დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 71 წლისთავია
რეზონანსი
30.09.2020

71 წლის წინ, ჩინელმა ხალხმა მძიმე განსაცდელის მიუხედავად, ქვეყნის დამოუკიდებლობა და ეროვნული თავისუფლება მოიპოვა. ჩინელი ხალხის ეროვნული აღორძინების ახალ, დიად გზაზე მოგზაურობა სწორედ აქედან იწყება.

71 წლის მანძილზე, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით, ჩინელმა ხალხმა შეუპოვარი ბრძოლითა და თავაუღებელი შრომით, საკუთარი ქვეყნის მდგომარეობის შესაფერის, ჩინელი ხალხის ძირითადი ინტერესების შესაბამის განვითარების გზას მიაკვლია. შედეგად, ჩინეთი ერთი ღარიბი და ჩამორჩენილი სახელმწიფოდან მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკად გადაიქცა.

მან კაცობრიობის ისტორიაში მანამდე არნახული განვითარების სასწაული მოახდინა. 71 წლის განმავლობაში, ჩინეთი მის მიერ დამოუკიდებლად, სუვერენულად არჩეულ განვითარების კურსს მტკიცედ მისდევს, თანამშრომლობისა და ურთიერთსარგებლის კონცეფციას მხარს უჭერს, გლობალური მმართველობის სისტემის რეფორმას ხელს უწყობს, „სარტყელისა და გზის" შექმნის ინიციატივით გამოდის, „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" ფორმირებას სტიმულს აძლევს; იგი უკვე მსოფლიოში მშვიდობის დამცველი და ერთობლივი განვითარების ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ძალაა.

სამოცდათერთმეტწლიანი დაუცხრომელი ბრძოლის გზაზე, ჩინეთი ფეხზე დადგა, გამდიდრდა და სიძლიერისკენ ისტორიული ნახტომი გააკეთა. აღმოსავლეთის უძველესი ცივილიზაცია აქამდე არნახულ სასიცოცხლო ძალასა და ენერგიას ასხივებს.

2020 წელი კაცობრიობის ისტორიაში გამორჩეული წელია. ახალი კორონავირუსით გამოწვეული ეპიდემია ბოლო ასი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე პანდემიური დაავადებაა, რომელიც გლობალურად გავრცელდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, ეს ყველაზე სწრაფად გავრცელებადი, დაინფიცირების ყველაზე ფართო მასშტაბების, ყველაზე რთულად კონტროლირებადი საზოგადოებრივი ჯანდაცვის უეცრად წარმოქმნილი, მძიმე შემთხვევაა. იგი ქვეყნის მმართველობის სისტემასა და უნარს დიდი გამოცდის წინაშე აყენებს. ამის საპასუხოდ,ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ხალხისა და სიცოცხლის უზენაესობის კონცეფცია ბოლომდე დაიცვა. პარტიის მეთაურობით მთელი ერი გაერთიანდა და ერთობლივი ძალებით ეპიდემიის წინააღმდეგ სახალხო, ტოტალური, შემაკავებელი ომი გაჩაღდა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით კოორდინირებულად მოქმედებით, მნიშვნელოვანი საქმის გასაკეთებლად ძალების კონცენტრირებით, ერთ თვეში ეპიდემიის თავდაპირველი გავრცელების შეჩერება შევძელით, სამ თვეში უხანში გავიმარჯვეთ, რამაც ხუპეის პროვინციაში გამარჯვების მოპოვებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა, ხალხის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა უმაღლეს დონეზე დავიცავით. ეპიდემიასთან ბრძოლაში მიღწეული სტრატეგიული შედეგებით ჩინეთის კომპარტიის ხელმძღვანელობისა და სოციალისტური წყობის აშკარა უპირატესობა ისევე,როგორც ჩინელი ხალხის და ჩინელი ერის დიადი ძალა ნათლად გამოჩნდა, რამაც ჩინელ ხალხს თავდაჯერება, სიამაყე, ერთიანობა და დარაზმულობა ძლიერ შეჰმატა.

2020 წელი ჩინეთისათვის „დოვლათიანი საზოგადოების" შექმნისა და სიღარიბის აღმოფხვრისათვის ბრძოლაში საბოლოო გამარჯვების წელიცაა. სიღარიბისაგან თავის დაღწევასა და დოვლათიან ცხოვრებას, ჩინელი ხალხი მრავალი წელია, დაუცხრომლად ესწრაფვის. სიღარიბის აღმოფხვრა და საერთო დოვლათის მოპოვება - ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ სრულიად ჩინელი ხალხისადმი მიცემული საზეიმო დაპირებაა. რეფორმებისა და გახსნილობის დაწყებიდან 40 წელზე მეტი ხნის მანძილზე, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის რაოდენობა 25-ჯერ გაიზარდა და სიღარიბეს თავი 700 მილიონმა ადამიანმა დააღწია.

ამჟამად საერთაშორისო ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესებისა და მსოფლიო ეკონომიკის მუდმივი კლების ფონზე, ჩინეთმა ეპიდემიის კონტროლისა და თან სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის საჭირო ქმედებები კომპლექსურად დაგეგმა, პირველ ყოვლისა მუშაობა და წარმოება განაახლა და მეორე კვარტალში 3.2%-იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწია.

შედეგად, გლობალური ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ჩინეთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც ეკონომიკური ზრდა აქვს.ჩინეთი ეკონომიკის „დუალურ ცირკულაციაზე" დაფუძნებულ განვითარების ახალ მოდელს აქტიურად ნერგავს, სადაც ერთის მხრივ, შიდა მოთხოვნის ზრდითა და მეორეს მხრივ, გარე სამყაროსთან მეტი გახსნილობით ქვეყნის შიდა და გარე ცირკულაცია განვითარებისთვის სტიმულს ერთდროულად იძლევა. ჩვენ გვჯერა, რომ წელს გეგმის მიხედვით შევძლებთ „ყოველმხრივ დოვლათიანი საზოგადოების" შექმნას და სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი სოფლის მოსახლეობის სიღატაკისგან დახსნას, რითაც „გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების პროგრამის" სიღარიბის აღმოფხვრის მიზანს გეგმაზე 10 წლით ადრე შევასრულებთ.

მაშინ, როცა ახალი კორონავირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა, ჩინეთი მხოლოდ საკუთარ ქვეყანაზე კი არ ზრუნავს, არამედ მთელი კაცობრიობის სიმაღლეზე დგას და მსოფლიოს ხალხებთან ერთობლივი ძალისხმევით ცდილობს ჩვენი დროის სირთულეების გადალახვას.

ჩვენ „საერთო ჯანდაცვის მქონე საზოგადოების" შექმნის ინიციატივით გამოვედით; საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობას ღია, გამჭვირვალე და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით ვეკიდებით; ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის კუთხით დაგროვილ გამოცდილებას და ინფორმაციას უანგაროდ ვაზიარებთ; საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ჰუმანიტარულ დახმარებას გავცემთ. ჩინეთმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ორ ნაწილად ჯამში 50 მილიონი აშშ დოლარით დაეხმარება. ჩინელმა მედიცინის სპეციალისტებმა უამრავ ქვეყანასთან, საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციასთან ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლთან დაკავშირებული 70-ზე მეტი ღონისძიება გამართეს. ჩვენ 32 ქვეყანაში 34 სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი გავგზავნეთ, 150 ქვეყანასა და 4 საერთაშორისო ორგანიზაციასდახმარება283-ჯერგავუგზავნეთ, 200-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში ეპიდემიის წინააღმდეგ საჭირო ნივთების ექსპორტი მოვახდინეთ.

ჩინეთი რეალური ქმედებებით, ეპიდემიასთან გლობალურ ბრძოლაში „ჩინურ სიბრძნესა" და „ჩინურ ხედვას" მსოფლიოს უზიარებს, როგორც პასუხისმგებლიანი, დიდი სახელმწიფო მოვალეობას საკუთარ თავზე იღებს. ჩვენ გვჯერა, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მტკიცე რწმენით, ერთიანი ძალისხმევით, ერთობლივი რეაგირებით, საერთაშორისო თანამშრომლობის ყოველმხრივ გაძლიერებით, ერთიანი დარაზმულობით, კაცობრიობა ეპიდემიაზე საბოლოოდ გაიმარჯვებს.

წელს მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვებიდან და გაეროს შექმნიდან 75 წელი გავიდა. დღეს კაცობრიობა ურთიერთკავშირის ეპოქაში ცხოვრობს, ქვეყნების ინტერესები და ბედ-იღბალი მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. გლობალურ საფრთხესა და გამოწვევაზე საჭიროა მძლავრი გლობალური რეაგირება. კოვიდ-19 კაცობრიობის უკანასკნელი კრიზისი ვერ იქნება, ამიტომ ერთმანეთს მხარში უნდა დავუდგეთ და გლობალური გამოწვევებისთვის ერთად მოვემზადოთ.

ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი განვითარებადი ქვეყანაა, რომელიც მშვიდობიანი განვითარების, ღია განვითარების, ურთიერთთანამშრომლობით განვითარების, ერთობლივი განვითარების გზაზე მტკიცედ სვლას აგრძელებს. ჩინეთი იდეოლოგიურ კონფრონტაციას, ურთიერთობის გაწყვეტასა და სხვა ქვეყნების ჩაგვრას არასდროს ემხრობოდა. ჩვენ „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების" ცნობიერების ჩამოყალიბებასა და თანამშრომლობისა და საერთო სარგებლის კონცეფციას ვუჭერთ მხარს.

ჩვენი აზრით, ქვეყნების სუვერენულ არჩევანს, მათი განვითარების გზასა და მოდელსპატივი უნდა ვცეთ. მხარს ვუჭერთ გახსნილობასა და ტოლერანტობას, ღია მსოფლიო ეკონომიკას, ინოვაციური, კოორდინირებული, მწვანე, ღია და ყველასათვის საზიარო განვითარების ახალი მოდელის ჩამოყალიბებას, ეპიდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიო ეკონომიკის „მწვანე აღდგენას", მულტილატერალიზმს, საერთაშორისო სისტემის შენარჩუნებას, რომლის ბირთვს გაერო წარმოადგენს.

ჩინეთი მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას, გლობალურ განვითარებაში წვლილის შეტანას და საერთაშორისო წესრიგის დაცვას მომავალში ისევ გააგრძელებს.

წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 28 წელი გავიდა. 28 წლის მანძილზე, ჩვენ ურთიერთპატივისცემის, თანასწორობის, ურთიერთსარგებლიანობისა და ურთიერთთანამშორომლობის პრინციპების მიხედვით ვავითარებთ კავშირებსა და თანამშრომლობას და უამრავ თვალსაჩინო წარმატებასაც მივაღწიეთ. ჩვენ ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირები დღითიდღე იზრდება, საქმიანი თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება, „სარტყელისა და გზის" მშენებლობაში წინსვლა გვაქვს, ჩვენ ხალხებს შორის ურთიერთგაგება და ტრადიციული მეგობრობა მუდამ იზრდება.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქტიურ როლს თამაშობს. უკვე ზედიზედ ორი წელია, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 1 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. ჩინეთი და საქართველო ეპიდემიასთან ბრძოლაში ერთმანეთს მხარში უდგანან, ამ განსაცდელის ჟამს ერთმანეთს მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით, ჩვენი რეალური ქმედებებით ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები მეტ მნიშვნელობას იძენს.

საერთო მისწრაფებების მქონე ხალხს, ერთმანეთს მთა და ზღვაც ვერ დააშორებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნების ეროვნული მდგომარეობა და განვითარების გზა ერთმანეთისგან განსხვავდება, ჩვენი ხალხების გულები ერთმანეთზე არის გადაჯაჭვული. ჩინური მხარე მზადაა ქართველ მეგობრებთან ერთობლივი ძალისხმევით კომუნიკაციისა და კოორდინაციის გასაძლიერებლად, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გასაფართოვებლად, „სარტყელისა და გზის" მშენებლობის ხარისხის გასაზრდელად, ჰუმანიტარული კავშირების გასამყარებლად, რათა ორმხრივმა ურთიერთობებმა და თანამშრომლობამ უფრო მეტი ნაყოფერი შედეგი გამოიღოს და ორი ქვეყნის მოსახლეობას მეტი კეთილდღეობა მოუტანოს. დარწმუნებული ვარ, ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია, საქმიანი თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალი და ეპიდემიასთან ბრძოლაში კიდევ უფრო გაზრდილი ძვირფასი მეგობრობა, ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას უწყვეტ ბიძგს მისცემს და ახალ ეპოქაში ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ახალ თავს ერთად დავწერთ.

ბოლოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას მინდა ვუსურვო განვითარება და აყვავება, ხოლო ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებს მარადიული აყვავება.

ჩინეთის ელჩი საქართველოში ლი იენი

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×