მორიგი „რევოლუცია“ პლუტოკრატიად ჩამოგვაყალიბებს
რეზონანსი
22.12.2020

მართალია, 1991 წლის „სახალხო-დემოკრატიული აჯანყების” შემდგომი სრული ჩამობნელებისაგან განსხვავებით, „ვარდების რევოლუციამ” თბილისი „სინათლის ქალაქად” აქცია, მაგრამ ისეთმა სამართლებრივმა წყვდიადმა დაისადგურა, პარტიული სიმბოლო კომუნისტებივით ვაღიარეთ სახელმწიფო („ნაციონალურ“) დროშად და რესპუბლიკის მოედანს „რევოლუციის“ სახელიც დავარქვით... წლების შემდეგ კი, სააკაშვილის მიერ „რევოლუციურად რეფორმირებული“ სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ყოფილმა იუტიციის მინისტრმა, ნიკა გვარამიამ, „გამარჯვებული ხალხის“ ტელეეთერით მოქალაქეებს ამონარიდი გააცნო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციიდან და უკვე „მეოცნებე“ ხელისუფლებას დაემუქრა „აჯანყების უფლების” გამოყენებით... 

ვინაიდან, ოპოზიციონერები უკვე მეათედ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსაც უსამართლოდ მიიჩნევენ და მთავარი და სხვა „რევოლუციური“ არხებით მორიგი „აჯანყების“ (ჯანყის) სამზადისზე ალაპარაკდნენ  (მათ შორის, „სტაჟიანი მეამბოხეებიც“...) , თავი ვალდებულად ჩავთვალე, უკვე არაერთგზის მოტყუებული ამომრჩევლებისთვის „აჯანყების უფლების” არსი ამეხსნა.

გაერო-ს მიერ 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულაში ხაზგასმულია, რომ „აუცილებელია, ადამიანის უფლებები დაცული იყოს კანონის ძალაუფლებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანი იძულებული არ იყოს, სხვას რომ ვერაფერს გააწყობს, ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ აჯანყების გზას დააადგეს“. ანუ, განვითარებულმა სახელმწიფოებმა სწორედ იმიტომ აღიარეს ადამიანის ძირითადი უფლებები (მათ შორის, სიცოცხლის, სამართლიანი არჩევნების, აზრის გამოხატვის, შეკრების...) და აიღეს ვალდებულება, კანონის ძალით უზრუნველეყოთ მათი დაცვა, რომ ადამიანი იძულებული არ გამხდარიყო, „ტირანიის” (ძალადობასა და თვითნებობაზე დაფუძნებული რეჟიმის) წინააღმდეგ აჯანყების გზას დადგომოდა. ამასთან, მხოლოდ მას შემდეგ, რაც „სხვას რომ ვერაფერს გააწყობდა”... 

უფრო მარტივად გასაგები რომ გავხადო, ვიტყოდი, სახელმწიფომ ადამიანი ღირსეული ცხოვრებისთვის უნდა უზრუნველყოს, მაგ., სასიცოცხლოდ აუცილებელი საკვებით, რათა იძულებული არ გახადოს, შიმშილის გამო, „სხვას რომ ვერაფერს გააწყობს” (ანუ, გასაჩივრებისა და პროტესტის სხვა ფორმების გამოყენების შემდეგ), პროდუქტები მოიპაროს ან „კანიბალად“ იქცეს...  ცხადია, ამ დანაწესიდან არ გამომდინარეობს, რომ ადამიანს თავის გადასარჩენად, ქურდობის ან სხვისი სიცოცხლის ხელყოფის უფლება აქვს. 

ამდენად, დეკლარაციაში საკმაოდ გასაგებად არის მინიშნებული, სახელმწიფოთა ვალდებულებაზე დაიცვან ადამიანის უფლებები სწორედ იმ მიზნით, რათა ადამიანები იძულებულნი არ გახდნენ, სხვა მხრივ რომ ვერაფერს გააწყობენ, აგრესია უკიდურესი ფორმით გამოავლინონ და „ტირანიისგან” აჯანყების გზით გათავისუფლდნენ... შესაბამისად, როდესაც მოქალაქეთა უმრავლესობას საარჩევნო პროცედურებზე შეთანხმებისას (მათ მიერ არჩეული დეპუტატების მიერ საარჩევნო კოდექსის მიღებისას) არ უჩნდება პროტესტის გრძნობა, მონაწილეობს არჩევნებში და მხოლოდ არჩევნების პროცესში ან შედეგების გაცნობისთანავე აცნობიერებს, რომ წლების წინ, თურმე „ტირანი” („დიქტატორი”, „ოლიგარქი”, „გიჟი” ან „ქაჯი”...) მოუყვანია ქვეყნის სათავეში, რბილად რომ ვთქვა, არაეთიკურად მიმაჩნია, პროტესტის კონსტიტუციის ფარგლებში გამოხატვის ნაცვლად, თანამოქალაქეებს ან თუნდაც მხოლოდ შენ მიერ დასაქმებულებს მოუწოდო, არარსებული „აჯანყების უფლებით” ისარგებლონ. 

გარდა ამისა, საერთაშორისო სამართალში მართლაც რომ არსებობდეს „აჯანყების უფლება”, საქართველოს „უზენაესი კანონი” ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ „არავის აქვს უფლება, უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება”. შესაბამისად, ყველა ის ქმედება და მოწოდებაც კი, რომლებიც ხელისუფლების ძალადობის (რევოლუცია-აჯანყების) გზით შეცვლისკენ არის მიმართული, სისხლის სამართლის კოდექსით არის დასჯადი. 

ცივილიზებულ სახელმწიფოებში, არა მარტო პარლამენტის შემადგენლობის განახლების მექანიზმი, არამედ მოქალაქეთა მხრიდან პროტესტის გამოხატვის დასაშვები ფარგლებიც („წითელი ხაზები“) კანონმდებლობით არის განსაზღვრული, ხოლო აჯანყება-გადატრიალებით სამართლებრივად განუვითარებელ რუსეთში 1917–ში გაბატონდნენ „ბოლშევიკები”, რომელთა მთავარი იდეოლოგი – ლენინი გვარამიასავით „მოძღვრავდა” გაუნათლებელ მასებს: „რევოლუცია კანონით შეუზღუდავი ძალაუფლებაა!”

მართლაც, თუ რუსეთის იმპერიის „ტირანი” მონარქი რევოლუციონერების გასამართლებასა და გადასახლებას სჯერდებოდა, „აჯანყების“ გზით ხელისუფლებაში მოსულებმა „ნათელი მომავლის” შენება მეფის ოჯახის დახვრეტით დაიწყეს, შემდეგ კი მის ქვეშევრდომებს ჩამოართვეს უძრავ–მოძრავი ქონება... ფაქტობრივად, იგივე განმეორდა საქართველოშიც, როდესაც „ვარდების რევოლუციას“ მასობრივი რეპრესიები, თსუ–დან მეცნიერების „ჩარეცხვა“ („ვარდისფერი პროფესორებით“ ჩანაცვლება...) და ქონების ახალი გადანაწილება („გაკულაკება“) მოჰყვა... ამასთან, ვისაც ჰგონია, რომ საფრანგეთმა რაიმე იხეირა როტშილდების მიერ დაფინანსებული „ბურჟუაზიული რევოლუციით“ (როგორც ვიცი, ე. წ. ტამპლიერების ორდენის წევრებმა მეფეზე იძიეს შური...), ვურჩევ, თუნდაც ოთარ იოსელიანის „შემოდგომის ბაღები“ ნახოს... 

