პეტრე მამრაძე
08.12.2020

მიხეილ სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიას რუსულ პრესაში ხშირად კაგებე-ს მაღალჩინოსნად, ზოგჯერ კი გენერლადაც მოიხსენებენ. ალასანია არა მარტო კერძო საუბრებში, არამედ ინტერვიუებშიც აცხადებდა, რომ მასთან შეთანხმებისა და მისი რჩევის გარეშე სააკაშვილი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ იღებს. ცნობილია, რომ სწორედ ალასანია ხელმძღვანელობდა ექსკლუზიურად რუსი ბიზნესმენებისათვის საქართველოს პრაქტიკულად ყველა ღირებული ობიექტის გადაცემას (ამ ობიექტების სია გამოქვეყნებულია). 

ვფიქრობ, ბევრს ახსოვს ბიძა-დისშვილის სატელეფონო საუბრები - როგორ ატყობინებს ალასანია სააკაშვილს, რომ ყიდულობენ კოტეჯებს ფლორიდაში ზღვისპირად, ტრამპის კოტეჯთან ახლოს და სხვა, ახლახან კი მოვისმინეთ, როგორ კარნახობს ალასანია გუბაზ სანიკიძეს, რომ ოპოზიცია არ უნდა შევიდეს პარლამენტში, უნდა შექმნას დროებითი მთვრობა, აიღოს ხელში ძალაუფლება და ა.შ.

რასთან გვაქვს საქმე?

დავიწყებ იმით, რომ სააკაშვილმა ამ არჩევნებში აიღო 36 მანდატი პარლამენტში. ეს 8 მანდატით მეტია მის მიერ 2016 წელს აღებული მანდატების რაოდენობაზე და ერთ-ნახევარჯერ მეტია დანარჩენი ოპოზიციური პარტიის მიერ ერთად აღებულ 24 მანდატზე. სააკაშვილის ეს შედეგი ამომწურავად ახასიათებს და აჯამებს ,,ოცნების’’ რვაწლიან მმართველობას, მაგრამ ამაზე სხვა დროს ვისაუბრებთ. 

აღვნიშნავ მხოლოდ იმას, რომ სააკაშვილის ერთგული ამომრჩევლები პირადად მას აძლევენ ხმას. მათ არ აინტერესებთ არც სააკაშვილის მიერ წარდგენილი პარტიული სიის შემადგენლობა; არც ის, ვინ დაასახელა მიშამ სიის პირველ ნომრად (ბუბა კიკაბიძის ნაცვლად სოფო ნიჟარაძე ან სხვა რომ ყოფილიყო, სააკაშვილი იმავე შედეგს მიიღებდა); ისინი არც კაგებე-ს ჯარების ეფრეიტორ სააკაშვილის და არც ალასანიას მიერ ჩადენილ დანაშაულებს ანიჭებენ რაიმე მნიშვნელობას. ამომრჩეველთა ასეთი ერთგულება და იმუნიტეტი მეცნიერთათვის კარგად არის ცნობილი და მხოლოდ ქართული ფენომენი არ არის.   

თემურ ალასანიას შესანიშნავად ახსოვს, რა მოხდა 4 წლის წინ: მაშინ, არჩეული პარლამენტის ამოქმედებიდან ორ თვეში, მიშას გაყვანილი 28 დეპუტატიდან 22 გაექცათ. მათ შექმნეს ახალი პარტია და ფრაქცია ბოკერიას ხელმძღვანელობით, სააკაშვილს კი კომპრომისის სახით ფრაქციის შესაქმნელად საჭირო მინიმალური რაოდენობა - 6 დეპუტატი დაუტოვეს. უეჭველია, რომ ალასანიას ესმის და მიშასაც უხსნის, თუ რაოდენ მაღალია იმის რისკი, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში იგივე განმეორდება და მიშას ისევ ექვსიოდე დეპუტატი შერჩება (მრავალჯერ გავხდი იმის მოწმე, თუ როგორ სძულთ სააკაშვილი თანაპარტიელებს). ბიძასა და დისშვილს ისიც ესმით, რომ მთელი ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემთხვევაში მათ აღარავინ მიატოვებს, არამედ ჩვენში დამკვიდრებული პატრონყმული სისტემის ზნე-ჩვეულებების შესაბამისად, სხვა ბევრიც გამოცხადდება და ერთგულებას შეჰფიცებს. 

ალასანია-სააკაშვილს ისიც ესმით, რომ დრო მათზე არ მუშაობს, მოთმინებაც ეწურებათ და ამიტომ ვა-ბანკზე მიდიან. სააკაშვილი თავის გუნდსაც უკრძალავს შესვლას პარლამენტში და სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც. ბუნებრივია, დავსვათ კითხვა - რატომ ემორჩილება ყველა ოპოზიციური პარტია ალასანია-სააკაშვილის გადაწყვეტილებას?

