
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ივნისის #390-ე დადგენილების (,,მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა’’) მე-2 მუხლის თანახმად: სქემაში განაწილებულ სტატუსის მქონე ყველა პედაგოგს, რომლებიც იყვნენ დასაქმებული სკოლებში შეუნარჩუნდათ მასწავლებლის არსებული სტატუსი, გარდა პრაქტიკოსებისა.
მთავრობის ამავე დადგენილებით დამტკიცებული დანართით ,,მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით’’ განისაზღვრა მასწავლებლის სტატუსის სახეები: უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები. (თავი მეორე, მუხლი 5, მასწავლებლის სტატუსის სახეები, ა,ბ,გ, ქვეპუნქტები)
ახალი სქემით მასწავლებლის სტატუსის სახეების ჩამონათვალიდან ამოღებულია პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკოს მასწავლებელს ათავისუფლებენ მასწავლებლობიდან.
სსიპ- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 20 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა გამოცდებზე გამსვლელი პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაცია.
იმ პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის, რომლებმაც ვერ ან არ გაიარეს რეგისტრაცია, სკოლა 2020-2021 სასწავლის წლის დაწყებამდე 1 თვით ადრე აცხადებს კონკურსს მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად.
ვაკანსიის შეუვსებლობის შემთხვევაში სკოლა, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია ეს პრაქტიკოსი მასწავლებლები დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე უსტატუსოდ (თავი მეცხრე, მუხლი 38, პუნქტი 2). ე.ი.. შემოდის ახალი ცნება, უსტატუსო მასწავლებელი. ასეთს არც ზოგადი განათლების კანონი ცნობს და არც აღნიშნული მთავრობის დადგენილება და სქემა, რომელიც ეწინააღმდეგება მასწავლებლის სტატუსის სახეების ჩამონათვალს (სქემა, II თავი, მუხლი 5, პუნქტი 1, ქვეპუნქტები ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’).
ახალი სქემის მიხედვით, შეიძლება გამოვყოთ არარეგისტრირებული და რეგისტრირებული პრაქტიკოსი მასწავლებლები.
არარეგისტრირებული პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის შეეძლოთ რეგისტრაციის დამატებითი ვადების გამოცხადება და გამოცდებზე გაშვება, მაგრამ მთავრობამ ეს არ გააკეთა იმიტომ, რომ დაინტერესებული არის სწრაფად და რაც შეიძლება მეტი მასწავლებელი გაიყვანოს სისტემიდან, რათა შემოიყვანოს არაკვალიფიური მასწავლებლები, კერძოდ, ნებისმიერი დარგის ბაკალავრი. ასეთი კადრები სისტემაში დაასაქმეს უგამოცდოდ, ზაფხულში ჩაატარესგამოცდები, მაგრამ ეს გამოცდები როგორ ტარდება, ცალკე განხილვის თემაა.
შესწავლილი არ არის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტების, მათი ნამუშევრების შემოწმებისა და საპრეტენზიო კომისიების მუშაობის ხარისხი, დაცლილია თუ არა კორუფციისა და ფავორიტიზმის პროცესებისაგან ან დაცულია თუ არა კეთილსინდისიერება არ არის მთავრობის მიერ კვლევით დადგენილი.
ფაქტია, რომ 10 წელია მასწავლებელთა გამოცდები ტარდება, მაგრამ მოსწავლეთა განათლების ხარისი არ უმჯობესდება. თუ ეს გამოცდები კეთილსინდისიერების დარღვევით არ მიმდინარეობს, მაშინ სად არის კარგი შედეგები, განათლების მაღალი ხარისხით?
ახლა განვიხილოთ რეგისტრირებული მასწავლებლების საკითხი. მგდკწ-ის გარდამავალი დებულებების (IX თავი) 38-ე მუხლის (სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების და კარიერული წინსვლის პირობები) მეოთხე და მეხუთე პუნქტების თანახმად:რეგისტრირებული პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე გავლენ საგნის ან პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს, აქედან გამომდინარე ვერ შეივსებენ/დააგროვებენ უფროსი მასწავლებლის სტატუსამდე ამაღლებისათვის საჭირო 10 კრედიტ ქულას, მთავრობის დადგენილებით ასეთ (რეგისტრირებულ) პრაქტიკოს მასწავლებლებს დაითხოვენ სკოლებიდან 2020-2021 სასწავლო წლის ბოლოს.
ამავე დროს აცხადებენ კონკნურსს. ვაკანსიის შეუვსებლობის შემთხვევაში სკოლა, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია რეგისტრირებული პრაქტიკოსი მასწავლებელი დაასქმოს უსტატუსო მასწავლებლად ვაკანსიის შევსებამდე. (თავი მეცხრე, გარდამავალი დებულებები, მუხლი 38, პუნქტები 4 და 5. მთავრობის N390-ე დადგენილება, 2020 წლის 26 ივნისი)
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უსტატუსო მასწავლებელს არ ცნობს არც ზგკ და არც აღნიშნული სქემა. მასწავლებლის სტატუსების სახეების ჩამონათვალი უსტატუსო მასწავლებელს არ მოიხსენებს (საქართველოის მთავრობის 26 ივნისის 2020 წლის N390-ე დადგენილება, II თავი, მუხლი 5, პუნქტი1, ქვეპუნქტები ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’)
ჩვენ მოვითხოვთ, რომ:
1) პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი დარჩეს მასწავლებლის სტატუსების სახეების ჩამონათვალში.
2) დაწყებითი კლასების პრაქტიკოსი მასწავლებლის გამოცდების ჩაბარების ვადა უპირობოდ გაგრძელდეს 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურის პრაქტიკოსი მასწავლებლების ვადა გაგრძელდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი კურსდამთავრებულების გამოშვებამდე. შემდეგ, ეტაპობრივად ჩანაცვლდნენ დაბალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლები აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულებით.
• ალბათ საინტერესოა, რატომ დაწყებითი საფეხურისათვის 2022-2023 სასწავლო წლის ბოლომდე? ხოლო საბაზო-საშუალო საფეხურებისათვის პირველი კურსდამთავრებულების გამოშვებამდე?
როგორც ვიცით, 2022-2023 სასწავლო წლის ბოლოს იქნება დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა პირველი გამოშვება ამ უკანასკნელთა მომზადების მაღალი დონის პროგრამებით, ხოლო VII-XII კლასებისმასწავლებელთა მომზადება არ ხორციელდება, რითაც ირღვევა ზოგადი და უმაღლესი კანონების მოთხოვნები.
მაღალი დონის მასწავლებლის მომზადების რომელ საგანმანათლებლო პროგრამებზე ვსაუბრობთ?
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად (მუხლი 46 2) არსებობს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგნამანათლებლო პროგრამა, ეს არის შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული პროგრამა, რომელიც სრულდება ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.
დასახელებული პროგრამა არის ორი სახის:
- ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც 300 კრედიტიანია. აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული პროგრამა ხორციელდება სხვადასხვა უნივერსიტეტებში.
- მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა აგრეთვე 300 კრედიტიანი. დასახელებელი პროგრამა არ ისწავლება ქვეყნის არცერთ უნივერისტეტში! ეს იმას ნიშნავს, რომ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის მასწავლებელთა ახალი კადრები არ მზადდება!
• რატომ უნდა განხორციელდეს 2022-2023 სასწავლო წლის შემდეგ პრაქტიკოსი მასწავლებლების ეტაპობრივად გაშვება და ღირსეული კადრებით მათი ჩანაცვლება?
ეტაპობრივად იმიტომ უნდა განხორციელდეს, რომ 2023 წელს ქვეყანას არ ეყოლება ათასობით მომზადებული დაწყებითი საფეხურის სპეციალისტი, რომლებიც მთლიანად ჩაანაცვლებენ I-IV კლასების პრაქტიკოს მასწავლებელთა კორპუსს.
• როდის უნდა გაუშვას სკოლებიდან სახელმწიფომ საბაზო და საშუალო საფეხურის პრაქტიკოსი მასწავლებლები? მაშინ, როცა ეყოლება უნივერსიტეტების მიერ გამოშვებული სპეციალისტები!
• რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ეტაპობრივად არ გავუშვებთ პრაქტიკოს მასწავლებლებს?
ვინაიდან სახელმწიფოს არ ჰყავს პროფესიონალი კადრები მომზაადებული და ამას დაემატება პრაქტიკოსი მასწავლებლების გაშვება, სისტემაში ისევ გაგრძელდება არაპროფესიონალი, არაკვალიფიციური პირების დასაქმება მასწავლებლებად.
რატომ შემოდის სისტემაში არაკვალიფიციური, არაპროფესიონალი პირი? აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონის ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ 61 2 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, 2023 წლის ბოლომდე პრაქტიკოს და მასწავლებლობის მაძიებლად მუშაობის დაწყების უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
რას ნიშნავს ,,ნებისმიერი პირი’’? პირი, რომელიც არის საგნის არასპეციალისტი და არაკვალიფიციური ბაკალავრი!
3) რატომ ვიღებთ სქემიდან პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს, მაშინ როდესაც ზოგადი განათლების კანონით სისტემაში არსებობს მასწავლებლობის მაძიებელი (21 4 მუხლი) და ნებისმიერი დარგის ბაკალავრი, არაკვალიფიციური მასწავლებელი?
4) ვინ არიან დღევანდელი პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც უნდა დაითხოვონ სისტემიდან?
პრაქტიკოსი მასწავლებლეი არიან პედაგოგიური განათლების, პრაქტიკისა და სტატუსის მქონე გამოცდილი მასწავლებლები, რომლებსაც სამწუხაროდ უშვებენ სისტემიდან.
5) რატომ ათავისუფლებენ სკოლებიდან პრაქტიკოს მასწავლებლებს? საით მიდის განათლება?
აქ პასუხი ცალსახაა: სრულიად შეგნებულად, გამიზნულად, გარკვეული გეგმითა და აღნიშნული სქემით მოქმედებნ იმისათვის, რომ დაეცეს განათლების ხარისხი, პირველ რიგში საფრთხე შეექმნას განათლების მიღების კონსტიტუციურ უფლებას (მუხლი 27, პუნქტი 1).
6) ვინ აანაზღაურებს უხარისხო სწავლებით მიყენებულ ზარალს?
ზოგიერთ შემთხვევაში მშობლის ჯიბე, ხოლო უმეტეს შემთხვევაში მოსწავლე დარჩება დაზარალებული.
12 წლიან განათლებას მცირე დროით, ფრაგმენტულად მომზადება ვერ შეცვლის!
ბავშვის განვითარება ფერხდება და სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკისა (ზგკ. მუხლი 3) და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები რჩება შეუსრულებელი.
7) განათლების სისტემაში აიკრძალოს ნებისმიერი დარგის ბაკალავრის ან საგნის ისეთი მასწავლებლის დასაქმება, რომელსაც არ აქვს გავლილი მასწავლებელთა პროფესიული მომზადების საგანამანთლებლო პროგრამა და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ერთი საგნის/საგნობრივი ჯგუფის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
მანანა ნიკოლაიშვილი,
საქართველოს განათლების ლიგის თავმჯდომარე