სხვათა შორის, ქართველი იურისტებიდან პირველმა, 1991 წლის „შეიარაღებული აჯანყების“ („რევოლუციის“) სამართლებრივ ჩარჩოებში მოსაქცევად („გასაპრავებლად“) ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა მოიშველია. „ვარდების რევოლუციის” დღეებში კი პოლიტიკაში აქტიურად ჩართული ზოგიერთი „ახალგაზრდა იურისტიც” ცდილობდა, პარლამენტის შენობაში ძალის გამოყენებით შეჭრა „აჯანყების უფლებით” გაემართლებინა…

როგორც ჩანს, ქართველი იურისტების ერთ ნაწილს (გაპოლიტიკოსებულების) დემოკრატიაზეც და „რევოლუციაზეც“ დღესაც ერთობ სპეციფიკური წარმოდგენა აქვთ (შესაძლებელია, სამართლის თეორია გიორგი ხუბუას მიერ 2004 წელს გამოცემული წიგნით ისწავლეს, რომელშიც არარსებულ „დაუმორჩილებლობის უფლებას“ ცალკე პარაგრაფი ეთმობა...) არადა, არც საერთაშორისო და არც შიდასახელმწიფოებრივ სამართლებრივ სივრცეში არავითარი „აჯანყების უფლება” არ არსებობს და ამ „ნოვაციის” კიდევ ერთხელ „იმპლემენტირება“ ქართულ სახელმწიფოებრიობას საერთოდ მოუშლის ისედაც მორყეულ საძირკველს. 

საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, „ვიღაც მესამეს” (მორის ფოცხიშვილს აქვს ლექსი) ხელს აძლევს სამოქალაქო დაპირისპირება და მოვლენების განვითარება „რევოლუციური სცენარით“, რომელიც უკვე მხოლოდ რუსეთში არ უნდა იწერებოდეს (ამჯერად, არც ამერიკელებისა და თურქების თანამონაწილეობა–„ჩართულობას“ გამოვრიცხავ...). ამდენად, თუ მმართველი პარტიის მესვეურები და პარლამენტში არშესვლის საკითხში მართლაც „გაერთიანებული ოპოზიციონერები“, როგორც თავად აცხადებენ, ქვეყნის (ხალხის) ინტერესებში მოქმედებენ, სადღეისოდ არსებული ურთულესი საგარეო და საშინაო გამოწვევებიდან გამომდინარე, გონივრული იქნებოდა, კომპრომისისთვის მიეღწიათ ( ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე თანხმობის სანაცვლოდ, ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო და საარჩევნო კოდექსის სრულყოფაზე მაინც ემუშავა). 

საზოგადოებას მინდა ვთხოვო, არ აჰყვეს პროვოკაციებს ყოფილი ხელისუფლებისა თუ ფსევდოოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან და საპროტესტო აქციები მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში გამართოს. მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ ცივილიზებული ერი ვართ და ვიცით, სად გადის ზღვარი საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებასა და დანაშაულს („აჯანყებას”, „რევოლუციას”) შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინაიდან დამოუკიდებლობის აღდგენიდან განვლილი 30 წლის განმავლობაში, როგორც ჩანს, ვერც სამართლიანი არჩევნების ჩატარება ვისწავლეთ და პარლამენტიც ტოტალიტარიზმის დროინდელივით ისევ ერთპარტიული მივიღეთ, თუ ამას კიდევ ერთი, თუნდაც „ხავერდოვანი რევოლუცია“ მოვაყოლეთ, დარმწუნებული ვარ, ევროპული სამართლებრივი სივრცისკენ წვალებით გაჭრილი სარკმელიც საბოლოოდ დაიხურება და ერდოღანის მიერ შემოთავაზებული სამხრეთკავკასიური „ექვსეულის პლატფორმის“ პერსპექტივის ამარაღა დავრჩებით. 

ამდენად, განვლილი „აჯანყება-რევოლუციებიდან” საზოგადოებამ სათანადო დასკვნები თუ არ გამოიტანა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებზე არ აიღო ორიენტირი, „ხუთჯვრიან სტადიამდე” მისულ ქვეყანას ვეღარაფრით განვკურნავთ და, დემოკრატიული რესპუბლიკის ნაცვლად, მართლაც კარიკატურული ტიპის პლუტოკრატიული რეჟიმი შეგვრჩება ხელში.

ავთანდილ კახნიაშვილი, 

სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Sos   (08.01.2021)
Ra qnas xalxma tu archevnebi moipares da taglitma adamianebma biujeti tavis xazinat aqcies,es xalxi sul moigeben da chven tashi vukrat.shen ise xar samartaltan axlos raperc me mzestan,...


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×