პირველი ფაქტორი ის არის, რომ არჩევნების შედეგების აღიარება მათთვის ტოლფასია აღიარებისა, რომ სააკაშვილმა მათზე 7-12-ჯერ მეტი ადგილი მოიპოვა (ნათელაშვილზე კი - 36-ჯერ მეტი); მათ ესმით, რომ თუნდაც 4%-ანი საპარლამენტო ბარიერის არსებობისას ისინი საერთოდ ვერ მოხვდებოდნენ პარლამენტში და ისიც ახსოვთ, რომ 2024 წელს ეს ბარიერი 5% უნდა იყოს. განსაკუთრებით მწარეა ბოკერია-უგულავას ხვედრი - პარლამენტში აქამდე 22-კაციანი ფრაქციის მქონე პარტია (სააკაშვილისაგან გამოქცეულთა ხარჯზე) ახლა, სააკაშვილის გარეშე, მხოლოდ 5 მანდატს იღებს, ანუ მიშაზე 7-ჯერ ნაკლებს. ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილი მართალი იყო, როცა ეუბნებოდა, რომ მის გარეშე ვერაფერს გახდებოდნენ. 

ყველა ოპოზიციური პარტიისათვის მძიმეა თავიდან დეკლარირებული კატეგორიული გადაწყვეტილებისა და მოთხოვნების შეცვლა. მათ მიაჩნიათ, რომ ამით საკუთრ სახესა და ღირსებას დაკარგავენ და არ უნდათ  შეეგუონ, რომ ეს ყველაფერი ადრე დაკარგეს და მიღებული ხმების რაოდენობაც ამის დასტურია. 

დაბოლოს, მათ ეშინიათ ალასანია-სააკაშვილისა, ვინაიდან სააკაშვილი და მისი მორჩილი ტელევიზიები გამოაცხადებენ მათ პუტინისა და ივანიშვილის გოშიებად, იტყვიან, რომ ოლიგარქს მიეყიდნენ და ა.შ. ეფრეიტორ სააკაშვილის ეს რეპერტუარი ყველასათვის ცნობილია. სწორედ ამიტომ ეძებენ ისინი გამოსავალს - მათ უნდათ, ისეთი რამ გამოსტყუონ „ოცნებას“, რაც, მათი აზრით, სახეს შეუნახავს მათ და საშუალებას მისცემს, გამარჯვებული იერით შევიდნენ პარლამენტში. 

დაკვირვებული ადამიანებისათვის უკვე არჩევნების დღეს და მომდევნო რამდენიმე დღეში აშკარა იყო, რომ ქვეყანაში არავითარი პოლიტიკური კრიზისი არ ვითარდებოდა; რომ მოსახლეობამ არ მიიჩნია, რომ მას ხმები მოჰპარეს და არ დაუჭირა მხარი ოპოზიციის უაზრო პროტესტს. გაერთიანებულმა ოპოზიციამ 2 ათასი მხარდამჭერიც კი ვერ შეკრიბა აქციებზე, რაც სტატისტიკური ნულის ტოლია და ოპოზიციის ლედერებს - მიტინგების მოწყობის პროფესიონსალებს ეს კარგად ესმით. 

ეს, უპირველესად ყოვლისა, იმის მანიშნებელია, რომ ხალხის მასაში ხელისუფლების მიმართ დაგროვებული უნდობლობა და სიძულვილი არაა მისული იმ კრიტიკულ ზღვრამდე, რომლის დროსაც ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს მასობრივი პროტესტების საბაბი. ეს იმასაც ნიშნავს, რომ რეალურად არსებული ხარვეზები არ იყო ჩვეულებრივზე მეტი და არ გააღიზიანა ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილი. მოწმე ვარ იმისა, რომ არჩევნების წინ გულახდილ კერძო საუბრებში, როგორც ექსპერტები, ასევე ოპოზიციური პარტიების აქტივისტები რეალისტურად და საოცრად ზუსტად ასახელებდნენ იმ პროცენტებს, რომლებიც შემდეგ მიიღეს კიდევაც. აღვნიშნავ, რომ, ზოგიერთის აზრით, ბურჯანაძის პარტია 1%-ზე ცოტა მეტს მიიღებდა, თუმცა ყველა თანმხდებოდა, რომ 2%-მდე ვერ ავიდოდა.

ამ ვითარებაში სააკაშვილმა მიმართა თავის ნაცად ხერხს - ეცადა, შეექმნა სატელევიზიო პოლიტიკური კრიზისი. მიშა ხშირად ამბობდა, რომ დღევანდელ მსოფლიოში მთვარია, შენთვის საჭირო ,,ტელეკარტინკა’’ შექმნა (ვიცავ მის სტილს) და მერე რაც გინდა, იმას მიაღწევ. ეს რამდენჯერმე გამოუვიდა და მისი ბოლო შედევრია ,,გავრილოვის ღამის’’ დადგმა და გაშუქება, რომლის შემდეგ ,,ოცნებამ’’ უხეში და სრულიად უსაფუძვლო შეცდომა დაუშვა მთლიანად პროპორციული და ნულოვანი ბარიერის მქონე არჩევნების გამოცხადებით. სწორედ ამ შეცდომამ გამოიწვია სერიოზული კრიზისი ,,ოცნების’’ საპარლამენტო უმრავლესობაში და სწორედ ამ შეცდომის შედეგებს იმკის ახლა ,,ოცნებაც’’ და მთელი საქართველოც.    

ამჟამად სააკაშვილის ამ ნაცადმა ხერხმაც ვერ იმუშავა. ,,ტელეკარტინკებმა’’ ვერ მოახდინეს ხალხის გალვანიზირება. ცესკო-ს შენობასთან მოწყობილმა პროვოკაციამ და მთავრობის მხრიდან წყლის ჭავლის გამოყენებამ არ გამოიწვია ხალხის მასების გამოსვლა ქუჩაში. სააკაშვილის „პროპაგანდონმა“ ჟურნალისტებმა ტელეეკრენებზე ემოციურად ღრმა პოლიტიკურ კრიზისზე საუბრით მხოლოდ დაღალეს აუდიტორია. დასავლეთის სკეპტიციზმი ოპოზიციის მიმართ აშკარაა. ჩემთვის ცნობილია, რომ დასავლეთელი დიპლომატები დიდად გაღიზიანებული არიან ოპოზიციის ლიდერების დესტრუქციული ქცევითა და ანტიდასავლური განცხადებებით. ოპოზიციას დარჩა ერთადერთი არგუმენტი - „აი, არ შევალთ და იქნება ერთპარტიული პარლამენტი, როგორც ჩრდილოეთ კორეაში; ეს პარლამენტი არ იქნება ლეგიტიმური; ხელისუფლებას მთელ მსოფლიოში თავი მოეჭრება“ და ა.შ. 

ახლა მთავარია, მმართველ დაჯგუფებას არ უმტყუნოს ნერვებმა და არ დაუშვას „გავრილოვის ღამის“ შემდეგ დაშვებული უხეში შეცდომის მსგავსი შეცდომა. მათ უნდა ესმოდეთ, რომ არავითარი კრიზისი არ არსებობს და ოპოზიციას შანტაჟისათვის არავითარი ბერკეტი არ გააჩნია. მათ უნდა აუხსნან ხალხს, რატომ ასრულებს ოპოზიცია თემურ ალასანიას დავალებას; ასევე, დასავლეთის პარტნიორებთან უკეთესად უნდა იმუშაონ, ვიდრე აქამდე მუშაობდნენ და აუხსნან, რას წარმოადგენენ ე.წ. ოპოზიციური პარტიები და მათი ლიდერები; რომ ოპოზიცია ითხოვს იმას, რისი გაკეთების უფლებას „ოცნებას“ კანონი არ აძლევს. ხელისუფლების მხრიდან სწორი მუშაობის შედეგად, იმ შემთხვევაშიაც კი, თუ პარლამენტში არ შევა არც ერთი ოპოზიციური პარტია, ეს ე.წ. ოპოზიციის კრახი და სრული მარგინალიზება იქნება და, შესაბამისად, ალასანია-სააკაშვილის ავანტიურის სამარცხვინო დასასრული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მედეა   (10.12.2020)
საერთო პრესკონფერენციები ბიძინას პრემიერობის დროს რომ იყო,მის შემდეგ კი -- წამიერი პრეს ბლიც ინტერვიუები არ გვაკმაყოფილებს! 2-3 თვეში ერთხელმაინც დაინიშნოს 3-4 საათიანი შეხვედრები ხალხის წარმომადგენლებთან(ჟურნალისტებმა ნდობა დაკარგეს) დაე, მოისმინონ ხალხის აზრი მთავრობის წევრებმა,იმართლონ თავი მიმდინარე პროცესებზე,გამოასწორონ მდგომარეობა.

******   (09.12.2020)
სწორია, ოცნებას აკლია კომუნიკაცია ხალხთან, რომ გამოაშკარაოს სააკაშვილ–ალასანიას ბნელი ზრახვები და ოპოზიციის უსუსურობა მათი ნების მიმართ.


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )