრამ საქმეს ამით თავი არ ებმება.

    მავანთ ჰგონიათ, რომ 2008 წლის აგვისტოს ხუთი დღის მოვლენების გამოძიება (გამორკვევა) ოდენ ამ პერიოდის ისტორიით, მაქსიმუმ უშუალო წინა წლების გამოკვლევით იქნება შესაძლებელი. სინამდვილეში პროცესის დასაწყისი არც მხოლოდ 1980-იანი წლების ბოლოსაა საძებნი.

    დაკვირვებული მკვლევარი ადვილად შეამჩნევს, რომ მისი საწყისები ჯერ კიდევ ცარისტული რუსეთის იმპერიაში არის მოსანახი. მაგრამ ამ სიძნელეს ჩვეულებრივ ვერ აცნობიერებენ და ისტორიულ ხდომილების სერიოზული კვლევა-ძიების ნაცვლად მეცნიერების სუროგატის ("ჩიტირეკიობის") შემოთავაზებას ამჯობინებენ.

    შესაბამისად, აზრადაც არ მოუვათ საკითხის გააზრებისას მეცნიერული მიდგომის საჭიროება, რაც უპირველესად ისტორიოგრაფიის (საისტორიო მეცნიერების) ამოცანას შეადგენს.

    ისტორიული სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ქართველ-აფხაზთა და ქართველ-ე.წ. სამხრეთელ ოსთა დაპირისპირება (ომის ფორმით) მხოლოდ ამ მხარეებში არ არის მოსაძებნი. ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი გვიშლიდა ხელს, რათა აფხაზებსა და ე.წ. სამხრეთელ ოსებს საქართველოს შემადგენლობაში მიეღოთ მაღალი, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი, ავტონომიის დონე. რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე დღევანდელ რუსეთის ფედერაციაში შემავალ ხალხებს, ერებს აქვთ, რომელნიც ფედერაციის სუბიექტების სახელით იწოდებიან და რომელთგანაც ზოგიერთთა რიცხოვნობა მილიონს აჭარბებს.

    მაგრამ მსგავსი ისტორიული შესაძლებლობის რეალიზება გამოირიცხა და სრულიადაც არა რაღაც ირაციონალური მიზეზის წყალობით. ასეთ მიზეზს წარმოადგენს ქცევა დღევანდელი რუსეთისა, კვლავაც რომ აგრძელებს იმპერიალისტურ ტრადიციებს.

    აფხაზებთან და ე.წ. სამხრეთელ ოსებთან ჩვენი უკიდურესი დაპირისპირებულობის უკან სწორედ რომ რუსეთი იდგა და დგას. ეს არც თუ ისე ძნელი დასანახი იყო. მაგრამ ამ გარემოების დანახვა ვერ შესძლო (თუ არ უნდოდა) ედუარდ შევარდნაძეს. მაგრამ საბედნიეროდ ამჟამად ამას ბევრი ხედავს, თუმცა ამასთანავე არიან ისეთებიც, რომლებიც ამას ვერ ახერხებენ (ამის თაობაზე იხილეთ ზემოთ).

    საკითხის არსში რომ ჩავღრმავდეთ, ჩვენს აზროვნებას სხვა გარემოებების გათვალისწინებაც მოუწევს. ცნობილია, რომ დღევანდელი რუსეთი აქტიურად ლობირებდა სერბეთს, რომლის მმართველმა ზედაფენამაც (სლობოდან მილოშევიჩის თავკაცობით) გენოციდი მოუწყო კოსოვოში მცხოვრებ ალბანელებს. რაკი ამჯერად ჩვენმა დიდმა (ვრცელმა) ჩრდილოელმა მეზობელმა მარცხი განიცადა, გადაწყვიტა რევანში აეღო.

    გარდა აღნიშნულისა, რუსეთს ამისათვის სხვა, უფრო სერიოზული მოტივიც ჰქონდა. ცნობილი გახლავთ, რომ ეუთოს 1999 წლის სამიტზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც რუსეთს საქართველოდან (კერძოდ, ვაზიანიდან, ახალქალაქიდან, ბათუმიდან და გადაუთიდან) სამხედრო ბაზები უნდა გაეყვანა.

    დასავლეთმა (ცხადია, აშშ-ის ჩათვლით) ამას მიაღწია ბორის ელცინის თითქოსდა დემოკრატიულ რუსეთთან. მაგრამ მიღწეული შეთანხმების შესასრულებლად რუსეთი, ამჯერად პუტინისეული, უფრო ნაკლებად რომ ინიღბება დემოკრატიულობით, ფეხებს ითრევდა. როგორც იქნა საქართველოდან გაიყვანეს რამდენიმე ბაზა, მაგრამ გუდაუთიდან არ გაიყვანა.

    მეტიც, რუსეთის მმართველი ფენა ცდილობდა რა, უფრო ფართოდ მოეკიდა ფეხი (სამხედრო ყოფნით) ჩვენს ქვეყანაში, ეძებდა პროვოკაციის საბაბს, რათა ომში ჩავეთრიეთ. ჩვენ ხომ კარგად უნდა გვახსოვდეს ვლადიმერ პუტინის აღიარება "ზაგოტოვკების" თაობაზე.

    ამჯერად ვითომდაც მცირერიცხოვან აფხაზთა და ე.წ. სამხრეთელ ოსთა ფიზიკურ გადარჩენაზე ზრუნვის საბაბით რუსეთი კვლავ შემოიჭრა საქართველოში და "წარმატებული ომის" შედეგად ორი ისტორიული რეგიონი (მხარე) ჩამოგვაჭრა და ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. სამაგიეროდ მოკავშირეობის საფარველით აქ ჩააყენა თავისი სამხედრო ძალები, რითაც გამოასწორა თავისი წინანდელი უკანდახევა.

    ასე რომ, აგვისტოს ხუთდღიანი "ძლევამოსილი ომის" შედეგად რუსეთმა შესძლო რევანში აეღო არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთელი დასავლეთის მიმართაც, რომლის ლიდერებიც ამჯერად (წინა პერიოდისაგან განსხვავებით) ვერ აღმოჩნდნენ მოწოდების სიმაღლეზე. პოლონეთის, ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის მხარდაჭერა კი თვალსაჩინო შედეგის მომტანი არ იყო.

    ცხადი გახდა, რომ არც დასავლეთის საზოგადოებას არ მიუტანია გულთან ახლოს ჩვენი ეროვნული ტრაგედია, რასაც ამტკიცებს ჩვენი იქაური დიასპორების აქციებზე დაუსწრებლობა.

    რასაკვირველია, სულაც არ იქნებოდა მიზანშეწონილი, მათ შორის საქართველოსათვის, რუსეთსა და დასავლეთს შორის დიდი დაპირისპირება მომხდარიყო, მაგრამ მეტი პრინციპულობის გამოჩენისას, ვიმეორებთ, უკანასკნელს შეეძლო (და ახლაც შეუძლია) წარმატებისათვის მიეღწია.

    აყოველ შემთხვევაში ჩვენ დიდი მადლობა უნდა გამოვხატოთ ამერიკის შეერთებული შტატებისადმი, რომლის რიდი და მოწიწება რუსეთს აქვს. თუ არა მისი გემების გამოჩენა შავ ზღვაში, სხვანაირად ომის შედეგები ჩვენთვის ბევრად უფრო სავალალო იქნებოდა.

    მწარე სინამდვილე მძაფრდება იმითაც, რომ ორივე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ეთნოწმენდას ჩვენ წინააღმდეგ, რაც არ განხორციელებულა კოსოვოში სერბებთან მიმართებით. როგორც ახლახან გახდა ცნობილი, კოსოვოელი ალბანელები უკანასკნელებს ავტონომიასაც კი აძლევენ. აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთელი ოსების მარიონეტულ ხელისუფალთ მსგავსი რამის გაკეთებაც კი არ სურთ. ცხადია, მათ უკან იკვეთება რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების საზარელი როლი.

    მოდით, ახლა ჩვენს ბედრკულ ისტორიას მივმართოთ, ვნახოთ, გვაქვს თუ არა დღევანდელი ისტორიული სიტუაციის ანალოგი.

    ყქ|-ყქ||| საუკუნეების განმავლობაში ქართველ პოლიტიკოსთა დიდ ნაწილს გაზვიადებულად წარმოედგინა რუსეთის საერთო, კერძოდ, სამხედრო ძლიერება და შესაბამისად მიაჩნდათ, რომ რუსეთს უკვე შეეძლო ირანთან და ოსმალეთთან წარმატებული დაპირისპირება და ამის შედეგად - ამიერკავკასიაში დამკვიდრება. ამგვარ ილუზიას ემატებოდა მათი ერთობ მიამიტური წარმოდგენა ერთმორწმუნეობის ფაქტორზე (ივანე ჯავახიშვილი).

    მსგავს გულუბრყვილო წარმოდგენებს უკვალოდ, დაუსჯელად არ ჩაუვლია. შეგახსენებთ მწარე ისტორიულ გაკვეთილებს კახეთში შაჰ-აბას პირველის ლაშქრობათა შესახებ. მსგავსი ბედი ელოდა ქართლსაც, მაგრამ ჩვენი წინაპრების თავგამოდების წყალობით, იგი ასე თუ ისე გადაურჩა კახეთის ბედს.

    მანამდე სპარსეთის მრისხანე მბრძანებელმა ქართლს ჩამოაჭრა დებედას ხეობა და მისი მარცხენა მხარე, ხოლო კახეთს - სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი (მომავალი საინგილო). ამით მან დაიმკვიდრა სტრატეგიული ადგილები. გავიხსენოთ ისიც, რომ სპარსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სახანო და სასულთნო შეჰქმნა. იგი დიდად "გაისარჯა" იმისათვის, რომ აქ უცხოტომელები მომრავლებულიყვნენ.

    როგორ ჰგავს ყოველივე ეს ჩვენს დღევანდელობას, ამჯერად რუსეთის ძალისხმევით რომ შეიქმნა! გავიხსენოთ, თუ რა დაემართა ქართლს ვახტანგ ქ|-ის უგუნური ქცევისა და პეტრე |-ის მზაკვრული პოლიტიკის შედეგად.

    1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის ქართლ-კახეთის სამეფოზე შემოსევის დროს, რუსეთს მართლაც შეეძლო თავი გამოედო საქართველოსათვის, მაგრამ ეს არ მოუმოქმედებია, ელოდა რა საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაძაბუნებას. მსგავსმა დიდად მზაკვრულმა პოლიტიკამ რომ "გაამართლა", ეს ნათლად გამოჩნდა 1801 წელს.

    ამჟამად ასეთ ისტორიულ სიტუაცას ვაწყდებით. ვხედავთ, რომ დასავლეთს დიდად არ ანაღვლებს არც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და არც ეთნოწმენდები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ხშირად გვესმის ცარიელი ფრაზები, რეალური დახმარება (თუნდაც აქტიური პოლიტიკური) არა და არ ჩანს. ამას ემატება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ორჭოფული პოლიტიკაც დასავლეთთან და რუსეთთან მიმართებაში.

    შექმნილ სიტუაციაში არ გვმართებს ოდენ ბრმად მივენდოთ ისტორიულ ბედს, არ ვეცადოთ მაინც სერიოზულად დავფიქრდეთ ჩვენს მომავალზე, ხოლო ამის სანაცვლოდ დიდი ჟრიამული ავტეხოთ ხუთი წლის წინათ მომხდარი მოვლენის შესახებ.

    ისე, რასაკვირველია, აგვისტოს ომი ბევრ სერიოზულ კითხვას ბადებს, რაც სათანადო პასუხს საჭიროებს. ქვეყანას, რომელსაც ისტორიკოსთა თვალსაჩინო მასა ჰყავს, სადაც ერთობ მომრავლებული არიან პოლიტოლოგები, თითქოს არ უნდა გაუჭირდეს მომხდარის საფუძვლიანი ანალიზი. მაგრამ ეს უნდა მოხდეს არა დიდი ხმაურითა და ზარ-ზეიმით, არამედ პროფესიონალთა ვიწრო წრეში და ნამდვილად მეცნიერული მიდგომით.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×