რეზონანსი
13.12.2020

როდესაც კონსტიტუციაში სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება და ევროპულ კავშირში სრული ინტეგრაცია გვაქვს დეკლარირებული, ხოლო დეპუტატთა სავარძლებს, კომუნისტების დროინდელივით, მხოლოდ ერთი პარტიის წარმომადგენლები იკავებენ და უკვე მეათედ ჩატარებულ არჩევნებს, ორ ყოფილ პრეზიდენტთან ერთად, პარლამენტის სამი ყოფილი თავმჯდომარეც „ტოტალურად გაყალბებულად“ მიიჩნევს, დაზარალებული მთლიანად სახელმწიფო და მისი ხალხია. ამდენად, ქართული პარლამენტარიზმის 100-წლოვან ისტორიაში „შავი პარასკევის“ გაჩენის გამო პასუხისმგებლობას ორივე მხარეს ვაკისრებ. 

ვინაიდან დამოუკიდებლობის აღდგენიდან განვლილი 30 წლის განმავლობაში „ევროსტანდარტული“ წესების დაცვა, როგორც ჩანს, არა მარტო საგზაო მოძრაობისას, არამედ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისასაც ვერ ვისწავლეთ, ვშიშობ, ევროპული სამართლებრივი სივრცისკენ წვალებით გაჭრილი სარკმელი 11 დეკემბერს საბოლოოდ დაიხურა და ერდოღანის მიერ შემოთავაზებული სამხრეთკავკასიური „ექვსეულის პლატფორმის“ პერსპექტივის ამარაღა დავრჩით. 

თუ „ნაცმოძრაობისთვის“ 36 მანდატის „დათმობა“ და, ამის მიუხედავად, პარლამენტში „ქართული ოცნების“ მარტო დატოვება, „ვარდების რევოლუციით“ ხელისუფლების გადაბარებასავით წინასწარ შეთანხმებული არ არის, გამოდის, რომ ივანიშვილის მილიარდები სააკაშვილის გარემოცვის „რევოლუციური რეფორმებით ნაშოვნმა“ კაპიტალმა გადაწონა და მორიგი „სახალხო აჯანყებაა“ დაგეგმილი, რომელიც სახელმწიფოებრიობის მოშლით შეიძლება, დასრულდეს...

თუ მმართველი პარტიის მესვეურები და პარლამენტის პირველ სხდომაზე არდასწრების საკითხში მართლაც „გაერთიანებული ოპოზიციონერები“, როგორც თავად აცხადებენ, ქვეყნის ინტერესებით მოქმედებენ, სადღეისოდ არსებული ურთულესი საგარეო და საშინაო გამოწვევებიდან გამომდინარე, გონივრული იქნებოდა, კომპრომისისთვის მიეღწიათ. კერძოდ, ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე თანხმობის სანაცვლოდ, ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო და საარჩევნო კოდექსის სრულყოფაზე მაინც ემუშავა. 

ფაქტია, რომ ამომრჩეველთა სიებიც დასაზუსტებელია, ხოლო საარჩევნო კოდექსის ახალმა რედაქციამ საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალი რეპუტაციის მქონე მიუკერძოებელი კადრებით დაკომპლექტების საშუალება უნდა მოგვცეს. კარგი იქნება, თუ ბიულეტენებს ხელით აღარ დავითვლით და უბნებში შედგენილ ოქმებს დაუყოვნებლივ გავასაჯაროებთ (ხმებს ელექტრონულად უკვე ყაზახეთშიც ითვლიან და, ფაქტობრივად, მყისიერად აჯამებენ შედეგებს). საარჩევნო დავებზე სამართალწარმოების პროცედურაც ძირეულად არის შესაცვლელი, ვინაიდან „სამართლიანობის აღდგენის“ საშუალებას არ იძლევა. 

არაფერი დაშავდება, თუ საარჩევნო კომისიებში მმართველ პარტიას წევრები საერთოდ არ ეყოლება და მხოლოდ დამკვირვებლები დაიცავენ მის ინტერესებს. ამასთან, უმჯობესი იქნება, თუ დღევანდელი შედეგებით პარლამენტში შესული 8 პარტიის წარმომადგენლებიც ცესკო-ში უმცირესობაში იქნებოდნენ, ხოლო ცესკო-ს შემადგენლობის უმრავლესობას (9 წევრს) ის საარჩევნო სუბიექტები შეარჩევდნენ, რომლებმაც ამჯერად 1-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს, მაგრამ დანარჩენებზე მეტი ხმები მოაგროვეს (მე-10-მე-18 ადგილებზე გასულნი). 

იმ ვითარებაში, როდესაც, ევროპელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას არა მარტო „ნაციონალური დროშის“ შინაარსის, არამედ პარლამენტის დანიშნულების თაობაზეც არ აქვთ წარმოდგენა, გონივრული იქნება, არჩევნებამდე დარჩენილი დრო ამომრჩეველთა სამოქალაქო განათლებას (სამართლებრივი კულტურის ამაღლებას) დაეთმოს, რისთვისაც ე.წ. რეიტინგულ არხებს ბიუჯეტიდან უნდა გადავუხადოთ თანხა. 

ისიც ფაქტია, რომ თუ ადრე აზრის გამოხატვაზე ტოტალურ ცენზურას კომპარტია ახორციელებდა, ამჯერადაც ელექტრონულ მედიას მავანი „მაყურებელები“ აკონტროლებენ, რის შედეგადაც მოქალაქეები საარჩევნო სუბიექტთა აბსოლუტურ უმრავლესობას საერთოდ არ იცნობენ, ხოლო „ნომენკლატურული პოლიტიკოსები“ (რომელთა შორის ბევრი „პორტირებული „მოქკავშირელია“) „რეიტინგული“ ტელევიზიების ეკრანებიდან არ ჩამოდიან... ამდენად, გონივრულად მიმაჩნია, კანონმდებლობამ ამ მიმართებითაც აღადგინოს სამართლიანობა და მედიასაშუალებებმა ყველა პარტიასა და მაჟორიტარობის კანდიდატს თანაბრად გამოუყონ დრო, რისთვისაც ცესკო-სგან მიიღებენ ანაზღაურებას. ასეთ შემთხვევაში, შეიძლებოდა წინასაარჩევნო ბილბორდ–ბანერ–ბუკლეტებიც აგვეკრძალა, რაც პოლიტიკური კონკურენტების ქონებრივი ნიშნით დისკრიმინაციასაც აღმოფხვრიდა, ხოლო კორონავირუსის გავრცელების რისკის არსებობისას გამართლებული იქნებოდა, მიტინგებისა და მინიფესტაციების ჩატარებაც შეგვეზღუდა.

კანონმდებლობის შესაცვლელად და შესაბამისად ორგანიზებისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მაისის თვეში ან შემოდგომაზე, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთადაც შეიძლებოდა, ჩაგვეტარებინა. მანამდე, მთავრობა ძველი შემადგენლობით გააგრძელებდა მუშაობას, თუმცა როგორც პანდემიასთან საბრძოლველად შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, შეიძლებოდა, პრემიერ–მინისტრს მსგავსი საბჭო (თუნდაც „ეროვნული სათათბირო“) ჩამოეყალიბებინა, რომელშიც ოპოზიციის მიერ შერჩეული სპეციალისტები მთავრობას ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის საკუთარ გზებს შესთავაზებდნენ. 

სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეები ქვეყნის გადასარჩენად გავერთიანდეთ და ევროპული ტიპის სამართლებრივ სახელმწიფოდ ფორმირებისთვის ვიზრუნოთ, ფაქტობრივად, ისევ შუაზე ვართ გახლეჩილი და გაპოლიტიკოსებული თანამედროვე „ყვარყვარეების“ (ოსტაპ ბენდერების თუ სქვილერების) ინტერესებში, ამჯერად უკვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაში ვხედავთ ყველა პრობლემის მოგვარების („ქვეყნის გადარჩენის“) გზას, თუმცა აღარავის ახსოვს, თუ რა გზით მოხვდა წინა მოწვევის პარლამენტში, შევსებული დეკლარაციის თანახმად, ყველაზე „მსხვილი კაპიტალისტი“ შოთა შალელაშვილი... არადა, თუ სამართლიანი კონკურსებისა და არჩევნების ჩატარება ვერ ვისწავლეთ, ამერიკელი „სტრატეგიული პარტნიორტებიც“ უარს გვეტყვიან თანადგომაზე, ნატო-ს „მაძიებლობა“ თუ „ასპირანტურიდანაც“ გაგვრიცხავენ და ევროპული სამართლებრივი სივრცის ნაწილადაც აღარავინ გვაღიარებს…

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
xxx   (14.12.2020)
საზოგადოების მხრიდან ამ სახის რჩევები, თუ განმუხტავს სიტუაციას, თორემ დაჟინებები და ერთი მხარის ანგელოზად წარმოჩენა და მეორე მხარის დაკნინება, შედეგებს ვერ დადებს...


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )