სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    20.12.2017

    რუსთაველზე კიდევ ერთი არასრულწლოვანი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

    როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-108-ე მუხლებით დაიწყო და ამ დროისთვის ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მოზარდს ჭრილობა გულმკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

    "პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. მას ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. ამჯერად სისხლდენა შეჩერებულია. შემდგომი მკურნალობის მიზნით გადავა ბავშვთა რეანიმაციის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე. მიმდინარეობს შოკის საწინააღმდეგო თერაპია. მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. 4 ჭრილობა აქვს, სიცოცხლისთვის საზიანო იყო გულმკერდში შემავალი ჭრილობა", - აღნიშნა ექიმმა.

    რატომ გახშირდა ძალადობის ფაქტები მოზარდებს შორის? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორი): საზოგადოებაში აგრესია მომატებულია და ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. პირველ რიგში, საჭიროა სოციოლოგიური კვლევა.

    ძალადობის კულტი შემოვიდა 1992 წელს, როდესაც ავტომატით შეიარაღებული მხედრიონელები თავიანთ წესებს აწესებდნენ ქალაქში. წინა ხელისუფლებამ რაღაც ღონისძიებები ჩაატარა ქურდული მენტალიტეტის წინააღმდეგ. ახლა, როგორც ჩანს, მოეშვა ეს მექანიზმები და ისევ დაიწყო.

    ახალგაზრდობა ჩამოსცილდა სპორტს და ენერგიას ვერსად ხარჯავენ. თან სოციალური გარემოც არასასურველია - მშობლები უცხოეთში არიან წასულები და შვილებს "სკაიპით" ზრდიან.

     ქეთი ბექაური (ადვოკატი): ვერ გეტყვით. განათლების სამინისტრომ უნდა იზრუნოს ამაზე და რაღაც ერთობლივი მეთოდოლოგია უნდა შემუშავდეს. მოზარდებთან მუშაობაა საჭირო, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, მასწავლებელმა თავისი და მანდატურმა - თავისი. ძალიან სენსიტიური თემაა და ყველაფერი კარგად უნდა აიწონ-დაიწონოს.

     

     გია მურღულია (ფილოლოგი): კანონზომიერება არ არსებობს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევას რაღაც მიზეზი მოერგოს. სამწუხაროდ, ათასი მიზეზი არსებობს, რომ ქვეყანაში ასეთი საშინელი ფაქტები ხდება.

    როდესაც ადამიანები ემოციებს ვერ აკონტროლებენ და აგრესია არის უკონტროლო, ჩვენ ვერაფრით დავიჩემებთ, რომ არ შეიძლება, ეს მოხდეს. ძალიან ძნელია კანონზომიერების ჩარჩოში მოთავსება ასეთი ფაქტების. პასუხისმგებლობა ყოველთვის არის პერსონალური. ადამიანი ყოველთვის ინდივიდუალურად სჩადის დანაშაულს და პასუხისმგებლობაც მასზეა. პასუხისმგებლობისა და მიზეზების ძიებაში კონკრეტული ადამიანის დანაშაულებრივი ნება განზე რჩება. რატომ მოხდა ეს?! იმიტომ, რომ კონკრეტული ადამიანი არის მკვლელის ინსტინქტით. სამწუხაროა, მაგრამ ამის საწინააღმდეგო რა უნდა მოხდეს, ძალიან ძნელი სათქმელია.

     გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): ასეთი ფაქტები მსოფლიოშიც ბევრი ხდება. ჩვენ განვიხილავთ, როგორც საქართველოს პრობლემას. ზოგადად, აგრესია საზოგადოებაში გაზრდილია, მაგრამ არ ვიცი, ეს რასთან არის დაკავშირებული. ალბათ ერთიანი პასუხი არ შეიძლება იყოს. ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, გაირკვეს, რაშია საქმე.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved