რეზონანსი
02.12.2025

(რეზონანსი) ბელგიის პოლიციამ ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი დიპლომატი ფედერიკა მოგერინი და კიდევ ორი მაღალჩინოსანი ფართომასშტაბიანი კორუფციისა და თაღლითობის ბრადლებით დააკავა. 

დაპატიმრებები გამთენიისას ბრიუსელში ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურსა და ბრიუგეს ევროპის კოლეჯში ჩატარებული რეიდების საფუძველზე განხორციელდა, რაზეც ინფორმაცია პირველად „ევროაქტივმა“ გამოაქვეყნა.  მოგერინი, რომელიც ევროკავშირის უმაღლეს ჩინოვნიკობამდე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ახლა სწორედ ამ კოლეჯის რექტორია. 

გამოძიებასთან ახლოს მყოფი პირებისა და თვითმხილველების ცნობით, მიმდინარე გამოძიება ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენებას ეხება, წერს „ევროაქტივი“.

მოგერინის გარდა, რომელიც 2014-2019 წლებში ევროკავშირის საგარეო სამსახურს ხელმძღვანელობდა, დააკავეს ასევე სტეფანო სანინო, იტალიელი დიპლომატი, რომელიც კომისიის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის გენერალურ დირექტორატს ხელმძღვანელობს და მესამე პირი, რომელიც ევროპის კოლეჯის განათლების დეპარტამენტში მუშაობს.

სამივე მათგანი შესყიდვებთან დაკავშირებული თაღლითობის, კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის დანაშაულებრივი ნიშნით დაიკითხა. სანინომ და მოგერინიმ კომენტარის თხოვნას დაუყოვნებლივ არ უპასუხეს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მას ინფორმაცია არ აქვს.

გამოძიების შესახებ ინფორმირებული ოთხი პირის ცნობით, სისხლის სამართლის გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გავრცელდა ბრალდებები, თითქოს ევროკავშირის დიპლომატიური შტო, ევროპის საგარეო მოქმედების სამსახური და ევროპის კოლეჯი 2021 და 2022 წლებში ევროკავშირის სახელმწიფო სახსრების ბოროტად გამოყენების მიზნით, შეთქმულების გზით, ახალი დიპლომატიური აკადემიის დაარსებაზე შეთანხმდნენ.

როგორც „ევროაქტივი“ წერს, ეს საქმე იმდენად მასშტაბური სკანდალია, რომ, არც მეტი არც ნაკლები, თავად ევროპული „პროექტის“ სათავეში მყოფი ინსტიტუტების მთელი ხელმძღვანელობის კეთილსინდისიერების კომპრომეტირებას ახდენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×