სლავების კონფედერაცია – უკრაინაში ომის დასრულების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი
რეზონანსი
12.06.2022

საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირის დაშლის თაობაზე ბელარუსის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერები, 1991 წლის 8 დეკემბერს, ბელოვეჟის ტევრში მდებარე სამთავრობო რეზიდენციაში გამართულ არაოფიციალურ შეხვედრაზე შეთანხდნენ. არადა „საბჭოთა კავშირის“ დაფუძნებაში „ამიერკავკასიის ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკაც“, მონაწილეობდა, რომელიც 1922 წელს შეიქმნა, ხოლო 1936-ში არსებობა შეწყვიტა. მანამდე აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი „ამიერკავკასიის დემოკრატიულ ფედერაციაშიც“ იყვნენ გაერთიანებულნი და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მხოლოდ იმიტომ არჩიეს ჩამოყალიბება (26.05.1921), რომ ერთს - თურქეთის, მეორეს - გერმანიის, ხოლო მესამეს - ინგლისის დახმარების იმედი ჰქონდა. ამდენად, თუ სრულიად განსხვავებული ენის, დამწერლობის, აღმსარებლობის, კულტურის და გეოპოლიტიკური ორიენტაციის მქონე ქვეყნებიც კი ცდილობდნენ ერთიან სახელმწიფოში ცხოვრებას, რატომ არ შეიძლება, კონფედერაციაში, ფაქტობრივად, ერთი დამწერლობის, ენისა და კულტურის მქონე ხალხები გაერთიანდნენ?! 

მოსკოვში სტუდენტობის პერიოდიდან დავდიოდი. კიევში, ოდესასა და მინსკშიც რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. უკრაინელებისა და ბელარუსების ნათქვამსაც იოლად ვიგებდი, ვინაიდან რუსული სკოლაში მასწავლეს. ადამიანებთან კომუნიკაციის პრობლემა არ მქონდა და ყველას ერთ ერად აღვიქვამდი. ფაქტია, ვიკიპედიის თანახმადაც, „სლავები – ევროპის ყველაზე დიდი ინდო–ევროპული ეთნოლინგვისტური ჯგუფია, რომელიც აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ სლავებად იყოფა. აღმოსავლეთ სლავებს წარმოადგენენ: „რუსები, ბელარუსები და უკრაინელები“. ამასთან, „პანსლავიზმი (სრულიად სლავური მოძრაობა) XIX საუკუნეში შექმნილა და სლავი ხალხის კულტურულ, რელიგიურ და პოლიტიკურ გაერთიანებას ისახავს მიზნად“.

ამდენად, როგორც კი, რუსეთსა და უკრაინას შორისაც დაიძაბა ურთიერთობა და შეირაღებული დაპირისპირების საფრთხე გაჩნდა (ფაქტობრივად, ზელენსკის პრეზიდენტად არჩევისთანავე), თავი ვალდებულად ჩავთვალე, ვითარების განსამუხტად, აღმოსავლეთ სლავების ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება შემეთავაზებინა, რაც საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსადაც მივიჩნიე.

სამწუხარო რეალობაა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, ფაქტობრივად, რუსეთის მიერ არის ანექსირებული, მასზე ათეულობით სამხედრო ბაზაა განთავსებული და „მცოცავი ოკუპაციაც“ (ჩვენი „სტრატეგიული პარტნიორების“ აღშფოთება–შეშფოთების მიუხედავად...), უპრობლემოდ გრძელდება... ფაქტია ისიც, რომ დღეს რუსეთი კავკასიონსაც, ფაქტობრივად, სრულად აკონტროლებს, ამასთან, როგორც ჩანს, უკვე ყაზბეგსა და პანკისის ხეობაზეც უჭირავს თვალი, რის შემდეგაც, გამორიცხული არ არის, სომხეთთანაც ეცადოს „დამეზობლება“... 

ევროპის წამყვანი სახელმწიფოების რუსეთის რესურსებზე დამოკიდებულებიდან გამომდინარე, დარწმუნებულ ვარ, მისი ნების გარეშე არც ევროკავშირში მიგვიღებს ვინმე და არც ნატოში. ხოლო, თუ შემორჩენილი ტერიტორიით მიგვიღეს (თუ მანამდე თავად ევროკავშირში არ გაძლიერდა დეინტეგრაციული პროცესები ან თავად საქართველო არ დაიშალა ყოფილი იუგოსლავიასავით), უკეთეს შემთხვევაში, ნატოს (ფაქტობრივად, თურქეთის...) ბაზები, შეიძლება, აჭარისა და „ბორჩალოს რესპუბლიკებში“ განთავსდეს...

ფაქტია, მთიანი ყარაბაღის შემდეგ, ადამიანები უკვე უკრაინაში იღუპებიან, ხოლო რამდენიმე წლის წინ ბელარუსი და რუსეთიც კი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, თუმცა, ბოლოს, პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას 2024 წლისთვის ერთიან (კონფედერაციულ) სახელმწიფოდ ინტეგრირების თობაზე. 

ვინაიდან უკრაინაში დაპირისპირება გაჭიანურდა, თუ ზელენსკისა და პუტინს მიზნად არ აქვთ დასახული ევროპის ტერიტორიის ნაწილის (საუკეთესო მიწის) მკვიდრი მოსახლეობისგან დაცლა ან/და „ვიღაც მესამის“ დავალებით არ მოქმედებენ, ზემოაღნიშნული მოცემულობებიდან გამომდინარე, გონივრულად მიმაჩნია, დაუყოვნებლივ დაზავებულიყვნენ იმ პირობით, რომ კონტროლირებად ტერიტორიებზე რეფერენდუმს გამართავდენ (უცხოელების მეთვალყურეობით). ხელისუფლების წყარო („ხალხი“!) კი თავად აირჩევდა დამოუკიდებელ სახელმწიფოში სურთ ცხოვრება, რუსეთთან მიერთება თუ სლავურ კონფედერაციაში გაერთიანება (არადა, კარგი იქნებოდა, ორივე გადამდგარიყო...). შესაბამისად, მთავრობები ხალხის ნებას აღასრულებდნენ. გამორიცხული არ არის, სრულიად უკრაინამ ან მისმა ერთმა ნაწილმა (კათოლიკეებით დასახლებულმა) დამოუკიდებლობა აირჩიოს ან სრულიად უკრაინამ (ან მისმა მეორე ნაწილმა, მართლმადიდებლებით დასახლებულმა) ერთმორწმუნე ძმებთან თანაცხოვრება...

არ მგონია, დღეს არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს ისტორიულად სლავური ეთნოსი კიევის რუსეთიდან იღებს სათავეს, ვოლგისპირეთიდან, მოსკოვიდან თუ, სულაც აზიიდან ჩამოსულები ჰყავდათ წინაპრებად. ფაქტია, 200 მილიონამდე არიან, ენაც და დამწერლობააც, ფაქტობრივად, ერთი აქვთ და ხმელეთის 1/6-თან ერთად, მსოფლიოს ბუნებრივი რესურსების უდიდეს ნაწილსაც ფლობენ... არც ის უნდა იყოს მნიშვნელოვანი აღმოსავლეთ სლავების მიერ შექმნილ საერთაშორისო სამართლის ახალ სუბიექტს სახელად რას შეურჩევენ. შესაძლებელია, „სლავური კონფედერაცია“ ან, თუნდაც „სუვერენულ სლავურ რესპუბლიკათა კავშირიც“ (ანუ ისევ „სსრკ“ უწოდონ, რითაც ასაკოვანი მოქალაქეების და „სულით საბჭოელების“ გულს ნამდვილად მოიგებენ...), მთავარია, გარდა იმისა, რომ ერთიანი კოლექტიური მმართველობის ორგანოს, საზღვრის, ჯარისა და ვალუტის შექმნით მოგვარდებოდა თავად ამ სახელმწიფოებში და ერთმანეთთან ურთიერთობებშიც არსებული პრობლემები, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში უკრაინას და შემდგომ საქართველოსაც გაუჩნდებოდა შანსი აღედგინათ ტერიტორიული მთლიანობა და არსებითად გაეუმჯობესებინათ ეკონომიკური მდგომარეობაც. 

დარწმუნებული ვარ, ფაქტობრივად, ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებული სლავებიც რეფერენდუმითვე დემოკრატიული განვითარების გზას და ევროინტეგრაციას აირჩევენ (წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთსაც ემუქრება დაშლის და „გადაჯიშების“ საფრთხე...), ხოლო ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული ევროპული ტიპის სამსუბიექტიანი „სსრკ“-ის ევროკავშირში გაწევრიანებამდე, შესაძლოა, საქართველოსაც აღედგინა თანამშრომლობა დსთ-სთან, რომელშიც რუსეთს ახალი სუბიექტი „სლავური კონფედერაცია“ ჩაანაცვლებდა და ყოფილ „მოძმე რესპულიკებთან“ ერთიან თავდაცვით სისტემაშიც გაერთიანებულიყო. 

ვინაიდან ბელარუსსა და უკრაინასთან ნორმალური ურთიერთობები 

გვაქვს, ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით (რუსეთი ბაზების გამყვანი არ არის, ხოლო ნატოს საკუთარი წევრებისთვის ვერ მიუგვარებია ტერიტორიული დავები), საქართველოს ხელისუფლება უშუალოდ საერთაშორისო სამართლის ახალ სუბიექტს ან უკვე მისი მონაწილეობით ფორმირებულ დსთ-ს (მასში რუსეთი აღარ იქნებოდა), გრძელვადიანი იჯარით გადასცემდა მიწის ნაკვეთებს სამხედრო ბაზების განსათავსებლად, ხოლო სარგებლობის ქირას ე. წ. ბარტერით (მაგ., ნავთობპროდუქტებით, მარცვლეულით, ხის მასალით, ტექნიკით და სხვა) მიიღებდა. მით უმეტეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სტრატეგიული ობიექტების მნიშვნელოვანი ნაწილი სლავებს უკვე დავუთმეთ (რაც არ არის გასაკვირი, როდესაც „რევოლუციებით“ ხელისუფლების გადაბარება, ფაქტობრივად, ორივეჯერ „ივანოვების“ ჩარევით მოხდა...) და მარცვლეულის 95%–იც სწორედ მათგან შემოგვაქვს... 

მართლია ზოგიერთ ჩვენ „სტრატეგიულ პარტიორს“ საქართველო, ფინიად წარმოუდგენია და უკვე 30 წელია, რაც „მიმავალი ქარავნის საყეფად“ აქეზებს, მაგრამ რეალობაა, რომ საკმაოდ მომძლავრებული რუსეთი (მით უმეტეს, ჩინეთთანაც დაალაგა ურთიერთობა და თურქეთთანაც) უკვე ულტიმატუმებს უყენებს „ლიდერ ქვეყნებს“ და ღიად აცხადებს, რომ არ დაუშვებს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. ამასთან, კონფრონტაცია კარგ არაფერს გვიქადის, მით უმეტეს, რომ ქვეყანაში უკვე კატასტროფული დემოგრაფიული ვითარებაა შექმნილი, ხოლო ტერიტორიების ძალით მიტაცების გარდა, უცხოელებს (ცხადია, პირველ რიგში, „მეზობლებს“...) საშუალება აქვთ ქართულ მიწას სრულად კანონიერი გზებითაც დაეუფლონ... 

როდესღაც ხომ უნდა გვეშველოს?! ვფიქრობ, კმარა შიდა დაპირისპირებაც და აშკარად სხვისი („ვიღაც მესამის“...) წაქეზებით „დათვზე სანადიროდ“ სიარულიც, ხოლო ერთმორწმუნე სლავების, ფაქტობრივად, ევროპული ტიპის ერთ სახელმწიფოდ გაერთიანება, იმედი მაქვს, მათაც მისცემთ მშვიდობიანი თანაცხოვრების საშუალებას და ჩვენც შეგვიწყობს ხელს საერთო ინტერესებზე ჩამოყალიბებასა და ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად, ურთიერთხელსაყრელ პირობებზე, ჩრდილოელ მეზობლებთან თანმაშრომლობაში. 

ავთანდილ კანიაშვილი, სამართლის დოქტორი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×