რეზონანსი
27.10.2020

ვინაიდან მორიგი საპარლამენტო არჩევნები მოახლოვდა და 5-ჯვრიან დროშებთან ერთად 5-იანებიც მრავლად გამოიფინა, თავი ვალდებულად ჩავთვალე, „გამარჯვებულ ხალხს“ შევახსენო, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლის შედეგად, საქართველოში იმ დონის სამართლებრივი ნიჰილიზმი დამკიდრდა, რომ „ხუთოსნებმა“ თვითნებურად კონსტიტუცია და სახელმწიფო სიმბოლიკაც კი შეცვალეს, თბილისის მერად თანაპარტიელი დანიშნეს, რესპუბლიკის მოედანს „რევოლუციის” სახელი დაარქვეს და დემოკრატიული წესწყობილების ნაცვლად, ფაქტობრივად, პლუტოკრატიული რეჟიმი დაამკვიდრეს... 

ფაქტია, რომ ამორჩეველთა აბსოლუტურ უმრავლესობას დღემდე არც საკანონმდებლო ხელისუფლების დანიშნულებაზე აქვთ წარმოდგენა, რის გამოც, ზოგიერთი საარჩევნო სუბიექტი ისე აპირებს პარლამენტის წევრობას, რომ „პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებს და მასში არ ჩაერევა...“ , ხოლო ზოგიერთი, იურისტიც კი, თურმე, საარჩევნო ოლქისა და მასში მცხოვრები თითოეული ოჯახის პრობლემების მოგვარებით იქნება დაკავებული... აღარაფერს ვამბობ პარტიულ სიებში მომღერლებისა და სპორტსმენების „ჩასმაზე“. არადა, სწორედ კომუნისტების მმართველობის დროს იყო წინასწარ „დაგეგმილი“, თუ რამდენი მუშა და გლეხი უნდა მსხდარიყო სესიაზე... 

ვინაიდან არ შეიძლება კანონშეუსაბამო ან ულოგიკო (კიდევ უარესი, ამორალური) იმ საარჩევნო სუბიექტების განცხადებები და ქმედებები იყოს, რომლებსაც მოქალაქეებმა ჩვენი შემოსავლებიდან, 4 წელი სოლიდური ხელფასები უნდა ვუხადოთ, ჩემი ნება რომ იყოს, სამართლის (კონსტიტუციის) საფუძვლებსა და ე. წ. ზოგად უნარებში ტესტური გამოცდის წარმატებით დაძლევას ამომრჩევლებსაც მოვთხოვდი. ხმის მიცემამდე, მოქალაქეებმა მკაფიოდ უნდა გავიაზროთ, თუ რა ფუნქციები აკისრია პარლამენტს და, პირველ რიგში, პიროვნული თვისებებით გამორჩეულ პროფესიონალებს დავუჭიროთ მხარი და არა _ დემაგოგ „ტელეპოლიტიკოსებს”, მით უმეტეს, რომ „რეიტინგულ“ პარტიებში ბევრი „პორტირებული მოქკავშირელია“...

ვინაიდან „ნაციონალურ მოძრაობასა” ან „ქართულ ოცნებაში”, ისევე როგორც ადრე „მოქალაქეთა კავშირში”, მხოლოდ დაბალი სამართლებრივი კულტურის გამო თუ მოხერხდებოდა პოლიტიკური ამბიციების მქონე მოქალაქეების გაერთიანება, ლოგიკურად მიმაჩნია, რომ სადღეისოდაც ლიდერებად მიჩნეული პარტიებიც, უახლოს მომავალში (სავარაუდოდ, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის) გაქრებიან პოლიტიკური არენიდან.. 

„მოქალაქეთა კავშირის“ დასახელებით პოლიტიკური გაერთიანება საერთოდ არ უნდა დარეგისტრირებულიყო, ვინაიდან სახელწოდებას აშკარად შეცდომაში შეჰყავდა საზოგადოება. სახელმწიფო, ფაქტობრივად, მისი ყველა მოქალაქის კავშირია, ხოლო თითოეული პოლიტიკური გაერთიანება (პარტია) მოქალაქეთა იმ ერთი ნაწილის (ჯგუფის) კავშირია, რომელთაც სახელმწიფოს მოწყობისა და განვითარების საკუთარი ხედვა (კონცეფცია, იდეოლოგია) გააჩნიათ, რაც მათი პოლიტიკური გაერთიანების დასახელებაშიც აისახება (მაგ., კომუნისტური, დემოკრატიული, ეროვნული, მშრომელთა, ლუდის მოყვარულთა...). ამდენად, აბსურდული იყო, როდესაც მოქალაქეთა ერთი ჯგუფი, ფაქტობრივად, სრულიად საქართველოს „მოქალაქეთა კავშირის“ სახელით აკეთებდა განცხადებებს.

ლოგიკურად იმის ახსნაც გაძნელდება, თუ რატომ უნდა ერთიანდებოდნენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ საქართველოში მცხოვრები, მაგ, აზერბაიჯანელები და სომხები... საფრანგეთში ეს გასაგები იქნებოდა, ვინაიდან იქ „ნაციონალობა“ იმავე მოქალაქეობას აღნიშნავს და ფრანგებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ იგივე „ერთიანი სამოქალაქო მოძრაობაა“. ამდენად, როდესაც ქართულად სიტყვა „ნაციონალური“, ერთმნიშვნელოვნად, მხოლოდ ერს (ეროვნებას, ეროვნულობას) აღნიშნავს, ძნელი დასაჯერებელია, „ერთიან ეროვნულ მოძრაობაში“ საქართველოში მცხოვრები რომელიმე არამკვიდრი ერის წარმომადგენელი საკუთარი ნებით გაწევრიანდეს, თუ მას სწორად განუმარტეს ამ პოლიტიკური გაერთიანების დასახელების ან, თუნდაც, სიტყვა „რევოლუციის“ არსი... მით უმეტეს, რომ პარტიის დასახელება სტალინის ცნობილი ნაშრომიდან არის აღებული, ხოლო პარტიული სიმბოლო კათოლიკე ჯვაროსნებისაა...

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ცხადია, ოცნებას ვერავის დაუშლი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აშშ ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც სხვის მიწაზე ახლად შექმნილი სახელწიფოს მოქალაქეს „ამერიკელი“ ეწოდა (როგორც წესი, ერები საკუთარ მიწაზე ქმნიან სახელმწიფოებს). ამდენად, „ამერიკული ოცნება“ აშშ–ში მცხოვრები ინგლისელის, ესპანელის, ჩინელის თუ მექსიკელის საერთო ინტერესებთან ასოცირდება. ასევე, სომხეთშიც შეიძლება დომინანტი პოლიტიკური გაერთიანება „სომხური ოცნების“ სახელს ატარებდეს, ვინაიდან მოსახლეობის თითქმის 99% ერთი ერის წარმომადგენელია და, ბუნებრივია, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი „დიადი არმენიის“ აღორძინებაზეც ოცნებობს. 

მეზობელ თურქეთშიც შეიძლება, პარტიამ „თურქული ოცნება“ დაირქვას და ოსმალეთის იმპერიის აღდგენა დაისახოს მიზნად, თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ მასში თურქეთში მცხოვრები ქურთებიც გაწევრიანდნენ, ვინაიდან დიდი ხანია, საკუთარი სახელმწიფოს შექმნაზე ოცნებობენ. ბუნებრივია, თურქეთის მოქალაქე თურქები და ქურთები ერთ პარტიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში გაერთიანდებიან, თუ მიზნები და ინტერესები იდენტური ექნებათ (მაგ., რევოლუციის მოწყობა, მუშათა ინტერესების დაცვა ან ევროინტეგრაცია), რაც პოლიტიკური გაერთიანების დასახელებაშიც მკაფიოდ იქნება ასახული. 

რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან „ქართულ ოცნებას“, რომელზეც სახელმწიფო ჰიმნშიც კი გვაქვს მინიშნება („ორ ზღვას შუა გაბრწყინება...“), ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთი დასახელების პოლიტიკურ გაერთიანებაში, საქართველოში მცხოვრები, თუნდაც აზერბაიჯანელები ან სომხები გაწევრიანდნენ. ამდენად, მმართველ პოლიტიკურ ძალას „საქართველოს მოქალაქეების ოცნება“ (სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებაა) რომ ერქვას უფრო გასაგები იქნებოდა. 

იმ ფაქტმა, რომ მოქალაქეების უმრავლესობამ მონაწილეობა არ მიიღო პრეზიდენტის არჩევაში, როგორც ჩანს, საარჩევნო სუბიექტების ნაწილს საპარლამენტო არჩევნებში მათი მხარდაჭერის იმედი გაუჩინა. ამ მხრივ, გამორჩეული „ევროპული საქართველოა“, რომელიც იმდენად ცდილობს, გაემიჯნოს ყოფილ და დღევანდელ ხელისუფლებას, რომ ხუთჯვრიანი სიმბოლო საერთოდ გააქრო ბანერებიდან... არადა, რომელ ევროპულობაზეა ლაპარაკი, როდესაც კონსტიტუციას დღემდე პარლამენტი იღებს და ისე შეაქვს ცვლილებები, თითქოს ჯიხურის ნისიების რვეული იყოს (ევროპის ქვეყნებში კონსტიტუციას მოქალაქეები რეფერენდუმით იღებენ), თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომათა დარბაზები სხვენსა და სარდაფებში XXI საუკუნეში განვათავსეთ, ხოლო ახალი კორპუსის აშენებას სოფელ დიღომში ვაპირებთ...). ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენიდან განვლილი მეოთხედ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში საგზაო ნიშნები და მონიშვნა დედაქალაქშიც ვერ მოვაწესრიგეთ, ხოლო მძღოლებს კომუნისტების მიერ მიღებული კოდექსით ვაჯარიმებთ... არადა, დღევანდელი „ევრონაცები“ წლების განმავლობაში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშიც დომინირებდნენ და თბილისის მერიაშიც... „პატრიოტთა ალიანსის“ თაობაზე წარმოდგენის შესაქმენლად კი ამ „დამოუკიდებელი პოლიტიკური გაერთიანების“ დროშაზე გამოსახული „ნაციონალური“ ხუთჯვრიანი სიმბოლოც კმარა, ხოლო „სტრატეგია აღმაშენებლის“ ვიდეორგოლი ე. წ. იერუსალიმის ჯვრის გამოსახულებით იწყებოდა... 

საარჩევნო სუბიექტების სიმრავლე და „რეიტინგული“ პოლიტიკოსების დაპირისპირება საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობის ილუზიას ქმნის, თუმცა, ვინაიდან წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არც საარჩევნო გარემო შეცვლილა არსებითად და იგივე პროცედურები დარჩა (გასაჩივრების მექანიზმი, ფაქტობრივად, არ არსებობს), მაღალი ალბათობაა, რომ „კოჰაბიტაცია“ მომავალშიც გაგრძელდეს... მაღალია იმის ალბათობაც, რომ მანდატების უმრავლესობას ევროინტეგრაციისა და ლიბერალური იდეოლოგიის პლატფორმით კოალიციად გაერთიანებული მმართველი პარტია და „გაერთიანებული ოპოზიცია“ დაეუფლოს (პირობითად, „რესპუბლიკელები“), ხოლო ყოფილი „მოქალაქეების“, „ნაცებისა“ და „მეოცნებეების“ მეორე ნაწილი (პირობითად, „დემოკრატები“) საპარლამენტო უმცირესობაში ვიხილოთ. ფაქტობრივად, „რეიტინგული“ ტელევიზიების დახმარებით, ყველა შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსავით „ჩვენ ერთი გუნდი ვართ!“ პრინციპით აღმოჩნდება დაკომპლექტებული... არადა, თუ სამართლიანი კონკურსებისა და არჩევნების ჩატარება ვერ ვისწავლეთ, ევროპული სამართლებრივი სივრცის ნაწილად არავინ გვაღიარებს.

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლის დოქტორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )