რეზონანსი
10.10.2021

მიუხედავად იმისა, საქართველოს მოქალაქეები სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებაზე შევთანხმდით, ფაქტია, ჯერჯერობითარსებითი ხარვეზების გარეშე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებსაც ვერ ვატარებთ. ამასთან, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად გავერთიანდეთ, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგაც, ფაქტობრივად, ისევ შუაზე ვართ გახლეჩილები და ამჯერად უკვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაში ან რეფერენდუმში ვხედავთ „ქვეყნისგადარჩენის“გზას.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სტრატეგიული პარტნიორებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას არა მარტო საარჩევნო კოდექსისა და სახელმწიფო დროშის შინაარსის, არამედ პარლამენტისა და თვითმმართველობის ოგანოების დანიშნულების თაობაზეც არ აქვთ წარმოდგენა. ამასთან, ამომრჩევლებს არც არჩევნებში მონაწილე სუბიექტების თაობაზე აქვთ საკმარისი ინფორმაცია, დღემდე არც საარჩევნო სიები დაგვიზუსტებია, კომისიებს საეჭვო რეპუტაციის და გაყალბებაში დახელოვნებული ძველი კადრებით ვაკომპლექტებთ, ბიულეტენებს ისევ ხელით ვითვლით (რა დროსაც მათ ნაწილს ვაბათილებთ), უბნებში შედგენილ ოქმებს კი დაუყოვნებლივ არ ვასაჯაროებთ და ვერც შედეგებს ვაჯამებთ უშეცდომოდ. არადა, ხმებს ელექტრონულად არა მარტო ამერიკაში, არამედ უკვე ყაზახეთშიც ითვლიან და, ფაქტობრივად, მყისიერად აჯამებენ შედეგებს...

ფაქტია ისიც, რომ საარჩევნო დავებს სწორედ იმ სააპელაციო ინსტანციიაში ვასრულებთ, რომელსაც ჩინჩალაძე-მურუსიძე მესვეურობენ...

ამასთან, ევროპის ქვეყნებში კონსტიტუციას მოქალაქეები რეფერენდუმით იღებენ(ჩვენთან პარლამენტი და ისე შეაქვს ცვლილებები, თითქოს ჯიხურის ნისიების რვეული იყოს...), საარჩევნო სისტემას მმართველი „პოლიტიკური ელიტის“ ინტერესებში არ ცვლიან, ხოლო გამორჩეულ ადგილებზე, სასამართლოს შენობები აქვთ აღმართული და არა პოლიციის... არადა, არჩევნების „ქართული მოდელის“ სპეციფიკურობიდან გამოდინარე, ლოგიკური იქნებოდა, დედაქალაქის ცენტრში ხმლიან „ქართლის დედასთან“ ერთად, ხელში ამომრჩეველთა სიებიანი ბრგე დედაკაცის („კოორდინატორის“) ან საარჩევნოს კომისიის წევრის განზოგადებული მონუმენტი თუ არა, ერთი დიდი ბიუსტი მაინც უნდა იდგეს, ვინაიდან „მოქკავშირიდან“ დაწყებული შპს „საქართველოს“ ყველა „მმართველი გუნდი“ ხელისუფლებაში, ფაქტობრივად, მათი მოყვანილია.

ბოლო დროს მედიასაშუალებების ყურაღღების ცენტრში 2 ოქტომბრის არჩევნების პროცესში გამოვლენილი დარღვევებია, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ე. წ. ბათილ ბიულეტენებს უკავშირდება, ხოლო 9 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარესაც მოუწია იმის აღიარება, რომ ზოგიერთ საარჩევნო ოლქში ბათილი ბიულეტენებისრაოდენობა მართლაც საეჭვოდ მაღალია.ცხადია, ხმების დათვლისას არც „ადამიანური შეცდომებია“ გამორიცხული, მაგრამ კარგი იქნებოდა კანონმდებელს საარჩევნო კოდექსში „გაპარული ხარვეზები“ აღმოეხვრა, რომლებიც არჩევნების შედეგებით გაყალბებებას უწყობენ ხელს .

ვეცდები პრობლემის არსი მარტივად ავხსნა. თუ საარჩევნო უბანზე მაგ. 100 ამორჩეველი მივიდა, 40 ბიულეტენში პეტრე აღმოჩნდა შემოხაზული, 30–ში - პავლე, ხოლო 30 ბიულეტენში ორივე იყო გადახაზული, ლოგიკური იქნება, შემაჯამებელ ოქმში არჩვენებში მონაწილეთა რიცხვი 100 ვაჩვენოთ, ხოლო პეტრე გამარჯვებულად 40%-იანი მხარდაჭერით გამოვაცხადოთ და არა 57.1 %-იანით, რა შედეგიც მხოლოდ 70 ამომრჩევლის მისვლის შემთხვევაში დაიდებოდა. პრაქტიკაში („ქართულ–ჯიგრულ პონტში“) კი, ისეც ხდება, რომ პეტრეს სასარგებლოდ შემოხაზული 40 ბიულეტენიდან 11 ხმების დათვლის პროცესში ან შემდეგ გაბათილდება (პავლესაც შემოხაზავენ ან ბიულეტენს კიდეს მოახევენ) და მოსახლეობის 50%-ზე მეტის მხარდაჭერილად უკვე პავლე გამოცხადდება გამარჯვებულად, ვინაიდან კანონის თანახმად, პროცენტებს 100 დან კი არ დაუთვლიან, არამედ 59-დან... (41 ბიულეტენი ჩაითვლება ბათილად...).

ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბათილად ცნობილი ბიულეტენების რიცხვი საპარლამენტო არჩევნების დროსაც კი, 120 000–საც ყოველთვის აჭარბებს, გამოდის, რომ აქტიურ მოქალაქეთა (ვინც მიდის არჩევნებზე) მნიშვნელოვან ნაწილს უნარი არ გააჩნია საკუთარი ნება ფურცელზე სწორად გადაიტანოს... 

არადა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, გულისხმობს არა მარტო მოქალაქის უფლებას მივიდეს საარჩევნო უბანში და მისთვის სასურველ პოლიტიკოსს ან პარტიას დაუჭიროს მხარი, არამედ უფლებას ხმა მისცეს ერთიან თუნდაც ყველა საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ. შესაბამისად, ის მოქალაქე, რომელიც რომელიმე კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგია და თავის პოზიციას სრულიად მკაფიოდ ასახავს საარჩევნო ბიულეტენში, არჩევნების ისეთივე მონაწილედ უნდა იქნეს მიჩნეული, როგორც ამ საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერი. ამასთან, ბათილად მხოლოდ ის ბიულეტენები უნდა ჩაითვალოს, რომლებიდანაც, მცდელობის მიუხედავად, ერთმნიშვნელოვნად ვერ დგინდება, თუ რისი ნება გამოხატა ამომრჩეველმა (მაგ., სასურველი კანდიდატის შემოხაზვა დაავიწყდა, ყველა კანდიდატი შემოხაზა, ფურცლის ბოლოს ჯვარი დასვა და სხვა...), თუმცა დაუშვებელია მისი შემვსები მოქალაქე არჩევნებში მონაწილედ არ მივიჩნიოთ და, ფაქტობრივად, იმ მოქალაქეებს გავუთანაბროთ, ვინც არჩევნებში მონაწილეობა არ ისურვა. 

ყველა შემთხვევაში, წინააღმდეგ (პირველ რიგში „ყველას წინააღმდეგ“) ხმის მიცემის, ანუ საარჩევნო სუბიექტებისადმი უნდობლობის გამოცხადების უფლება, საყოველთაოდ აღიარებული საარჩევნო უფლების არსებით შემადგენელს წარმოადგენს და სრულ შესაბამისობაშია, როგორც საქართველოს კონსიტუციით აღიარებულ პრინციპებთან, აგრეთვე საერთაშორისო სტანდარტებთან. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც მატიე-მოენისა და კლერფაიტის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაშიც აღნიშნა, რომ „სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს პოზიტიური ზომები დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად და უზრუნველყოს თანასწორი მიდგომა ყველა მოქალაქისადმი“. შესაბამისად, არჩევნების შედეგების შეჯამებისას მხოლოდ საარჩევნო სუბიექტების მომხრეთა გადათვლა, აშკარა დისკრიმინაციაა პოლიტიკური ნიშნით და ხმის მიცემის ფორმის მიხედვით. ამდენად, ლოგიკურიც და სამართლიანიც იქნება, ამომრჩევლის მიერ შევსებული საარჩევნო ბიულეტენიც, რომელშიც გასაგებად არის გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება საარჩევნო სუბიექტებისადმი, ნადვილად ცნობილ ბიულეტენთა რაოდენობაში ავსახოთ (კარგი იქნება ბიულეტენს დაემატოს გრაფა „წინააღმდეგ“ ან „ყველას წინააღმდეგ“). 

საარჩევნო კოდექსის ნორმა, რომლითაც „ბათილია ბიულეტენი, თუ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა" (69.3.ბ), გრამატიკული წყობიდან გამომდინარე ცესკოს მიერ, რატომღაც, ვიწრო მნიშვნელობით განიმარტება და ბათილად არის ცნობილი არა მხოლოდ ის ბიულეტენები, რომლებიდანაც შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა, არამედ ის ბიულეტენებიც, რომლებშიც მკაფიოდ არის გამოხატული ამომრჩევლის ნება საარჩევნო სუბიექტების წინააღმდეგ ხმის მიცემის თაობაზე. ამასთან, წინააღმდეგ შევსებული ბიულეტენი არ შედის ნამდვილი ბიულეტენების რიცხვში, რაც სუბიეტების მიერ მიღებული ხმების პროცენტულ თანაფარდობის შეცვლის და არჩევნების შედეგებით მანიპულირების (ბიულეტენების ბათილად ცნობის და მანდატების უსამართლო გადანაწილების) საშუალებას იძლევა.

ფაქტია, პარლამენტს დღემდე არ აქვს განხილული ერთი წლის წინ შეტანილი საკანონმდებლო წინადადება (#1–12503, 04.09.2021) საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომარგუმენტები 8 გვერდზეამოყვანილი, ხოლო ავტორი ცნობილი მეცნიერი, პროფესორი მიხეილ ჯიბუტია. ამასთან, არც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო განსახილველად სარჩელი, რომლის ავტორები საარჩევნო სუბიექტების წინააღმდეგ ხმის მიცემის უფლების აღიარების ითხოვდნენ (#871, 231.02.2017), რაც, ფაქტობრივად ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარების „პოლიტიკური ნების“ არარსებობისდასტურია.

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×